გულბაათ ჭავჭავაძე
უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა,
აზვავებული შემოდომა ბეღლებს ჩაბარდა.
სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა
და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად.
დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა,
დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა, სუფრას გახედა:
ჩანდნენ ორ მწკრივად ჟღალ ჩოხებში ძველი მსმელები,
ღვინო სწყუროდათ, ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ.
მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე, უკან,
მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა,
თასი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთა
და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა.
*
სვეს უმოწყალოდ ღვინოები ცეცხლის მფრქვევლები,
მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები.
მოფარდაგულზე გაიშხვართნენ მთვრალი კაცები,
ლეკურებივით მოიქნიეს სველი ყანწები.
და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა,
როცა ლავაშით დახურული სეფაც დაიქცა,
როცა დაიმსხვრა სასმურები და დაილია, -
მაშინ გულბაათ ჭავჭავაძე გადაირია,
გადაირია, როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე,
და იერიში მიიტანა წვრილ ჭინჭილაზე:
- კაცი ვშობილვარ, ეს ცხოვრება გამილევია
და გაბმულ სმაში ჭინჭილით არ დამილევია.
- ბატონიშვილო, ეს ჭინჭილა გადარჩა მარტო,
ღვინით შეუვსეთ და მოართვით ჭინჭილა ბატონს.
შეტორტმანებულს ნახევარიც არ დაეცალა,
წყენით წამოცდა: „ეს ოხერი რომ არ გათავდა!“
სანთელს გახედა, მოეჩვენა ერთი ათადა,
თვალთ დაუბნელდა, დაეკარგა მუხლებში ძალა,
წაიბორძიკა, წაიფორთხილ-წაიბანცალა
და ნაცოხნარით გაბერილი, როგორც კამეჩი,
აზრდაკარგული გაიშხვართა შუაღამეში.
ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა,
თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა.
გაჩაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში
და სუფროს ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახუსი.
თითქოს იტყოდა: „მასპინძელო, ეს რა კაცია,
ქვევრებსა ნთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია!“