სადღობელაშვილი მარი
გაზიარება

გამოტოვებული გაზაფხული 

ბოლოს რომ გნახე,
თოვლი გადაბელე გულის აივნიდან
და თვალსიქით რომ დაგიგულე,
გამოგეპარე,
კარები გამოგიჯახუნე
და გავიყოლე გაზაფხულები,
სავარაუდოდ_ბევრი.
ალბათ მალე შემობრუნდი
მოშლილ ბუდეში,
სადაც სევდის ჭვარტლიან ჩვრებში
მძინარე დავტოვე  მომაკვდავი გრძნობა
და ჩვენი არდაბადებული პირმშო.
ეტყობა გული სწორედ ისე მეწურება ახლა,
როგორც შენ მაშინ,
ზამთრის გასაცილებლად რომ წახვედი,
დაბრუნებული გაზაფხულს ელოდი და
ჭერგადახდილ, იატაკმორყეულ
ოთხკედელში,
უფრო ზუსტად_სამკედელნახევარში_
შემოგეფეთა სიმარტოვის სულშემხუთავი ლავა
და არდაბრუნების გამყინავი სიგრილე,
შემოდგომისფერი კაბით.
და ზამთრიდან ზამთარში  გადაალაჯე
საფეთქლებთან ოდნავშეპარული სითეთრით,
ისეთმა, როგორიც დამამახსოვრდი,
ახლაგაზრდა ბებერმა.
თან წურბელასავით შემოგეწება მკერდზე
ჩვენგან გამოწოვილი სისხლით შეთხუპნული
და ჩვენი ვერდათვლილი გაზაფხულებით
სავარაუდოდ  გამაძღარი
ერთადყოფნის ჰიპოთეზა...

??????