ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკა
ბავშვობა ადამიანის სიცოცხლის ულამაზესი და უბედნიერესი ხანაა. მაგრამ შეცდომაა ამ ბედნიერებად ბავშვის ვითომდა უზრუნველი ცხოვრების მიჩნევა.
ბავშვების უდიდესმა უმრავლესობამ არ იცის არსობის პურისათვის ბრძოლის სიძნელე, ისინი უფროსების შრომის ნაყოფით იზრდებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, განვითარების გარკვეულ ეტაპზე უზრუნველობა მათთვის უცხოა.
ფეხის ადგმიდან, იქნებ უფრო ადრეც, ბავშვი იწყებს სამყაროს ურთულეს წესრიგში გარკვევას, აკვირდება და ითვისებს გარემომცველ საგნებსა და პირობებს, ნელ-ნელა ეჩვევა და იმკვიდრებს თავის ადგილს ბუნებასა და საზოგადოებაში.
ამ რთულ პროცესში ნორჩი ადამიანი მთელი არსებითაა ჩაბმული და მისი გონება ისეთი დატვირთვით მუშაობს, რომელიც თავისი დაძაბულობით შესაძლოა მეცნიერის ჩაკვირვებულ შრომას არ ჩამორჩებოდეს.
ბავშვობა ის საძირკველია, რომელზედაც ადამიანის მთელი შემდგომი ცხოვრება შენდება, რომელიც ხშირად სიცოცხლის ბოლომდე განსაზღვრავს მის ხასიათს, წარმართავს მის მოქმედებას.
დიდი გოეთე ბავშვობაში მიღებულ შთაბეჭდილებებს თვლიდა იმ საფუძვლად, რომელსაც მისი და, საერთოდ, ყველა შემოქმედის ცხოვრება ემყარება. რამდენადაც მდიდარი და მრავალფეროვანია ბავშვის შთაბეჭდილებანი, იმდენად ცხოველმყოფელია მისი გავლენა შემოქმედის შთაგონებაზე.
ბავშვის გონების განვითარებაში, მისი სულის ფორმირებაში ადრევე იდებს წილს სამბავშვო მწერლობა. იგი ჯერ კიდევ ანბანის გაცნობამდე იჭრება ნორჩის არსებაში ზღაპრების, გამოცანების, ენის გასატეხებისა და მოკლე ლექსების სახით. ანბანის შესწავლით ეს არე თანდათან ფართოვდება, ბავშვი იწყებს საგნებისა და მოვლენების ურთიერთ კავშირში გარკვევას, ბუნების საიდუმლოებათა აზრისა და მნიშვნელობის ახსნას.
ამ დღიდან საბავშვო მწერლობა ხდება ადამიანის ცხოვრების განუყრელი
თანამგზავრი, მისი სულის ნაწილი.
რამდენადაც მაღალი და მნიშვნელოვანია საბავშვო მწერლობის იდეურ-მხატვრული დონე, იმდენად დიდი და ხანგრძლივია მისი გავლენა ბავშვის გულსა და გონებაზე.
როგორც არ უნდა იყოს საბავშვო მწერლობის განსაზღვრა, როგორც არ უნდა შემოვფარგლოთ მისი ჩარჩოები მკითხველის ასაკითა თუ სხვა ნიშნებით, ჩვენ მაინც ხელთ გვრჩება საბავშვო მწერლობის კლასიკის ოქროს ფონდი, რომელიც მსოფლიოს ყველა ხალხის მოზარდი თაობის ბიბლიოთეკის უპირველეს წიგნებს შეადგენენ და რომელთAწაუკითხავად ჩვენ ვეღარ წარმოვადგენთ ცოტად თუ ბევრად რიგიანად აღზრდილ ჩვენი დროის ახალგაზრდას.
ჩვენი პლანეტის ყველა კუთხეში ბავშვები ერთნაირი გატაცებით კითხულობენ პეროს, გრიმებსა და ანდერსენის ზღაპრებს, დანიელ დეფოს ,,რობიზონ კრუზოსა” და ჯონათან სვიფტის ,,გულივერის მოგზაურობას”, სერვანტესის ,,დონკიხოტსა” და რაბლეს ,,გარგანტუასა და პანტაგრუელს”, დიუმასა და ჟიულ ვერნის, ვალტერ სკოტისა და დიკენსის რომანებს, მარკ ტვენისა და კიპლინგის მოთხრობებს.
ეს სია ბავშვებისა და დიდებისათვის ერთნაირად მიმზიდველი წიგნებისა, კიდევ შეიძლება გაგრძელდეს, ამ საგანძურს მრავალი არაევროპელი ერის საბავშვო მწერლობის შედევრებიც შეავსებენ ყოველგვარი შეღავათის გარეშე.
დიდ საბავშვო მწერლობას ის ერები ჰქმნიდნენ, რომელთაც სახემწიფოებრიობა და მოსვენებული ცხოვრება ჰქონდათ, სკოლისა და სტამბის დიდი ტრადიცია გააჩნდათ. ისიც უნდა ითქვას, რომ დიდი საბავშვო მწერლობა სწორედ იმ ენებზე შეიქმნა, რომლებზედაც დიდების ლიტერატურა არსებობდა და იქმნებოდა, დიდების ლიტერატურის უმაღლესმა დონემ განაპირობა საბავშვო მწერლობის უმაღლესი დონეც და ამ უკანასკნელმა განსაზღვრა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და ესპანური საბავშვო მწერლობის ადგილი ჩვენი ცივილიზებული პლანეტის მოზარდი თაობების სულიერ ცხოვრებაში.
თხუთმეტსაუკუნოვან ქართულ მწერლობას მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ცოტა მოეძებნება ბადალი, რომელსაც შეიძლებოდა გატოლებოდა მას თავისი ხანგრძლივობითა და უწყვეტლობით, მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით.
ქართველი ხალხის გმირულმა ხასიათმა, მისმა სულიერმა კეთილშობი-ლებამ და გაქანებამ ყველაზე ლამაზი გამოხატულება სწორედ მწერლობაში
ჰპოვა.
დიდი ქართული მწერლობა არის გვირგვინი ქართველი ერის ცხოვრებისა. იგი ყოველთვის იყო მედროშე და სულიერი წინამძღვარი ჩვენი ხალხისა. ასეთ მწერლობას არ შეეძლო უყურადღებოდ დაეტოვებინა ის მკითხველი, რომელიც ხვალ ქვეყნის ბატონ-პატრონი უნდა გამხდარიყო და სამშობლოს დასაცავად, მისი უკეთესი მომავლისათვის უნდა ებრძოლა. ისტორიულმა უკუღმართობამ ძველი ქართული მწერლობის მიღწევებიდან ცოტა რამ დაგვიტოვა. მაგრამ ის, რაც შემოგვრჩა, მაინც იძლევა დაახლოებით წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ როგორ ზრდიდნენ ბავშვს ძველ საქართველოში, რა იყო მათი მთავარი საკითხავი წიგნები.
ბიბლია- ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, აპოკრიფული ლოტერატურა იყო ძირითადი წრე საკითხავი და სასწავლო წიგნებისა.
აქვე უნდა დავსძინოთ, რომ ბიბლია მსოფლიო ლიტერატურის ერთი უპირველესი წიგნთაგანია, რომელიც საუკუნეების მანძილზე რჩებოდა მწერლების, მხატვრების, მოქანდაკეების, კომპოზიტორების შთაგონების წყაროდ.
ძველი და ახალი აღთქმა ჰკვებავდა რენესანსის ეპოქის ტიტანთა შემოქმედებას.
მდიდარი ეროვნული ჰაგიოგრაფიული მწერლობა ქართველ ახალგაზრდობას უნგრევდა გმირულ სულს, სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებას.
ამათგან ერთი ,,წამებაი ყრმათაი წმიდათაი რიცხვით ცხრათაი” ჩვენი მკვლევარების მიერ მიჩნეულია ქართული საბავშვო მწერლობის უძველეს ნიმუშად. ამ ნაწარმოების აღიარება საბავშვო მწერლობის ნიმუშად მხოლოდ იმ ნიშნით, რომ მისი გმირები ბავშვები არიან, ცოტა გაზვიადებულად გვეჩვენება, მით უფრო, რომ მოთხრობა არ გამოირჩევა თავისი მხატვრული ღირსებებით, დაწერილია კონსპექტივით, მოკლედ და მშრალად.
ძველმა ქართულმა მწერლობამ შემოგვინახა ერთი უბრწყინვალესი ძეგლი, რომელიც ორიგინალური არ არის, მაგრამ იმდენად გაქართულებული და გავრცელებული ყოფილა, რომ მას თავის დროზე უდიდესი გავლენა უნდა ჰქონოდა ჩვენი ბავშვობის აღზრდაზე.
ამ რომანის მთავარი გმირის ცხოვრება აღწერილია მისი დაბადებიდან, ნაჩვენებია იოდასაფის აღზრდა და სწავლა, შემდეგი მისი გატაცება ქრისტეს მოძღვრებით და ბოლოს, ამ მოძღვრების ზეიმი, იოდასაფის მეცადინეობით მთელი სახელმწიფოს მოქცევა ქრისტეს სჯულზე. ბალავარის რომანი, როგორც არაერთხელ აღნიშნულა, ყურადღებას იქცევს არა მარტო ფილოსოფიური სიღრმით, არამედ თავისი მხატვრული ღირსებებითა და აღმზრდელობითი მნიშვნელობითაც.
ახალგაზრდა მკითხველის დიდი სიყვარულით სარგებლობდა ალბათ ჩვენი საერთო ლიტერატურის შესანიშნავი ძეგლიც _ მოსე ხონელის ,,ამირან დარეჯანიანი”. ამ ნაწარმოების საზღაპრო-საგმირო ხასიათი, ფანტასტიკა, სიკეთის გამარჯვებისთვის მებრძოლი ბუმბერაზების ვაჟკაცობა, ბოროტ დევებთან მათი კვეთება ,,ამირან დარეჯანიანს” ნორჩი მკითხველებისთვისაც შეუნელებელი ინტერესით საკითხავ წიგნად ხდიდა თავის დროზე.
მაგრამ ძველი საქართველოს ნორჩი თაობის საკითხავი წიგნების წრე ამით როდი შემოიფარგლებოდა. ქართული პოეზიის მწვერვალი ,,ვეფხისტყაოსანი” იყო ის წიგნი, რომელსაც ერთნაირი გატაცებით ეტანებოდა დიდი და პატარა. ,,ვეფხისტყაოსნის” შესწავლას, მის დაზეპირებას ადრე, ბავშვობაშივე იწყებდნენ და შემდეგ იგი ქართველი კაცის განუყრელი თანამგზავრი იყო ჭირსა და ლხინში.
რუსთაველის პოემის მაღალ, ჰუმანურ იდეებს, ბავშვობაშივე ითვისებდა ქართველი მკითხველი და ამას ხელს უწყობდა, როგორც პოემის საგმირო-რომანტიკული ხასიათი, დაძაბული სიუჟეტი, ზღაპრულ-ფანტასტიკური ელემენტები, აგრეთვე რუსთაველის ლექსის მელოდიურობა, დამახსოვრებისა და ათვისებისათვის მისი გასაოცარი სიადვილე. და როგორც ჰომეროსის და შექსპირის უკვდავ ნაწარმოებებში პოულობდა ყველა ასაკის მკითხველი მისთვის მიმზიდველსა და საინტერესოს, ასევე გენიალური ,,ვეფხისტყაოსანიც” ქართველი მკითხველის ყველა თაობის უსაყვარლესი წიგნი იყო. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ,,ვეფხისტყაოსნის” განუსაზღვრელი გავლენა ჩვენი ხალხის ყოფასა და ცხოვრებაზე, მის მორალსა და ზნეობაზე.
რუსთაველის შემდეგ აღორძინების ხანის ქართულმა მწერლობამ იკისრა ეროვნული განახლების მედროშის როლი. ამ დროს დაწყებული დიდი საგანმანათლებლო მოძრაობა უყურადღებოდ ვერ ტოვებდა ნორჩი თაობის სწავლა-აღზრდის საქმეს. იწერება დიდაქტიკური ხასიათის ნაშრომები, უამრავი ,,ხილთა ქებანი” და ,,ანბანთქებანი”, არჩილის ,,საქართველოს ზნეობანი” და გურამიშვილის ,,სწავლა მოსწავლეთა”.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეპოქის ლიტერატურულ მემკვიდერობაში ჩვენ გვაქვს საბა-სულხან ორბელიანის ,,სიბრძნე სიცრუისა” და გურამიშვილის ,,დავითიანი”
ქართველი ერის დიდმა მოჭირნახულემ _ საბა-სულხან ორბელიანმა შეჰქმნა იგავ-არაკების ორიგინალური კრებული. კომპოზიციურად წიგნი ისე ოსტატურად არის მოფიქრებული, რომ ყველა იგავი, თავისი აზრითა და მორალით უკავშირდება და ემსახურება აღზრდის პრობლემას: მაგრამ მწერლის დიდოსტატობა სწორედ ის არის, რომ იგი მშრალ დარიგებებს კი არ ქადაგებს, იგი ცხოველებისა და ფრინველების პირით ალეგორიულად გვიხატავს თავისი დროის საქართველოს სოციალურ სურათს, გმობს ჩვენი ხალხის ცხოვრების მანკიერ მხარეებს, ქადაგებს სამშობლოს სიყვარულსა და კეთილშობილებას, სიკეთესა და ადამიანობას. გონებამახვილმა იგავ-არაკებმა, მაღალმხატვრულმა ნოველებმა, ენის სისადავემ და სიმდიდრემ, საბას წიგნის უდიდესი პოპულარობა უზრუნველჰყვეს და საპატიო ადგილი სამუდამოდ დაუმკვიდრეს ჩვენი ახალგაზრდობის ბიობლიოთეკაში.
მე-19 საუკუნის სამოციანი წლებიდან დგება ახალი ერა ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ბრძოლამ ამ დროისათვის მძლავრად გაშალა ფრთები და ჩვენი ხალხის სულიერი ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამ ბრძოლის მეთაურებმა ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა და ვაჟა-ფშაველამ ქართველი ხალხის განთავისუფლების, მისი ცხოვრების განახლების ერთ-ერთ უპირველეს პირობად ახალი თაობის აღზრდა უნდა დადებოდა საფუძვლად ახალი, თავისუფალი საქართველოს შენებას.
ამ უზარმაზარი სამუშაოს უდიდესი ტვირთი საკუთარი მხრებით აზიდა იაკობ გოგებაშვილმა, რომლის ღვაწლის მნიშვნელობა განუზომლად დიდია ჩვენი ხალხის ახალ ისტორიაში.
გოგებაშვილის ,,დედა-ენა” და ,,ბუნების კარი” არა მარტო დიდი პედაგოგიური ალღოთი შედგენილი წიგნებია. იაკობ გოგებაშვილი კრებდა და ბავშვებისათვის ამუშავებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. მისმიერ სახელმძღვანელოში შეტანილი ბევრი ლექსი თუ ზღაპარი სამუდამოდ დამკვიდრდა ჩვენს სასწავლო წიგნებსა და ქრესტომათიებში. იაკობ გოგებაშვილმა გამოკრიფა ,,ქართლის ცხოვრების” საგმირო ეპიზოდები, მოსწავლეთათვის მისაწვდომად გადაამუშავა და ჩვენი ბავშვების სულიერ ცხოვრების ნაწილად აქცია ცოტნე დადიანისა და თევდორე მღვდლისა, იოთამ ზედგენიძისა და სამასი თავდადებული არაგველის გმირობა.
იაკობ გოგებაშვილი არა მარტო თვითონ სწერდა, არამედ უდიდესი ყურადღებით ექცეოდა ყველა ნიჭიერ მწერალს, როცა ისინი საბავშვო ნაწარმოებებს ქმნიდნენ. ცნობილია, როგორი აღფრთოვანებით შეხვდა იგი აკაკის საბავშვო ლექსებს.
იაკობ გოგებაშვილმა სათავე დაუდო ქართულ საბავშვო მწერლობის თეორიასა და კრიტიკასაც. მისი თეორიულ-კრიტიკული შეხედულებები ნაწარმოების ღრმა ანალიზს ეფუძნება და დღემდე ინარჩუნებს სავალდებულო მნიშვნელობას.
იმის საილუსტრაციოდ თუ როგორი ღრმა გაგებითა და წვდომით წერდა იაკობ გოგებაშვილი, მოვიყვანთ ერთ ადგილს მისი წერილიდან: ,,წარმოიდგინე, მკითხველო, მაღლის მთის წიაღიდან გადმოვარდნილი ანკარა წყარო, რომელიც შხუილით ძირს ჩადის და აჩენს ვეებერთელა მორევს უწმინდესი წყლისას. ეს ბროლისებური მორევი შეუდარებელი სარკეა ბუნებისა, მასში მშვენივრად იხატება მისი ნაპირების მცენარეულობა, მასვე თავის სარკედ ხმარობენ ღრუბელნი ცისანი. ამავე დროს ამ კამკამა მორევის ძირში ისე ცხადად ჩანს ყველაფერი, რომ თვითეულს კენჭს ადვილად დათვლი. სწორედ ამას, ამ საარაკო სიწმინდეს და სიმჭვირვალეს მოტყუებაში შეჰყავხართ: შენ ეს მორევი თხელი გგონია, მაგრამ აი ჩაუშვი შიგ ვეებერთელა ჭოლოკი, და მან ძირის ნახევრობამდინაც ვერ უწია, მორევი მეტად ღრმა აღმოჩნდა. სწორედ ამისთანა თვისებებისაა ის პოეტური და ლიტერატურული ზღვა, რომელიც შეჰქმნა აკაკის მაღალმა ნიჭმა. ეს ზღვა თხელი გვეჩვენება, რად? იმიტომ, რომ საარაკო კამკამი გააქვს და შიგ ყველაფერს მეტად ადვილად და ცხადად ჰხედავ. ჰხედავ არა მარტო შენ, დიდი, არამედ რვა-ცხრა წლის შეგნებული ბავშვიც”.
რამდენი რამ დაწერილა აკაკის პოეზიაზე პოეტის სიცოცხლეში და მისი სიკვდილის შემდეგაც, მაგრამ ასე ზუსტად, ასე ზედმიწევნით სწორად, დღემდე აკაკის პოეზია არავის დაუხასიათებია.
აკაკი წერეთელმა ვაჟა-ფშაველასთან და იაკობ გოგებაშვილთან ერთად სათავე დაუდო ახალ ქართულ საბავშვო მწერლობას. მან ამ მწერლობას რამდენიმე ორიგინალურ ლექსთან და ბრწყინვალე თარგმანებთან ერთად შესძინა თავისი ცხოვრების შესანიშნავი წიგნი ,,ჩემი თავგადასავალი”.
,,ჩემი თავგადასავალი” საბავშვო პოეზიის ისეთი ნიმუშია, რომელსაც ერთნაირი გატაცებიოთ კითხულობენ ყველა ჰასაკის მკითხველები. სოფლად გატარებული ბავშვობა, რუსიფიკატორული სკოლის უკუღმართი გავლენა ბავშვის აღზრდაზე, ნათელი, ხალისიანი ფერებით გადმოგვცა პოეტმა თავისი პროზის ამ შედევრში.
ქართველი ბავშვის აღზრდისა და მისი ხასიათის ჩამოყალიბების ჩვენების ამ წარმატებულმა ცდამ, სამწუხაროდ, გამგრძელებლები ვეღარ ჰპოვა ჩვენი მწერლობის შემდგომ განვითარებაში.
ქართული საბავშვო მწერლობის კლასიკის მეორე შემქმნელი ჩვენი ეროვნული პოეზიის ბურჯი ვაჟა-ფშაველა არის. მშობლიური ბუნების ღრმა მცოდნე, ამ ბუნების სურათების შეუდარებელი მხატვარი, ბავშვის სულის დიდ მცოდნედაც მოგვევლინა. ,,ალუდა ქეთელაურისა” და ,,სტუმარ-მასპინძლის” ავტორმა ჩვენს საბავშვო მწერლობასაც ფასდაუდები განძი შესძინა.
ვაჟას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი’’ ქართული საბავშვო პროზის უმაღლესი
მიღწევაა. დრამატიზმით აღსავსე ეს პატარა მოთხრობა დაამშვენებდა მსოფ-ლიოს რომელი ერისაც გნებავთ ლიტერატურას. ,,ჩხიკვთა ქორწილში”, ,,სათაგურსა” და სხვა მოთხრობებში მკაფიოდ გამოჩნდა ვაჟა-ფშაველას დიდი ნიჭის მეორე მხარე. თავის საუკეთესო პოემებში ვაჟა-ფშაველა თითქმის ანტიურობამდე ამაღლდა ადამიანური ტრაგედიის უდიდესი ძალით გადმოცემისას და ამ პოემების ავტორს აღმოაჩნდა მეორე ხმა, მეორე ნიღაბი, მსუბუქი და მხიარული. მისი საბავშვო მოთხრობების მომხიბლავ ჰუმორს და ხალისიან გამომგონებლობას ,,კალმასობასა” და ,,კაცია-ადამიანში” თუ მოეძებნება ბადალი.
ვაჟა-ფშაველას მხარს უმშვენებს მისი ღვიძლი ძმა თედო რაზიკაშვილი.
თედომ ორმაგი ვალი დასდო ჩვენს საბავშვო მწერლობას. მან შეკრიბა და შეადგინა ხალხური ზღაპრების დიდებული კრებული და მარტო ეს ღვაწლი იკმარებდა მისი სახელის უკვდავსაყოფად. მაგრამ თედომ თავისი ინდივიდუალური შემოქმედებითაც გაამდიდრა ჩვენი ბავშვების სულიერი სალარო. თედო რაზიკაშვილი ბუნების ნამდვილი მესაიდუმლეა. მას ჭეშმარიტი მწერლის მახვილი თვალი აქვს, თავისი გენიოსი ძმის მსგავსად მოვლენის არსში ღრმა ჩახედვა იცის და ვაჟასავით ბრწყინვალე მოქართულეა.
საბავშვო მწერლობაში თავისი სიტყვა თქვა რაფიელ ერისთავმაც.
სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა კარგად აისახა
ნიკო ლომოურის, სოფრომ მგალობლიშვილის და ეკატერინე გაბაშვილის
მოთხრობებში.
საბავშვო მწერლობაში ნაყოფიერად იმუშავა მაღალნიჭიერმა პოეტმა
იროდიონ ევდოშვილმა. ევდოშვილის საბავშვო ლექსებსა და მოთხრობებს
დღესაც არ დაუკარგავს თავისი მიმზიდველობა.
ყოველმა ქართველმა ბავშვმა ზეპირად იცის დუტუ მეგრელის შესანიშ-ნავი ლექსი ,,პატარა ქართველი”. ამ ლექსმა თავის დროზე დიდი როლი ითამაშა ჩვენი მოზარდი თაობის ეროვნული ერთიანობის შეგნების ჩამოყალიბებაში. იგი ახლაც ამ ერთობის ჰიმნად გაისმის და გვეხმარება პარტიკულარიზმის გადმონაშთების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი,
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი!
ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო_
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.
ხან თუ მტერი აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის,
ბრწყინვალე დროც დასდგომია,
დრო დავითის და თამარის...
მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი.
და ბოლოს ჩვენ მივედით შიო მღვიმელთან. შიო გასული საუკუნის დიდ პოეტებს მოესწრო და მათთან განუყრელი მეგობრობა ჰქონდა. იგი ჩვენ დროში ცხოვრობდა, ჩუმი, მორიდებული კაცი იყო. შიო მღვიმელი პირველი პოეტი იყო, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის სწერდა. შიოს ლექსები ბავშვებივით ალალი და გულწრფელია. იგი კარგად იცნობს ბავშვის ბუნებას, იცის მათი ინტერესები და მათი სახელით ისე ბუნებრივად გველაპარაკება, თითქოს თვითონაც ბავშვი იყოს.
შიო მღვიმელის ლექსები კარგა ხანია დამკვიდრდნენ სახელმძღვანელოებსა და ქრესტომათიებში. პოეტის ლექსი ლაღია და ადვილად დასამახსოვრებელი, მათზე ჩვენი ახალგაზრდობის მრავალი თაობა აღიზარდა და მომავალშიც აღიზრდება.
შიოს წიგნები ხშირად და მეტი ტირაჟებით უნდა გამოდიოდეს, რადგან ჩვენს ბავშვებს ასე საყვარელი და ახლობელი პოეტები ცოტა ჰყავთ.
შიო მღვიმელით თავდება ქართული საბავშვო მწერლობის წინა პერიოდი.
მემკვიდრეობა ამ პერიოდის მწერლობისა რაოდენობრივად ბევრი არაა, მაგრამ თავისი მნიშვნელობით დიდია. მე-19 საუკუნის ქართული საბავშვო მწერლობა ჩაბმული იყო იმ დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ჩვენი დიდი მწერლები მეთაურობდნენ. ეს საბავშვო მწერლობა თავგამოდებით იბრძოდა ქართველი ახალგაზრდობის ეროვნული გადაგვარებისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ. ჰუმანიზმის მაღალი იდეებით ზრდიდა ჩვენს ნორჩ თაობებს, შრომის სიყვარულისა და სამშობლოსათვის თავდადებას უნერგავდა ჩვენს ბავშვებს. ამ მხრივ მე-19 საუკუნის ქართულმა საბავშვო მწერლობამ პირნათლად მოიხადა თავისი ვალი მშობელი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ეს არის კარგი ლიტერატურა, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი დიდი საბავშვო მწერლობა როდია. მე-19-ე საუკუნის რუსულმა ლიტერატურამაც ვერ შექმნა დიდი საბავშვო მწერლობა. საქმეს ვერ უშველა ისეთი ტიტანების ჩარევამ, როგორებიც ლევ ტოლსტოი, გოგოლი და ჩეხოვი იყვნენ. ასევე ჩვენშიაც აკაკისა და ვაჟას ეპიზოდური მონაწილეობა საბავშვო მწერლობის განვითარებისათვის. ჩვენში ამას ობიექტური პირობებიც ემატებოდა. მატერიალური ბაზის უქონლობა, ცენზურისაგან დევნა ხელს უშლიდა კარგად დაწყებული გზის უკეთ გაგრძელებასა და გაფართოებას.
მაგრამ ჩვენ მაინც დიდად დავალებული ვართ იმ ერთი მუჭა თავდადებული ადამიანებისაგან, რომლებიც ვაჟკაცურად უძლებდნენ უსახსრობას, დევნასა და დამცირებას, ქმნიდნენ და სცემდნენ საბავშვო წიგნსა და ჟურნალს და ერთადერთ ჯილდოს სამშობლოს წინაშე თავიანთი წმინდა ვალის მოხდაში ხედავდნენ.