როგორ დამარხეს ჩვენი ბავშვობა ექსკლიუზივი
ქალაქი თითქოს მოწყდა სამყაროს
და როგორც პური,არ იყო ღმერთიც,
ბარიკადები,სიკვდილი,გლოვა,
სველი ქუჩა და გამშრალი ცრემლი.
ეპყრა ქალაქი შიმშილს ხელებში,
სუნთქვდნენ ჰაერს თითქოს ობიანს,
ერქვა ცხოვრებას უფრო ტვირთი და
ქუჩებს სიკვდილის ფილოსოფია.
ჩვენ სარდაფებში შიშის თვალები,
ქუჩებში მამებს ომით გართობა
არ მობეზრდათ და ვერც მიხვდნენ მგონი,
როგორ დამარხეს ჩვენი ბავშვობა.
და იმ წარსულში დაგლეჯილ თითებს,
ალიონს სავსეს სისხლით,ტყვიებით,
ადრე მამების გათხრილ სანგრებში,
მალე შვილები დავიმარხებით.