ლეკთა ბელადი
ინათა.
გუდანის ცაზე სააღდგომო ბატკანივით ატოკდა ეულად დარჩენილი ცისკრის ვარსკვლავი.
ლეკთა ბელადმა სოფელში ჩასვლა ბრძანა. ლეკებმა ცხენებს მოსართავები მოუჭირეს და უხმოდ დაეშვნენ თავდაღმართზე. ქვემოთ პურის ყანები იყო, ხოლო უფრო ქვემოთ, გუდანის ჯვრის მეიდანზე აქა-იქ იწვნენ ნაბდებში გახვეული ღამენათევი ხევსურები. სამრეკლოსთან ღამეულ ლანდივით იდგა ადუაი, ოთხმოცი წლის ხმელ-ხმელი ხევისბერი. რაღაცას გრძნობდა ხევისბერის გუმანი. ძარღვიანი ხელით მაგრად ჩაებღუჯა ზარის დასარეკი ლარი, მაგრამ რატომღაც არ რეკდა, ქანდაკებასავით იდგა და თვითონაც არ იცოდა რატომ მოვიდა ზარებთან. მართალია, წესის მიხედვით, საგათენებლო ზარები უნდა დაერეკა, მაგრამ იმავე წესის მიხედვით ჯერ სანთლები უნდა შეეკრიბნათ დასტურებს მლოცავში, უნდა აენთო ადუაის ის სანთლები, შაეხვეწებინა ღვთისთვის ხევსურები და მერე დაერეკნა ზარები. რაღაც იდუმალმა გუმანმა მიიყვანა ზარებთან და მაინც ვერ ბედავდა ზარის ჩამორეკვას. დილის რიჟრაჟს, ორი ღამის უძილობას და ვერცხლის ბარძიმებით ნასვამ ჟიპიტაურს, თავისი გაეტანა, დაბანგულებივით ეძინათ ხევსურებს.
სამანს ქვემოთ ოდნავ ბჟუტავდა მინავლებული ნაცეცხლურები. მათ გარშემო ქალები ისხდნენ და ისინიც თვლემდნენ.
ცაზე თანდათან ფერმკრთალდებოდა ცისკრის ვარსკვლავი. გორის პირზე უთენდებოდა მთვარეს. სიჩუმე იდგა ცასა და მიწას შორის. ეს სიჩუმე უფრო იდუმალს ხდიდა მიდამოს. გულიანად ეძინათ გუდანის ჯვრის მეიდანზე ღამენათევ ხევსურებს. მთვარე სტოვებდა დილის ძილში ჩაძირულ დედამიწას, ციდან გადიოდა ნაღვლიანად. ერთხელ კიდევ ავისმომასწავებლად შეტოკდა ცისკრის ვარსკვლავი და მერე ისიც ცის უბეში მიიმალა.
გორისპირამოფარებულნი ჩამოდიოდნენ ლეკები. ისინი სულ ორმოცდაათამდე იყვნენ. წინ ორმოცი წლის ხამურზა ბეი მიუძღოდა. ხამურზა ბეი კუპრივით შავ ცხენზე იჯდა. ცხენს მარტო შუბლზე ჰქონდა თეთრი საღარი, და ასეთივე თეთრი ზოლი დაჰყვებოდა მის უკანა მარცხენა ფეხს.
ისინი ქურდულად შემოდიოდნენ სოფელში. ხამურზა ბეიმ კარგად იცოდა ხევსურეთის ყველა სოფელი. მან ისიც იცოდა, რომ ახლა დღეობა ჰქონდათ გუდანის ყმებს და განგებ ეცემოდა მათ გამთენიისას თავს. ხამურზა ბეი თავისი ვაჟკაცობით განთქმული იყო მთელს ხევსურეთში. კაცმა არ იცოდა მისი ასავალ-დასავალი, თითქოს ნისლის ქვეყნიდან მოდიოდა, დაესხმოდა სოფელს თავს, იომებდა, იჩხუბებდა, გაგიჟდებოდა და მერე როცა ბრძოლის ჟინს მოიკლავდა, ისევ ნისლის ქვეყანაში გაქრებოდა. ვერაფრით ვერ ჩაიგდეს ხელში ხევსურებმა. რამდენჯერმე მთლიანადაც კი ამოუწყვიტეს რაზმი, ის კი ვერ მოიხელთეს. დადიოდა ხამურზა ბეი და სადაც არ ელოდნენ , იქ იკლავდა ბრძოლის ჟინს. მას თითქოს რაღაც განგება მფარველობდა. ამბობდნენ, ლეკებს ხშირად უნახავთო, როგორ უნათებდა გზას ხამურზა ბეის ციდან ჩამომდგარი სინათლის სვეტი. ხანდახან ეს სვეტი მაშინ ჩამოდგებოდა, როცა ხამურზა ბეის ეძინა. მის ციხეზე, თურმე უამრავი მარჯვენა ეკიდა, და ყველა მის სისხლიან გამარჯვებებს ამტკიცებდა.
ცხენიცა გრძნობდა, რომ ხამურზა ბეი ვაჟკაცი იყო და კი არ მიდიოდა, თითქოს მიფრინავდა. მოქნილი სხეული და მოუსვენარი მიხრა-მოხრა ჰქონდა ლეკთა ბელადს. ტანზე ეცვა ლეგა ტანსაცმელი. ვერცხლის ქამარ-ხანჯალი უმშვენებდა ახალუხს, ცხენიც ვერცხლისფერი უნაგირით ჰყავდა შეკაზმული, მკერდზე დიდი ვერცხლის სამკერდული ეკეთა ცხენს, აღვირსაც ვერცხლის ღილები ჰქონდა ასხმული.
ისე უხდებოდა სიცოცხლე ხამურზა ბეის, ეტყობა სიკვდილსაც კი ერიდებოდა ამისთანა ვაჟკაცთან შეხვედრა.
თენდებოდა.
გუდანის ჯვრის მეიდანზე დილის რიჟრაჯი და ძილი ერთიანად მოჰკიდებოდათ ღამენათევ ხევსურებს.
დღეს მეჩვიდმეტე საუკუნე იწურებოდა და ჯუბაჯვრიანი ხევსურები, ქრისტეს აქეთ ჩვიდმეტი საუკუნის აღსრულებას ზეიმობდნენ. მართალია წესად არ ჰქონდათ ხატში ძილი, მაგრამ მეორე ღამე გაათენეს და უძილობამ და ჟიპიტაურმა თავისი ქნა.
დილის რიჟრაჟში თანდათან უფრო გამოიკვეთა ადუაი, რომლის გუმანი რაღაცას გრძნობდა და მაინც ვერ ბედავდა ზარის ჩამორეკვას.
ლეკთა ბელადი ერთ წამს შედგა. უხმოდ გამოხედა უკან მიმავალ ლეკებს, ხელი როგორღაც მოწყვეტით დაიქნია ჰაერში, იშიშვლა ხმალი, ცხენს დასჭყივლა და გადაენთო გუდანის ჯვრის მეიდანზე. დანარჩენმა ლეკებმაც დასჭყივლეს ცხენებს. დაიგუგუნეს გუდანის ჯვრის ზარებმა და ამ ხმამ ჟრუანტელივით დაუარა პირაქეთა სახევსურეთოს. წამოიშალნენ ნამძინარევი ხევსურები და ლეკებიც ცხენდაცხენ შემოცვივდნენ მეიდანზე.
სამანს ქვემოთ მყოფი შეშინებული ქალ-რძალი ზოგნი გაიქცნენ, ზოგსაც თავიანთების მიშველება ეწადა, მაგრამ დიაცთა წესი არ იყო ბრძოლაში მტერთან მიშველება, მითუმეტეს ბრძოლა იმ ადგილზე გაჩაღდა სადაც ქალებს არ მიესვლებოდათ.
ხამურზა ბეი ცეცხლის ენასავით ხან აქ იყო, ხან იქ. მას ბრძოლა სწყუროდა და იმიტომაც შემოიჭრა აქ. მას ბრძოლის უცნაური ჟინი სჭირდა და მთელი ცხოვრება ასეთ შერკინებებს ეძებდა.
გუდანის ჯვრის მეიდანზე მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო დღე ბრძოლით დაიწყო. მთვარემ ერთი ნაბიჯით გაასწრო ბრძოლის დაწყებას, მზემ კი ასევე ერთი ნაბიჯით დააგვიანა და როცა კარგად ამოიწია ცაზე, ბრძოლა უკვე გაცხარებული იყო.
თანდათან გამოფხიზლდნენ გუდანის ჯვრის ყმანი და ისე ეკვეთნენ მომხვდურ ლეკებს, რომ მათ გაქცევა იწყეს, მაგრამ ხამურზა ბეი თავის ენაზე რაღაცას უყვიროდა, ეტყობა ემუქრებოდა და ისინიც ვერ გაურბოდნენ მის ბრძანებას. ხამურზა ბეი ეშხში შედიოდა და ვერ გრძნობდა, როგორ თანდათან ილეოდა ხევსურთა ხმლებისაგან მისი რაზმი, მას კი მართლა რაღაც ძალა მფარველობდა, თორემ ასე რომ არა, ერთი-ორჯერ ისე მოუქნია მამუკაურმა ხმალი, რომ მიეწვდინა, შუაზე გასწყვეტდა თავის ცხენიანად.
ლეკთა ბელადი უცებ გამოერკვა, მიხვდა რომ მარტო დარჩა. - ოი, ალაჰ! - წაიდუდუნა და ერთი ისე მოწყვიტა ადგილიდან ცხენი, რომ მისი სიმკვირცხლით გაოგნებული დარჩნენ ხევსურები.
არავინ გამოჰკიდებია გაქცეულს. იმან კი თვალის დახამხამებაში გადაიარა მთა. არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ერთი-ორი თვის თავზე, უფრო დიდი რაზმით დაბრუნდებოდა და კიდევ ასეთი გახელებით მოიკლავდა ბრძოლის ჟინს.
ასეთი იყო ხამურზა ბეი.
ხევსურები ამიტომ სცემდნენ პატივს.
ხამურზა ბეისაც მათსავით უყვარდა ომში გადარევა და ამიტომ მოდიოდა დაღესტნიდან აქ. ეტყობა დღესაც იმიტომ დაეცათ თავს, რომ მეჩვიდმეტე საუკუნისათვის ეცა ბრძოლით პატივი.
უცნაური იყო ხამურზა ბეი...
***
მეოცე საუკუნის მიწურული.
ბარში მიმოფანტულმა ხევსურებმა ერთმანეთი მოიკითხეს და შეკრების დღე დათქვეს ბარისახოში. უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ. ზოგიერთს არც კი ენახა ხევსურეთი. ისინი უნივერსიტეტის ეზოში იკრიბებოდნენ და ყველას რაღაც ნათელი გადასდიოდა სახეზე. ყველას სხვანაირად უცემდა გული. თითქოს სისხლსაც ეგრძნო რაღაც და ჩუხჩუხით მიმოდიოდა მათ ძარღვებში. ერთ-ორ გოგონას წინაპართა პატივსაცემად ჯვრიანი ჯუბები ჩაეცვათ და თმაც ხევსურულად შეეჭრათ შუბლზე. ახალგაზრდებს ეტყობა ისე ახარებდათ ეს ერთად ყოფნა და წინაპართა მიწაზე გამგზავრება, ადგილს ვერ პოულობდნენ, მოუსვენრად მიმოდიოდნენ, ხუმრობდნენ და იცინოდნენ ყველაფერზე, თუნდაც ისეთ მოქმედებაზე, რაც სხვა დროს არაფრით ღიმილსაც კი არ მოჰგვრიდათ. ამათ შორის თავისი უცნაურობით გამოირჩეოდა ოცდაორი-ოცდასამი წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჯურხას ეძახდნენ. იგი ხან სიხარულით გაიბადრებოდა რაღაცაზე, ხან კი ისე მოიღუშებოდა, რომ დანარჩენები იმ დროს სიტყვის თქმას ვერ უბედავდნენ. ეტყობა ჯურხას დიდი გავლენა ჰქონდა ახალგაზრდებზე. უცებ მოიწყენდა და ამ დროს, არარსებულ წერტილს მიაშტერდებოდა იმისი მზერა. მერე უცებ შეკრთებოდა, მუშტებს მომუჭავდა და თითქოს საჩხუბრად ემზადებოდა, იდგა მოზიდულ შვილდივით დაჭიმული. თმა წაბლისფერი ჰქონდა და მოკლედ შეკრეჭილი, თვალები მუქი და ცეცხლიანი. მიმზიდველი იყო მაგრამ ჰქონდა კიდევ რაღაც შეუვალი იერი, რაც მისგან ყოველთვის გარკვეულ მანძილზე გაგაჩერებდა. უფრო მეტად ხევსურულტანსაცმლიან გოგონებს ეტყობოდათ, რომ მასთან სიახლოვეს ცდილობდნენ. ჯურხა გრძნობდა თავის იდუმალ უპირატესობას და ბოლომდე არავისთან არ იხსნებოდა ურთიერთობაში.
ახალგაზრდები ავტობუსებში ჩასხდნენ და ხევსურეთისაკენ გაუყვნენ გზას.
ბარისახოში სიხარულით შემოეგებნენ მთაში დარჩენილი ხევსურები. იმათ მოსულების პატივსაცემად ცხენები შეეგროვებინათ და დოღი გამართეს. შუა მინდორში იდგა ლუდიანი კოდი.
დასჭყივლეს მხედრებმა ცხენებს და ამ შეძახილმა თითქოს გამოაღვიძა მიძინებული მთები, რომელთაც აგერ უკვე ერთი საუკუნეა, რაც ეს ხმაური ენატრებოდათ. გაილაღეს მთებმა და თითქოს განგებ განზე გადგნენ, რომ მხედრებს შეუფერხებლად ექროლათ. გაფართოვდა და ყიჟინით აივსო მთელი ხეობა.
დოღში პირველი მოვიდა ბაცალიგოელი სამუკაის ცხენზე ამხედრებული ჯურხა. პირდაპირ ლუდიან კოდთან შეაყენა ყალყზე ცხენი და მერე მსუბუქად გადმოიხედა მიწაზე.
- ლუდ შასვი ვაჟო! - თასით ამოუღეს კოდიდან ქაფმოდებული სვიანი ლუდი და მიაწოდეს ჯურხას. იმან სულმოუთქმელად დაცალა და ისევ ცეცხლი გამოუკრთა თვალებიდან. ცხენზე ჯდომამ და წინაპართა ბილიკებზე სრბოლამ აუფორიაქეს სისხლი და რომელიღაც წინაპრის სისხლი აუჩქეფდა ძარღვებში, რომელიღაც წინაპრის მზერა გამოკრთა მისი თვალებიდან, რომელიღაც წინაპრის მოუსვენრობა ჩაუდგა იმის დაჭიმულ კუნთებს. ცხენმაც იგრძნო ეს და გაგიჟდა, გადაირია, ლაგამს დაუწყო ღრნა. მერე პატარა ბიჭებმა ჩამოართვეს და გაატარეს გაოფლილი ცხენი.
შებინდებისას გაიშალა დიდი სუფრა ძველებურ კალობანზე და ჯიხვის რქებით ჩამოიარა ჟიპიტაურმა. ახლა ამ სასმელის სუნმა გაახელა ბარად წასული ხევსურები. იმათ არსებაში თითქოს წინაპრები იღვიძებდნენ და მხიარულობდნენ მათი აქ დაბრუნებით. ზოგიერთს სისხლის აღება მოსწყურდა და გაჩაღდა სუფრაზე გარდასულ დროთა ამბების მოყოლა.
ჰყვებოდნენ ბარიდან ამოსული ხევსურები თავიანთ წინაპრების საგმირო საქმეებს. გაიხსენეს მამუკაური, ივანეური, ზვიადაური. გაიხსენეს ქალუნდაური, რომელმაც ზურაბ ერისთავს თორმეტი მეომარი აუკაფა ხმლით და მეთორმეტე ყირაზე გადავიდა. ხევსურთა რწმენით, თუ მკვდარი ყირაზე გადავიდოდა, მამკვლელს მეტი აღარ უნდა მოეკლა, თორემ ღმერთი უწყენდა და ქალუნდაურმაც სამანი ჩაუსვა ზურაბ ერისთავს - თუ კიდევ გადმასცდები ამ სამანს, ღვთის მადლმა, მემრე მე ვიციო.
ახლა გაიხსენეს აბაის ბაწარაული.
ახლა გაიხსენეს გიორგი უთურგაული.
ახლა გაიხსენეს მისრიაული.
ახლა გაიხსენეს გუროელ ბაჩაყაური.
ახლა გაიხსენეს მექობაური.
ახლა გაიხსენეს გელდიაური.
ახლა გაიხსენეს ყმაწვილათ ბაღათერაი.
ახლა გაიხსენეს მინდოდაური.
- ხამურზა ბეი! - თქვა ვიღაცამ და ამ სახელის გაგონებაზე სიჩუმე ჩამოდგა უცებ. ეს სახელი პატივისცემით იხსენებოდა ხევსურეთში და ყოველთვის დუმილით სცემდნენ მის სახელს პატივს. ბევრი ხევსურის სისხლი ემართა, მაგრამ ვერსად მოიხელთეს ხამურზა ბეი ხევსურებმა. სამმა საუკუნემ ჩაიარა და აჰა, წინაპართა სისხლი, მეოცე საუკუნის მიწურულს, ხევსურთა შეკრებაზე გაახსენდათ...
კიდევ ჩამოიარა ჯიხვის ყანწებით ჯიპიტაურმა და უფრო ამოიწეწა შეკრებილ ხევსურთა სულში წინაპართა საგმირო წარსული.
უცებ ჯურხა სუფრიდან წამოდგა და იარაღი მოითხოვა. მოუტანეს ძველებური ხმალ-ხანჯალი. ვირაცამ შაშხანაც მოუტანა. ახლა ცხენი მოითხოვა ჯურხამ. შეუკაზმეს ბაცალიგოელი სამუკაის ცხენი.
- თქვენც აისხით იარაღი! - უბრძანა ჯურხამ თავის მეგობარ ხევსურებს.
-რაისთვის, სად მივალთ!
- ვინც დიაცი არა ხართ, დაღესტანში უნდა წამამყვეთ, - მტკიცედ თქვა ჯურხამ.
- რაად, რაისთვის?!
- ხამურზა ბეიზე უნდა ვიძიოთ შური. ხამურზა ბეის არ უნდა შევარჩინოთ სისხლი, ისეთი დაჯერებით თქვა ჯურხამ, რომ მთვრალ ხევსურებს საგმირო ჟრუანტელმა დაუარა.
წინაპართა სისხლმა და ჟიპიტაურმა სალაშქროდ აამხედრა ბარიდან ამოსული ხევსურები.
- სად მიხოლთ ვაჟებო, რაღა დროს ხამურზა ბეის ხსენება არის, მიწასაც კი დავიწყებულ ექნების იმისი ძვლები! - გაიკვირვეს მოხუცებმა, მაგრამ ისეთი მონდომებით ემზადებოდნენ ახალ-უხლები სალაშქროდ, ძველებმა აღარ დაუშალეს, იფიქრეს - ცოტას გაივლიან მთაში ცხენებით, გამოფხიზლდებიან და ამით მოიკლავენ ჟინსაო.
მთვარე არ ჩანდა და სიბნელეში ცხენების ფლოქვების თქარათქურით გავიდა სოფლიდან ჯურხას რაზმი. ცხენზე ამხედრებულებს უფრო მოეკიდათ ჟიპიტაური და დასჭყივლეს ცხენებს.
წამოუქროლა მთების ნიავმა.
ხევსურეთის ცაზე გავსილი მთვარე შემოცურდა.
ამოძრავდნენ ლანდები და უფრო იდუმალი იერი მიეცათ მხედრებს. მთვარე კი რაც შეიძლება ჩუმად მოდიოდა, ჩუმად ეფინებოდა მიტოვებულ სოფლებს. ვინ იცის რამდენი ამისთანა ლაშქრად წასვლა ახსოვს ადრინდელ ხევსურეთიდან და ახლა კი რატომღაც სათამაშოდ გაუხდია მოლაშქრეთა ლანდები, ხან აქეთ ხევში აგრძელებს და ხან ისე ამოკლებს, ვერც კი გაარკვევ კაცსა თუ ცხენს, ხან სულ ერთმანეთში აურევს ლანდებს და ამას აკეთებს ჩუმად, ჩუმად, ეტყობა ისიც წარსულს იხსენებს... ასე მოხუცებმა იციან, როცა ახალგაზრდობისდროინდელ რაიმე ნივთს წააწყდებიან, რომელიც აღარაფერში გამოადგებათ და ვერც გადაგდება გადაუწყვეტიათ, ელოლიავებიან, ეთამაშებიან ჩუმად.
მთვარის შუქმა უფრო გაუძლიერა შურისძიების წადილი მთვრალ მხედრებს. მთაზე რომ ავიდნენ, რიჟრაჟი ჩამოადგა სერებს. აქ უკვე კარგად ისმოდა ვარსკვლავების ჩუმი წკრიალი. ისინი ერთი მეორის მიყოლებით ფეხაკრეფით გადიოდნენ ციდან.
ირიჟრაჟა.
ცაზე ეულად დარჩა ცისკრის ვარსკვლავი და სააღდგომო ბატკანივით ატოკდა.
დილის სიგრილემ ააკანკალა მხედრები.
გამოფხიზლდნენ. ცხენებს სადავეები მოუწიეს და შეანელეს.
- ჰა, რა ფეხს ითრევთ, გამაიარეთ! - დაჰკივლა მათ წინ წასულმა ჯურხამ.
- საკმარისია ჯურხავ, გავბრუნდეთ, ლოდინს დაგვიწყებენ, - თქვეს მხედრებმა და სიცილი აუტყდათ თავიანთ საქციელზე.
- რა გაცინებთ! - გადაირია ჯურხა და ამათაც სახეზე შეაშრათ ღიმილი.
- გავბრუნდეთ უკან ჯურხავ, ცხენებიც დაიღალნენ, - თქვა ირაკლიმ.
- სად უნდა გავბრუნდეთ, მხდალებო, სადამდე ვზიდოთ ლეკების სირცხვილი.
- კარგი, გეყოფა ხუმრობა, - ისევ გაიცინეს ბიჭებმა, დარწმუნებულებმა, რომ ჯურხაც ხუმრობდა. ჯურხამ შაშხანაში ტყვიები ჩააწყო და თქვა:
- სანამ ათამდე დავთვლი, აი, იმ მოსახვევამდე სირბილით გამასწარით, თორემ ერთი არ გადამირჩებით ცოცხალი, მშიშრებო!
მას ისეთი ფერი და გამომეტყველება ჰქონდა სახეზე, რომ მეტი გზა არ იყო, ბიჭები სიცილითა და ცხენების ჭენებით მიეფარნენ მოსახვევს.
ჯურხამ ცხენი დაღესტნისაკენ გააჭენა.
***
ნისლებიდან ამოიკვეთა ხამურზა ბეის ნასოფლარი. ჯურხამ ზემოდან ჩასძახა:
- ჰე-ჰეი! ხამურზა ბეი, თუ ვაჟკაცი ხარ, ამოდი და შემებრძოლე, ხვალამდე დაგელოდები აქ და თუ არ ამოხვალ, ლაჩარი ყოფილხარ.
მის ძახილზე ყორნები წამოიშალნენ მიტოვებული აულიდან და ციხეების გარშემო იწყეს ფარფატი.
ჯურხამ ცხენი საბალახოდ მიუშვა და ხამურზა ბეის დაუწყო ლოდინი. მას ისე უნდოდა მისი მოსვლა და წინაპართა სისხლის აღება, რომ მეორე დღემდე მართლა ეგონა, რომ ხამურზა ბეი ამოვიდოდა აულიდან და შეებრძოლებოდა. დაძაბული იყო ჯურხა, გაგონილი ჰქონდა, რომ ხამურზა ბეიმ უცებ იცოდა გამოჩენა და აქეთ-იქით იხედებოდა, რომ მისი მოსვლა არ გამოჰპარვოდა.
გათენდა.
მზის ამოსვლამდე უცადა ჯურხამ ხამურზა ბეის და მერე მიტოვებულ აულში შაშხანის ჯერი მიუშვა და ჩასძახა:
- ლაჩარი ჰყოფილხარ ხამურზა ბეი! დღეის მერე ნუღარ ჩათვლი თავს ვაჟკაცად, დღეის მერე დამარცხებული ხარ და მეც პირნათლად ვბრუნდები უკან!
ჯურხა ცხენს მოახტა და ხევსურეთისაკენ გააჭენა.
***
მეგობრები სიცილით შემოეგებნენ დაბრუნებულ ჯურხას.
- რა ჰქენი ჯურხავ?
- დავამარცხე, - უთხრა ჯურხამ ხევსურებს ისე დარწმუნებულმა, თითქოს მართლა დაემარცხებინოს ხამურზა ბეი.
გაჩაღდა ლხინი.
ბიჭებმა ღიმილით შესვეს ჯურხას საკარგყმო.
მას ისეთი სახე ჰქონდა, ეტყობა მართლა დამარცხებულად თვლიდა ხამურზა ბეის.
ლოგინი გაუშალეს და ბალიშზე მიდო თავი თუ არა, ჩაეძინა.
ხამურზა ბეი დაესიზმრა ჯურხას. საომრად იყო ამხედრებული თავის კუპრივით შავ ცხენზე ხამურზა ბეი, თავისი აულის თავზე სწორედ იმ ადგილას იდგა, სადაც ჯურხა ელოდებოდა მას და ეხვეწებოდა:
- რატო ეგრე ხელაღებით სთქვი ჩემზე დავამარცხეო, ვაჟო, ჰა? ეგ ხო ვაჟკაცობა არ არის.
- არც ის არის ვაჟკაცობა, რომ ერთი დღე-ღამე ალოდინო მოსისხლეს და არ მოხვიდე, - ეუბნებოდა ჯურხა.
- ხომ მოვედი, - თქვა ხამურზა ბეიმ.
- რაღა დროსია, ეხლა უკვე დამარცხებული ხარ.
- არა ვარ დამარცხებული ალახის მადლმა, ეგრე ხელაღებით ნუ დამიმცირებ სახელს, მოდი და ვაჟკაცურად შემებრძოლე, თორემ ვეღარ მოვისვენებ საიქიოს, - თითქმის ხვეწნით უთხრა ხამურზა ბეიმ და ისე დააშტერდა სახეში ჯურხას, ისეთი თვალებით შეხედა, ბიჭს შემკრთალს გაეღვიძა და მიმოიხედა. ხამურზა ბეის დაუწყო ძებნა.
ვეღარ დაიძინა. კალობანზე გამოვიდა და სმა გააგრძელა. უნდოდა ხამურზა ბეის სახე დაევიწყებინა და სასმელს მიეძალა.
მეორე ღამეს ისევ დაესიზმრა ხამურზა ბეი. ისევ აულის ზემოთ ელოდებოდა ცხენზე მჯდომარე.
- რატომ არ მოდიხარ, რატომ არ შემებრძოლები, - ეუბნება ხამურზა ბეი.
- შენ უკვე დამარცხებული ხარ, - ისევ პასუხობს ჯურხა.
- რჯული არა გწამს? ვაჟკაცობის მადლი არა გწამს? ცისა და დედამიწის მადლი არა გწამს? - ეკითხება ხამურზა ბეი.
- მწამს, როგორ არა მწამს, - პასუხობს ჯურხა.
- სიყვარული არა გწამს?
- სიყვარული?
- ჰო, ნუთუ არავინ გიყვარს?
- მიყვარს, ეუბნება ჯურხა.
- რა ჰქვია?
- შენ რად უნდა გითხრა!
- იმად, რო, იმის სახელით უნდა შამამფიცო.
- რა უნდა შემოგფიცო?
- ის, რომ მოხვალ და ვაჟკაცურად შემებრძოლები.
- შენ, გწამს სიყვარული? - ახლა ჯურხამ ჰკითხა.
- მწამდა.
- ეხლა?
- ეხლაც მწამს, ოღონდ აქ სხვაგვარად, ვიდრე დედამიწაზე.
- ხო გწამდა ვაჟკაცობის მადლი.
- მწამდა, თქვა ხამურზა ბეიმ.
- ცისა და დედამიწის მადლი?
- ჩემზე მეტად ალბათ არავის.
- ჰოდა, თუ გწამდა, რაად არ მახვედ, რო გელოდინე.
- როგორ მოვიდოდი?!
- როგორც ეხლა ხარ მოსული, მოსულიყავი და შემბრძოლებოდი.
- არა, ვერ მოვიდოდი. სახიერად ვერ მოვიდოდი.
- რაად ვერ მოხვიდოდი?
- იმად, რომ სამზეოს არ მიშვებენ სააქაოდან.
- მაშ როგორ აპირებ ჩემთან ბრძოლას?
- რწმენით.
- მე რწმენით ვიყავი, შენ კი არ მოხვე და გამარჯვებულიც ვარ.
- არა ხარ, ალახის მადლმა, არა! უნდა მოხვიდე, სხვაფრივ ვერ მოვისვენებ. აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ არ მოხვალ, - ხამურზა ბეიმ ისევ შეხედა თვალებში ჯურხას და ბიჭს ისევ შემკრთალს გაეღვიძა.
იმ დღიდან დაკარგა მოსვენება ჯურხამ. სადაც წავიდოდა, ყველგან ხამურზა ბეი ელანდებოდა, ეხვეწებოდა, მოდი, ვაჟკაცურად შემებრძოლეო. მისი ხმა არ შორდებოდა ყურებიდან.
ორი დღის მერე ისევ ბარში დაბრუნდნენ ხევსურები. ჯურხა ბარისახოში დარჩა და მოხუცებს ეკითხებოდა ხამურზა ბეის ამბებს. მათ გადმოცემით რაც იცოდნენ, უყვებოდნენ.
- ვაჟკაც ყოფილა, ვაჟკაც! - დააყოლებდნენ ხოლმე ნათქვამს მოხუცები და ეს სიტყვები მოსვენებას უკარგავდა ჯურხას. თანდათან სინდისის ქეჯნა იგრძნო, რომ ხელაღებით იზეიმა ხამურზა ბეიზე გამარჯვება. დღისით იმ ადგილებს ეძებდა, სადაც გადმოცემით ხამურზა ბეის უომნია, ღამე კი გამოეცხადებოდა მისი აჩრდილი და ეხვეწებოდა, სადაც ჩემი დამარცხება სთქვი, მოდი, იმ ადგილზე შემებრძოლეო, ეხვეწებოდა ხამურზა ბეი.
ჯურხამ მოსვენება დაკარგა. საკლავი იყიდა და გუდანის ჯვარში სისხლით ის ადგილი ჩამოანათვლინა ხევისბერს, სადაც გადმოცემით მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო დღეს იბრძოდა ხამურზა ბეი.
იმ ღამეს ისევ გამოეცხადა ხამურზა ბეი.
- მოსვენება აღარა მაქვს, მოდი, შემებრძოლე, - შეეხვეწა ლეკთა ბელადი.
ჯურხამ იცის, რომ ეს მოჩვენება არის და ეუბნება:
- მითხარი რამდენი საკლავი დაგიკლა და დავკლავ შენი სულის მოსახსენებლად.
- რაც ქვეყანაზე საკლავებია, ყველას სისხლი რომ ჩემთვის დაღვარო, მაინც ვერ აღმიდგენ შელახულ სახელს, იმად, რომ მე მანდ ერთ წვეთ სისხლსაც ვეღარ დავღვრი ამ სახელისათვის და მანდაური ერთი წვეთი სისხლიც კი არ მომივა აქ. მე მანდ არ გამომიშვებენ შენთან შესახვედრად, შენ კი სანამ აქ სამუდამოდ წამოხვალ, მანამდე უნდა შემებრძოლო, უნდა მოხვიდე, მე არა ვარ ასეთი დამარცხების ღირსი.
ხამურზა ბეი ისევ მიაშტერდება თვალებით და ჯურხა შეკრთალი იღვიძებს.
ერთი კვირის შემდეგ თვითონაც ქალაქში წავიდა, რომ იქნებ როგორმე მოეშორებინა თავიდან ხამურზა ბეის სახე.
იქ უკვე იცოდნენ მისი ”გმირობის” შესახებ და ულოცავდნენ ხამურზა ბეისთან ”გამარჯვებას”.
ვერც ქალაქში მოიშორა ხამურზა ბეი. ერთხელ ისიც კი მოეჩვენა, რომ უნივერსიტეტში ლექციაზე შემოვიდა, დაფასთან დადგა და ხვეწნა დაუწყო, წამოდი, იმ ადგილზე შემებრძოლე, სადაც ჩემი დამარცხება გადასწყვიტეო.
- არ დამეხსნები მე შენი! - იყვირა ჯურხამ და ეცა აჩრდილს. გონს რომ მოეგო, შემკრთალმა გაუშვა ხელები აკანკალებულ ლექტორს, რომელიც ისე მაგრად ჰყავდა ჩაბღუჯული, ვერ გამოსტაცეს.
მიხვდა ჯურხა, რომ არ დაეხსნებოდა ხამურზა ბეი და ბარისახოს ავტობუსს გაჰყვა ხევსურეთში.
ჩასვლისთანავე გამოართვა ბაცალიგოელ სამუკას ცხენი. აისხა ის იარაღები, რაც მაშინ ჰქონდა, პირველად რომ წავიდა ხამურზა ბეისთან საბრძოლველად.
მოახტა ცხენს და გააჭენა აწუნთისაკენ.
ღამემ თავისი იდუმალება შემოახვია.
შუაღამის მერე ისევ ჩუმად შემოცურდა ხევსურეთის ცაზე მთვარე. ცხენი გრძნობდა, რომ მხედარი საომრად მიდიოდა და მიჰქროდა. უამრავი ლანდები დაეხეტებოდნენ ხევ-ხუვებში. ჯურხას მოეჩვენა, რომ ხამურზა ბეისაგან დახოცილი წინაპრების ლანდები მიჰყვებოდნენ უკან.
მოიხედა.
არავინ არ ჩანდა.
ცასა და მიწას შორის ისა და მთვარე იყვნენ მხოლოდ. თითქოს ვარსკვლავებიც სადღაც გამქრალიყვნენ, აღარ წკრიალებდნენ ძველებურად.
ირიჟრაჟა.
მთვარეს გაუთენდა შუა ცაზე და უფრო დადუმდა.
ჯურხამ ხამურზა ბეის აულის თავზე ისევ იმ ადგილზე შეაყენა ცხენი, სადაც პირველად მისვლისას.
უხმოდ დაქვეითდა. ცხენს ლაგამი წამოჰყარა, მოსართავები მოუშვა და ბალახზე მიუშვა.
აღარ დაუძახნია ხამურზა ბეისათვის. იცოდა, რომ მოვიდოდა და დაელოდა. შაშხანაში ვაზნები ჩააწყო.
”არა, ეს ვაჟკაცობა არ იქნება, თანასწორი იარაღით უნდა ვებრძოლო, ხამურზა ბეის ხომ არც გაუგონია რა არის შაშხანა”, - გაიფიქრა და თოფი გვერდზე გადადო.
მერე რევოლვერი ამოიღო ჯიბიდან, შეათვალიერა. ”არა, არც ამის ხმარება ივარგებს. თუმცა, ხომ შეიძლება ხამურზა ბეის ლეკური დამბაჩა ჰქონდეს, მაგრამ სად ეს და სად ის”...
”ხამურზა ბეი თურმე დამბაჩას არ ხმარობდა. ეშმაკის საცეცხლურს ეძახოდა”, - გაახსენდა გუდანელი ბათარეკაის ნათქვამი და რევოლვერიც გვერდზე გადადო.
მზე საშუადღეოზე მიიწვერა.
ქვემოთ მიწყნარებული იყო აული და ნასახლარებსა და ციხეებს შამბი მოსდებოდა. სოფლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ გორზე საფლავები მოჩანდა.
”ალბათ იქედან მოვა ხამურზა ბეი”, - გაიფიქრა ჯურხამ. თუმცა იცოდა, რომ ხამურზა ბეი ვერ მოვიდოდა. მაინც რაღაცას ელოდა, რაღაც სასწაულის იმედი ჰქონდა.
დღე მიიწურა.
ქვემოთიდან სიგრილე ამოუყვა მთის ფერდობს და მიტოვებული აულიდან სიმარტოვის სევდა ამოიყოლა თან. ამ განცდამ შეაჟრჟოლა ჯურხა. საფლავებს გახედა. იქიდან მკრთალად გამოკრთა იმედი, რომ როდისღაც აქ ადამიანებს უცხოვრიათ, რომ ჯურხა მარტო არ არის, პირველი და უკანასკნელი არ არის ამ ადგილზე.
”კიდევ კარგი მკვდრები მაინც არიან მარტოდდარჩენილი ცოცხლების იმედად” - გაუელვა ჯურხას. ”ნეტავ მკვდრებსაც თუ აქვთ ცოცხლების იმედი”, - გაიფიქრა მერე.
ჩამოღამდა.
იდუმალი ბაგეებით აჩურჩულდა ბნელი ღამე.
ჯურხა ფხიზლობდა და ჯიუტად განაგრძობდა ლოდინს.
სადა და როდის მოვიდა მთვარე. წყნარად , წყნარად შემოცურდა ცასა და დედამიწას შორის.
ჯურხას მოეჩვენა, რომ საფლავებიდან აჩრდილი წამოდგა და ფეხზე წამოხტა. საბრძოლველად მოემზად, მაგრამ არავინ არ წამოვიდა მისკენ.
- ეჰეი. აქა ვარ, ხამურზა ბეი! - ყოველი შემთხვევისათვის ჩასძახა ქვემოთ.
ხამურზა ბეი არ გამოჩნდა.
ირიჟრაჟა.
ცაზე ისევ ატოკდა ცისკრის ვარსკვლავი.
მთვარეს უფრო ადრე გაუთენდა.
ლოდინმა დაღალა ჯურხა.
ხამურზა ბეი არ ჩანდა.
საშინელი სიმარტოვე იგრძნო ჯურხამ.
მიხვდა მარტო იყო, სულ მარტო. საფლავებს გახედა. იქიდანაც აღარავითარი იმედი არ ჩანდა.
ჯურხა მიხვდა, რომ ხამურზა ბეი არ მოვიდოდა და მას საკუთარ თავთან მოუწევდა ბრძოლა. ამის გაფიქრებაზე ისეთი სიმარტოვე იგრძნო, შეაჟრჟოლა.
თოფით ვერ იბრძოლებს ხამურზა ბეისთან, იმიტომ, რომ ასეთი თოფი ლეკთა ბელადს თვალითაც არ უნახავს, მას დამბაჩაც კი თვალის დასანახავად ეჯავრებოდა. ხამურზა ბეის ხმლით უნდა ებრძოლოს, ხმალი კი ჯურხასათვის არის უცხო. შაშხანით ხამურზა ბეის ვერ შეებრძოლება, სინდისი არ აძლევს ამის ნებას. ვერ გამოიყენებს იმ უპირატესობას, რაც სამი საუკუნის მერე - ხამურზა ბეის მერე გამოიგონა ადამიანმა. ხმლით უნდა ებრძოლოს ხამურზა ბეის.
ხამურზა ბეის ხმალში ბადალი არა ჰყავს.
ჯურხა მიხვდა, რომ ბრძოლა წააგო და საშინელი სიცარიელე და სიმარტოვე იგრძნო.
აულს გახედა. იქ, შამბში ამოზიდულ კოშკებს შორის ერთ-ერთი ხამურზა ბეის კოშკი უნდა იყოს, რომელზეც სამი საუკუნის წინათ მის მიერ დამარცხებულთა მარჯვენას აკრავდა ხამურზა ბეი.
ჯურხა ბოლოა, ვინც ხამურზა ბეისთან ხმალში დამარცხდა.
ლეკთა ბელადი მშვიდად განისვენებს. მას სამი საუკუნე აწევს ნისლივით და არ შეუძლია დამარცხებულს მარჯვენა მოსჭრას.
ჯურხამ ლოდზე დადო მარჯვენა მკლავი და მტევანს ზემოთ, სახსარზე დაუქნია ხმალი.
ერთ წუთს კინაღამ გონი დაკარგა, მაგრამ ძალა მოიკრიბა მეორე წუთს. წაიღო და მოჭრილი მარჯვენა იმ ციხეს მიაკრა, რომელზეც მისი აზრით ხამურზა ბეი აკრავდა შორეულ წარსულში გამარჯვების აღსანიშნავად მტრის მარჯვენას.
- ნუღარ დაღონდები მეტად, გამარჯვებული ხარ ხამურზა ბეი, შენი სულიმც მაისვენებს საიქიოში, - თქვა ჯურხამ, ცხენს მოახტა და ხევსურეთისაკენ გამოაჭენა.
გრძნობდა, როგორ თანდათან იცლებოდა მისი მაჯიდან წინაპართა სისხლი.
ღონე ელეოდა, მაგრამ თავს იკავებდა.
”მკვდარს სხვა მიწაზე არ სტოვებდნენ ხევსურები”. ეს აზრი უნათებდა გონებას ჯურხას და მასაც გადაწყვეტილი ჰქონდა საკუთარი ცხედარი ხევსურეთში მიესვენებინა.
მთაზე ასულმა გუდანის ჯვარს გადახედა.
დღე ილეოდა.
შორს, მთების დასალიერში მზე წითლდებოდა...
ცხრებოდა...
იმ ღამეს, ვარსკვლავების მაგიერ, ცაზე ყვავილები ამოდიოდნენ.