*** შენი ფერადი ქალაქი
შენი ფერადი ქალაქი და
შენი ცხოვრება ფერადი.
თურმე რამდენი ძალა გინდა,
რამდენი ღვინო ხელადით,
რომ ამ სიყვარულს გაუძლო და
ცას მზე ახალი ახარო,
გული, რომელიც დაუძლურდა,
ერთ გაზაფხულის საღამოს,
იქცეს ოთახის ყვავილად და
იქცეს ფანჯარად ოთახის,
ცხოვრება, რომ არ დამილაგდა
ამ დარაბიდან ცოტა ხნით…
ჩანდეს სამოთხის ილუზიად,
არ გადაწიო ფარდები,
სიყვარული ხომ ვირუსია,
და მალე დაგემართები.
ვეპოტინები ეს წლებია,
ტალღებგადმოშლილ ქალაქთან,
შენს თმებს და ამ ლექსს ესწრებიან
ფოთლები და თუ დალაგდა
კართან იქიდან ან აქედან,
გეტყვი რომ მიყვარს (შევნატრი),
შენი ფერადი ქალაქი და
შენი ცხოვრება ფერადი.