გველესიანი რაჟდენ
გაზიარება

მონატრება ექსკლიუზივი

ოთახი - ცივი, მარტო ვარ, კენტად,

გარეთ გრიგალი ავსებს ნაკვალევს,

თუმც სიცივეზე მეტად და მეტად,

მარტოსულობის ცეცხლი მაწვალებს.

 

ოთახში სკამიც მოფუზულია,

კარადას ადევს დეკემბრის სუსხი,

კუთხეში ვზივარ, როგორც მურია,

შენს გამოჩენას ვნატრობ და ვუცდი.

 

ხეზე ყინვისგან ტოტები გახმა,

ბუხარს მიუსხდა მთელი უბანი.

გასიპულ სახლში ისე ვარ ახლა,

ვით მყინვარწვერზე ცხელი ვულკანი.

 

ზეცა შავ ღრუბელს კბილით იკავებს,

თოვლის ფანტელი მინას აწყდება,

ძარღვებს კი სისხლი ისე მიწვალებს,

ცოტაც და აჰა, ვენაც გაწყდება.

 

ჩემი ოცნების ქალი გიწოდე,

მთვარე ღრუბლებში დაზაფრულია,

როცა შენ გხედავ, მინდა იცოდე -

„ჩემთვის ზამთარიც გაზაფხულია“.

??????