დაბრუნება
უნდა დამთავრდეს, უნდა მორჩეს, უნდა წავიდე,
სადაც არავინ მელოდება, სადაც სახლია
თხელი კედლებით, საკუთარ თავს სადაც დავიტევ,
სადაც ვიქნები ბედნიერი, სადაც ნაღვლიან
ფიქრებს არ მივცემ გასაქანს და სადაც ფიქრები
ტალღის ხმაურში იძირება. აღარ შემოაქვს
შიში ქარს, წვიმას - სიცელქე და კარგად ვიქნები.
კარგად ვიქნები. არ იქნება, რაც გარშემოა.
უნდა წავიდე, უნდა მორჩეს, უნდა დამთავრდეს:
აწყმყო, წარსული, ყველაფერი, რასაც მივტირი.
უნდა წავიდე, სანამ წასვლის ნებას დამრთავენ.
უნდა წავიდე, სანამ გული გასკდა კვირტივით.
უნდა წავიდე, სადაც მისვლა არის მოტივი.
უნდა წავიდე, სანამ წვიმს და სანამ ქარია.
უნდა წავიდე ლაჩარივით, ჩუმად, ლოთივით.
უნდა წავიდე, სადაც სხვები აღარ არიან.
უნდა წავიდე, გავეცალო მტვრიან მიმიკებს.
უნდა წავიდე, სადაც ღამეს თეთრი ფერი აქვს,
სადაც არავინ დამხვდება და სადაც მიმიღებს
ჩემივე თავი, სადაც ცივი არის კერია.
უნდა წავიდე…