გველესიანი რაჟდენ
გაზიარება

ვდგავარ სოფელში ექსკლიუზივი

ვდგავარ სოფელში, მაგონდება წლები წარსულის,

შემოპარვიათ ქვაფენილებს მწვანე ბალახი,

ვდგავარ სოფელში მთებს გავყურებ, თითქოს ზრდასრული,

მაგრამ ფეხშველა მსურს ისევე ვზილო ტალახი.

 

მსურს მოპარული თხილით მქონდეს უბე გავსილი,

ტყიდან ფიჩხები ამომქონდეს ისევ წვალებით,

ხმაჩახლეჩილი ვბრუნდებოდე მთების ძახილით

და მამაჩემი ხარებს ჭედდეს რკინის ნალებით.

 

ბებო იძახდეს: „წუხელ ისევ ბალი მოგვპარეს,

თან დაამტვრიეს კენწეროში ყველა ტოტები“.

ვუცქერ ხეებზე გამჭკნარ ნაყოფს, მე ვარ მოწამე,

ვუცქერ და ახლა ბებოსავით მეც შევშფოთდები,

 

რადგან ტოტებზე დახუნძლული ნაყოფი ჭკნება,

თან შემოდგომის სუსხიანი უბერავს ქარი,

ვდგავარ სოფელში სევდიანი და გული მწყდება,

ბლის მომპარავი ბავშვი უკვე, აქ არსად არის.

 

ვდგავარ სოფელში, ღობე-ყორე თვალწინ ჩნდებოდა,

ამ გზაშარაზე ამეტირა ისევ ჩვილივით,

თან ოქროსფერი ნოემბერი ხევში წვებოდა,

შენს მონატრებას ვიხუტებდი პირველ შვილივით.

 

??????