გახარია ლაშა
გაზიარება

წერილი დედას 

წუხს მაგიდაზე დარდი-ბარათი -
ხელისგული და სულგადასმული;
ძლივჩამოღწეულს ძველმისამართით -
ასდის ქინძის და ომბალოს სუნი.
ღამეა, დედი; ბჟუტავს სანათი,
სიზმრის კვირტები უსკდება თბილისს;
შიმშილს მინაყრებს შენი ბარათი --
გვიანარეკილ მჭადივით თბილი.
....
ვხედავ: ქოთნიდან თეთრი ნაღველი --
ძლივს ერთი წველა ამოგყავს ყველი;
მამას აღონებს მწირი ბეღელი...
კვამლიც ისლიდან ნარჩენ თოვლს წველის.
წელსაც კვამლივით ეკიდა გუთანს
და თაგვის სარჩოც არ ჩანს ბეღელში...
მეც... სიყვარულის დიდგულა გუნდა,
ვაითუ, ასე ჩამადნა ხელში...
...
მწერ: "ჩამო, შვილო, თოვლი დაკვალე,
დაგენაყები წამლად მშობელი;
სიზმრისახდენის შიშით ვკანკალებ...
დაცარიელდა ჩემთვის სოფელი.
ჩამოდი, იმდენს შეიტყობ ამბავს:
ჭორლამბია თუ მონტყორმპენტავის*...
არც აქ დაგიშლით ლექსების ჯღაბნას,
ან წაგვაკითხა, რას წერ, ნეტავი!...
ის ცირა მაინც არ გეცოდება? --
ამოუმტრედდა, ბიჭო, ჩიტები...
ბედს ნახავს... მამა რომ მიცხონდება,
ჰოდა, იკვნიტე მემრე თითები!..
მეტს არ შეგიწყენ, შვილო, წერილით,
ხელსაპონივით ვდნები ლოდინით...
ჯულბაც აღარ ჰყეფს, წევს მოწყენილი
და მამაშენსაც მხარს ხრავს ლოგინი.
წერს და არავის პწკარს არ უკითხავს,
შენ გელოდება, ვხვდები წინასწარ;
ერთ საწყალ კალამს თუ მოუკითხავ...
გადმოათეთრებს ნაციმბირალსაც.
ხომ იცი, როგორ მოსდგამს ლექსები,
(ამ ბოლოს... სმა და ბოდვაც დასჩემდა);
ვეჭვობ, მანდ ესხდეთ უკეთესები --
სულშებეჭილი ჭალის ლარჭემთან*...
ჩამოდი, კიდევ ერთხელ ჩამოდი!
ნუ შემატოვებ სიზმრის ყვავ-ყორნებს;
წელს ნუ მოიწყვეტ მჩატე ჩემოდნით,
ნურც ხელს ნურაფერს გამოაყოლებ"...
...
...ჩამოვალ, დედი, და დარდს გადაგშლი,
ზურგში მიბერავს სულს მუზის ქარი
და სტიპენდიით ნაყიდ კაბაში
გამომიქვითე ყველა სიზმარი.
ჩამოვალ.
მეტს არ მოგაწერინებ...
ცოცხალ პასუხად მოვალ -- იმ თვეში,
ოღონდ, ეს ლექსი მოამწევინე --
"ლუქსზე" მწარედ რომ მეწვის თითებში!..
ესენინივით... არც მე ვარ ბავშვი,
იმ შავთავშალა შიშისაც მესმის;
აჰა, თენდება მტრედების ტაშით
და კალმისწვერზე წრიალებს ლექსი...

??????