ნათელაძე ქეთევან
გაზიარება

Marco - Polo ექსკლიუზივი

ჩვენი ჩრდილები გუშინ და წინათ,
ვიდოდნენ ერთად ქარებზეც ჩქარე,
და რუსთაველზე უკრავდა წვიმა,
ფოთლების ტაშით ცეცხლჩამდგარ ქარებს.
ქაშუეთიდან რეკავდა ზარი,
მე ტანზე შენი თვალები მეცვა,
და მთვარე, როგორც წასული ქმარი,
ამოირეცხა გულიდან ზეცამ.
მთვრალი ქუჩები ყვინთავდნენ მტკვარში,
ჩვენ გვსურდა ზეცა, ჩვენ მეტი გვსურდა,
და მათხოვრობდა სიყვარულს ბავშვი,
გამვლელები კი უყრიდნენ ხურდას.
ეს იყო წინათ, ეს იყო გუშინ,
შეხვედრის, ანდაც გაჩენის დღიდან,
იდგა აპრილი ღმერთსავსე სულში,
და რუსთაველზე ივლისი იდგა...
გდარდობ და გფიქრობ, გფიქრობ და გდარდობ,
ხომ არ იყავი ჩვენება დილის,
ხომ ვუკითხავდით მირზას და ლადოს,
მზისფერ სტროფებით სისხლგამთბარ თბილისს.
ყელზე წვიმები შემაბი მძივად,
და სადღაც გაქრა, ვით ლექსი ბოლო,
ის Marco Polo, ზაფხული, წვიმა,
წვიმა, ზაფხული და Marco Polo.
გავლენ, ჰო, გავლენ უკვალ-უქაროდ,
დღეები, ვითარც წკრიალი ბროლის,
ჩვენ როგორ შევხვდით ასე უბრალოდ,
ამდენ ბატონს და ქალბატონს შორის.
ეს იყო წინათ, ეს იყო გუშინ,
შეხვედრის, ანდაც გაჩენის დღიდან,
იდგა აპრილი ღმერთსავსე სულში,
და რუსთაველზე ივლისი იდგა!..

??????