სტუმრად წიქათან და ბეწინასთან მისახ...
სოფელს მივიდოდი, მთებს ნისლი ეწვინა,
ღამის გასათევად ვესტუმრე მისახელთ,
ფეხონში დამიხვდნენ წიქა და ბეწინა,
შორითავ მიცნეს და “მშვიდობა” მიძახეს.
შემიძღვნენ ჭერხოში “ამ ტიალ წყალ-ჭალას,
ორნიღა შევრჩითო ერცხვაის სარჩენად,
ბეწინამ ტაბლაზე პურ-ერბო გაშალა,
წიქამ კი ნაპოხი ხირიმი მაჩვენა.
დიდისხან ვისხედით… ვსვამდით და ნიადე
ფიქრები მწარე წყალს თავ-აღმა მიყავდა,
მე, ყმაწვილს წამომცა რა ცეცხლშიც ვტრიალებ,
გამიწყრნენ: “აღარ თქვა თუ ვინამ გიყვარდა”
შემრცხვა და მცირე ხანს წიქაიც დაჩუმდა,
უაზროდ ავსებდა შავ ხმიადს ერბოთი,
სირცხვილი' იუბნო ხმამაღლა მიყვარდა
სირცხვილი’ იუბნო, ვის როგორ ეტრფოდი”…
შუაცეცხლს თავ-პირით ვესხედით სამივე,
მთელა ღამ წინაპართ გმირობებს ვისმენდი,
ვინ ჯვარმა დარისხა, ვინ ემტრო გაღმივნებს,
ჰყვებოდნენ ამბებს და თან ჭიქას მივსებდნენ…
დილისხან მწველი მზე თაღში რო შამაძვრა,
ბეწინამ: “ქვისაო, ქვა არი წამალი”,
დამსკდარი თითებით მწოლარეს შამასვა,
მე კიდევ სოფლამდე ერთი დღის სავალი
მქონდა და ნასვამმა მისახი დავტოვე,
წინადღეს ნათქვამ ლექსს ხმადაბლა მიქებდნენ,
სოფელს რო ამოვცდი, მუხლს ცოტა ვადროვე,
ქვემოთ კი იდგნენ და ხმელ ხელებს მიქნევდნენ.