სადღობელაშვილი მარი
გაზიარება

აბსურდული აქსიომა 

მე არ შემიძლია 
ღამეს გათენება მოვთხოვო,
თუმცა შემიძლია ჩამოვჯდე აივანზე,
თვალგახელილმა ვუცქირო ცას მანამ,
სანამ არ გათენდება
და თუ მაინცდამაინც
საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავ,
თავი დავაჯერო,
მე რომ ვარსკვლავები არ დამეთვალა,
არც კი გათენდებოდა...

მე არ შემიძლია 
შენ ერთგულება 
გაიძულო,
თუმცა შემიძლია გავირინდო აივანზე,
თვალდახუჭულმა ვუცქირო გზას მანამ,
სანამ არ დაბრუნდები
და თუ მაინცდამაინც
საკუთარი თავის სიბრალული შემაწუხებს,
თავი დავაჯერო,
ღალატი რომ გდომოდა, 
არც კი დაბრუნდებოდი...

მე არ შემიძლია 
სიცოცხლეს მარადიულობა გამოვთხოვო,
თუმცა შემიძლია ბოლთას ვცემდე აივანზე,
ვუთვალთვალო წლებს მანამ,
სანამ არ დავნაოჭდები
და თუ მაინცდამაინც
საკუთარი თავის უძლურება შემაწუხებს,
თავი დავაჯერო,
მე რომ არ მდომოდა დაბერება,
მარადიულად ვიცოცხლებდი....

??????