ლოთი ექსკლიუზივი
შუაღამე იყო და თოვდა...
ბოძზე ერთადერთი ნათურა ენთო და იმასაც აქეთ-იქეთ ახეთქებდა ქარი...
კაცი იდგა ხიდზე. ეწეოდა. დროდადრო სიგარეტის ცეცხლი გაუნათებდა გაუპარსავ სახეს...
ლოთია...
რა მოხდა მერე?! ყველას ჰყავსო თავისი ღმერთი და იმანაც თხისჩლიქებიანი დიონისე არჩია... კი ბატონო _ სისუსტეა ეს, ღვინოში რომ ახრჩობ დარდს და შვებას ეძებო, მაგრამ, მითხარით ერთი, რა არის სიძლიერე?!
მგელს რომ მოტაცებულ ბატკანს გააგდებინებ და შენ თვითონ ააცვამ ცვრიან მწვადებად _ ეს?!
ვნებაწყვეტილ ნადირს რომ სამოსშემოხეულ ქალს არ დაანებებ და მერე შენ თვითონ დაისვამ ხასად, მე გადაგარჩინეო _ ეს?!
დაინახავ, ახლობელს ორმოს უთხრიან, გვერდს აუვლი, არაფერს არ იტყვი _ რა ჩემი საქმეაო? და მერე, მთელი ღამე აღარ გძინავს შიშით, მე არ ჩავარდეო _ ეეს?!
იდგა ის კაცი თავისთვის, შუაღამე იყო და თოვდა...
ცოლმა უღალატა და გაუძლო. შენ რომ კაი კაცი ხარ, რატომ წაართვი?!
შვილებმა უგანეს და შებარბაცდა. შენ რომ კაი კაცი ხარ, რატომ დაანებე?!
ძმამ მიატოვა და ახლა მარტოა. შენ რომ კაი კაცი ხარ, რატომ არ უძმე?!
დგას ამ შუაღამისას, ამდენი ფიფქის აურზაურში და გულის ღალატს ელოდება. მერე წვიმად მოვა, მაგრამ შენ რომ კაი კაცი ხარ, შენთვის კი არა _ ეგერ, გაზაფხულზე რომ იმ ბუჩქის ძირას ია ამოვა, იმისთვის! თორემ შენზე, ღრუბლადქცეულს, სულ არ უფიქრია...
შუაღამე იყო და თოვდა. აღარ იდგა ლოთი ხიდზე. შენ რომ კაი კაცი ხარ, რა გგონია, სად წავიდა, დასალევად?! არა, ძმაო! ეგერ კუნძივით რომ მოჩანს; მდინარემ რომ ამოათრია და მერე ნაპირს შეაწმინდა წაბილწული ტუჩები...
შუაღამე იყო და თოვდა...