გველესიანი რაჟდენ
გაზიარება

* * * ნაბახუსევზე ვესტუმრე ბაზარს ექსკლიუზივი

ნაბახუსევზე ვესტუმრე ბაზარს,

მდარე არაყი, ნათალი ვაშლი. . .

თქვენ მაპატიეთ, თუ ვინმეს ვბაძავ,

ყველა პოეტურ მიგნებას წავშლი.

 

თვალცრემლიანი მივყვები ქუჩებს,

ინიღბებიან კედლები შავად

და ღამენათევ დაღალულ მუშებს,

თვალის საწამლავს, ვაწოდებ წამალს.

 

ანუ დალევით ვუმასპინძლდები,

„პლასტმასის“ ჭიქით დავუსხამ არაყს

და უმოქმედო პროფ. კავშირები,

ინაწილებენ მუშების ამაგს.

 

ვინმემ რამე თქვას, არ მინდა მეტიც,

ჯიბე დაცლილი მივდივარ უხმოდ,

დაკეტილია მერია, ტრესტიც,

რომ ტახტზე მჯდომი არ შევაწუხო.

 

ყველა დუქანთან დავხუჭე თვალი,

რა ცეცხლი მტანჯავს არვინ არ იცის

და ჩემს ქალაქში ფხიზელიც, მთვრალიც,

ოცნებას მაინც ვერვინ დამიშლის.

 

გული კი სულ სხვა ტკივილებს ეძებს,

ყველა ომში ვარ დამარცხებული

და ფურცელ-ფურცელ ვაგროვებ ლექსებს,

ვერ გამოვეცი ერთი კრებული.

 

არვის გეგონოთ ჩრდილიდან ვცოცავ,

თანამდებობის არ ვარ მსურველი,

ბევრჯერ დამმარხეს ქალაქში ცოცხლად,

სულით და ხორცით ჭიათურელი.

??????