ზინგერი ისააკ ბაშევის
გაზიარება

იოჰიდი და იოჰიდა 

ციხეში, სადაც გასამართლებული სულები შეოლში (იქ ასე ეძახდნენ დედამიწას) გაგზავნას ელოდნენ, ერთი ქალი სული იყო, იოჰიდა. იქ სულები თავიანთ წარსულს ივიწყებდნენ. პურა, დავიწყების ანგელოზი, რომელსაც მისი თვალისმომჭრელი ბრწყინვალება სახეს უფარავდა, სულებზე ბატონობდა. იოჰიდა, რომელმაც დაივიწყა დიდების ტახტიდან მისი ჩამოგდების ამბავი, ადრე ბევრს სცოდავდა. ყველაფრის მიზეზი კი მისი ეჭვიანობა იყო. ის ყველა ქალ სულზე ეჭვიანობდა, ღმერთის უარმყოფელებზეც და მის ერთგულებზეც, ეგონა რომ ყველას მის საყვარელთან, იოჰიდთან ჰქონდა ურთიერთობა. სულებიო, ამბოდა იოჰიდა, არ არიან შექმნილები, უბრალოდ არსაიდან გამოჩნდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ არც მიზანი არც მოვალეობები რომლებიც უნდა შეასრულონო. მართალია მთავრები იოჰიდასთვის გამონაკლისს უშვებდნენ და ბევრ რამეს პატიობდნენ, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, რომ იოჰიდას სიკვდილი მაინც მიუსაჯეს. მსაჯულმა გამოაცხადა დრო, რამდენ ხანშიც იოჰიდას სასაფლაოზე გაგზავნიდნენ, სასაფლაოზე სახელად დედამიწა.
 
იოჰიდას დამცველმა აპელაცია უმაღლეს ზეციურ სასამართლოში შეიტანა და პეტიცია თვით მეტატრონს გაუგზავნა, მაგრამ იოჰიდა უკვე ცოდვებში იყო ჩაფლული და გამოსწორების არანაირ სურვილს არ ამჟღავნებდა. იოჰიდას ვერავინ უშველიდა.ის დაიჭირეს, იოჰიდს დააცილეს, ფრთები მოაჭრეს, თმა მოკვეცეს და გრძელი თეთრი პერანგი ჩააცვეს. მას აღარ შეეძლო სფეროების მუსიკის მოსმენა, ვეღარც სამოთხის სურნელს შეიგრძნობდა და ვერც თორის გამოცანებზე იფიქრებდა, იმაზე რაც სულებს ძალას აძლევს. იოჰიდა ჯადოსნური ბალზამის აბაზანებსაც ვეღარ მიიღებდა.ციხის საკანში ბნელოდა. გარე სამყაროდან იოჰიდამდე ვერცერთი ნიშანი ვერ აღწევდა. მისთვის ყველაზე ძნელი გამოცდა იოჰიდთან დაშორება იყო. ის ვეღარ უკავშირდებოდა ტელეპათიურად, ერთგული მსახურების ხელით წერილებსაც ვეღარ უგზავნიდა. ერთად-ერთი რაც დარჩა, სიკვდილის შიში იყო. იმ სამყაროში სიკვდილი საშიში და საიდუმლოებით მოცული მოვლენა არ იყო, ეს სულის უბრალო განწმნდას წარმოადგენდა. განწმენდას რა მოსდევდა, ეს იოჰიდამ არ იცოდა. სჯეროდა, რომ დედამიწაზე დაშვება საბოლოო სიკვდილი იყო, მისთვის სულ ერთი იყო რას ამბობდნენ მორწმუნე სულები სიცოცხლის ნაპერწკლის თავიდან დაბადებაზე. სიკვდილისთანავე სული ლპობას იწყებდა და თხელი აპკით იფარებოდა, რომელსაც ”სპერმა” ერქვა. შემდეგ მესაფლავეები მას საშვილოსნოში ათავსებდნენ, სადაც სული უცნაურ, სოკოს მსგავს ფორმას იღებდა, რასაც მერე ბავშვს არქმევდნენ. შემდეგ იწყებოდა ჯოჯოხეთური წამება: დაბადება, გაზრდა, შრომა... წიგნების თანახმად განწმენდილი სული, ისევ თავის სამყაროს უბრუნდებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ წიგნებში ეწერა და არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობდა. იოჰიდამ იცოდა, რომ დედამიწიდან ჯერ არავინ დაბრუნებულა. სჯეროდა, რომ სული იმ მოუსავლეთ უკუნში იკარგებოდა, საიდანაც დასაბრუნებელი გზა არ არსებობდა.და დადგა ის წამი როცა იოჰიდა უნდა მოკვდეს, უნდა დაეშვას დედამიწაზე. მალე მასთან ათასთვალიანი სიკვდილის ანგელოზი მივა, ცეცხლოვანი ხმლით.თავიდან იოჰიდა ბევრს ტიროდა, შემდეგ ცრემლი გამოელია. იძინებდა, თუ იღვიძებდა მხოლოდ ერთ რამეზე - იოჰიდზე ფიქრობდა. ”სად არის? რას აკეთებს? მასთან ვინაა? ის ალბათ დიდად არ დარდობს იოჰიდაზე. მას გარშემო უამრავი ლამაზი ქალი ახვევია, წმინდა ცხოველები, ანგელოზები, სერაფიმები, ქერუბიმები, აირალიმები... ყველა თავის მხრივ ძალიან მიმზიდველია. განა რამდენ ხანს შეიძლება ერთგული იყოს იოჰიდის მაგვარი სული? ისიც ხომ იოჰიდასავით ურწმუნო იყო და პირველმა ხომ მან უთხრა, რომ სულები ღვთის საოცარი ქმნილებები კი არა უბრალოდ ევოლუციის ნაყოფი იყო?! იოჰიდს ნების თავისუფლების არ ჯეროდა და არც ბოროტებისა და სიკეთის განსხვავებულობა სწამდა. რა გააჩერებდა! ახლა ვინმე ლამაზმანთან ერთადაა და იმ ისტორიებს უყვება, რასაც ადრე იოჰიდას უამბობდა.რა უდნა ექნა იოჰიდას? სამყაროსთან ყველა კონტაქტი გაწყვეტილია, ყველა კარი ჩარაზული, მასთან ვერ აღწევდა ვერც სილამაზე, ვერც სიკეთე, ერთადერთ გზას ის აქედან დედამიწისკენ მიჰყავდა. სხეულის, სისხლის, ნერვების და სუნთქვის კოშმარში. ღვთისმოშიში ანგელოზები არწმუნებდნენ რომ აღდგებოდა, რომ სული დიდხანს ვერ გაჩერდება დედამიწაზე და მაშინვე ზედა სფეროს სივრცეებს დაუბრუნდება, როგორც კი თავის მისჯილ ვადას გალევს. მაგრამ იოჰიდას ცხოვრებაზე თანამედროვე შეხედულებები ჰქონდა და თვლიდა, რომ ეს ყველაფერი სულელური ცრურწმენა იყო. როგორ შეიძლება სული მახრჩობელა სხეულისგან გათავისუფლდეს? მგონი ეს სრულიად შეუძლებელია! უკან დაბრუნება ოცნება, სულელური სატყუარა იყო მშიშარა სულებისთვის.
 
ერთ ღამეს, იოჰიდა როგორც ყოველთვის ძილგატეხილი იწვა და იოჰიდზე ფიქრობდა, იგონებდა მის კოცნას, სითბოს, იმ საიდუმლოებს, რასაც იოჰიდი ყურში უჩურჩულებდა, მათ სასიყვარულო თამაშებს... ამ დროს საკნის კარი გაიღო და დუმა გამოჩნდა - სიკვდილის ანგელოზი - ათასთვალიანი, ცეცხლოვანი მათრახით.
 
- შენი დრო მოვიდა უმცროსო დაო.
- კი მაგრამ, ბოლო აპელაცია?
- ყველა ვინც აქ ხვდება, ადრე თუ გვიან დედამიწაზე მიდის.
- რას ვიზამთ, მზად ვარ.
- იოჰიდა, ჯერ კიდევ შეგიძლია შენს თავს უშველო. მოინანიე!
- და რას მიშველის? არაფერზე არ ვდარდობ, ერთი ის მაწუხებს რომ მეტი ცოდვის ჩადენას ვერ შევძლებ.
- თავხედურად უპასუხა იოჰიდამ.ორივე გაჩუმდა.
- იოჰიდა, ვიცი ჩემზე ბრაზდები, მაგრამ მითხარი, რამე დაგიშავე? განა მე მინდოდა სიკვდილის ანგელოზობა? მეც ცოდვილი ვარ, მეც ზემოთა სფეროდან გამომგზავნეს, და სულების სიკვდილისთვის მომზადება მომისაჯეს. მე შენთვის ბოროტი არ მინდა, ნუ გეშინიa. სიკვდილი არც ისე საშინელია. თავიდან ვერც გაიგებ რა მოხდა. საშოდან გამოსვლა ცოტას შეგაშინებს, მაგრამ იცი, ბავშვობა ზოგჯერ სასიამოვნოცაა... სიკვდილის მეცნიერებას ჩაწვდები, ახალ, შენზე შექმნილ სხეულს მოირგებ, მერე თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ ისე დამთავრდება ყველაფერი.
იოჰიდამ გააწყვეტინა:
- დუმა, თუ საჭიროა მომკალი, ოღონდ ამ ტყუილებს ნუ მიყვები!
- მართალს გეუბნები, ეს ყველაფერი ას წელზე მეტს არ გაგრძელდება. ყველაზე მაგარი მცოდავებიც კი არ გაჩერებულან დედამიწაზე ას წელზე მეტ ხანს. ეს ხომ მხოლოდ მომზადებაა ახალი არსებობისთვის.
- დუმა, ძალიან გთხოვ, ამის მოსმენა აღარ შემიძლია.
- საჭიროა. უნდა იცოდე, რომ სიკეთე და ბოროტება იქაც არსებობს და ნება კი თავისუფალია.
- რა ნება? ამ სისულელეებს რატომ ამბობ?
- იოჰიდა, კარგად მისმინე, მკვდრებსაც კი აქვთ თავიანთი კანონები. შენს საქციელზეა დამოკიდებული სად დაბრუნდები მერე აქ, სიკვდილი ლაბორატორიაა სულის აღდგენისთვის.
- გემუდარები, მომკალი.- ყველაფერს თავის დრო აქვს. რამდენიმე წუთი კიდევ დაგრჩა და საჭირო ინსტრუქციები უნდა მოგცე. დაიმახსოვრე, ერთი და იმავე მოქმედებამ, დედამიწაზე სიკეთეც შეიძლება მოგიტანოს და ბოროტებაც. ყველაზე დიდ ცოდვად კი ვინმესთვის სიცოცხლის დაბრუნებაა.
ეს ისე სულელურად ჟღერდა, რომ იოჰიდამ გადაიხარხარა.
- რას ლაპარაკობ? როგორ შეიძლება მკვდარმა ვინმეს სიცოცხლე დაუბრუნოს?
- ძალიან ადვილია. სხეული არც ისე გამძლე მატერიისგან შედგება. რომ დააზიანო, არც ისე ბევრი წვალებაა საჭირო. სიკვდილი აბლაბუდასავითაა - პატარა ქარი დაუბერავს და მორჩა, აღარაა! დაიმახსოვრე, ყველაზე საშინელი დანაშაული სიკვდილის გამოცდაა: შენი, სხვისი, მნიშნველობა არ აქვს. ეს არ უნდა გააკეთო და არც ილაპარაკო! სასტიკად გეკრძალება. ამით დედამიწა ჩვენი სამყაროსგან ძალიან განსხვავდება.
- ჯალათის ბოდვა.
- სიმართლეა იოჰიდა! თორა, რომელიც იქ სიცოცხლის წესებს განსაზღვრავს ამბობს, ”ადამიანისთვის სხვისი სიცოცხლე ისეთივე ძვირფასი უნდა იყოს, როგორც მისი საკუთარი." დაიმახსოვრე. როცა შეოლზე აღმოჩნდები გამოგადგება.
- არაა... აღარ მინდა შენი ტყუილის მოსმენა! - და იოჰიდამ ყურები დაიცო.
 
წლები გავიდა. მაღალ სფეროებში იოჰიდა ყველამ დაივიწყა. მხოლოდ დედამისი უნთებდა სანთლებს. დედამიწაზე იოჰიდამ ახალი მშობლები გაიჩინა, დებიც და ძმებიც, ყველა მკვდრები. სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა და ცხოვრობდა დიდ ნეკროპოლისში, სადაც მკვდრების უმრავლესობა სხვადასხვა მკვდრული მოვალეობების შესასრულებლად ემზადებოდნენ.
 
გაზაფხული და ყოველწლიური სინესტე იდგა. სასაფლაოდან საშინელი სუნი მოდიოდა. მილიონობით არსება, რომელიც ძალით ჩამოაგდეს ამ სიკვდილის სამეფოში, ბუზებად, პეპლებად, მატლებად, ბაყაყებად იქცეოდნენ, ბზუოდნენ, ყიყინებდნენ, ფაჩუნობდნენ, სიკვდილისთვის უმოწყალო ბრძოლაში ჩაფლულები. მას შემდეგ, რაც იოჰიდა აქ აღმოჩნდა, ეს ყველაფერი სიცოცხლისა და ბედნიერების ნიშნად ეჩვენებოდა. იოჰიდა პარკში, სკამზე იჯდა და მთვარეს უყურებდა,რომელიც სხვა სამყაროს უკუნიდან გამომზირალი სულის მოსახსენიებელ სანთელს აგონებდა. როგორც ყველა მკვდარი ქალი, იოჰიდაც სიკვდილისკენ მიიწევდა და ოცნებობდა, რომ ახალი მკვდრის საფლავი გამხდარიყო. თუმცა ამას მკვდარი მამაკაცის გარეშე, რომელთანაც ის უნდა შეერთებულიყო სიძულვილის შეტევისას (დედამიწაზე სიყვარული რომ ერქვა) ვერ გააკეთებდა. სანამ იოჰიდა ცაში გამოკიდებულ მანათობელ თავის ქალას უყურებდა, მის გვერდით თეთრ ხალათში გამოწყობილი ახალგაზრდა მიცვალებული მამაკაცი დაჯდა, დროდადრო ორივე მკვდარი ახალგაზრდა, ერთმანეთისკენ მზერას აპარებდა. არც იცოდნენ რას დაინახავდნენ ამ დროს, არც ის იცოდნენ, რომ მკვდრები სინამდვილეში ბრმები არიან. ბოლოს მკვდარმა ახალგაზრდა კაცმა თქვა:
- უკაცრავად, ვერ მეტყვით რომელი საათია?რადგან ყველა მკვდარი ქვეცნობიერად თავისი სასჯელის ვადის გასვლას მოუთმენლად ელის, ყველაზე ხშირად ისინი ამ კითხვას სვამენ, ”რომელი საათია!”
- საათი? - გადახედა იოჰიდამ, - ახლავე! - და მან მაჯაზე დაიხედა, სადაც თასმაზე სპეციალური ინსტრუმენტი ეკიდა, რომელიც დროს ზომავდა. გარშემო ისე ბნელოდა, რომ იოჰიდამ პატარა ნიშნები ვერ გაარჩია. მკვდარი ბიჭი მისკენ მიჩოჩდა.
- იქნებ მე დავინახო? მე შესანიშნავი მხედველობა მაქვს.
- თუ გნებავთ...მკვდრები გულახდილად არასოდეს ლაპარაკობენ, ქარაგმები და მიკუბულ-მოკიბული საუბარი ყველაფერს ურჩევნიათ. მან იოჰიდას ხელი აიღო და ზედ დაიხარა იმ ინ ინსტრუმენტისკენ, რომელსაც საათს ეძახდნენ. იოჰიდას კაცი პირველად არ მიკარებია, მაგრამ ასეთი უცნაური გრძნობა არასოდეს არ ჰქონდა აქამდე. ხელები აუკანკალდა. ის კი ყურადღებით აკვირდებოდა პატარა ნიშნებს და ბოლოს თქვა:
- მგონი თერთმეტის ათი წუთია.
- უკვე ასე გვიანია?
- ნება მომეცით გაგეცნოთ. მე იოჰიდი მქვია.
- იოჰიდ? მე იოჰიდა ვარ.
- რა უცნაური დამთხვევაა!ორივე გრძნობდა რომ სისხლი მათ ძარღვებში სიკვდილს სულ უფრო ჩქარა და ჩქარა დაატარებდა.
- რა ლამაზი ღამეა
!- კი, ძალიან ლამაზია!
- გაზაფხულში არის ისეთი რამე, რასაც სიტყვებით ვერ აღწერ.
- სიტყვებით საერთოდაც ვერაფერს აღწერ.
როგორც კი იოჰიდამ ეს თქვა, ორივე მიხვდა რომ ერთად დაწვებიან და ახალი მიცვალებულის დასახვედრად საფლავს მოამზადებენ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხნის წინ მიიცვალა სული, მასში ყოველთვის რჩება იმ დიადი არსების ნაწილი, რომელიც სამყაროს ავსებს. სიკვდილი მხოლოდ ნიღაბია ჭეშმარიტებისთვის. ბრძენები მას საპნის ბუშტად მოიხსენიებენ, რომელიც ბალახის ღერის მიკარებისთანავე სკდება. მიცვალებული, რომელსაც სიკვდილის ეშინია, ცდილობს ეშმაკობით გაძლიერდეს, რაც უფრო ბერდება, მით უფრო მეტ რამეს იგონებს.
- შეიძლება დავინტერესდე სად ცხოვრობთ? - ჰკითხა იოჰიდმა.
”სად ვნახე ნეტა აქამდე? რატო მეცნობა ასე მისი ხმა?” - უკვირდა იოჰიდას. ”და როგორ მოხდა რომ იოჰიდი ქვია? ეს ხომ ძალიან იშვიათი სახელია!”
- არც ისე შორს აქედან. - უპასუხა იოჰიდამ.
- შეიძლება გაგაცილოთ?- გმადლობთ, არ ღირს. მაგრამ თუ თქვენ გინდათ... ჯერ ძალიან ადრე ძილი.
ორი ახალგაზრდა მიცვალებული სკამიდან ადგა. ”ეს მას ვეძებდი მთელი ცხოვრება? - ფიქრობდა იოჰიდა - ჩემი ბედისწერაა? მაგრამ ჩემი პროფესორი ხომ ამტკიცებს, რომ არაფერი არსებობს, გარდა მოძრაობის და ატომებისა...”
გვერდზე ეტლმა ჩაიარა და იოჰიდმა შესთავაზა:
- ეტლით ხომ არ გავისეირნოთ?
- სად?
- პარკის გარშემო.
იმის მაგივრად რომ ეუარა, იოჰიდამ თავისთვისაც მოულოდნელად თქვა:
- კარგი იქნებოდა, მაგრამ არ მინდა ფულები დახარჯოთ.
- რაებს ლაპარაკობ! რა ფული! ჩვენ ხომ ერთხელ ვცხოვრობთ დედამიწაზე!
ეკიპაჟი გაჩერდა და ისინი შიგ ჩასხდნენ. იოჰიდამ იცოდა, რომ წესიერი ახალაგზრდა გოგო არ უნდა იჯდეს ეტლში ვიღაც უცნობ მამაკაცთან ერთად. რას იფიქრებს ის მასზე? იმსა რომ ყველა შემხვედრთან ასე იქცევა? უნდოდა აეხსნა, რომ ძალიან მორცხვია, მაგრამ აღარაფერი თქვა, იცოდა მაინც ვერ შეცვლიდა იმ შთაბეჭდილებას, რაც იოჰიდს ნაცნობობის პირველ წუთებზე შეექმნა. ჩუმად იჯდა და თავისი სიმამაცე თვითონვე უკვირდა, ხვდებოდა, რომ ამ კაცის გარდა არავინ არ ჭირდებოდა. უკვე მისი ფიქრების წაკითხვა შეეძლო, არ უნდოდა, რომ ეს ღამე ოდესმე დამთავრებულიყო. ”ნუთუ ესაა სიყვარული? - ფიქრობდა იოჰიდა - განა შეიძება ასე მალე შემიყვარდეს? ბედნიერი ვარ?” - ეკითხებოდა საკუთარ თავს. პასუხები არ ჰქონდა. მიცვალებულებს ყველაზე დიდი სიხარულის დროსაც ახასიათებთ პატარა მელანქოლია. როგორც იქნა იოჰიდამ თქვა:
- ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს უკვე მოხდა.
- ფსიქოლოგები ამას დეჟა ვუს ეძახიან.
- იქნებ ეს სხვა რამეა?
- მაინც რა?
- იქნებ სადმე უკვე შევხვდით, რომელიმე სხვა სამყაროში?
იოჰიდს გაეცინა.
- სხვა სამყაროში? მარტო ერთი სამყაროა, ეს, ჩვენი.
- შესაძლოა სულები არსეობობენ.
- გამორიცხულია. ის რასაც სულს ეძახიან, მხოლოდ მატერიის ვიბრაციაა, ნერვული სისტემის ცხოველქმედების ნაყოფი. ეს კარგად ვიცი, მე მედიცინას ვსწავლობ.
 
მოულოდნელად წელზე მოეხვია. აქამდე იოჰიდა ნებას არ აძლევდა კაცებს, რომ მასთან ასეთი თავისუფლები ყოფილიყვნენ, მაგრამ ახლა არ გაიწია.ჩუმად იჯდა, საკუთარი დამყოლობით საბოლოოდ გატეხილი. იმაზე ფიქრისაც კი ეშინოდა ხვალ რა იქნებოდა. ”საერთოდ არ მაქვს მტკიცე ხასიათი. - ტუქსავდა თავის თავს. - შეიძლება ის მართალია,. თუ სული არ არსებობს და სიცოცხლე მხოლოდ პატარა ეპიზოდი სიკვდილთან მუდმივი მიახლოებისას, მაშინ რატომ არ უნდა დავტკბე მისით, და რატომ არ უდნა დავივიწყო ყველა დანარჩენი საეჭვო ფაქტორი? თუ არ არსებობს სული, ესე იგი არ არსებობს ღმერთი, ნების თავისუფლება კი სრული სისულელე გამოდის. მორალი, როგორც ჩემი პროფესორი ამბობს იდეოლოგიური თანწყობის ნაწილია.იოჰიდამ თვალები დახუჭა და ეტლის სავარძელზე მიწვა. ცხენები მშვიდად მიდიოდნენ. სიბნელეში ყველა მკვდარი - ადამიანები და ცხოველები - თავიანთ სიკვდილს დასტიროდნენ, ქვითინებდნენ, იცინოდნენ, ბზუოდნენ, ფაჩუნობდნენ, ვიღაცა რწევა-რწევით მიდოდა, მთვრალი, ასე თუ დაივიწყებდა ჯოჯოხეთის სატანჯველს. იოჰიდას მიეძინა. ცოტა ხანში გამოფხიზლდა.
 
როცა მმკვდრებს სძინვათ, ზოგჯერ ცხოვრების საწყისებსაც კი უბრუნდებიან. დროის და სივრცის ილუზია, მიზეზები და შედეგები, რაოდენობა და ხარისხი - ყველაფერი ქრება. სიზმარში იოჰიდა თავის ნამდვილ სამყაროში დაბრუნდა, შეხვდა ნამდვილ დედას, მეგობრებს და იოჰიდსაც. შეხვედრით ძალიან გახარებულები იყვნენ, ეხვეოდნენ და ხუმრობდნენ და იცინოდნენ. იმ წამს ორივემ იცოდა, რომ სიკვდილი დედამიწაზე დროებითია და მატყუარა. ის განაჩენი და განსაწმენდელია. ისინი ერთად მოგზაურობდნენ ზეციურ სასახლეებში, ბაღებში, დაბრუნებული სულების ოაზისებში, ტყეში სადაც წმინდა ცხოველები ცხოვრობდნენ, კუნძულებზე, სადაც ჯადოსნური ჩიტები დაფრინავდნენ. ”არა, ჩვენი შეხვედრა შემთხვევითი არაა - ძილში ჩურჩულებდა იოჰიდა - ეს ღმერთია, ასეთია მიზანი მისი ქმნილების. კავშირი, ნება, თავისუფლება, ბედი - ეს ყველაფერი მისი გეგმის ნაწილია. იოჰიდმა და იოჰიდამ ციხეს ჩაუარეს, ფანჯარაში განსჯილი სული ჩანდა, იოჰიდამ იცოდა, რომ ეს მათი მომავალი შვილი იყო. სანამ გაეღვიძებოდა, მშვიდი ხმა ჩაესმა:- მესაფლავემ სამარე იპოვა . დღეს ღამე დაკრძალვა იქნება.

??????