ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

შემოდი მარტო ექსკლიუზივი



ჩემს სიმარტოვეს შევეზარდე, ახლა ისე ვარ...
იყო, არ იყო, ის, რაც იყო თუ არ ყოფილა?!
ყოველი ჩემი სიმარტოვე შენით ივსება,
მადლობა უფალს, რაც მიბოძა, რომ მამყოფინა.

აი, ბალახი, ჩემს მზერაში რომ ამოვიდა
და მარტის გზას რომ უნებლიეთ ჩემში აგრძელებს,
ის აღმოცენდა უდიადეს სიმარტოვიდან,
სწორედ იმდენჯერ, რამდენჯერაც იგი აცელეს.

შემოდი მარტო, ვემზადები შენთან საფრენად,
შენ თამაშ-თამაშ, მისხალ-მისხალ ჩემში იწყები,
ჩვენი მკლავები გაიშლება მალე აფრებად
და ერთმანეთის მონატრებას მივეფიცხებით.

შემოდი მარტო, ვემზადები შენთან საფრენად,
ზუსტია გეზი და წკიპზეა ახლა ბუნება,
ისეთ გულზე ვარ, სიკვდილიც კი მეარაფრება,
როდესაც შენი მონატრება მელამუნება.

28.02.2013

??????