შმიდტი ერიკ ემანუელ
გაზიარება

სტუმარი 

მოქმედება რეალურ დროში ხდება. კერძოდ, 1938 წლის 22 აპრილს, ჰიტლერის მიერ ავსტრიის დაპყრობიდან (11 მარტი) ფროიდის ავსტრიიდან პარიზში გამგზავრებამდე (4 ივნისი). მოქმედება მიმდინარეობს ექიმ ფროიდის სამუშაო კაბინეტში, ქალაქ ვენაში, ბერგრასეს #19. მკაცრი სალონის კედლები მოპირკეთებულია მუქი ხის პანელებით, აქა-იქ შუქზე ბრინჯაოს ქანდაკებები ბრწყინავს, ფანჯრებზე ძვირფასი ფარდები ჰკიდია. ოთახში მხოლოდ დივანი და საწერი მაგიდა დგას. ამ რეალობის საპირისპიროდ, წიგნის თაროებს ზემოთ გადაშლილია ნათელი ვარსკვლავებიანი ცა, რომელიც აქა-იქ ვენის შენობების ჩრდილებს ეყრდნობა. ამ დეკორაციით მეცნიერის კაბინეტი თითქოს უსასრულობისკენ არის გახსნილი.
სცენა I
ფროიდი იატაკზე გადმოყრილ წიგნებს თაროებზე აუჩქარებლად ალაგებს. მიუხედავად ასაკისა, თვალებში ძველებური სიმტკიცე და ცეცხლი უელავს. ამ ენერგიული ადამიანისთვის მოხუცი რომ გვეწოდებინა, ალბათ შეცდომა იქნებოდა. მთელი საღამო მორიდებით ახველებს და ზოგჯერ ტკივილისგან სახეც ემანჭება. უკვე დიდი ხანია, ყელის კიბო სტანჯავს. მისი ქალიშვილი, ანა, უფრო არაქათგამოცლილი ჩანს ვიდრე, მოხუცი ფროიდი. იგი წიგნით ხელში დივანზე ჩამომჯდარა და დროდადრო ამთქნარებს, თუმცა არ იმჩნევს, რომ ეძინება და თავს იტყუებს, თითქოს კითხულობს. ანა თავისი მკაცრი აღნაგობით, საუკუნის დასაწყისის ინტელექტუალური ქალის ნამდვილი სახეს წარმოადგენს. ერთი შეხედვით, იგი სასაცილო მოგვეჩვენებოდა, რომ არა მისი ბავშვური მზერა და სახეზე აღბჭიდილი მამისადმი უდიდესი სიყვარული.
ფროიდი : ანა წადი, დაწექი. ანა უარის ნიშნად თავს ოდნავ გააქნევს.
ფროიდი : დარწმუნებული ვარ, გეძინება. ანა ისევ უარზეა, თან ცდილობს მთქნარება შეიკავოს.
ღია ფანჯრიდან სულ უფრო ხმამაღლა ისმის იქვე მიმავალი ნაცისტური რაზმების სიმღერა. ფროიდი ფანჯარას ინსტინქტირად შორდება.
ფროიდი: (თავისთვის) ისე ურიგოად არ მღერიან… ანას ჩაეძინება და თავს ურტყამს წიგნს. ფროიდი დივანს ზურგის მხრიდან მოუვლის და ქალიშვილს ნაზად ეხვევა.
ფროიდი: ჩემმა პატარამ ახლა უნდა დაიძინოს.
ანა: (იღვიძებს, გაოცებულია). სად ვიყავი?
ფროიდი: არ ვიცი… ალბათ, სიზმარში.
ანა: (ისევ გაოცემული). მამა, როცა ადამიანები ვიძინებთ, სად მივდივართ? აი, მაშინ, სადა ვართ, როცა ვერაფერს ვხედავთ, როცა სიზმარშიც არ ვართ, სად დავეხეტებით? (ჩუმად) მამა, აბა წარმოიდგინე, უცებ თვალი რომ გავახილოთ და მივხვდეთ, რომ
ვენა, ეს ოთახი, შენი მაგიდა, კედლები… და ისინიც კი… ყველაფერი მხოლოდ სიზმარში იყო, მაშინ რეალურად სად ვიცხოვრებდით?!
ფროიდი: სულ არ გაზრდილხარ, ჩემო პატარავ, ისევ ბავშვი ხარ. ბავშვები კი თავისდაუნებურად ფილოსოფოსები არიან, რადგან გამუდმებით კითხვები ებადებათ.
ანა: დიდები?
ფროიდი: დიდები თავისდაუნებურად იდიოტები არიან, რადგან ამ კითხვებს პასუხობენ.
ანა ისევ ამთქნარებს.
ფროიდი: მოდი, დაწექი. (დაჟინებით). უკვე დიდი გოგო ხარ.
ანა: შენ კი აღარა ხარ დიდი. ფროიდი: რა?
ანა: (ღიმილით) დიდი აღარ ხარ, მამიკო. ფროიდი: (ღიმილით პასუხობს) მართალი ხარ, მოხუცი ვარ. ანა: (ჩუმად) და თანაც ავადმყოფი.
ფროიდი: (ექოსავით) და ავადმყოფი. (თითქოს თავისთვის) რა ირეალური რამ არის ასაკი…… ციფრებივით აბსტრაქტულია… ორმოცდაათი, სამოცი, ოთხმოცდაორი… გეუბნება რამეს? არაფერს… მათ ხომ არც შენი სხეული აქვთ, არც შენი სული, თითქოს ვიღაც სულ სხვა ადამიანზე გელაპარაკებიან… იცი, ბოლომდე ვერავინ ჩასწვდა ამ უცნაურ არითმეტიკას.
ანა: თუ ასე გინდა, დაივიწყე ციფრები, მაგრამ ისინი არ დაგივიწყებენ.
ფროიდი: არა, ასაკთან ერთად, ჩევენ კი არ ვიცვლებით, სამყარო იცვლება ჩეენს ირგვლივ. ადამიანები სულ უფრო და უფრო სწრაფად გარბიან სადღაც, ტუჩები სულ უფრო და უფრო ხმადაბლა ბუტბუტებენ, ზამთარი სულ უფრო და უფრო ცივია, ხოლო ზაფხულის სიცხე გაუსაძლისი. კიბის საფეხურები ნელ-ნელა მაღლდება, წიგნებსაც რატომღაც სულ უფრო წვრილი ასოებით წერენ, წვნიანს მუდამ მარილი აკლია, სიყვარულს კი ძველებური გემო. მთელმა სამყარომ შენს წინააღმდეგ პირი შეკრა! არა, ანა, ჩვენ არ ვიცვლებით. (უცებ ხუმრობს) იცი, უბედურება რაშია?! როცა ახალგაზრდა ხარ, ზუსტად მაშინ წამოგადგება თავზე სიბერე. (ანა ამთქნარებს). წადი, დაიძინე, ანა.
ანა: (სიმღერისგან გაბრაზებული). მაინც რამდენნი არიან, უკვე ქუჩებშიც გაჰყვირიან?
ფროიდი: არა მგონია, ვენიდან იყვნენ. ამბობენ, გერმანელებმა თავისი მომხრეები თვითმფრინავებით ჩამოიყვანესო და სწორედ ისინი დაეხეტებიან ჩვენი ქალაქის ქუჩებში. (ჯიუტად) ვენის მკვიდრი ნაცისტი არ იქნება. საკმაოდ ძლიერად ახველებს. ანა წარბებს იჭმუხნის.
ანა: მართალია, მამა, ვენის მკვიდრი ნაცისტი არ იქნება… მაგრამ მე აქ უარესი ძარცვა და დამცირება ვნახე, ვიდრე თავად გერმანიაში. იმ დღეს შევესწარი, ფაშისტები ქუჩაში როგორ მიათრევდნენ მოხუც ცოლ-ქმარს, საბრალო მუშებს… უბრძანეს ტროტუარზე ანტინაცისტური წარწერები წაეშალათ. ხალხი იდგა და გამხეცებული ყვიროდა: `იმუშავეთ ებრაელებო, იმუშავეთ! მადლობა ჩვენს ფიურერს, მან შესაფერისი სამუშაო მისცა ებრაელებს!~ იქვე, მოშორებით გამყიდველს სცემდნენ, ცოლ-შვილის თვალწინ… შესახვევთან კი ებრაელთა გვამები ეყარა, კარზე მიმდგარი გესტაპოს შიშით თავად გადმოხტნენ ფანჯრებიდან. არა, მამა შენ მართალი ხარ, ვენის მკვიდრი ნაცისტი არ იქნება… ამ სისაძაგლეს, ალბათ სხვა სახელი უნდა დავარქვათ.
ფროიდი უფრო ძლიერად ახველებს.
ანა: მამა, გთხოვ, ხელი მოაწერე საბუთებს და მოვშორდებით აქაურობას.
ფროიდი: ეს ხომ ამაზრზენი საბუთებია, ანა.
ანა: უცხოეთის მხარდაჭერით, ჯერ კიდავ გვაქვს შანსი ლეგალურად დავტოვოთ ვენა, ახლა თუ არ წავედით, მერე გვიან იქნება. ნუთუ ეს გინდა?!
ფროიდი: თანადგომა დაგავიწყდა ანა?
ანა: ვისი თანადგომა? ნაცისტების?
ფროიდი: არა, ჩვენი ძმების, ვენაში დარჩენილი ჩვენი ძმების, შეურაცხყოფილი, დარბეულ-გაძარცვული, დამცირებული, დახოცილი ძმების… ჩემთვის აქედან წასვლის შესაძლებლობა გულისამრევი პრივილეგიაა.
ანა: რომელი გირჩევნია, მკვდარი ებრაელი იყო თუ ცოცხალი ებრაელი? გთხოვ, მამა, მოაწერე ხელი.
ფროიდი: დავფიქრდები. წადი, დაწექი. ანამ უარის ნიშნად თავი გაიქნია.
ფროიდი: ხისთავიანი ხარ.
ანა: ფროიდისთავიანი ვარ მამა.
ფროიდი: (იყურება ფანჯრიდან და ტონს იცვლის, სახუმარო ტონი წყდება.) ანა, ისე მექცევი, თითქოს სიკვდილმისჯილი ვიყო.
ანა: (ძალიან სწრაფად) მამა…
ფროიდი: მართალი ხარ, ჩვენ ყველანი სიკვდილმისჯილები ვართ და მეც შემდეგი ეშელონით სულ მალე გავემგზავრები… (ქალიშვილისკენ ტრიალდება და უახლოვდება). შენ არც ნაცისტები და არც ავსტრიის ბედი არ გაიძულებს ყოველ საღამოს ჩემთან დარჩენას; ჩემზე ისე ხარ მოჯაჭვული, თითქოს წუთი-წუთზე უნდა გავქრე, ყოველ დახველებაზე ცახცახებ, ღამეებს მითევ. (შუბლზე კოცნის). მაგრამ
გთხოვ… ნუ იქნები, ასეთი საყვარელი, ჩემო გოგონა. ასე სათუთად ნუ მექცევით, ნურც შენ, და ნურც დედაშენი, თორემ მე…. მე აქ შევრჩები… გთხოვთ, გამგზავრებას ნუ გამიძნელებ. ანა მიხვდა და ადგა: ძილინებისა, მამა. მგონი, მეძინება.
უახლოვდება, მამას საკოცნელად შუბლს მიუშვერს. ფროიდი ქალიშვილს კოცნის.
სცენა II
კარზე ძლიერად დააკაკუნეს, ჩექმების ბრახუნის ხმაც გაისმა. ოთახში ნაცისტი დაუკითხავად შემოიჭრა. ფეხდაფეხ ჯარისკაცებიც მოჰყვნენ.
ნაცისტი: გესტაპო! (ჯარისკაცებს) დანარჩენები მანდ დარჩით! ფროიდს სიბრაზისგან თვალები უელავს. ნაცისტი აუღელვებლად დადის ოთახში, თითქოს საკუთარ სახლშია.
ნაცისტი: პატარა მეგობრული ვიზიტია, ექიმო ფროიდ… (წიგნების კარადას უყურებს) როგორც ვხედავ, თქვენთან წიგნების დალაგება უკვე დაგვიწყია. (დახვეწილი ირონიით) ძალიან ვწუხვარ, ბოლო სტუმრობისას მათი გადმოყრა რომ მოგვიხდა… (თან წიგნებს თაროებიდან ყრის.)
ფროიდი: (იმავე ირონიული ტონით) როგორ გეკადრებათ, ერთობ სასიამოვნო იყო ნამდვილ მწიგნობრებთან ურთიერთობა. ნაცისტი ეჭვნარევ მზერას მოავლებს თაროებს.
ანა: ამჯერად წიგნებს რას უპირებთ? დაწვავთ, ისე როგორც მამაჩემის ნაშრომები დაწვით?
ფროიდი: პროგრესი სათანადოდ უნდა დააფასო ანა! შუა საუკუნეებში კოცონზე თავად მე აღმოვჩნდებოდი; ახლა, კი მხოლოდ ჩემი წიგნების დაწვით კმაყოფილდებიან.
ნაცისტი: (კბილებში გამოსცრის) ამის გაკეთება გვიან არასდროს არის, ექიმო ფროიდ.
ანა ინსტიქტურად, ხელის მოძრაობით მამის დაცვას ცდილობს.
ფროიდი: (ისევ ირონიულად, ცდილობს არ შეიმჩნიოს) იპოვეთ, რასაც ეძებდით ბატონო კაპიტანო? ანტინაცისტური პროკლამაციები გნაბავთ, არა? ნუთუ იმ წიგნებში არაფერი იყო გადამალული, თქვენ რომ წაიღეთ? (ნაცისტს მოუთმენლობა ეტყობა. ფროიდი თავს აჩვენებს, თითქოს მიუხვდა) უნდა გამოგიტყდეთ, ვერც მანდ იპოვით ვერაფერს… (ხმადაბლა) ყველაზე საშიში ანტინაცისტური პროკლამაციები აი, აქ გადავმალე, აი, აქ…. (დაინტერესებული ნაცისტი უახლოვდება)… ახლავე, ახლავე… (აუღელვებლად)… აი, აქ არის გადამალული, აი, აქ… (ფროიდი თავთან თითს მიიდებს) … აი, აქ!
ანა: (გულთან მიიტანს ხელს) და აი, აქაც! ნაცისტი მუქარით უმზერს მათ.
ნაცისტი: ეს ალბათ ებრაული იუმორია, ექიმო ფროიდ?
ფროიდი: (პროვოკაციული ტონით) მართალი ბრძანდებით. გამოგიტყდებით, არც კი ვიცოდი ებრაელი თუ ვიყავი, კიდევ კარგი რომ ნაცისტებმა შემახსენეს. მადლობას მოგახსენებთ ამისთვის; რა ბედნიერებაა იყო ებრაელი და იდგე ნაცისტის წინ. იცით, ებრაელი რომ არ ვყოფილიყავი, მომინდებოდა კიდეც ებრაელი გავმხდარიყავი. და მხოლოდ და მხოლოდ სიბრაზისგან! მერწმუნეთ, თავად გამოიწვიეთ ეს გრძნობა ჩემში.
ნაცისტი წიგნების გადმოყრას აგრძელებს.
ფროიდი: ანა, ფული მოიტანე.
ნაცისტი: (უცებ მოეშვა, ხარხარებს) რა კარგად მიცნობთ ექიმო ფროიდ!
ფროიდი: ეს ძნელი სულაც არ არის.
ანა: მამა, ფული რომ აღარ გვაქვს.
ფროიდი: სეიფში კიდევ დარჩა.
მოხუცი კედლისკენ მიუთითებს. ანა ნახატთან მიდის, ჩამოიღებს და მის უკან დამალულ სეიფს გამოაღებს. ფროიდი ნაცისტს ძალიან ზრდილობიანი ტონით მიმართავს: ნუთუ ამაზე არც გიფიქრიათ, კაპიტანო?
ნაცისტი: ამ ძაღლიშვილ ურიებს, სადღაც ძვალი ყოველთვის აქვთ გადანახული.
ფროიდი: დაგვინდეთ, კაპიტანო.
ანა: (მამას) მამა, ფულს რატომ აძლევ?
ფროიდი: მშვიდობა მინდა ვიყიდო.
ანა: თუ ამას მშვიდობა ჰქვია, მაშინ ომი რაღაა, მამა.
ფროიდი: ეს საქმე მათ მიანდე, შენზე მეტი წარმოსახვის უნარი აქვთ.
ანა: (ფულს მაგიდაზე დებს. ნაცისტს) ინებეთ. ნაცისტი: რამდენია?
ფროიდი: ექვსი ათასი შილინგი.
ნაცისტი: ეშმაკმა დალახვროს! (აღფრთოვანებული სტვენით.)
ფროიდი: ბატონო კაპიტანო, შეგიძლიათ, საკუთარი თავით იამაყოთ. პირადად მე, ერთი სეანსით ამდენი ფული არასოდეს მიშოვნია.
ნაცისტი: (ფულს ხელს წაავლებს) თქვენ, ებრაელებმა წინააღმდეგობის გაწევა არ იცით, სწორედ ამას ვერ ვიტან თქვენში.
ანა: (სიბრაზეს ვეღარ იკავებს და მთელი ხმით ყვირის) ფული ხომ მიიღეთ, ახლა ხმა ჩაიწყვიტეთ და გაეთრიეთ აქედან! ნაცისტი: (მოულოდნელობისაგან შეხტება) უკაცრავად?
ანა: საკმარისია! აიბარგეთ და თქვენს ბინძურ ჯარისკაცებსაც უბრძანეთ, თოფებს იატაკს ნუ შეახებენ, თორემ თქვენი ყოველი სტუმრობის შემდეგ ჩვენი ემილი სამი დღე პარკეტის ხეხვას უნდება.
ნაცისტი: პატარა ურია, როგორ გგონია, ვის ელაპარაკები?
ანა: მე ნუ მეკითხები ამას!
ფროიდი: ანა! ნაცისტი ანას საცემრად იწევს, ფროიდი მათ შორის დგება. ანა ისეა გაბრაზებული, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია.
ფროიდი: ანა!
ანა: (მამა) რადგან ერთმა გიჟმა სხვა უამრავი გიჟი აიყოლია და გადარეულები ქუჩაში გაჰყვირიან, უნდა გავჩერდეთ და ვაცალოთ?!
ფროიდი: ანა!
ანა: მამა, ხედავ როგორ ელავს მისი ჩექმები? შავი მარმარილოს მსგავსად ლაპლაპებს. დარწმუნებული ვარ, მათ გაპრიალებას საათებს ანდომებს ჩვენი კაპიტანი! (ნაცისტს) სიამოვნებას განიცდით, არა, როცა საცხს გადაუსვამთ და ჯაგრისით გაპრიალებას შეუდგებით?
ნაცისტი: რაო…
ანა: ჯაგრისის შემდეგ ტილოს ჯერი დგება, უსვამ და უსვამ, უსვამ და უსვამ, სანამ სარკესავით არ აპრიალდება; რაც უფრო მეტად ბრწინავს, მით უფრო მეტი ნეტარებით გევსებათ გული. რამდენი ხანია სექსი არ გქონია? ქალებთან გაბრწყინება ძნელი საქმეა არა, ბატონო კაპიტანო?
ნაცისტი: ამ ქალბატონს ჩემთან წავიყვან!
ანა: რას მეუბნებით?
ნაცისტი: ახლავე გესტაპოში წაგათრევ!
ანა: დანარჩენს იქ ვისაუბრებთ… ვიცი, გჭირდებათ ვინმემ თქვენს თავზე გელაპარაკოთ… გინდათ, აგიხსნათ, ყოველ დილით საათობით რატომ დგახართ სარკის წინ და ღერა-ღერა ილაგებთ თმებს, რატომ გტანჯავთ გაუთოების მანია, რატომ იჭამთ ფრჩხილებს, რატომ გძულთ ქალები და რატომ გეჯავრებათ კაცებთან ლუდის სმა…
ნაცისტი: (ხელს წაავლებს) გესტაპოში! სასწრაფოდ!
ფროიდი: ამას ნუ იზამთ! ბატონო კაპიტანო, ამას ნუ იზამთ!
ანა: თავი დაანებე, მამა! არ მეშინია ამ ლაჩართა ბანდის!
ნაცისტი: იცი, ასეთი ლაპარაკი რა დაგიჯდება, ურია?
ანა: მშვენივრად ვიცი. სხვათა შორის, გესტაპოს უბრალო ინსპექტორის პირობაზე, ძალიან ბევრს იღებთ საკუთარ თავზე. უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ მთელი სამყარო გვიცავს, თქვენს ფიურერს რუზველტმა და მუსოლინიმაც კი მოსთხოვეს ჩვენი დაცვა და ქვეყნიდან წასვლის ნებართვა.
ნაცისტი დასარტყმელად შემართული ხელით უახლოვდება ანას.
ფროიდი: ჩემი პატარა გოგონა!
ანა: (იგერიებს თავდასხმას) შენ მხოლოდ პაიკი ხარ ინსპექტორო, პაიკი, რომელმაც ძალიან ცუდად იცის თამაშის წესები. შენს გარდა მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ავსტრიიდან მივემგზავრებით!
ნაცისტი: გესტაპოში! გესტაპოში მიმყავს ეს ურია!
ანა: რაც უფრო გაზრდი ფარას, მით უფრო ძლევამოსილად იგრძნობ თავს. ხომ ასეა?!
ნაცისტი: (ფროიდს) კარგად დააკვირდი ამ ქალბატონს, იცოდე, უკანასკნელად ხედავ, ურია.
ანა: ნუ ღელავ მამა. გაშინებს, უკვე ძალიან გვიანია, ვერაფერს დაგვიშავებს.
ნაცისტი: ნუთუ, მართლა? რადგან მახინჯია, თავი ჭკვიანი ჰგონია! ძალიან კი გაგიმართლა ქალიშვილში, ურია. ანას მკლავზე ექაჩება და მიათრევს.
ანა: (უჩინარდება) საბუთები არ დაგავიწყდეს მამა, გთხოვ, ხელი მოაწერე საბუთებს! დედას არაფერი უთხრა. ხელს თუ არ მოაწერ, ვიზას ვერ მივიღებთ. (თავს ითავისუფლებს ნაცისტისგან) გამიშვი, ჩემით წამოვალ… უჩინარდებიან. ნაცისტი კარს ხურავს.
სცენა III
ფროიდი: (დაბნეული, მექანიკურად იმეორებს). საბუთები, საბუთები! ანა!… ჩემი ანა!…
ცდილობს დამშვიდდეს. შუბლს იწმენდს და საწერ მაგიდას უახლოვდება, მაგიდაზე ერთგვარი არეულობა მეფობს. ისევ მექანიკურად, მაგრამ უფრო წყნარად იმეორებს: საბუთები… რაღაც აზრმა გაუელვა. იღებს ტელეფონს და სასწრაფოდ ნომერს კრეფს.
ფროიდი: ალო, შეერთებული შტატების საელჩოა? პროფესორი ფროიდი გესაუბრებათ. შეგიძლიათ ბატონ ვილეისთან დამაკავშიროთ? დიახ, ფროიდი! სასწრაფოა! (პაუზა) ალო, ბატონო ელჩო? ფროიდი გახლავართ. ეს-ესაა ანა წაიყვანეს, ჩემი ქალიშვილი, დიახ… გესტაპომ! რამე იღონეთ, გთხოვთ, რამე იღონეთ… დიახ, დიახ, გპირდებით, ხელს მოვაწერ საბუთებს… დიახ, დამირეკავთ!
დაღონებული ყურმილს კიდებს. მოგვიანებით დადებულ ყურმილს ეუბნება
ფროიდი: გმადლობთ. ანას და ელჩის თხოვნა ახსენდება..
ფროიდი: საბუთები… საბუთები… წერილს პოულობს და მაგიდასთან ჯდება. კითხულობს.
ფროიდი: `მე პროფესორი ფროიდი, ვადასტურებ რომ ავსტრიის გერმანისთან მიერთების შემდეგ, ვიყავი გერმანიის ხელისუფლების და განსაკუთრებით, გესტაპოს მფარველობის ქვეშ, ისინი იცავდნენ რა ჩემს სამეცნიერო რეპუტაციასა და ღირსებას, საშუალება მქონდა, მეცხოვრა და მემუშავა სრულ თავისუფლებაში, განმეხორციელებინა ჩემი საქმიანობა ჩემივე შეხედულებისამებრ, ყოველთვის შემეძლო მათი იმედი მქონოდა და უკამყოფილების არავითარი საფუძველი არ გამაჩნია~.
ამოიოხრა, ის-ის არის ხელი უნდა მოაწეროს, რომ გადაიფიქრებს და წერილის ბოლოში მინაწერს გააკეთებს. თან ხმამაღლა ირონიული ტონით დასძენს.
ფროიდი: `პოსტ-სკრიპტუმი: მთელი გულით ვურჩევ ყველას გესტაპოსთან საქმის დაჭერას~. კალამს იღებს, ისევ ხელის მოწერას აპირებს, მაგრამ კვლავ გადაიფიქრებს და ყვირის `არა~. სასოწარკვეთილი თავს ხელებში ჩარგავს.
სცენა IV
მოულოდნელად ფარდა გადაიწევა და ოთახში უცნობი კაცი შემოვა. მისი შემოსვლა ერთდროულად რეალურიც უნდა იყოს და იდუმალიც. უცნობი მეტისმეტად ელეგანტურად არის ჩაცმული: ფრაკი, ხელთათმანები, მოსასხამი, ხელჯოხი, ოპერიდან გამოსული ნამდვილი დენდია. შემოსვლისთანავე თანაგრძნობით სავსე თვალებით უმზერს პროფესორს. ფროიდი თითქოს იგრძნობს, რომ უყურებენ და უცნობისკენ ბრუნდება.
უცნობი: (ბუნებრივად) საღამო მშვიდობისა.
ფროიდი სწრაფად წამოდგება, თან ცალი ხელით საწერ მაგიდას ეყრდნობა.
ფროიდი: ბატონო! ვინ ბრძანდებით? (სიჩუმე) რა გნებავთ? (მომღიმარი უცნობი დუმს) საიდან შემოხვედით? (უცნობი ისევ თანაგრძნობით უმზერს და ხმას არ იღებს) აქ რას აკეთებთ? (ქურდი ჰგონია) ჩემს სახლში ფულს ვეღარ იპოვით, დაიგვიანეთ.
უცნობი: (უკმაყოფილო იერით) მირჩევნია კითხვები დამისვათ, მაშინ უფრო მომწონხართ.
ფროიდი: ვინ ბრძანდებით? უცნობი იღიმის, პასუხის გასაცემად ემზადება. ფროიდი მაგიდას აღარ ეყრდნობა. უჯრას აღებს და რევოლვერს იღებს, მაგრამ როგორც კი შემოსულს დაუმიზნებს, თავს უხერხულად გრძნობს და იარაღი მოუხერხებლად უჭირავს ხელში.
ფროიდი: (დამარცვლით ეკითხება) ვინ ბრძანდებით?
უცნობი: (მსუბუქად) რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ. ეს სათამაშოც ვერაფერში დაგეხმარებათ. (უცნობი დივანს უახლოვდება და ელეგანტურად ჩაეშვება მასში). ხომ არ გვესაუბრა, ექიმო ფროიდ?
ფროიდი: (იარაღს მაგიდაზე დებს) არა, ბატონო, მე ჩვეულებად არ მაქვს ვესაუბრო ადამიანს, რომელიც სახლში შემომეჭრა და გაცნობასაც კი არ კადრულობს.
უცნობი: (დგება) ძალიან კარგი, რადგან ასე დაიჟინეთ… სხვაგვარად ვცადოთ…
უცნობი ფანჯრისკენ გარბის, რამდენიმე წამით ფარდის უკან იმალება. მოგვიანებით აქოშინებული და ტანსაცმელამოჩაჩული ოთახში შემორბის, თავს ისე აჩვენებს, თითქოს ფროიდი პირველად დაინახა, მისკენ გარბის და ფეხებში უვარდება.
უცნობი: ბატონო, ბატონო, გემუდარებით, გადამარჩინეთ! მიხსენით, გესტაპო მომდევს. (შესანიშნავად თამაშობს) აქვე არიან… (ფანჯარასთან მირბის და თითქოს ქვემოთ ვიღაცა კაცებს ამჩნევს) თქვენს სახლთან! გესტაპო! დამინახეს. შენობაში შემოდიან! (ისევ ფეხებში უვარდება ფროიდს) მიშველეთ, ნურაფერს მკითხავთ, მიხსენით!
ფროიდი: (წამით თამაშს აჰყვება) გესტაპო?
უცნობი: (ძალიან თეატრალური მანერით ემუდარება) დამმალეთ! დამმალეთ! გთხოვთ!
ფროიდი: (გამოერკვა, გაბრაზებული ხელს ჰკრავს) თავი დამანებეთ!
უცნობი: (მყისვე წყვეტს თამაშს) ნუთუ სულ არ გეცოდებათ გესტაპოს საბრალო მსხვერპლი?
ფროიდი: გესტაპოს მსხვერპლი ნამდვილად მებრალება, მაგრამ მატყუარები არა.
უცნობი წამოდგა: თუ ასეა, ნუ მთხოვთ, რამე გიამბოთ.
ფროიდი: (თავს ხელში აიყვანს და მბრძანებლური ტონით ეუბნება) მომისმინეთ, თქვენი ჩემს სახლში შემოჭრის ორი ჰიპოთეზა მაქვს: თქვენ ან ქურდი ხართ, ან ავადმყოფი (ჩემი პაციენტი). თუ ქურდი ხართ, იცოდეთ, თქვენმა ძმობილმა გესტაპოელებმა სტუმრობა დაგასწრეს და გროშიც არ დაგიტოვეს; თუ ავადმყოფი ხართ…
უცნობი: იქნებ, მესამე ჰიპოთეზაც გაქვთ, ექიმო ფროიდ?
ფროიდი: ავადმყოფი არ ხართ?
უცნობი: (ეს სიტყვები არ ესიამოვნა) ავადმყოფი, რა ბოროტი სიტყვაა.
ფროიდი: მაშ, რისთვის მოხვედით?
უცნობი: (იტყუება) აქ მოსვლის ბევრი მიზეზი შეიძლება იპოვოს ადამიანმა. მაგალითად, ცნობისმოყვარეობა, თქვენდამი თაყვანისცემა…
ფროიდი: (მხრებს იჩეჩავს) ყველა ჩემი ავადმყოფი ამას ამბობს!
უცნობი: (ცრუობს) შესაძლოა, მართლაც სულ სხვა მიზეზით მოვედი თქვენთან….
ფროიდი: შემდეგ კი ამას ამბობენ.
უცნობი: (გაცხარებული) კეთილი… ძალინ კარგი, დავუშვათ თქვენთან მოვედი იმიტომ, რომ… და… თავად რას შემომთავაზებდით, ექიმო ფროიდ?
ფროიდი: მიღებაზე ჩაეწერეთ, ჩემთან! (კარისკენ უბიძგებს) მომავალ შეხვედრამდე, ბატონო, მაშინ შევხვდეთ ერთმანეთს, როცა ორივეს გვეცლება, თარიღიც წინასწარ შევათანხმოთ. მალე შევხვდებით, ორიოდ დღეში.
უცნობი: (აჩერებს) შეუძლებელია. ხვალ, აქ აღარ ვიქნები, სულ მალე არც თქვენ.
ფროიდი: ვერ მიგიხვდით?!
უცნობი: მალე პარიზში გაემგზავრებით პრინცესა ბონაპარტესთან… მერე ლონდონში, მარესფილდ გარდენში… თუ მეხსიერება არ მღალატობს…
ფროიდი: მარესფილდ გარდენში? მაგრამ… თუ შეიძლება, ამიხსენით, რაზე მელაპარაკებით? ამის შესახებ არაფერი ვიცი… წინასწარ რა მოხდება, ნამდვილად ვერ მოგახსენებთ…
უცნობი: მერწმუნეთ ყველაფერი ასე მოხდება… ლონდონური გაზაფხული მოგეწონებათ, ზეიმსაც მოგიწყობენ და წიგნსაც დაასრულებთ მოსეზე.
ფროიდი: როგორც ვხედავ, სამეცნიერო ლიტერატურას კითხულობთ.
უცნობი: ნეტავ რას დაარქმევთ? `მოსე და მონოთეიზმი~. თუმცა, მირჩევნია, არ გითხრათ, რას ვფიქრობ ამაზე.
ფროიდი: (აწყვეტინებს) სათაური ჯერ არ შემირჩევია! (თავისთვის იმეორებს, ჩანს უცნობის შემოთავაზებამ დააინტერესა) `მოსე და მონოთეიზმი…~ რატომაც არა? მშვენიერი წინადა… ფსიქოანალიზით ხომ არ ხართ გატაცებული?
უცნობი: მხოლოდ თქვენით, ექიმო ფროიდ.
ფროიდი: ვინ ხართ?
უცნობი: (ზემოთქმულს უბრუნდება) ყველაზე უცნაური ის არის რომ, ვენა არ გეთმობათ.
ფროიდი: (გაცხარებით) მერწმუნეთ, ცდებით.
უცნობი: ხილის გემოთი მისი ჭამის შემდეგ ტკბებიან. თქვენც იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომელთაც მხოლოდ დაკარგული სამოთხეღა შერჩენია. დიახ, თქვენ არ გეთმობათ ვენა და ამიტომ უკვე ერთი თვეა, უარს ამბობთ ქვეყნიდან წასვლაზე.
ფროიდი: ოპტიმისტი ვიყავი და იმიტომ, იმედი მქონდა, ყველაფერი მოგვარდებოდა.
უცნობი: არა, ნოსტალგიის გამო არ მიდიხართ აქედან. გახსოვთ, რამდენჯერ გითამაშიათ მოკლე შარვალში ჩაცმულს ვენის ქუჩებში, აი, ამ კაფეებში უკითხავდით სამყაროს თქვენს თეორიებს, შეყვარებულს დუნაის ნაპირებთან რამდენჯერ გისეირნიათ… გახსოვთ, მის ლურჯ ტალღებშიც აპირებდით თავის დახრჩობას… თუ წახვალთ, ვენაში ახალგაზრდობას დატოვებთ ექიმო ფროიდი, და იქ, ლონდონში ვინღა იქნებით? საბრალო მოხუცი. (სწრაფად, თავისთვის) და მაინც, როგორ მშურს თქვენი…
ფროიდი: ვინ ხართ?
უცნობი: არ დამიჯერებთ.
ფროიდი: (სურს ბოლო მოუღოს გაურკვევლობას) მაშინ მიბრძანდით!
უცნობი: როგორ დაუღლიხართ სამყაროს ექიმო ფროიდ, რომ ჩემგან თავის დაღწევა ასე სწრაფად მოიწადინეთ. ვფიქრობ, ავადმყოფების მიმართ მეტი სტუმართმოყვარეობა გმართებთ. თქვენ კი გარეთ მაგდებთ. ნუთუ ასე ექცევიან ნევროზიანებს? ვინ იცის, იქნებ ჩემი ერთადერთი თავშესაფარი ხართ? წარმოიდგინეთ, აქედან წასული მანქანას რომ შევუვარდე ბორბლებში?
საკუთარი საქციელით გულწრფელად გაოცებული ფროიდი დივანში ჩაეშვა.
ფროიდი: ცუდ დროს მოხვედით, ამ საღამოს ექიმი ფროიდი აღარ არსებობს…… სხვების განკურნება…… წარმოგიდგენიათ, ზოგჯერ სხვებზე ზრუნვა ჩემს დარდს
მავიწყებს, ზოგჯერ კი, საღამოობით, იმათზე ვბრაზობ, ვისაც დავეხმარე; რა მარტოსული ვარ, სულ მარტო ჩემს დარდთან… ვერავინ მშველის…
უცნობი: დაბრუნდება. (ფროიდი თითქოს თვალებით კითხვას სვამს) თქვენი ქალიშვილი, ანა დაგიბრუნდებათ. ცოტა ხნით დააკავებენ. კარგად იციან, რომ მისი დაჭერა არ შეუძლიათ. როცა დაბრუნდება, ხელს მოხვევთ და ბედნიერებით გაბრწყინებული გულში ჩაიკრავთ, მაგრამ ეს ბედნიერება სულ ახლოს იქნება უიმედობასთან, იმის შეგრძნებასთან, რომ სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ ერთ წვრილ ძაფზე კიდია, ძალიან წვრილ, ძალიან თხელ ძაფზე, და რომ ეს ძაფი, მართალია, დროებით, მაგრამ მაინც ძალიან დაჭიმულია… სწორედ ეს სიმყიფე აძლევს ძალას ამ სიყვარულს…
ფროიდი: ვინ ხართ?
უცნობი: თქვენს ასეთ მდგომარეობაში ყურებას მირჩევნია, გითხრათ. (თითქოს თმებზე ეფერება). ფროიდი გაოცებულია. გამოფხიზლდება, რაღაც გადაწყვიტა. ენერგიულად წამოდგება. ვხედავთ, როგორ იღვიძებს მასში პრაქტიკოსი ექიმი. ფროიდი: ჩემი დახმარება გჭირდებათ?
უცნობი: (ოდნავი გაოცებით) დიახ. არა. ასე ვთქვათ… უცნაურად მოვიქეცი… ოპტიმიზმმა ტვინი ამირია… სინამდვილეში, ეჭვი მეპარება…
ფროიდი: … ნეტავ, თქვენი დახმარება შემეძლოს. (აღფრთოვანებული) ბუნებრივია, ყველა ფიქრობს, რომ ერთადერთი და განუმეორებელია, მეცნიერები კი საპირისპიროს ამტკიცებენ. მოდით, ცოტა დროს დაგითმოთ, ამაღამ მაინც უნდა დავიცადო. (თავს უცნობისკენ ატრიალებს) უცნაურია, თქვენი მკურნალობის სურვილი დიდად არ მაქვს.
უცნობი: მართალი ხართ.
ფროიდი: (ხელებს იფშვნეტს) მოდით, დავიწყოთ. (გამხიარულდა) კეთილი, აქ დაწექით. (დივანზე მიუთითებს. უცნობი ემორჩილება) რა გვარი ხართ?
უცნობი: გულწრფელად?
ფროიდი: რა თქმა უნდა, ეს მთავარი წესია. (მოთმინებით) რა გვარი ხართ? მამათქვენი რა გვარია?
უცნობი: მამა არ მყავს.
ფროიდი: რა გქვიათ?
უცნობი: სახელით არავინ მომმართავს.
ფროიდი: (გაბრაზებული) მენდობით თუ არა?
უცნობი: სრულიად. თავად არ გჯერათ ჩემი.
ფროიდი: კეთილი. მეთოდი შევცვალოთ. სიზმარი მომიყევით… ბოლო სიზმარი.
უცნობი: სიზმარი არასოდეს მინახავს.
ფროიდი: (დიაგნოზს სვამს) მეხსიერების შეფერხება აკრძალვის ნიადეგზე. შემთხვევა სერიოზულია, მაგრამ კლასიკური. მომიყევით რამე.
უცნობი: სულერთია რა?
ფროიდი: სულერთია.
უცნობი დაჟინებით უმზერს ფროიდს, თითქოს ცდილობს მის სულს ჩასწვდეს. გეგონება, ძალებს ფროიდის მზერიდან იღებს. შემდეგ ლაპარაკს იწყებს.
უცნობი: ხუთი წლის ვიყავი, ცისფერ ცაზე მზე ოქროსფრად ანათებდა… მოსამსახურე ქალები დილიდან საღამომდე მღეროდნენ და თან გაღეღილი მკერდიდან ვანილის სუნს აფრქვევდნენ. ერთ დღესაც, ჩვენი სახლის სამზარეულოში მარტო დავრჩი. ვრცელი ოთახი იყო, ავეჯი კედლებზე იყო მიკრული, მიწებებული, თითქოს უზარმაზარ, ცარიელ სივრცეს გაურბოდნენ, სადაც თეთრი და წითელი ფილები ათას სხვადასხვა მხარეს მიმავალ გზებს ხატავდნენ. სწორედ ეს იყო ჩემი თავგადასავლების ადგილი. აქ შეგეძლო ოთხით გეძრომიალა მოსამსახურეების ფეხებში, ხელში ჩაგეგდო ლორის ნაჭრები ან ნამცხვრის ლანგარი პირწმინდად აგელოკა. იმ დღეს ყველა სადღაც წავიდა. არ ვიცი, რატომ. უფროსებს უნდა ჰკითხო. ვერც კი შევამჩნიე, ისე აღმოვჩნდი სულ მარტო უზარმაზარ სამზარეულოში. ვიჯექი გახუნებულ წითელ და გაცრეცილ თეთრ ფილებს შორის. სამზარეულოში ყოველი ფილა ახალ სამყაროს მიშლიდა თვალწინ; დიდებისთვის ყველა ფილა ერთნაირად მყარად არის იატაკზე დაგებული, ხოლო ბავშვებისთვის ყოველი მათგანი განსაკუთრებული და თავისთავადია. ერთი ფილა გამოქვაბულის ბინადარი პირდაღებული დრაკონის ამბავს მიყვებოდა, მეორეზე _ სალოცავად მიმავალ ბერებს ვხედავდი, მესამედან კი სახემოთხუპნული ბიჭი მიმზერდა… ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. სამზარეულო უზარმაზარი სამყარო იყო, სადაც ათასი სხვა სამყარო იხატებოდა. ისინი თითქოს ცალთვალა ფილებიდან იბადებოდნენ.
და უცებ, მთელი ხმით დავიყვირე. არ ვიცი, რატომ. შესაძლოა, მინდოდა გამეგო, ვარსებობ თუ არა, ან იქნებ იმიტომ, რომ მენახა მოვიდოდა თუ არა ვინმე ჩემთან. დავიყვირე. არავინ იყო სიჩუმის გარდა. (ფროიდი მონათხრობმა სულ უფრო და უფრო დააინტერესა) ჯადოსნური ფილები ბრტყელ იატაკად იქცა. მდუმარე იატაკად. ქურას ჩაეძინა. ბუხარი, სადაც ყოველთვის ქვაბი თუხთუხებდა, თოთქოს მოკვდა.
ფროიდი ყურს უგდებს უცნობის მონათხრობს და ბუტბუტებს, გეგონება მის ნათქვამს იმეორებსო.
უცნობი: ვყვიროდი. ჩემი ხმა გასცდა პირველ სართულს, მეორეს, ამაოდ ეხეთქებოდა ცარიელ კედლებს. მთელ სახლში მან ვერ იპოვა სულიერი, მისთვის ყური რომ ეთხოვებინა.
ფროიდი: (აგრძელებს, თითქოს ტექსტი წინასწარ იცის) ჩემი ხმა ადიოდა, მაღლა და მაღლა… უკან მობრუნებული ექო კიდევ უფრო ცხადად მაგრძნობინებდა ჩემს ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს.
უცნობი: (აგრძელებს) სამზარეულო გამიუცხოვდა… გაპრიალებულ იატაკიან საგნებისა და ნივთების ერთობლიობად იქცა.
ფროიდი: მე და სამყარო, ამიერიდან ერთმანეთს დავშორდით. სწორედ მაშინ გავიფიქრე…
ფროიდი და უცნობი: (ერთად) `მე ვარ ზიგმუნდ ფროიდი, მე ვარ ხუთი წლის, მე ვარსებობ; ეს წამი სამუდამოდ უნდა მახსოვდეს.~
სიჩუმე. ფროიდი უცნობისკენ ნელა ტრიალდება.
უცნობი: (ისევ მეოცნებე ტონით აგრძელებს) მერე თქვი, თუმცა ზედმეტი ფორმურილების გარეშე: `როცა ვყვირი, ან ვტირი, სახლი ცარიელია. ჩემი არავის ესმის. სამყაროც ზუსტად ასეთი დიდი ცარიელი სახლია, სადაც შენს დაძახებას არავინ ეხმაურება~ (პაუზა) მე იმისთვის მოვედი, რომ გითხრა, _ ცდები! ყოველთვის არის ვიღაც, ვისაც შენი ესმის, ვინც შენთან მოვა.
ფროიდი დაბნეული უყურებს უცნობს. უახლოვდება, ეხება. დარწმუნდება, რომ ნამდვილია და უკან ბრუნდება.
ფროიდი: შეუძლებელია. ვიღაცამ გიამბოთ. გესტაპოში იყავით, ჩემი საბუთები ნახეთ.
უცნობი: ასე რატომ ფიქრობთ? ნუთუ ამის შესახებ უკვე დაწერეთ?
ფროიდი: (პაუზა) არ დამიწერია და არც არავისთვის მომიყოლია. (პაუზა) თქვენ მოიგონეთ!
უცნობი არ პასუხობს. რამდენიმე წუთით დაბნეულია, ეჭვობს. ფროიდს თავში რაღაც აზრმა გაუელვა.
ფროიდი: არ წახვიდეთ. (მაგიდაზე დადებულ საათს ხელი დასტაცა) აი, აქ დაწექით, მოდუნდით.
უცნობი ემორჩილება. ფროიდი საათს უცნობის ცხვირწინ ქანქარასავით ნელა აქნევს.
ფროიდი: მოდუნდით, ძალიან დაღლილი ხართ, მიდიხართ, მიდიხართ…
უცნობი: (მხიარულად) ჰიპნოზი ექიმო? მეგონა ამ მეთოდს დიდი ხნის წინ დაანებეთ თავი.
ფროიდი: როცა სუბიექტი ძალიან ჩაკეტილია და კონტაქტში არ შემოდის, ჩემს ძველ საათს არაფერი სჯობია. (შთამაგონებელი ტონით აგრძელებს მოძრაობას) თვალები გეხუჭებათ, გეძინებათ, ძალიან გეძინებათ… გინდათ მარჯვენა ხელი ასწიოთ, მაგრამ არ გემორჩილებათ… დაღლილი ხართ, დაქანცული… გეძინებათ… გძინავთ…
უცნობმა დაიძინა. ჰიპნიზის განმავლობაში უცნაური ტკბილი მუსიკა ჟღერს, იგი სცენას მისტიურ ელფერს აძლევს. უცნობის პასუხებიც მუსიკის ჰანგს მიჰყვება.
ფროიდი: თქვენი სახელი?
უცნობი: სახელი მაშინ გაქვს, როცა შენი მსგავსები არსებობენ, მე კი ერთადერთი ვარ ჩემს სამყაროში.
ფროიდი: ვინ არიან თქვენი მშობლები?
უცნობი: მე არ მყავს მშობლები.
ფროიდი: დაიღუპნენ?
უცნობი: დაბადებიდან ობოლი ვარ.
ფროიდი: არაფერი გაგონდებათ მათზე?
უცნობი: მე მოგონებები არ მაქვს.
ფროიდი: რატომ არ გინდათ, რომ მოგონებები გქონდეთ?
უცნობი: მე მინდა მქონდეს მოგონებები. მაგრამ არ მაქვს.
ფროიდი: როტომ გინდათ ყველაფრის დავიწყება?
უცნობი: მე არასოდეს არაფრეს ვივიწყებ, უბრალოდ მოგონებები არ მაქვს.
ფროიდი: როდის გაიცანით ზიგმუნდ ფროიდი?
უცნობი: როცა პირველად შევხვდი, მან მითხრა: `მე ზიგმუნდ ფროიდი ვარ, მე ვარ ხუთი წლის, და მე ვარსებობ; ეს წამი სამუდამოდ უნდა მახსოვდეს.~ სამყაროს ღრიანცელში კარგად გავიგონე მისი სუსტი და ცრემლებისგან გაგუდული ხმა.
ფროიდი: ზიგმუნდ ფროიდი ხომ თქვენზე ასაკოვანია. რამდენი წლის ხართ?
უცნობი: მე არ მაქვს ასაკი.
ფროიდი: თქვენ ვერ გაიგონებდით ზიგმინდ ფროიდის ხმას, მაშინ დაბადებულიც არ იქნებოდით.
უცნობი: მართალი ბრძანდებით. არ ვიყავი დაბადებული.
ფროიდი: სად იყავით, მისი ხმა რომ გაიგონეთ?
უცნობი: არსად. არც შორს, არც ახლოს, არც სხვაგან. ეს… წარმოუდგენელია, რადგან, როცა რამეს წარმოვიდგენთ, გონებაში სურათებს ვხატავთ, იქ კი არაფერი არსებობს, არც მდელოები, არც ღრუბლები, არც ლაჟვარდოვანი სივრცე, არაფერი… როცა სიზმარს ხედავთ, მაშინ სად ხართ?
ფროიდი: აქ კითხვებს მე ვსვამ. თქვენს ირგვლივ ადამიანები არიან?
უცნობი: თან არიან, თან არ არიან, როგორც სიზმრები.
ფროიდი: ამ საღამოს სად ხართ?
უცნობი: ღღეს 1938 წლის 22 აპრილსმე ვარ ვენაში, ავსტრიაში, ბერგასეს 19, ექიმ ფროიდის კაბინეტში.
ფროიდი: ვინ არის ექიმი ფროიდი?
უცნობი: არსება, რომელმაც ბევრი ჰიპოთეზა წამოაყენა, ჭეშმარიტიც და მცდარიც, ერთი სიტყვით, გენიოსია.
ფროიდი: რატომ ის?
უცნობი: ნათელმხილველები დაბრმავდნენ, წინასწარმეტყველები კი ყელის კიბოთი დაავადდნენ. ის ძალიან ავად არის.
ფროიდი: მალე მოკვდება?
უცნობი: მალე.
ფროიდი: როდის?
უცნობი: 23 სექ… (უცებ თვალებს ახელს) ვწუხვარ ექიმო, მაგრამ ამგვარ კითხვებს არ ვპასუხობ.
მუსიკა უცებ შეწყდება.
ფროიდი: (გაოცებულია, როგორც უცნობის მოულოდნელი გაღვიძებით და ისე მისი პასუხით)… ჰიპნოზიდან ასე არ გამოდიან… თქვენ…
უცნობი: თუ მე ამ კითხვაზე გიპასუხეთ, იძულებული გახდებით თავაზიანობის გამო იმ დღეს მოკვდეთ, მე კი ამის გამო თავს დამნაშავედ ვიგრძნობ. დგება და ოთახში დახტის.
ფროიდი: (თავისთვის) მგონი, ვგიჟდები.
უცნობი: ხშირად სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ სიგიჟეს აჰყვე და არა გონებას. (კიდურებს აქანავებს) ძალიან სახალისო რამეა ეს სხეული, მაგრამ რა სწრაფად კარგავს მოქნილობას! გადავეჩვიე. (სარკეში იყურება) რას ფიქრობთ ჩემზე? მშვენივრად გამოვიყურები, არა? ერთი მსახიობის სახე მივიღე, რომელიც თქვენი სიკვდილის შემდეგ დაიბადება.
ფროიდი: (სპონტანურად) ლამაზი ხართ.
უცნობი: (გულწრფელად გაოცებული სარკისკენ იხრება). აჰა, კეთილი? თუმცა ამას არავითარი კავშირი არ აქვს ჩემს ვინაობასთან.
ფროიდი: (ისიც სარკეს უახლოვდება) როგორ გგონიათ, იმ წვერიან მოხუცში, რომელსაც სარკეში ვხედავ, ჩემს თავს შევიცნობ? მართალია, შევეჩვია, მაგრამ ის მე არ ვარ.
უცნობი: არ მოგწონთ თქვენი სახე?
ფროიდი: იმის გამო, რომ ისიც იმას აკეთებს, რასაც მე, მისი ტუჩები და ხელები ჩემს მოძრაობებს იმეორებენ, ვამბობ, რომ ეს კაცი ნამდვილად მე ვარ, მაგრამ `მე” არ ვარ არც ეს დანაოჭებული შუბლი, არც ეს ჭაღარაშერეული წარბები, არც ეს დამსკდარი ტუჩები და ნაოჭები; თუმცა, როცა შუბლზე ნაოჭი არ მეტყობოდა და თმაც წაბლისფერი მქონდა მსგავი გრძნობა მაშინაც არ მშორდებოდა; მე, მე… შეიძლებოდა არ მეცხოვრა ამ სხეულით.
უცნობი: რა უცნაურია; თქვენ ზუსტად ის აღწერეთ, რასაც მე ყოველი დაბადებისას განვიცდი. არასოდეს მიფიქრია, რომ თქვენ, ადამიანებიც, იგივეს გრძნობდით.
ფროიდი: (ისევ სარკეში იხედება, რაღაც დროით უცნობს უცქერს) მომიტევეთ, ვერ ვიჯერებ, რომ ეს თქვენ ხართ.
უცნობი: ვიცი. ჩემი არ გჯერა. ექიმი ფროიდი ათეისტია, საუცხოო ათეისტი, ათეისტი, რომელმაც რწმენა გამოიცვალა და ურწმუნოების მორჩილად იქცა.
ფროიდი: მე რატომ ამირჩიეთ? მღვდელთან ან რაბინთან მისულიყავით?!
უცნობი: (მსუბუქად) თაყვანისმცემელთან საუბარზე მოსაწყენი არაფერია… და თანაც..
ფროიდი: და თანაც?
უცნობი: დარწმუნებული არ ვარ, რომ მღვდელი თქვენზე უკეთ დამამშვიდებდა. ეს ხალხი ისე მიეჩვია, ჩემი სახელით ყველაფრის კეთებას, ჩემს მაგივრად რჩევების მიცემას, რომ თავს უხერხულადაც კი ვგრძნობ.
ქუჩიდან ჩექმების და ყვირილის ხმა შემოდის.
ფროიდი: რატომ მე? (სიჩუმე) გინდა, მომაქციო?
უცნობი: (სიცილით) რა ქადმაღლობაა (რა ამპატრავნობაა)! არა. ეს ძალიან გვიანია. რამდენიმე თვეში, `მოსეს~… გამოაქვეყნებ. არა, მე შენ არ მომიქცევიხარ.
ფროიდი: მე გხედავთ.
უცნობი: არა, შენ კაცს ხედავ, სხვას არაფერს.
ფროიდი: უეცრად გამოჩნდით.
უცნობი: ფანჯრიდან შემოვედი.
ფროიდი: იცით, რომ გესტაპომ ანა წაიყვანა.
უცნობი: ეს მთელმა ბინამ იცის.
ფროიდი: თამაშობთ. საიდან იცოდით, ხუთი წლის ასაკში რას ვგრძნობდი?
უცნობი: თავი ასეთი განსაკუთრებული გგონია, ექიმო ფროიდ? იცი, ზოგიერთი ადამიანის მიერ მოთხრობილი ამბავი ხანდახან შეიძლება საკუთარ ამბად მოგეჩვენოს, მწერლებს ვგულისხმობ. იქნებ, მე ღმერთი კი არა, უბრალოდ კარგი მწერალი ვარ?.. მერწმუნე, შენ ნამდვილად არ ხარ ერთადერთი ბიჭუნა, რომელიც ერთ დღეს ფეხებგაჩაჩხული იდგა სამზარეულოს ფილაზე, და თავისი არსებობა აღმოაჩინა.
ფროიდი: (საშინელ ხასიათზეა, ცდილობს უკუაგდოს უცნობის არგუმენტები) მშვენივრად ვიცი.
უცნობი: (შეშფოთებული უახლოვდება) რა უცნაურია, ჩემო კარგო. ფროიდ, იტყვიან, უეცრად რწმენა გაუჩნდაო… რწმენაში გადავარდაო… (უცებ) რამდენი წლის იყავით, როცა მოკვდა?
ფროიდი: ვინ?
უცნობი: მამა.
ფროიდი: ორმოცის.
უცნობი: თავს ნუ იკატუნებ, თითქოს ვერ გაიგე. რამდენი წლის იყავი, როცა ის შენში მოკვდა?
ფროიდი: (არ სურს პასუხის გაცემა) აღარც კი მახსოვს, იმდენი ხანი გავიდა…
უცნობი: მაშ ასე, ცამეტი წლის იყავი ანუ ცხოვრების მეცამეტე წელი იყო, როცა გააცნობიერე, რომ მამაშენსაც შეეძლო დაეშვა შეცდომა და როცა ცდებოდა, ამ შეცდომას ყოველთვის ჯიუტად იცავდა, შენ კი გჯეროდა სამართლიანობის ძალის, რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა უცოდინრობისადმი რწმენა. ნელ-ნელა დაიჯერე, რომ მამაშენს რაღაც სისუსტეები ჰქონდა: იყო მორცხვი, ეჭვი ეპარებოდა
საკუთარ აზრებში, ეშინოდა მეზობლების, ცოლის… და შენ გააცნობიერე, რომ მისი პრინციპები სულაც არ იყო მარადიული, როგორც მზე და ღრუბლები, პირიქით, ძველი ოთახის ჩუსტებივით მხოლოდ მას ეკუთვნოდა. იგი გამუდმებით იმეორებდა თავის მცდარ აზრებს, თითქოს მათ ამით ჭეშმარიტების ძალას შესძენდა. ნელ-ნელა მიხვდი, რომ ასაკი ემატება, მკლავში ძალა ეცლება, ნაოჭები ეპარება, წელში იხრება, მისი ფიქრებიც კი ხელის ცეცებით მიდიან წინ. მოკლედ, ერთ დღესაც მიხვდი, რომ მამაშენი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია.
ფროიდი: სწორედ იმ დღეს მე გავიზარდე.
უცნობი: მართლა? სწორედ იმ დღეს ბავშვზე უფრო ბავშვურად შებრუნდი ღმერთისკენ. გულმოკლულმა მოინდომე, გერწმუნა ვინმე. გინდოდა, ბუნებით ბოძებული მამა ზებუნებრივით შეგეცვალა და შენ ის ღრუბლებზე დასვი.
ფროიდი: კი მაგრამ …
უცნობი: ნუ მეწინააღმდეგები, ყველაფერი შენმა წიგნებმა მიამბეს. რაკი მიწიერი მამა მოკვდა, შენ ის ცაში ატყორცნე. შენი აზრით, ღმერთის არსებობის იდეა ადამიანს გაუჩნდა იმის გამო, რომ მას სჭირდებოდა ვიღაცის რწმენა. ღმერთი ადამიანმა გამოიგონა. საჭიროებამ შექმნა საგანი. (ძლიერად) მაშ, მე მხოლოდ სურვილის ჰალუცინაციური დაკმაყოფილება ვყოფილვარ?! (ყვირილით) არა?
ფროიდი: (სუსტად) ასეა.
უცნობი: თუ შენ მართალი ხარ, ფროიდ, გამოდის, რომ ახლა სიზმრად მხედავ, ე.ი. მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი ვყოფილვარ!
შენობაში ხმაური ისმის, ჯარისკაცები ყვირიან.
უცნობი: ამ საღამოს ისევ პატარა ბიჭი ხარ და ისევ გჭირდება მამა იმიტომ, რომ მოხუცი ხარ, იმიტომ რომ შენი ქალიშვილი დააკავეს და გდევნიან. ამიტომაც პირველივე უცნობმა, რომელიც საკმაოდ უცნაურად შემოიეჭრა შენს სახლში და მეტად ბუნდოვნად გესაუბრება, თავისი საქმე გააკეთა. შენ დაივიწყე, რაც ოდესღაც უარყავი და ირწმუნე ღმერთი.
ხმაური ახლოვდება.
ფროიდი: არასოდეს არავის მსგავსი რამ ჰიპნოზის დროს ჩემთვის არ უთქვემს.
ამ დროს, კარზე მაგრად დააკაკუნეს. ფროიდი უცნობს დამფრთხალი უყურებს, თითქოს ეკითხება, რა ხდებაო.
უცნობი: (ჩურჩულით) კეთილი, გაუღეთ.
როგორც კი უცნობი ფარდას მიეფარება, ოთახში ნაცისტი შემოდის.
სცენა V
შემოსვლისთანავე ნაცისტი ოთახს ათვალიერებს, დაეჭვებით
ნაცისტი: დიდხანს მალოდინეთ (შემოსასვლელში მყოფ ჯარისკაცებს ანიშნებს) უჩემოდ განაგრძეთ!
ფროიდი: სად არის ჩემი ქალიშვილი?
ნაცისტი: (ოთახს ათვალიერებს) გესტაპოში.
ფროიდი: არ მოიყვენეთ?
ნაცისტი: ვნახოთ. ახლა მასთან ცოტას ერთობიან. სხვათა შორის, ძალიან მომხიბვლელია. (მოულოდნელად) მარტო ხართ?
ფროიდი: (უხერხულად) რა თქმა უნდა.
ნაცისტი: (მაგიდის წინ გაივლის) აჰა, ვხედავ, საბუთებისთვის მოგიცლიათ… (ფურცლს იღებს და უყურებს) ახლა კი გონიერება გამოიჩინეთ და ხელი მოაწერეთ.
ფროიდი: (თავს აბრუნებს) მერე ჩემი ქალიშვილი?
ნაცისტი: (ფურცლებს ცხვირთან უტრიალებს. დაჟინებით) მოითმინება იქონიეთ, ექიმო. მერწმუნეთ, თუ წახვალთ, ქალიშვილს აუცილებლად დაგიბრუნებთ… იცოდეთ, ებრაელების თავიდან მოშორების შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებთ.
ფროიდი: მართლა დამიბრუნებთ… უვნებელს?
ნაცისტი: (დამცინავად, იცინის) რატომ უვნებელს? მისი გათხოვების იმედი კიდევ გაქვთ? (წიგნების თაროების წინ დგება და სიცილს წყვეტს) იცით, საოცარი ინტუიცია მაქვს, ებრაელებს ყნოსვით ვცნობ, დანახვაც არ მჭირდება. უცნაურია არა?!
ფროიდი: მართლა? მეც მიყნოსეთ?
ნაცისტი: (სიცილით) რა თქმა უნდა!
ფროიდი: და როგორი სინი მდის?
ნაცისტი: (ჩვეულებრივად) არა, თქვენ კი არა, მე ამდის სუნი, როცა თქვენნაირი ჩემს გვერდით დგას.
ფროიდი: რისი სუნი აგდით?
ნაცისტი: განავლის.
ფროიდი: (ძალიან გაოგნებული) უკაცრავად, ვერ გავიგე?
ნაცისტი: არის მომენტები, როცა ვგრძნობ, რომ ერთი უმნიშვნელო, უქონელი არსება ვარ, რომელსაც ქალები ვერ იტანენ. ასეთ წუთებში რამდენჯერაც შემოვბრუნდი, იმდენჯერ ჩემზე მოშტერებული ებრაელის თვალები დავინახე. ყოველ ჯერზე ვხვდები, რომ სწორედ ამ ებრაელმა მაქცია განავლად. ყველაფერი მისი ბრალია, ყოველთვის! აი, ახლაც, ვუყურებ ამ ძვირფას ავეჯს, ნახატებს, ფარდებს, მაგიდას, წიგნებს, რომლებიც არასოდეს წამოკითხავს და ბრაზი მახრჩობს. ვიცი, რომ ებრაელის სახლში ვარ!
ფროიდი: უცნაურია, მე კი ჩემს გაჭირვებას მხოლოდ საკუთარ თავს ვაბრალებ.
ნაცისტი: ბუნებრივია, თქვენ ხომ ებრაელი ბრძანდებით! (დაჟინებით) როგორც გითხარით, კარგი ყნოსვა მაქვს.
თემას არ ცვლის, ჯიბიდან ფურცელს იღებს. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის მისი მოსვლის მიზეზი.
ნაცისტი: ეს რა არის?
ფროიდი არ პასუხობს. ჩანს საბუთის დანახვამ ძალიან შეაწუხა.
ნაცისტი: მიკვირს, სიხარულისგან რატომ არ დახტით… ამის დაკარგვამ ალბათ ძალიან დაგაღონათ. ანდერცი ხომ ფრიად აუცილებელი რამეა… განსაკუთრებით, თქვენს ასაკში… წლები ისე სწრაფად გარბიან…
ფროიდი: საით უმიზნებთ?
უცნობი: ჩემსკენ. თქვენს ანდერძში ამოვიკითხე, რომ უცხოურ ბანკებში ანგარიშები გქონიათ. ცუდია, რომ არ გვითხარით…
ფროიდი: (სუსტად) ნუთუ მკითხეთ?
ნაცისტი: ფულის გადამალვა ანტინაციონალური საქმეა… ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს პარავთ. ყველაფერს უკან ხომ არ დააბრუნებდით? რაც შეიძლება სწრაფად.
ფროიდი: ეს ფული ჩემი შვილებისთვის გადავინახე…
ნაცისტი: სწორად მოქცეულხართ! ვინ იცის, იქნებ თქვენს ქალიშვილს გამოადგეს იქ, სადაც ახლა იმყოფება… იქნებ ამან დაკითხვა შეამსუბუქოს… ვინ იცის? (ვერაგულად) ამ ანდერძის შესახებ ჯერ-ჯერობით მხოლოდ მე ვიცი. ვფიქრობ, კარგი არ იქნება, თუ გესტაპოში დავბრუნდები და ამ საშინელ საბუთს უფროსობას გადავცემ. არა, ნამდვილად არ იქნება კარგი. ცუდი შედეგი მოჰყვება, თქვენთვის და მისთვის.
ფროიდი: (უკან იხევს) ჩემგან რას ითხოვთ?
ნაცისტი: კეთილი, ჯერ დაფიქრდით… ვხედავ, ფიქრი კარგად გეხერხებათ, ექიმო ფროიდ… (ერთი ხელით ანდერძზე მიუთითებს, მეორეთი კი ფროიდის მიერ ხელმოუწერავ აღიარებაზე) გამოგიტყდებით, მეშინია ამ ანდერძის გამო ქვეყნიდან წასვლის შანსი არ დაკარგოთ.
კარისკენ ტრიალდება და დერეფანში მყოფ ჯარისკაცებს ეძახის:
ნაცისტი: აქ არავინ არის, მოვრჩით, შემდეგი სართული.
ფროიდი: (სპონტანურად) რა ხდება? ვინმეს ეძებთ?
ნაცისტი: არავინ დაგინახავთ? (კარის ზღურბლთან ჩერდება) აბა!.. იფიქრეთ და ნახეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ. ჩემი აზრით, ეს ამბავი ჩვენს შორის უნდა დარჩეს… ალბათ, ხვდებით, რისი თქმა მინდა? (ყურებამდე იცინის) ისევ შემოგივლით, ექიმო ფროიდ… გადის.
სცენა VI
უცნობი ფარდიდან გამოდის. უსასრულობას მიშტერებია, თითქოს ხილვა აქვს.
უცნობი: ეს კაცი იტყუება.
ფროიდი: (ისევ თავის ფიქრებში) სამწუხაროდ მართალია, უცხოეთში ანგარიშები მაქვს.
უცნობი: ანას შესახებ იტყუება. დაკითხვაზე არ არის.
ფროიდი: (დაუყოვნებლივ, შეწუხებული) ანას, აბა სად არის?
უცნობი: (აზუსტებს თავის ნათქვამს) გესტაპოშია, სასტუმრო `ეტროპოლში,” დერეფანში იცდის.
ფროიდი: კარგია.
უცნობი: არა, კარგი სულაც არ არის. ანამ იცის, რომ თუ დერეფანში იცდის და დასაკითხად არ მიჰყავთ, ესე იგი, შეიძლება, ხელი მოჰკიდონ და სხვა ებრაელებთან ერთად ბანაკში უკრან თავი… ან სულაც დახვრიტონ.
ფროიდს არანორმალური ყვირილი აღმოხდება, უცნობს მიეჭრება და საყელოზე წვდება.
ფროიდი: იღონე რამე!
უცნობი: უნდა დაკითხონ!
ფროიდი: ჩაერიე! ჩქარა!
უცნობი მშვიდად უკუაგდებს ფროიდ და ხილვის მოყოლას განაგრძობს.
უცნობი: ჯიბეს ისინჯავს, კარგად ვერ ვხედავ… პატარა ბოთლია…
ფროიდი სკამზე მოწყვეტით დაეცა.
ფროიდი: (გაუნძრევლად) ვიცი რაც არის. საწამლავია. ჩემს ექიმს გამოართვა. ანას, უნდოდა ორივეს თავი მოგვეკლა.
უცნობი: (წუთით ხილვა შეწყვიტა) ასე გითხრათ?
ფროიდი: დიახ.
უცნობი: (ისევ) და რა უპასუხეთ?
ფროიდი: ნაცისტებსაც ეს უნდათ და ამიტომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ-თქო.
უცნობი: (ხილვას დაუბრუნდა) ჯერ-ჯერობით ბოთლი ხელში უჭერავს, ეს მხნეობას მატებს. ახლა ხელს სწევს, პირთან მიაქვს და… (იცინის)
ფროიდი: რას შვება?
უცნობი: (ისევ იცინის) ხელზე იკბინა… სისხლი მოსდის.
ფროიდი: (დარდისგან გაგიჟებული) რა დაემართა?
უცნობი უეცრად ხილვას თავს ანებებს, თითქოს აპარატი გამორთესო.
უცნობი: უველაფერი რიგზეა. ყველაფერი თავისი გზით მიდის.
ფროიდი: განაგრძეთ, არ გაჩუმდეთ!
უცნობი: (ძალიან სწრაფად) ნაცისტები შემოვიდნენ. ყოჩაღ, მან შეძლო და ყურადღება მიიქცია. ახლა ნამდვილად დაკითხავენ. მართალია, ნაცისტები ათასობით ადამიანს დაუფიქრებლად ხოცავენ, მაგრამ ყოველთვის ზრუნავენ ქალებზე, რომელთაც უმნიშვნელო ჭრილობებიდან სისხლი სდით. ნუ დარდობ, ჭკვიანი ქალიშვილი გყავს, ჩემო ფროიდ. ფროიდი მონათხრობმა ძალიან ააღელვა.
ფროიდი: მე, მე, მე… დავუშვათ და დაგიჯერეთ.
უცნობი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. ღიმილით უახლოვდება ფროიდს, ხელს ართმევს და პროფესორს ამშვიდებს. ხელმოსაწერად საბუთს და კალამს გაუწვდის.
უცნობი: ბოლო ერთი თვის განმავლობაში 500 თვითმკვლელობა დაფიქსირდა ვენაში, ძირითადად, ებრაელების.
ფროიდი: საიდან იცით?
უცნობი: გაზეთებს ვკითხულობ. ნაცისტების ხელისუფლებამ, შესწორებული ცნობა გამოაქვეყნა, ამბობენ მონაცემები გადაჭარბეულია და მხოლოდ 487 ნებაყოფლობითი სიკვდილი დაფიქსირდაო. ამ ხალხს განსაკუთრებით უყვართ სიზუსტე.
შემოსასვლელში ისევ ნაბიჯების და ნაცისტის ღრიალის ხმა ისმის, რომელიც. ბრძანებებს გასცემს.
ფროიდი: (შეშინებული) აი, ისევ! რა ვუთხრა? თუ დავთანხმდები, აღარაფერი გვექნება
უცნობი: სიტუაცია შენს სასარგებლოდ შემოაბრუნე.
ფროიდი: როგორ?
უცნობი მაგიდიდან სურათს იღებს და ფროიდს უწვდის.
უცნობი: აი, ეს გამოიყენე.
ფროიდი: ეს ფოტო? ამით რა უნდა ვქნა? რა უნდა ვუთხრა? არ წახვიდეთ, ჩემთან დარჩით!
უცნობი: აბა, ჩემო ფროიდ, ნუ ბავშვობთ. ახლა საკუთარი თავის რწმენა გმართებთ.
ფროიდი: ჩემთან დარჩით! თქვენ დაელაპარაკეთ!
უცნობი: სასაცილოა! მაინც ვერ დამინახავს. ამ საღამოს, მხოლოდ თქვენ მხედავთ.
სცენა VII
ნაცისტი შემოვიდა. უცნობი ფარდის უკან შეხტა. ფროიდს ისევ სულელურად უჭირავს ფოტო, რომელიც უცნობმა მიაწოდა.
ნაცისტი: აბა, პროფესორო ფროიდ, მოიფიქრეთ რამე?
ფროიდი: რა თქმა უნდა, მოვიფიქრე. ცდილობს დრო მოიგოს და ბოლთას სცემს.
ფროიდი: (ნაცისტს უყურებს, ჩაფიქრებული,) დიახ, დიდხანს ვიფიქრე … (ძალებს იკრეფს) აი, შემთხვევით, ამ ფოტოს გადავაწყდი და ჩემს თავს ვუთხარი… (თვალწინ უტრიალებს)
ნაცისტი: (არც შეუხედავს) თემას ნუ გადაუხვიეთ. მოიფქრეთ, ფული როგორ გადმომცეთ?
ფროიდი: (ტაქტიკა შეარჩია) ახლავე, ახლავე… მაშ, ასე, ეს ფოტო ვიპოვე და როგორც კი დავხედე, მაშინვე თქვენი ნათქვამი გამახსენდა, ებრაელებს ცხვირით ვცნობო, რომ მითხარით. ცხვირით, არა? კეთილი, ძალიან უცნაურად მომეჩვენა და გავიფიქრე… არა, არა! ნამდვილად ვცდები…
ნაცისტი: რას გულისხმობთ?
ფროიდი: ვიფიქრე, ეს ცხვირი…
ნაციტი: (შეწუხებული) ვერ მიგიხვდით?
ფროიდი: თქვენი ცხვირი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ბიძაჩემ სიმონის ცხვირს. უბრალო კაცი არ გეგონოთ, რაბინი იყო. (ნაცისტი უცებ ცხვირზე ხელს წაივლებს) უნდა შევნიშნო, რომ მიმსგავსება დიდად არ მეხერხება, მაგრამ აქ ნათესაური იერი ნამდვილად იგრძნობა. უნდა შევნიშნო, რომ მე ძალიან სწორი ცხვირი მაქვს, თქვენ კი კეხიანი… მაგრამ, ებრაელი მე ვარ! ასევე უნდა აღვნიშნო, რომ არავის ვუნახივარ სინაგოგაში, მაგრამ მაინც მე ვარ ებრაელი! ფულის საშოვნელად არასოდეს არაფერი გამოკეთებია… და მაინც მე ვარ ებრაელი! ძალიან უცნაურია… თქვენს ცხვირზე არავის არაფერი უთქვამს?
ნაცისტი: უნდა წავიდე.
ფროიდი: ნათესაობაში ხომ არ გყავდათ…
ნაცისტი: უნდა წავიდე.
ფროიდი: დიახ, ებრაელებს რომ დევნით, მართალი ბრძანდებით. საკუთარი ბანაკი უნდა მოძებნოთ და გაანადგუროთ! იცით, რატომ უნდა გეშინოდეს ებრაელების იმიტომ, რომ ვერასოდეს იქნები დარწმუნებული, რომ შენც ერთ-ერთი მათგანი არ ხარ. (აგრძელებს) მგონი ჩემი უცხოური ანგარიშების შესახებ უნდა გველაპარაკა?
ნაცისტი: (შანტაჟს მიუხვდა) საჭირო აღარ არის.
ფროიდი: რატომაც არა, წავიდეთ თქვენს უფროსებთან, სიამოვნებით გავესაუბრებოდი… ამ ფულზეც მოვუყვებოდი, იმაზეც, რომ ჩემი ანდერძის შესახებ არაფერი თქვით… ჩემს ჰიპოთეზასაც გავაცნობდი ფიზიკურ მსგავსებათა შესახებ… მეგობრულად ვისაუბრებდით…
ნაცისტი: საჭირო არ არის. ჩათვალეთ, თქვენი ანდერძი არასოდეს მინახავს…
ფროიდი: ჩემს ქალიშვილს რაც შეეხება, მალე დააბრუნებთ?
ნაცისტი: (ხვდება, რომ აშანტაჟებენ) მალე.
ფროიდი: (ირონიული სიცილით) ძალიან მალე?
უცნობი: შეიძლება. თქვენ მალე გაემგზავრებით?
ფროიდი: (ისევ სიცილით) ძალიან მალე.
ნაცისტი: ღამე მშვიდობისა.
ფროიდი: ღამე მშვიდობისა. (როცა ნაცისტი შებრუნდება) ბატონო გესტაპო, იცით, მივხვდი, რა არის ჩემში ებრაული, თქვენში კი არა. რამდენიმე დღეში მე ცოლ-შვილთან ერთად ავიკიდებ ჩემოდნებს და ბარგი-ბარხანას და დევნილობის გზას დავადგები. ნამდვილი ებრაელობაც სწორედ ეს არის.
ნაცისტი: (ცივად) ღამე მშვიდობისა.
ნაცისტი გადის, ფროიდი სიხარულისაგან ხელებს იფშვნეტს; ხვდება, რომ გაიმარჯვა. ფარდის უკან დამალული უცნობისკენ მიემართება, სურს მასთან ერათად იზეიმოს გამარჯვება. მაგრამ ნაცისტი კარის ზღურბლთან ისევ ჩნდება, შეშფოთებისა მიუხედავად ფროიდთან მოსვლის მიზეზი გაახსენდა.
ნაცისტი: სხვათა შორის, ვინმე ხომ არ დაგინახავთ?
ფროიდი: (გაოცებულია, თუმცა მექანიკურად უარით პასუხობს) არავინ.
ნაცისტი: (კამყოფილი) ძალიან კარგი.
ფროიდი: ვინ უნდა დამენახა?
ნაცისტი: (მიდის) არაფერია, მაინც არავინ გინახავთ.
ფროიდი: (ნაცისტისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს) რა მოხდა? რა უნდა დამენახა?
ნაცისტი: არაფერი, ექიმო. უბრალოდ ერთი კაცი გაიქცა, ბერგრასეზე რომელიღაც სახლში შევიდა, უკვე ერთი საათია ვეძებთ.
ფროიდი: (სწრაფად, შეფიქრიანებული) აქ არავინ არის.
ნაცისტი: მჯერა თქვენი. ღამე მშვიდობისა. ისევ წასვლას აპირებს.
ფროიდი: ვინ კაცი? საიდან გაიქცა? ციხიდან?
ნაცისტი: საგიჟეთიდან. საბრალო გიჟია. ზოგი ირწმუნება, რომ თქვენ სახლთან ნახეს. ამიტომ, ყველას სართულს ვათვალიერებთ.
ფროიდი: როგორი გიჟია? ისტერიკული? შიშები აქვს? თუ აკვიატებული აზრები აწუხებს?
ნაცისტი: (დამაჯერებლად) დარტყმულია. (პაუზა) მაგრამ საშიში არ არის. ჩემი აზრით ისეთია, ამბების მოყოლა რომ უყვართ, ხომ იცით, ზოგს გოეთე ჰგონია თავი, ზოგსაც ნაპოლეონი.
ფროიდი: (დადარდიანებული) მითომანი ყოფილა!
ნაცისტი: ღამე მშვიდობისა ექიმო, ფანჯარა და კარი კარგად დაკეტეთ, ყოველი შემთხვევისათვის… (გადის.)
სცენა VIII
ფროიდი სასოწარკვეთილია, რომ ახლახანს ნაპოვნი რწმენა კვლავ დაკარგა. არ ინძრევა.
უცნობი ნელა გამოდის ფარდიდან და ფანჯარას ხურავს.
შემდეგ ტრიალდება და ფროიდისკენ იხრება.
უცნობი: ვოლტერ ობერსეი.
ფროიდი: (ინერტულად) უკაცრავად?
უცნობი: ვოლტერ ობერსეის ეძებენ.
ფროიდი: ანუ თქვენ… უბნობი არ ეწინააღმდეგება.
უცნობი: ვოლტერ ობერსეი, ერთი საბრალო კაცია, რომელიც თორმეტ წლამდე სარდაფში გამოკეტილი იზრდებოდა. როცა გაანთავისუფლეს, აღმოჩნდა, რომ მას არც დღის შუქი ენახა ოდესმე, და არც ხმა გაეგო, მხოლოდ და მხოლოდ წყვდიადს იცნობდა. თვეების მანძილზე ძალა არ ჰქონდა, ამბობდნენ გიჟიაო. როგორც კი მეტყველება დაიწყო, ათასგვარ ისტორიებს იგონებდა, სცენებს დგამდა, სადაც მთავარი გმირი თავადვე იყო, თითქოს სურდა დაკარგული დრო ანაზღაურებინა. მაშინ დაადგინეს რომ მითომანი იყო. (ფროიდმა ისე ამოიხვნეშა, თითქოს არაფრის გაგონება აღარ უნდაო) მისი ცხოვრების შესახებ არავის უოცნებია, ძილის წინ არავის დახრილა მის საწოლთან, რომ წარმატებული ცხოვრება და ბედნიერი სიყვარული ესურვებინა. გიჟები ყოველთვის ის ბავშვები არიან რომელზეც არ ოცნებობენ. (პაუზა) ეს გრძნობა ჩემთვის ძალიან ახლობელია.
ფროიდი: (მძიმედ) უცნაურია, მართალია გამაცურეთ, მაგრამ არ გიბრაზდებით. (ფროიდი ფანჯარასთან მიდის და აღებს). პირიქით, თითქოს ტკივილისგან გავთავისუფლდი კიდეც, თითქოს ეკალი ამომაცალეს…
უცნობი: ეჭვის ეკალი.
ფროიდი: (ღია ფანჯრის წინ) ამ საღამოს, სამყარო ავად არის. (შორიდან ნაცისტების ფეხის ხმა ისმის) სიძულვილის სიმღერები ისმის; ქალიშვილი წამართვეს; და პირველად ჩემს ცხოვრებაში, არ მინდა ჩემთან მოსულ უბედურ კაცს ვუმკურნალო… (უცნობისკენ ბრუნდება) არა, მე არ გიმკურნალებთ, არც ამ საღამოს, არც ხვალ. მე აღარ მჯერა ფსიქოანალიზის. ამ ქვეყნად აღარ… (თავისთვის) რა საჭიროა უბრალო ჩიტის გადარჩენა, როცა მთელი ქალაქი იწვის? კიდევ როგორ უნდა მჯეროდეს მედიცინის? უცნაური არ იქნება, ერთ გიჟს ვუმკურნალო მაშინ, როცა მთელი სამყარო შეიშალა? (პაუზა) მართლა არავის ყვარებიხართ?
უცნობი: (მოულოდნელად აფორიაქებული) ნამდვილი სიყვარულით? არ ვიცი.
ფროიდი: (არც მობრუნებულა) უსიყვარულოდ, მხოლოდ სიმარტოვეა. (უცნობი ისე აღელდა, რომ ვეღარ პასუხობს) ანა, მარტა, ჩემი ვაჟები რომ არ მყვარებოდა, შევძლებდი კი სიცოცხლის გაგრძელებას?
უცნობი: მაგრამ ამ სიყვარულში ხომ იმ სიყვარულსაც გულისხმობთ, რომელიც უკან გიბრუნდებათ…
ფროიდი: მართალია.
უცნობი: ხოლო როცა მარტო შენ გიყვარს, მაინც მარტო ხარ.
ფროიდი: (ტრიალდება და უცნობს მოუხერხებლად ხელზე უჭერს) არ ვბრაზობ, რომ მომატყუეთ. მაგრამ ამ საღამოს ანას უნდა დაველოდო, სხვა არაფერი შემიძლია. ხვალ შემომიარეთ. ჩვენ… ვილაპარაკებთ… სიყვარულს ვერ დაგპირდებით, მაგრამ თქვენზე ნამდვილად ვიზრუნებ… ესეც ხომ ერთგვარი სიყვარულია… (გადაწყვეტილება მიიღო) გიმკურნალებთ.
უცნობს ფროიდის ხელი უჭირავს და პროფესორი კი სიმორცხვის გამო ვერ ეწინააღმდეგება.
ფროიდი: ხედავთ, აქ მხოლოდ ჩვენ ვართ, მე, შენ და ჩვენი ტკივივლი… აი, ამიტომაც არ არსებობს ღმერთი… ცა მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი ჭერია, რომელიც ადამიანთა სატანჯველს გადმოჰყურებს.
უცნობი: ასე ფიქრობთ? მართლა?
ფროიდი: გონებამ განდევნა მოჩვენებები… ამიერიდან აღარ იარსებებენ წმინდანები, მათ ექიმები შეცვლიან. ადამიანს ადამიანმა უნდა მიხედოს. (პაუზა) მე თქვენ გიმკურნალებთ.
უცნობი: (გულახდილად) მითხარით, ახლავე, მართლა დაიჯერეთ რომ მე ვიყავი… ის (ცაზე მიუთითებს)?
ფროიდი: (დარცხვენილი) დავიბენი… და იმიტომ.
უცნობი: (მხიარულად) ახლა ყველაფერი დამთავრდა? (ფროიდი ეთანხმება) გულის სიღრმეში, ვოლტერ ობესეის არსებობის უფრო გჯერათ, ვიდრე ღმერთის?
ფროიდი: იცით, ბატონო ობერსეი, მე მოხუცი კაცი ვარ. მთელი ცხოვრება გონიერებას სისულელისაგან ვიცავდი, ვმკურნალობდი, ადამიანის საკეთილდღეოდ ადამიანს ვებრძოდი, მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი, წამით არ ამომისუნთქია, და რა მივიღე? ზოგჯერ ჩემი ყელი ისე ყარს, რომ ჩემი ძაღლიც კი მერიდება და საბრალო, ოთახის ბნელ კუთხეში შეიყუჟება და შორიდან მიყურებს. უეცარ, წამიერ სიკვდილს ვნატრობდა, თუმცა სანაცვლოდ, აგონია მერგო. ათასჯერ შემეძლო მებუტბუტა ღემრთის სახელი, ათასჯერ მინდოდა დამელია მისი ნუგეშის წყარო, ათასჯერ
მსურდა ღმერთისადმი რწმენას გამბედაობა მოეცა ჩემთვის სატანჯველში და სიკვდილთან ზიარებაში. მაგრამ ამზე ყოველთვის უარს ვამბობდი. ეს ისეთი ადვილი იყო. ახლა კი თითქმის დავნებდი იმიტომ, რომ ჩემს ნაცვლად შიში ალაპარაკდა.
უცნობი: დანებება აჯობებდა.
ფროიდი: ისედაც ბევრ ტკივილგამაყუჩებელს ვღებულობ, ეს კი აღარ მინდა.
უცნობი: რატომ არ გინდა?
ფროიდი: იმიტომ, რომ გონებას ადუნებს.
უცნობი: თუკი ეს თვენს გონებას სჭირდება…
ფროიდი: გონებას კი არა, ჩემში ჩაბუდებულ ცხოველს უნდა, რომ სწამდეს უფლის; სხეულს აღარ უნდა სიმწრის ოფლში იწურებოდეს. ღმერთის რწმენა ხაფანგში მომწყვდეული ნადირის სურვილია, იგი ძაღლებით გარშემორტყმული ქარაფზე მდგარი ირმის მზერაა, რომელიც გამოსავალს ეძებს… ღმერთი, ეს არის სხეულის ყვირილი, სხეულის ამბოხი!
უცნობი: ესე იგი, რწმენაზე უარს იმიტომ ამბობთ, რომ თავი კარგად არ იგრძნოთ?!
ფროიდი: (გაცხარებით) მე არ მწამს ღმერთის, რადგან ჩემში ყველაფერი რწმენისთვის არის გამზადებული! მე არ მწამს ღმერთის, რადგან მინდა რომ მწამდეს! მე არ მწამს ღმერთის, რადგან უბედნიერესი ვიქნებოდი, რომ მწამდეს!
უცნობი: (ისევ ხუმრობით) კი მაგრამ, ექომო ფროიდ, თუ ამის სურვილი გაქვთ, ხელს რატომ კრავთ, რატომ უარყოფთ? რატომ ახშობთ? თქვენს ნაშრომებს თუ გავიხსენებთ…
ფროიდი: ეს საშიში სურვილია!
უცნობი: საშიში რისთვის? ვისთვის?
ფროიდი: საშიში ჭეშმარიტებისთვის… ილუზიით თავს ვერ მოვიტყუებ.
უცნობი: ჭეშმარიტება საკმაოდ მკაცრი მბრძანებელია.
ფროიდი: მომთხოვნიც…
უცობი: დაუკამაყოფილებელიც!
ფროიდი: ჭეშმარიტებას არ ახასიათებს კმაყოფილება. (უხსნის, მთლიანად თავის მონათხრობზეა კონცენტრირებული) ბატონო ობერსეი, ადამიანი გვირაბში ცხოვრობს. ერთადერთი შუქი, რომელსაც ხედავს, მის მიერვე ნაჭრის ნაგლეჯისგან და ზეთისგან დამზადებული ჩირაღდანია. მან კარგად იცის, რომ ადრე თუ გვიან ცეცხლი ჩაქრება. ამ ფიქრთან ერთად უჩნდება რწმენა, რომ გვირაბის ბოლოს
აუცილებლად იქნება კარი, რომელიც სინათლეზე გაიყვანს… ათეისტისთვის კი ეს კარი არ არსებობს, ერთადერთი შუქი მის მიერვე ანთებული ჩირაღდანია, და გვირაბის ბოლოც, სხვა არაფერია, თუ არა მისი, საკუთარი დასასრული… და როცა კედელს ენარცხება, ბუნებრივია, მას უფრო მეტად სტკივა, როცა ბავშვს კარგავს, უფრო დიდ სიცარიელეს განიცდის, პატიოსნად ცხოვრებაც უფრო უმძიმს… მაგრამ მაინც ცხოვრობს! და ხვდება, რომ უკუნი ღამე შეუბრალებელია… თუმცა მაინც წინ მიიწევს. ტკივილი უფრო მტკივნეული ხდება, შიში უფრო საშიში, სიკვდილი კი საბოლოო… და სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ მომაკვდინებელ ავადმყოფობად იქცევა მისთვის.
უცნობი: თქვენი ათეისტი მხოლოდ იმედგაცრუებული კაცია.
ფროიდი: უიმედობას სხვა სახელიც ჰქვია, სიმამაცე. ათეისტს ილუზიები არ გააჩნია. მათი ადგილი გამბედაობამ დაიკავა.
უცნობი: რა მოიგო ამით?
ფროიდი: ღირსება. (პაუზა)
უცნობი ფროიდს უახოვდება. დამშვიდდა. გულწრფელად
უცნობი: ეგ, გამბედაობა მეტისმეტად შეგყვარებია ექიმო ფროიდ.
ფროიდი: შენობით ნუ მელაპარაკები. (პაუზა.)
უცნობი: მიბრაზდებით?
ფროიდი: ახლა ყველაფერი ისე მტკივა, რომ სიძულვილის თავი არ მაქვს. უცნობი ისევ ხალს წაავლებს.
უცნობი: გმადლობთ. (სიჩუმე) მიბრაზდებით, რომ ახლა მოვედი. თუმცა ადრე მოსვლითაც არაფერი შეიცვლებოდა, ისევ-ისე იცხოვრებდით, ექიმო ფროიდ, ღირსეულად, ლამაზად, პატივით…
ფროიდი: (დაქანცული) ვოლტერ ობერსეი, ღმერთად ნუღარ მოგაქვთ თავი. თქვენმა ჯანსაღმა მხარემ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ტყუილია. (ხელებს ითავისუფლებს.)
უცნობი: (ღიმილით ასკვნის) როგორც ვხვდები, თქვენ ღმერთის არ გწამთ, თუმცა გწამთ ვოლტერ ობერსეის. (რევერანსით) ეს მისთვის დიდი პატივია. (მხიარულად) მერე და ვინ დაგიმტკიცებთ, რომ ვოლტერ ობერსეი მართლა არსებობს?
ფროიდი: (აღარ იღიმის) დავიღალე.
უცნობი: არა, კი არ დაიღალეთ, გამუდმებით ანაზე ფიქრობთ. ალბათ ძალიან გულისამაჩუყებელი იქნებოდა, ცოტათი მოსაწყენი რომ რომ არ იყოს.
ფროიდი: (გაბრაზებული) თქვენთვისვე აჯობებს ამ საღამოს ღმერთი კი არა, ის იყოთ, ვინც სინამდვილეში ხართ… თვითმარქვია… ღმერთი რომ იყოთ…
უცნობი: (ინტერესით) მერე რა?
ფროიდი: (დგება) თუ ღმერთი ხართ, ძალიან ცუდი საღამო კი შეგირჩევიათ სტუმრობისთვის… ღმერთი რომ მართლა არსებობდეს და ახლა ჩემს წინ იდგეს!..
უცნობი: ღმერთი მართლა რომ არსებობდეს?
ფრიოდი: არა, თქვენზე არ ვბრაზობ, მაგრამ თუ ღმერთმა იმ არარსებობას დააღწია თავი, სადაც ოდესღაც ადგილი მივუჩინე, მე…
უცნობი: თქვენს წინ ღმერთი რომ იდგეს, რას იზამდით?
ფროიდი: თუ ღმერთი პირისპირ გამომეცხადება, ანგარიშს მოვთხოვ. მოვთხოვ…
(სულ უფრო ბრაზდება, უცებ დგება.)
უცნობი: (ამხნევებს) მას მოსთხოვთ?
ფროიდი: ვეტყოდი… (უფრო გამძვინვარებით) ღმერთო, ბოლოს და ბოლოს ცხვირი გამოყავი ფანჯრიდან! ნეტავ ღმერთმა თუ იცის, რომ უბედურება რკინის ქუსლებიანი ტყავის ჩექმებით^დააბიჯებს ბერლინისა და ვენის ქუჩებში, სულ ცოტაც და მთელ ევროპას შემოირბენს?! ნეტავ ღმერთმა თუ იცის, რომ სიძულვილმა შექმნა საკუთარი პარტია, სადაც თავი მოუყარა ყველანაირ სიძულვილს: სიძულვილს ებრაელებისადმი, ბოშებისადმი, ყოველგვარი განსხვავებულისადმი?
უცნობი: (თავისთვის) ნუთუ შეიძლება ამის არ ცოდნა?
ფროიდი: საჭირო არ იყო, ბოროტება ასეთი სანახაობრივი გამხდარიყო, ხელში იარაღი აეღო და სისხლით შეღებილიყო. მე მას ხომ ყველგან ვხედავდი, იმ დღიდან, როცა პატარა ბავშვი სამზარეულოს ფილებზე ვიდექი და მდუმარე სამყაროს ამაოდ ვეძახდი. (უცნობს უახლოვდება). ჩემს წინ ღმერთი რომ იდგეს, ცრუ დაპირებებისთვის მოვთხოვდი პასუხს!
უცნობი: ცრუ დაპირებებისთვის?
ფროიდი: უბედურება ეს ის დაპირებაა, რომელსაც ის არ ასრულებს. (ხმამაღლა ფიქრობს) განა რა არის სიკვდილი, თუ არა სიცოცხლის დაპირება, სიცოცხლის, რომელიც ჩემს სისხლში ჩქეფს, ჩემს კანქვეშ მოძრაობს, არც ეს დაპირება შეასრულა. როცა ჩემს თავს ვეხები, როცა არსებობის უმაღლეს ბედნიერებას, გონებრივ თრობას ვეძლევი, არ ვგრძნობ, რომ მოკვდავი ვარ. ამ დროს, სიკვდილი არსად არის, არც ჩემს სხეულში, არც ჩემს გონებაში, მე სიკვდილს ვერ ვგრძნობ, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს, იმიტომ რომ მისწავლია, მის შესახებ მსმენია. ნეტავ რომ არ ეთქვათ, ოდესმე გავიგებდი, რომ მოკვდავი ვარ? სიკვდილი ზურგიდან მოგვიკაკუნებს ხოლმე. რომ
მცოდნოდა, უკვდავი ვარ, სულ სხვა გზით წავიდოდი. სიკვდილის უბედურება ის კი არ არის, რომ ამით ყველაფერი მთავრდება, არამედ ის, რომ სიცოცხლეს დაგვპირდნენ და არ შეგვისრულეს. აი, ღმერთის დანაშული!
რა არის ტკივილი, თუ არა უარყოფილი სხეულის ერთიანობა? სხეული შექმნილია მოძრაობისა და გართობისთვის, სხეული ერთიანი ორგანიზმია. ახლა კი რას ვხედავთ: სხეული დაჭრილი, დანაკუწებილი და დაუძლურებულია. ის გააბრიყვეს. არა, ტკივილი სხეულში კი არ ბინადრობს, არამედ სულში. ყველა ჭრილობა სულის ჭრილობაა ეს ის დაპირებაა, რომელიც არ შესრულდა. აი, ღმერთის დანაშული!
ზნეობრივი ბოროტება, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს აყენებენ, იგივე მშვიდობის დარღვევა არ არის? დედის თბილი მკერდი, მისი გულის სიღრმიდან მომავალი ხმა, სიტყვები, რომლებიც მაშინ არ გვესმოდა, თანხმობა მთელ სამყაროსთან, იმ სამყაროსთან, რომელიც მოქცეული იყო ორ თბილ ხელში. ეს ხელები გვაძლევდნენ საჭმელს, ძილს, ალერსს… სად წავიდა ეს ყველაფერი? საიდან მოვიდა ეს ომი? აი, კიდევ ერთი ცრუ დაპირება! აი, ღმერთის დანაშული!
მაგრამ ყველაზე დიდი ბოროტება, ბოროტების უმაღლესი წერტილი, რომელსაც მთელი არსებობის მანძილზე ვერ შეეგუები, ეს არის შეზღუდული, საზღვარდადებული აზროვნება, რომელიც გონიერებას სისულელად აქცევს. გეგონება ღმერთმა აზროვნების უნარი იმიტომ მოგვცა, რომ მას მხოლოდ ზედაპირულად შევეხოთ. ეს იგივეა, გწყუროდეს და წყალი ვერ დალიო. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაფერს გაიგებენ, ყველაფერს შეიცნობენ, ჩასწვდებიან ყველაზე გაუგონარს, ყველაზე სათუთს, მაგრამ გონება ბოლომდე ვეღარ მოგვყვება და შუა გზაზე გვტოვებს. ყველაფერი არ გვეცოდინება, ვერ გავიგებთ ყველაზე მთავარს. 300 000 წელიც რომ მეცხოვრა, ვარსკვლავთა იდუმალებას მაინც ვერ ამოვხსნიდი და ტალახში მდგარი კვლავ იმის ძიებაში ვიქნებოდი, რას ვაკეთებ აქ, ამ მიწაზე! ჩვენი აზროვნების უსუსურობა კიდევ ერთი პირობაა, რომელიც არ შესრულდა.
ღალატის გარეშე ცხოვრება მშვენიერი იქნებოდა…
რომ არ მჯეროდეს, რომ ცხოვრება ხანგრძლივი, სამართლიანი და ბედნიერი უნდა იყოს, მაშინ ის ძალიან ადვილი იქნებოდა…
უცნობი: მისგან ძალინ ბევრს ელი.
ფროიდი: უფრო სულელი რომ გავეჩინე, არაფრის იმედი არ მექნებოდა… აი, ასე, ბატონო ობერსეი, თუ ღმერთი არსებობს, ესე იგი ის მატყუარა ღმერთია. იგი მოულოდნელად გამოგვეცხადება ხოლმე და მერე უცებ ქრება! ღმერთი ბოროტებას ქმნის, რადგან ბოროტება ეს არის დაპირება, რომელსაც არ ასრულებენ.
უცნობი: ნება მომეცით აგიხსნათ.
ფროიდი: აზრი არ აქვს, არაფერში მჭირდება ახსნა-განმარტებები. ღმერთი თავისი შექმნილი სამყაროთი კმაყოფილი რომ იყოს, მაშინ იქნებოდა უცნაური, უმოწყალო, ფარისეველი და დამნაშავე ღმერთი. შემოქმედი ადამიანთა უბედურებისა! მისთვისვე აჯობებდა, არ ყოფილიყო. და ბოლოს, ღმერთი თუ მართლაც არსებობს, მისი სახელია სატანა.
შეშინებული უცნობი განზე გახტა. უცნობი: ფროიდ!
ფროიდი: ვოლტერ ობერსეი, მატყუარა ხართ, შესანიშნავი მატყუარა, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ტყუილების საუკეთესო ოსტატი თავად ღმერთია.
უცნობი: ბოდავთ.
ფროიდი: დღეს, როცა მთელი სამყარო ცრემლად იღვრება და ჩემი ქალიშვილიც გესტაპოს კლანჭებშია მომწყვდეული, ღმერთის პირისპირ რომ აღმოვჩნდე, სახეში მივახლიდი: `შენ არ არსებობ! და თუ არსებობ და ყოვლისშმეძლე ხარ, მაშინ ბოროტი გამოდიხარ; მაგრამ თუ ბოროტი არ ხარ, ე.ი.Yყოვლისშემძლე არ ყოფილხარ. ვინაიდან ბოროტმოქმედი და საზღვარდადებული ხარ, მაშინ არ ყოფილხარ ღმერთის სიმაღლეზე მყოფი ღმერთი. არავის სჭირდება შენი არსებობა. ატომები, შემთხვევითობა, დიდი აფეთქება ამ უსამართლო სამყაროს ასახსნელად სრულიად საკმარისია. შენ კი, საბოლოოდ ჯამში, მხოლოდ ერთი უვარგისი ჰიპოთეზა ხარ!~
უცნობი: (წყნარად) ღმერთი კი უთუოდ ასე გიპასუხებდათ: `ჩემსავით მომავლის ჭვრეტა რომ შეგეძლოს, გაცილებით ღვარძლიანი იქნებოდი, მაგრამ მაშინ ამ გესლს და ბრალდებას ნამდვილი ადრესატი ეყოლებოდა~. (თვალებს ჭუტავს) უფრო შორს რომ იყურებოდე… (თითქოს საოცნებო ზმანებას ხედავს) დაინახავდი, რომ ეს საუკუნე ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული იქნება დედამიწის მახსოვრობაში. მას ადამიანის საუკუნესაც კი დაარქმევენ, მაგრამ სინამდვილეში ათასი ჭირის საუკუნე უფრო იქნება. აღმოსავლეთს წითელი ჭირი მოედება, დასავლეთს _ ყავისფერი. აი, აქ ვენის კედლებთან უკვე ვხედავთ მის პირველ ყავავილებს. მალე მთელ მსოფლიოს ისე მოედება, რომ წინააღმდეგობას თითქმის არავინ გაუწევს. სამშობლოდან გაძევებენ ექიმო ფროიდ? იცოდეთ, ბედნიერი კაცი ყოფილხართ! ყველას დახოცავენ: შენს მეგობრებს, შეგირდებს, შენს დებს და უამრავ უდანაშაულო ადამიანს, ყველას გაჟლეტენ… ათობით და ათასობით საშხაპეებში შერეკავენ და წყლის ნაცვლად გაზს გაუშვებენ. მათ გვამებს კი მათივე ძმები გამოიტანენ და ერთიანად უზარმაზარ ორმოებში ჩაყრიან. ნაცისტები საპონსაც კი გააკეთებენ დახოცილთა ცხიმისგან. … რა უცნაურია, უკანალი იმით ჩამოიბანო, რაც ასე გეზიზღება!
სხვა მრავალი ჭირიც იქნება, თუმცა ყველა მათგანის სათავე ერთი და იგივე ამპარტავნობის ვირუსია, შენც ეს გიშლის ხელს, ჩემი გწამდეს! არასოდეს ადამიანური ამპარტავნება ასე შორს არ წასულა. ადრე მხოლოდ უნდობლობას უცხადებდა ღმერთს, დღეს კი მისი ადგილი დაიკავა. ადამანში არის ღვთიური ნაწილიც. სწორე ის
უბიძგებს მას, უარყოს ღმერთი. თქვენ ხომ მცირედით არ კმაყოფილდებით. თქვენ ყველაფერს ხაზი გადუსვით, გამოაცხადეთ, რომ სამყარო სხვა არაფერია, თუ არა შემთხვევითობის ნაყოფი, მოლეკულების მყარი კავშირი! და რადგან ღმერთი აღარ გყავთ, თავად გახდით სამყაროს მბრძანებლები. ამ ქვეყნის ბატონები!… ადამიანს ეს სიგიჟე არასოდეს ისე არ ავარდნია თავში, როგორც ამ საუკუნეში. ბუნების ბრძანებლები დააბინძურებთ მიწას და შავი რღუბლებით დაფარავთ ზეცას. მატერიის მბრძანებლები მსოფლიოს შეაზანზარებთ! პოლიტიკის მბრძანებლები ტოტალიტარიზმს შექმნით! ცხოვრების მბრძანებლები კატალოგით აირჩევთ შვილებს! სხეულის მბრძანებლებს სიკვდილი და ავადმყოფობა ისე შეგაშინებთ, რომ თანახმა იქნებით, ნებისმიერ ფასად იარსებოთ, იციცხლოთ და არა იცხოვროთ. წამლებით გაბრუელბულები სათბურში გამოყვანილ ბოსტნეულს დაემსგავსებით. მორალის მბრძანებლები გადაწყვეტთ, რომ კანონები ადამიანებმა გამოიგონეს, და რადგან ყველაფერს ერთი ფასი ექნება, აღარაფერს ექნება ფასი! მაშინ ფული გახდება ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც ქალაქში ყველგან ტაძრებს აუგებენ და ამ უღმერთობაში მთელი სამყარო ფიქრის უნარს დაკარგავს.
ჯერ სიხარულისგან ცას ეწევით იმიტომ, რომ ღმერთი მოკალით, იმიტომ რომ უფალს აღარაფერი დარჩა და ყველაფერი ადამიანთა ხელშია. თავდაპირველად პატივმოყვარეობას არ ეცოდინება, რა არის შიში. მთელ სიბრძნეს თავად მიისაკუთრებთ. ისტორიას არასოდეს უნახავს ამდენი შავი და ამავდროულად ბედნიერი ფილოსოფოსი.
ამ ყველაფერს შენ ჯერ ვერ ხედავ, ფროიდ. მალე მთელს სამყაროში სინათლე გაქრება. ერთი საღამოს ერთ ახალგაზრდას ეჭვი შეიპყრობს, მის ასაკში ხომ ისე ხშირია ეჭვები, და ირგვლივ მყოფ მოწიფულ კაცებს ჰკითხავს: `მითხარით, რა არის ცხოვრების აზრი?~ პასუხს ვერავინ გასცემს.
ამის მიზეზი თქვენ იქნებით. შენ და შენისთანები.
აი, ამას გააკეთებთ საუკუნის დიდი ადამიანები: თქვენ ადამიანს ადამიანით, ცხოვრებას კი ცხოვრებით ახსნით. მაშინ ადამიანისგან რაღა დარჩება? საკანში გამოკეტილი გიჟი, რომელიც საკუთარ ცნობიერს და არაცნობიერს ჭადრაკს ეთამაშება! შენი სიკვდილის შემდეგ კაცობრიობა საბოლოოდ მარტო დარჩება საკუთარ ციხეში გამოკეტილი. ვხედავ ისევ გაქვს დამპყრობლის ჟინი, კონკისკადორივით ცდილობ ძველი სამყარო დაანგრიო და ახალი ააშენო… სხვებზეც იფიქრე. იფიქრე მათზე, ვინც მომავალში დაიბადება: რა იქნება მათი სამყარო? გაბატონებული ათეიზმი! ყველაზე უფრო სულელური ცრურწმენა, რაც კი ოდესმე ყოფილა ქვეყნად! ფროიდი: (შეშინებული) ეს არ მონდოდა.
ფროიდი მიხვდა რომ უცნობს ისე ელაპარაკებოდა, როგორც ღმერთს. თავი ხელებში ჩარგო, ამოიოხრა და თავის ხელში აყვანას შეეცადა.
ფროიდი: ვოლტერ ობერსეი, თქვენ საოცრად ჭკვიანი ადამიანი ბრძანდებით და ეჭვგარეშეა, ძალიან უბედურიც. მე არ ვარ ექსპერტი წინასწარმეტყველების საქმეში და არც მაინტერესებს. ვფიქრობ, ორივესთვის აჯობებს, შინ დაბრუნდეთ.
უცნობი: საგიჟეთში?
ფროიდი: გპირდებით, ერთმანეთს ხვალ შევხვდებით.
უცნობი: მოდით, ჩამაბარეთ თქვენ მეგობარ ნაცისტს. ისიც კმაყოფილი იქნება ჩემი დაკავებით და თქვენც მის თვალში ამაღლდებით.
ფროიდი: არა, მარტო წახვალთ თქვენს ოთახში.
უცნობი: (უსწორებს) საკანში! (მცირე პაუზა) რაც მართალი მართალია, დღევანდელ დღეს სჯობს, გიჟი იყო. ასე თითქმის დაცული ხარ.
სიჩუმე. უკიდურესად ანერვიულებული ფროიდი სიგარას უკიდებს. კვამლი ყელს უწვავს. უცნობი სინაზით სავსე თვალებით უყურებს და მის წინ ჯდება.
უცნობი: საკუთარ თავს რატომ ეწინააღმდეგებით? დანებდით.
ფროიდი: (სპონტანურად) დავნებდე? არასოდეს!
უცნობი: (თითქმის ფანატიკურად) რას მივაღწევდი რომ დავნებებოდი? არაფერს, პენსიაზე გასული ერთი ებრაელი ექიმი ვიქნებოდი. მთელი ცხოვრება სურდოსა და გაციებას ვუმკურნალებდი! (დგება) მე ღმერთის რწმენა არ მჭირდება. მე საკუთარი თავის რწმენა მჭირდება. ჩემი ცდების დადებითი შედეგები. და ერთი, თუნდაც ბრწყინვალედ მოსაუბრე გიჟი ვერ… (უეცრად რაღაც გაიფიქრა) თქვენ ნამდვილად ვოლტერ ობერსეი ხართ თუ არა?
უცნობი: თქვენი აზრით?
ფროიდი: კითხვა დაგისვით. ნამდვილად ვოლტერ ობერსეი ხართ?
უცნობი: როგორც ვხედავ, ისევ `არა~ უნდა გითხრათ, თუმცა ვოლტერ ობერსეიც იგივეს გეტყოდათ.
ფროიდი: (ძალა მოიკრიფა) ძალიან კარგი, ე.ი. პრეტენზიას აცხადებთ, რომ ღმერთი ხართ? დამიმტკიცეთ!
უცნობი: ვერ გავიგე?
ფროიდი: თუ ღმერთი ხართ, დამიმტკიცეთ. მე მხოლოდ იმის მწამს, რასაც ვხედავ.
უცნობი: მე ხომ მხედავთ.
ფროიდი: მე მხოლოდ ადამიანს ვხედავ.
უცნობი: ადამიანად უნდა გამოვცხადებულიყავი. ობობის, ან ღამის ქოთნის სახე რომ მიმეღო, სასტუმროდან ცხვირს ვერ გავყოფდით.
ფროიდი: რამე სასწაული მოახდინეთ.
უცნობი: ხუმრობთ?
უცნობი: სასწაული მოახდინეთ!
უცნობი: (სიცილი წასკდა) თავად ფროიდი, ექიმი ფროიდი, საუკუნისა და კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე სასწაულს მთხოვს… რად გადავიქცე, ძვირფასო მეგობარო? ცხენად, მზედ, ძროხად, ღრუბლების სავარძელში მჯდარ ზევსად, ბოძზე გაკრულ გასისხლიანებულ ქრისტედ თუ ბაგაში მწოლიარე ქალწულ მარიამად? მეგონა, სასაწაულები სულელებისთვის დამჭირდებოდა.
ფროიდი: (გაცხარებული) სულელები სასწაულებს ყველგან ხედავენ, მეცნიერს კი ვერ გააცურებ. მართლაც, ძალიან სამწუხაროა, რომ ღმერთმა ერთი სასწაულიც კი ვერ მოახდინა სორბონაში ან თუნდაც, რომელიმე მეცნიერის ლაბორატორიაში.
უცნობი: (სარკასტულად) სასწაული ის იქნებობოდა, ჩემი რომ გწამდეთ!
ფროიდი: ვერ მოგართვით! (ცივად) სასწაულს ველი!
უცნობი: უცნაურია! (უცებ უთმობს) იყოს ნება შენი! (თითქოს ფიქრობს) მზად ხართ? ხელ-ჯოხს ხომ ვერ დამიჭერდით?
ხელ-ჯოხს ფროიდს უწვდის, რომელიც დაუფიქრებლად ართმევს, ამ დროს ჯოხი ტრიალდება და ყვავილების დიდ თაიგულად გადაიქცევა.
გაოცებული ფროიდი რამდენიმე წამით თაიგულს უყურებს.
პროფესორის გაოცებული სახის დანახვაზე, უცნობი ხმამაღლა იცინის.
ფროიდი თაღლითობას მიუხვდა. გაიაზრა, რომ რომ სასაცილო რამ ითხოვა და თაიგული მიწაზე მოისროლა.
ფროიდი: მიბრძანდით აქედან! მარტო მითომანი კი არა, სადისტურად ნევროზილი სუბიექტიც ბრძანდებით. სადისტი ხართ!
უცნობი კვლავ იცინის. ეს ფროიდს კიდევ უფრო ღიზიანდება.
ფროიდი: სადისტი, რომელიც მშფოთვარე ღამით სარგებლობს! სადისტი, რომელიც ჩემს სისუსტეზე თამაშობს! მოულოდნელდ უცნობი სიცილს წყვეტს. მკაცრად
უცნობი: სისუსტე რომ არ გქონოდა, საიდან მოგიდგებოდი?
ფროიდი: საკმარისია. აღარაფრის მოსმენა აღარ მინდა! ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ყველაფერი! გადადით ფანჯრიდან და შინ დაბრუნდით! (კარზე ზრდილობიანად აკაკუნებენ.)
ფროიდი: (გაღიზიანებული) დიახ!
სცენა IX
ნაცისტი თითქმის მოწიწებით შემოდის. უცნობი, დაინახავს თუ არა, მაგიდის ქვეშ დაიმალება. ფროიდი მის საქციელს სარკასტულად უყურებს.
ნაცისტი: (მორჩილად) პროფესორო, თავს უფლება მივეცი და ამ საბუთის გადმოსაცემად შემოგიარეთ, თქვენი ანდერძია… ჩათვალეთ, არასოდეს მინახავს.
ნაცისტი ისე იყურება, თითქოს ფროიდს ეკითხება, იზიარებს თუ არა იგი ამ ვერსიას.
ფროიდი: სად არის ჩემი ქალიშვილი?
ნაცისტი: ახლა დაკითხვაზეა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძალდება. მერწმუნეთ წმინდა ფორმალობაა. ყოველ შემთხვევაში, თავს უფლება მივეცი და ამაზე ვიზრუნე. ფროიდი ხელს უწვდის და ანდერძს ართმევს.
ფროიდი: ძალინ კარგი. აღარ დაგაყოვნებთ. ნაცისტი ფროიდს მოუქნელად სამხედრო სალამს უძღვნის. წასვლას აპირებს.
ნაცისტი: აჰ, კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ გაქცეული გიჟი დავიჭირეთ…
ფროიდი: ვერ გავიგე?
ნაცისტი: ხომ გახსოვთ, საგიჟეთიდან გაქცეული სულელი… თქვენს ეზოში ნაგვის ურნის უკან იმალებოდა. ექთნებს გადავეცით.
ფროიდი: რატომ მეუბნებით ამას?
ნაცისტი: მაპატიეთ, მომეჩვენა, რომ გაინტერესებდათ. ისევ წასვლას აპირებს.
ფროიდი: დარწმუნებული ხართ, რომ არ ცდებით?
ნაცისტი: რაზე მეკითხებით?
ფროიდი: გიჟზე. ნამდვილად ის იყო?
ნაცისტი: ნამდვილად.
ფროიდი: ვოლტერ ობერსეი?
ნაცისტი: ჰო, მგონი ასე ერქვა… იცნობთ? საგიჟეთის პერსონალი ძალიან კმაყოფილია, ასე სწრაფად რომ ვიპოვეთ. თურმე, როცა ფორმაშია, ვისაც უნდა რასაც უნდა იმას
დააჯერებს. ბოლოს და ბოლოს სადაც საჭიროა იქ გამოვკეტეთ. რაც არ უნდა იყოს, ჩვენი საქმე კარგად ვიცით. ღამე მშვიდობისა.
ფროიდი: (ფერწასული) ღამე მშვიდობისა. ნაცისტი გადის.
სცენა X
ფროიდი ცდილობს ემოციები მოთოკოს. უზარმაზარ სიგარას მოუკიდა. უცნობი ისევ გამოჩნდა და ფროიდს თანაგრძნობით სავსე თვალებით უყურებს. უახლოვდება მას და სიგარას ნელა ართმევს.
უცნობი: სიკვდილი ისედაც გწვავს ექიმო ფროიდ. ნაკვერჩხლის დამატება საჭირო არ არის… ღონემიხდილი ფროიდი უცნობს ემორჩილება. პაუზა. ფროიდი უცნობს გაშტერებით უყურებს.
ფროიდი: რატომ მოხვედი?
უცნობი: (ცოტა შეწუხებული) ამას იმიტომ მეკითხებით, რომ გწამთ, თუ იმიტომ, რომ ჩემგან გინდათ თავის დაღწევა?
ფროიდი: რატომ მოხვედით?
უცნობი: (ბუნდოვნად) მეჩვენება, რომ გულწრფელი არ ხართ,
ფროიდი: (გამოცდილი ექიმის ტონით) თავად არ ხართ გულწრფელი. რატომ მოხვედით? სიმართლეს არ უნდა მიმალავდეთ.
უცნობი: კარგი. მე… უცნობი მოულოდნელად ცუდად ხდება.
უცნობი: (შეწუხებული) ექიმო ფროიდ! კისერი მისივ…
ფროიდი: (მშვიდად) ვხედავ, ძალიან გაწითლდით…
უცნობი: თავში რაღაც მიკაკუნებს, მირტყამს… რა ხდება?
ფრიდი: სიმორცხვის ბრალია.
უცნობი: ადამიანებს ყოველთვის ასე ემართებათ, როცა სიმართლის თქმას აპირებენ? ახლა მივხვდი, ამდენს რატომ იტყუებიან. (მხიარულად) მეტისმეტად კარგი რეინკანაციის ბრალია.!
ფროიდი: (დაჟინებით უყურებს) საკმარისია, თემიდან ნუღარ გადაუხვევთ. რატომ მოხვედით ჩემთან?
უცნობი: (მკაცრად) თქვენს მოსაქცევად ნამდვილად არა.
ფრიოდი: აბა რისთვის?
უცნობი: მოწყენილობის გამო მოვედი
ფროიდი: მეხუმრებით…
უცნობი: ზედაპირულ ახსნა-განმარტებებს უფრთხილდით, ხშირად სიმართლეს გვეუბნებიან. (პაუზა. პროვოკაციული ტონით) არა, მოწყენილობის კი არა, სიძულვილის გამო მოვედი. თქვენზე ვარ
გაბრაზებული.
ფროიდი: რატომ?
უცნობი: (ოსკარ უაილდის დენდის მსგავსად) იმიტომ, რომ ადამიანები ხართ, იმიტომ, რომ სულელები ხართ, იმიტომ, რომ შეზღუდულები და ჭკუასუსტები ხართ! გგონიათ, რომ ღმერთად ყოფნა საოცნებო ხვედრია. (ჯდება, ფეხს ფეხზე ელეგანტურად გადაიდებს) მე მაქვს ყველაფერი. მე ვარ ყველაფერი, მე ვიცი ყველაფერი. რა არის ამქვეყნად ისეთი, რომ ვინატრო და ვერ ავისრულო? არაფერი, გარდა ერთისა… დასასრულისა! იმიტომ, რომ მე არა მაქვს სასრული… ჩემს იქეთ არც სიკვდილია, არც საიქიო… არ შემიძლია, რაიმე მწამდეს საკუთარი თავის გარდა, იცი რას ნიშნავს იყო ღმერთი? ეს ამ ქვეყნად ერთადერთი ციხეა, რომელსაც ვერსად გაექცევი.
ფრიოდი: მერე ჩვენ?
უცნობი: ვინ ჩვენ?
ფროიდი: ადამიანები? (ყოყმანით) ჩევენ ხომ არ ვართ… ღმერთის გასართობი?
უცნობი: საკუთარ წიგნებს კითხულობთ? (უარის ნიშნად ფროიდი თავს აქნევს. უცნობი სამყაროს აანალიზებს) ზემოთ არაფერია, ყველაფერი ქვემოთაა. ყველაფერი მე გავაკეთე. სადაც არ უნდა წავიდე, მხოლოდ ან ჩემს თავს ვხვდები, ან ჩემს ქმნილებებს. ადამიანები სულაც არ ფიქრობენ, რომ ღმერთი ცუდ წრეშია! როცა თავად ხარ ყველაფერი, მოწყენილობისა და მარტოობისთვის ხარ განწირული…
ფროიდი: (მშვიდად) მეფეთა მარტოობა…
უცნობი: (მეოცნებედ, ექოსავით) მეფეთა მარტოობა…
ქუჩიდან სირბილის ხმა შემოდის. ნაცისტები შეყვარებულთა წყვილს მისდევენ. ისმის გაქცეულთა განწირული კივილი. ნაცისტების ღრიალი.
უცნობი: ჩემი გჯერათ?
ფროიდი: სულაც არა.
უცნობი: (შვებას იგრძნობს) მართალი ხართ.
წყვილი დააკავეს. ისმის, როგორ სცემენ, ისინი ყვირიან. აუტანელი სიტუაციაა. ფროიდი სასწრაფოდ დგება, ფანჯარასთან მისვლას აპირებს.
უცნობი წინ გადაუდგება და გზას გადაუღობავს.
უცბობი: არა, გეთაყვა.
ფროიდი: ნუთუ ამის გაკეთების უფლებას მისცემთ!
უცნობი: მე ადამიანი თავისუფალ არსებად შევქმენი!
ფროიდი: ბოროტებისთვის თავისუფალ არსებად?
უცნობი: (ფანჯარასთან არ უშვებს, ყვირილი ძლიერდება) ადამიანი თავისუფალია, როგორც სიკეთისთვის, ასევე ბოროტებისთვის, თავისუფლების არსიც ხომ ეს არის.
ფროიდი: ესე იგი თქვენ ამაზე პასუხს არ აგებთ?
პასუხად უცნობი ფროიდს მოულოდნელად ხელს უშვებს.. პროფესორი ფანჯარასთან მიიჭრება. ყვირილი მიჩუმდა. ჩექმების ხმა ნელ-ნელა მიწყდა.
უცნობი სავარძელში ჩაეშვა.
ფროიდი: დააპატიმრეს. სადღაც მიჰყავთ… (უცნობისკენ ბრუნდება) სად?
უცნობი: (ძალდაუტანებლად) ბანაკში…
ფროიდი: ბანაკში?
ფროიდი ნათქვამმა დააბნია. ფერმიხდილ უცნობს მიუახლოვდა.
ფროიდი: ხელი შეუშალეთ! ხელი შეუშალეთ ამ ყველაფერს! ამის მერე როგორ უნდა გიწამონ! შეაჩერეთ! ყელში წვდა.
უცნობი: არ შემიძლია.
ფროიდი: (გაცხარებით) მიდით! ჩაერიეთ! შეაჩერეთ ეს საშინელება, ჩქარა!
უცნობი: არ შემიძლია! აღარ შემიძლია!
უცნობი თავს ითავისუფლებს, ძალებს იკრეფს და ფანჯარას კეტავს. ჩექმების ხმა შეწყდა…
ძალაგამოცლილი უცნობი ფანჯრის მინას მიეყრდნობა.
ფროიდი: შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ!
უცნობი: ტყუილია. როგორც კი ადამიანებს თავისუფლება მივეცი, ჩემი ყოვლისშემძლეობა და ყოვლისმცოდნეობა იმ წამშივე დასრულდა. ყველაფრის
გაკონტროლებას, ყველაფრის წინასწარ ცოდნას მაშინ შევძლებდი თუ უბრალოდ ავტომატებს შევქმნიდი.
ფროიდი: აბა, რატომ შექმენი ეს სამყარო?
უცნობი: იმ მიზეზით, რა მიზეზითაც სისულელეებს სჩადიან, რა მიზეზითაც ვაკეთებთ ყველაფერს, რის გარეშეც არაფერი არ იქნებოდა… სიყვარულის გამო.
ფროიდს უყურებს. პროფესორი თავს ცუდად გრძნობს.
უცნობი: თვალებს ხრი, ჩემო ფროიდ, ნუთუ მოსიყვარულე ღმერთი აღარ გინდა? ალბათ მკაცრი ღმერთი გირჩევნია, წარბებშეჭმუხნული, დაღარული შუბლითა და ხელში ელვის ისრებით? ადამიანებმა მოყვარულ მამას მკაცრი მამა ამჯობინეთ… დამჯდარ ფროიდს უახლოვდება და მის წინ იჩოქებს.
უცნობი: რომ არა სიყვარული, რატომ უნდა შემექმნა ეს ყველაფერი? თუმცა, ადამიანებს სულ არ გჭირდებათ ღმერთის სინაზე, სულ არ გჭირდებათ ცრემლმორეული, ტანჯული ღმერთი,… (ნაზად) აჰ, დიახ, შენც ხომ ისეთი ღმერთი ისურვე, რომლის წინაშეც მუხლს მოიყრი, და არა ის ღმერთი, რომელიც შენს წინაშე დაიჩოქებს…
ფროიდის წინ მუხლმოყრილია. ხელს უწვდის. დარცხვენილი ფროიდი სადღაც იყურება.
უცნობი დგება და ფანჯარას უახლოვდება. მუსიკის ხმა ისმის. ფანჯარას აღებს. ნაცისტები მღერიან.
უცნობი: კარგად მღერიან, არა?
ფროიდი: სამწუხაროდ. სისულელე ყოველთვის უშნო რომ ყოფილიყო…
უცნობი: მშვენიერება… ხომ ძალიან მოგწონთ ადამიანებს.
ფროიდი: (გაოცებული) თქვენ არა?
უცნობი: აჰ, მე?… (იხსენებს) დიახ, ერთხელ რაღაცა საოცარი მოხდა… (თავს წევს, ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავს. სიმღერის ხმა ახლოვდება. ფროიდი ყურს უგდებს) მე კარგად ვიცნობდი ღრუბლების ბუტბუტს, გარეული იხვების სიმღერას, რომლებიც სამკუთხად დარაზმულები აფრიკისკენ მიფრინავდნენნ, თხუნელების ოცნებებიც მშვენივრად ვიცი, ჭიაყელების სასიყვარულო სიმღერის ხმაც გამიგონია, მინახავს, როგორ აპობენ კომეტები ცის ლაჟვარდს, მაგრამ მსგავსი… (მუსიკა უფრო გარკვევით ისმის) … არასოდეს არაფერი მსმენია. (მუსიკის ხმა ძლიერდება. მღერიან არიას ფიგაროს ქორწინებიდან “Dოვე სონო ი ბეი მომენტი“) თავიდან გავიფიქრე, ცის კაბადონზე ქარს გზა ხომ არ აებნაო. უცებ დავიჯერე… რომ დედა მყავდა, დედა,
რომელიც ხელებგაშლილი მელოდებოდა უსასრულობის დასალიერთან. მე დავიჯერე…
ფროიდი: რა გაიგონეთ?
უცნობი: მოცარტი. თქვენ ადამიანებს უნდა დაუბრუნოთ ადამიანის რწმენა…
მუსიკა ისევ ისმის. ფროიდი მაგიდასთან ზის, თავი ხელებზე აქვს ჩამოდებული და თვალებდახუჭული მუსიკას უსმენს. უცნობი ფარდის უკან უჩინარდება.
სცენა XI
ოთახში ანა შემოდის. მამის დანახვაზე ჩერდება. ფროიდს არაფერი ესმის და ვერაფერს ხედავს. ანა მამასთან მიდის და აღელვებული ეუბნება:
ანა: მამა! მუსიკა წყდება. ფროიდი ოცნებიდან გამოერკვევა და ტკივილნარევი სიხარულით ამოიხავლებს.
ფროიდი: ანა… ეხვევიან ერთმანეთს. თვალცრემლიანი ფროიდი პატარა ბავშვივით ეფერება ანას.
ფროიდი: ჩემი ანა, ჩემი სიხარული, ჩემი იმედი, ჩემი სიამაყე… ანა მამას ეხუტება.
ფროიდი: რამე ხომ არ დაგიშავეს?
ანა: ხელი არ დაუკარებიათ.
ფროიდი მთელი ძალით გულში იკრავს ქალიშვილს.
ანა: მამა, ჩვენს ასოციაციაზე მკითხეს… აინტერესებდათ, ფსიქოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია პოლიტიკური ორგანიზაცია ხომ არ იყო. იმდენი მოვახერხე, რომ დავარწმუნე… მამა, მეტკინა. (ფროიდი ისე მაგრად აღარ ეხვევა) ჩვენი თავი ისე დავუხატე, როგორც უწყინარ მოყვარულთა ჯგუფი, ძალიან მრცხვენია… (თავი ხელში აიყვანა) ერთი წუთითაც აღარ შეიძლება მოცდა. გესტაპოში საშინელი ამბები გავიგე. აპირებენ, ყელა ებრაელი სპეციალურ ბანაკენში გადაასახლონ. იქედან კი ცოცხალი ვერავინ გამოვა…
ფროიდი: (მოღუშული) ვიცი. ანა გაოცებული შეხედავს მამას.
ანა: (ისევ აგრძელებს) მაგრამ ამაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ებრაელები ჩუმად არიან და ხმას არ იღებენ. მორჩილად სხედან გესტაპოს დერეფნებში და თავიანთ რიგს ელოდებიან. ზედ აფურთხებენ, შეურაცხყოფენ, სახლიდან ყრიან… ისინი კი არაფერს ამბობენ. (გაცოფებული დააბიჯებს ოთახში) ისე იქცევიან, თითქოს მართლა დამნაშავენი იყვნენ! რით დაიმსახურეს ასეთი ბედი? იმით, რომ ებრაელები არიან? ებრაელობა დანაშაულია? რა დანაშაული? ნუთუ შენმა ახალდაბადებულმა შვილიშვილმა, მაშამაც მოასწრო დანაშაულის ჩადენა? მისი დანაშაული ნუთუ ის
არის, რომ ქვეყანას მოევლინა, არსებობს? ფროიდმა ქვეყნიდან გასვლის ნებართვას ხელი დაავლო.
ფროიდი: აუცილებლად წავალთ.
ანა: წავალთ და ყველაფერს ვიტყვით, მთელ სამყაროს მოვუყვებით ამის შესახებ.
ფროიდი: ჩევნ წავალთ და პირში წყალს დავიგუბებთ. რადგან ვენაში ჩემი ორი და რჩება… მერე მათ აზღვევინებენ. გავჩუმდებით, იმიტომ რომ ჩვენს უკან ებრაელები რჩებიან, რომლებზეც ჩვენი თავხედობისთვის შურს იძიებენ…
ანა: ესე იგი შენც! შენც გაჩუმდები!
ფროიდი: რაც არ უნდა იყოს, მე სიკვდილი ისედაც მახრჩობს.
ანა ხელებში ჩაუვარდა.
ფროიდი: მალე წავალთ, ჩემო პატარა გოგონა. კალამს იღებს და ხელის მოწერას აპირებს. უცებ ძლიერი ხველა აუვარდა.
ანა: მოწიე, არა!
ფროიდი: აბა რა მექნა, გელოდებოდი.
ანა: შენს ლოდინში დრო გამყავდა. ფროიდი ყელზე წაივლებს ხელს, რომელიც ძალინ სტკივა.
ფროიდი: ყელი მეჭიმება, ანა. (ძალებს იკრეფს) მალე წავალთ. უპასუხისმგებლოდ ვიქცეოდი. დიდ საფრთხში ჩაგაგდე, აქ რომ დავრჩით. მხოლოდ ჩემს მოხუც ტყავზე ვფიქრობდი… რომელსაც არც თუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს… უცებ მიხვდა, რომ უცნობი ოთახში არ იყო და კალამი ჰაერში გაუშეშდა.
ფროიდი: სად წავიდა? უნდა გაგაცნო. წუთის წინ აქ იყო…
ანა: რაზე მელაპარაკები?
ფროიდი: (ფარდის ასაწევად მიდის) შენს არ ყოფნაში, ერთი უცნაური სტუმარი მყავდა, სტუმარი, რომელმაც ისევ მომცა იმედი.
ანა: ვინ იყო?
ფროიდი: (საზეიმოდ) უცნობი! სტუმარი, რომელიც იმსახურებს უცნობად ყოფნას, მეტის თქმა არ შემიძლია. (ყველგან უიმედოდ ეძებს) მოვძებნოთ, ოთახიდან არ გასულა, არც კარიდან, არც ფანჯრიდან! როცა დაბრუნდი, ზუსტად მაშინ ვლაპარაკობდით.
ანა: მამა მარტო იყავი.
ფროიდი: შენ რომ დაგინახა, დაიმალა, ვკამათობდით.
ანა: (ნაზად) მამა, მე რომ მოვედი, შენ მაგიდასთან იჯექი და თვლემდი ზუსტად ისე, როგორც გჩვევია ხოლმე.
ფროიდი: (აღშფოთებული) არა, არ მეძინა. შეუძლებელია.
ანა: მაშინ, სად არის შენი სტუმარი? ფროიდი გულდასმით სინჯავს ფარდებს.
ფროიდი: არ მეძინა, არ მეძინა! მუსიკა არ გაგიგონია?
ანა: ბალახის ჩაის მოვამზადებ და შენი სიზმარი მერე მომიყევი. გადის.
სცენა XII
ანას გადის. რამდენიმე წამში უცნობი კარიდან შემოდის. ფროიდი კვლავ სტუმარს ეძებს. ამ დროს უცნობი მას ნაზად შესცქერის..
უცნობი: თქვენი შეხვედრისთვის ხელი რომ შემეშალა, თავს ვერ ვაპატიებდი.
ფროიდი: (ტრიალდება) სად იყავით?
უცნობი: (გაუგებრად) ინკარნაციის ფიზიკური მოთხოვნილებები თქვენც მოგეხსენებათ. ფროიდმა ვერ გაიგო. უცნობმა ანიშნა, რომ ტუალეტში იყო…
უცნობი: გასაოცარი ფენომენია: ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შადრევანი ვიყავი.
ფროიდი: დარჩით, ანამაც უნდა გნახოთ.
უცნობი: არა.
ფროიდი: კი.
უცნობი: თქვენ უამბეთ…
ფროიდი: მასაც ძალიან სჭირდებით, განსაკუთრებით ამ საღამოს.
უცნობი: თუ ის თქვენსავით ჯიუტია, ვშიშობ, ღამე ძალიან გაგვიგრძელდება.
ფროიდი: გთხოვთ.
უცნობი: (უთმობს) პასუხს შენ აგებ.
სცენა XIII
ანა შემოდის. ლანგრით ჩაის მდიდრული სერვიზი შემოაქვს. უცნობს მაშინვე ვერ ამჩნევს.
ერთგვარი უსიტყვო თამაში მიდის. ფროიდი ცდილობს უცნობი ანას მხედველობის არეში მოაქციოს, მაგრამ როგორც კი ანა უცნობის წინ აღმოჩნდება, მაშინვე ტრიალდება.
ბოლოს ფროიდს იმედი გადაეწურება და ხმას ამოიღებს.
ფროიდი: ჩემს სტუმარს ვერ ხედავ? ანა მშვიდად,თითქმის უკმეხად ეუბნება.
ანა: აჰ, ეს თქვენ ხართ? (ძალდატანებული თავაზიანობით) გასინჯავთ? ბალახის ჩაის ხომ მიირთმევთ? ერთ ფინჯანს კიდევ დავამატებ. ხელახლა გადის. ფროიდი და უცნობი გაოგნებული რჩებიან.
სცენა XIV
ანას ჩვეული სიმშვიდით გაოცებული ფროიდი უცნობისკენ ტრიალდება და ეკითხება:
ფროიდი: `ა, ეს თქვენ ხართ!~ რას ნიშნავს `ა, ეს თქვენ ხართ?~ ერთმანეთს იცნობთ?
უცნობი: გარწუნებთ, არა. ვერაფერი გავიგე. ანა ისევ ბრუნდება.
სცენა XV
ანას ცხელი წყალი და ფინჯანი შემოაქვს.
ფროიდი: შენ იცნობ… ბატონ…
ანა: დიახ, რა თქმა უნდა. შორიდან…
ფროიდი: ვინ გგონია?
ანა: ვერ გავიგე?
ფრიოდი: ეს ბატონი ვინ გგონია?
ანა: ის, ვინც არის.
ფროიდი: (გაბრაზებული) რას ამბობ?
ანა: მამა, არ მინდა სტუმართან არაკორექტული ვიყო.
ფროიდი: ანა! ვინ გგონია ეს ბატონი?
ანა: ვინ და კაცი, რომელიც აი უკვე ორი კვირაა ყოველ ნაშუადღევს უკან დამყვება, როცა საბავშვო ბაღიდან ვბრუნდები. ეს კაცი ყოველთვის ღიმილით მიყურებს, თუმცა მე არ ვუღიმი, თვალსაც მიკრავს, არც ამას ვიმჩნევ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ბატონი ძალიან ცუდად აღზრდილი ვინმე გახლავთ.
უცნობი: აჰ, არა, მერწმუნეთ, მე არასოდეს…
ანა: ნუ უარყოფთ, ბატონო. მე თქვენ სულ არ მომწონხართ, მაგრამ უფრო მეტად მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ჩემს გასაცნობად მამაჩემი გამოიყენეთ და დაღალეთ. ასე, შეხედულებას ვერ შემაცვლევინებთ, პირიქით.
უცნობი: მერწმუნეთ, მე არ ვყოფილვარ.
ანა: მაშინ ორეული გყოლიათ! გასაოცარი ორეული, ბატონო. ასეთი ორეულის ყოლა ნამდვილი სასწაულია. დაგტოვებთ, მამა, ეს ბატონი რომ წაბრძანდება, მერე დავბრუნდები. ანა გადის.
სცენა XVI
ფროიდი გაშეშებულია. აღელვებული უცნობი ჩაის ისხამს.
ფროიდი: ამიხსენით! ამის დანახვა ხომ წინასწარ შეგეძლოთ. ყველაფერი წინასწარ დაინახეთ, ამიტომ ყველაფერი იცით.
უცნობი: (მსუბუქად) თითქმის ყველაფერი.
ფროიდი: ეს აუტანელია.
უცნობი: ასეა, ფროიდ, ისევ ეჭვი! ისევ ეჭვი გეპარება. (მუდარით) ვიმედოვნებ, ასე არ გააგრძელებ. (ძალიან დახვეწილად უწვდის ფინჯანს და დიასახლის თამაშობს) ცოტათი მაინც გაიაზრეთ რაშია საქმე? (იცინის. პაუზა) მე ვერავინ მხედავს, ყველა იმას ხედავს ჩემში რაც მას სჭირდება, ან რაც თავად აიკვიატა. უკვე ვიყავი თეთრი, შავი, ყვითელი, წვერიანი, უწვერული, ათი ხელით… და ქალიც! ვფიქრობ, ანას ის უცნობი არც ისე ეჯავრება…
ფროიდი: (მექანიკურად იღებს ფინჯანს) შესაძლოა.
ჩაის სვამენ. უცნობი სიცილს ვერ იკავებს.
ფროიდი: რატომ იცინით?
უცნობი: ჩემს თავს ვეკითხები, იმით რასაც ახლა ვსვამ, ნეტავ ისევ შადრევნად ხომ არ ვიქცევი-თქო. (ისევ იცინის და ფროიდს უყრებს.) ექიმ ფროიდს ბავშვივით გულუბრყვილო ვგონივარ. როცა ცხოვრებით კმაყოფილები ვართ, მაშინ ყველანი ბავშვურები ვხდებით. უცებ ხუმრობას წყვეტს და ფროიდს მხარზე ხელს ადებს.
უცნობი: ჩემი წასვლის დროა, ფროიდ. მე არ არც მამა მყავს, არც დედა, არ მაქვს სქესი, არც წინდაუხედავი ვარ. მართალია, ჩემთვის ბევრს ვერასფერს იზამთ, მაგრამ მთავარია რომ ამ საღამოს მომისმინეთ, ამისთვის დიდი მადლობა.
ფროიდი: მტოვებთ?
უცნობი: მე შენ არასოდეს დაგტოვებ
ფროიდი: ვეღარ გნახავ?
უცნობი: როცა გინდათ მაშინ. მაგრამ თვალებით ვერა.
ფროიდი: როგორ?
უცნობი: (ხელს გულზე ადებს) მე აქ ვიყავი, ფროიდ, მე ყოველთვის აქ ვიყავი დამალული. იცოდე, არასოდეს გიპოვივარ, იმიტომ რომ არც არასოდეს დაგიკარგივარ. როცა გავიგონე, როგორ ამბობდით ღმერთის არ მწამსო, ისეთი შეგრძნებ მქონდა, თითქოს ბულბული ჩიოდა მუსიკა არ ვიციო. (ფურცელს და კალამს უწვდის) ექიმო ფროიდ, თქვენ მალე წახვალთ აქედან და რაც შეიძლება მეტი ხალხი წაიყვანეთ თან. გადაარჩინეთ ისინი.
ბოლოს და ბოლოს ფროიდი ხელს მოაწეს საბუთს. უცნობი დამშვიდდა. ტრალება, იღებს თავის ელეგანტურ საღამოს მანტოს და ფანჯრისკენ მიემართება.
უცნობი: ღამე მშვიდობისა.
ფრიდი: მაგრამ… მე ისევ არ ვიცი. (უცებ აგრესიულად) არ წახვიდეთ!
უცნობი: (მშვიდად) უკვე დაგემშვიდობეთ ბატონო ფროიდ. ფროიდი ფანჯრისკენ მიემართება, არ უნდა რომ გაუშვას.
ფროიდი: არანაირი კითხვა!
უცნობი: რა სისუსტეა ფროიდ!
ფროიდი: უბრალო ადამიანივით, ან თაღლითივით ფანჯრიდან ვერ წახვალთ. აი, აქ გაუჩინარდებით, ჩემს თვალწინ!
უცნობი: (სიცილით) ოჰ, ეს ეჭვი, ისევ ეს ეჭვი.
ფანჯარას უახლოვდება, ფროიდს დაჟინებით უყურებს, პროფესორი გვერდზე გადგება, თითქოს უხილავმა ძალამ იმოქმედა მასზე.
უცნობი: ღამე მშვიდობისა. ფროიდი გონებას მოიკრეფს, უცებ მაგიდაზე დადებულ რევორველს დაავლებს ხელს და უცნობს მიზანში ამოიღებს.
ფროიდი: გესვრით.
უცნობი: (სიცილით) აჰ, მართლა?
ფროიდი: გესვრით.
უცნობი: შეგიძლიათ. (პაუზა) მაგრამ, თუ მე საგიჟეთიდან გაქცეული ვალტერ ობერსეი, ან ანას რომ დაყვება ყოველ საღამოს, ის კაცი ვარ, მაშინ მკვლეობას ჩაიდენთ ექიმო ფროიდ. ერთი ტყვია, ერთი სიკვდილია. იფიქრეთ ექიმო ფროიდ, ერთი
გასროლით რწმენასაც დაკარგავთ და თავისუფლებასაც. ცხოვრებას კი სიკვდილმისჯილი ციხეში დაასრულებთ. ღირს კი ამად ეს ყველაფერი?
ფროიდი: (კანკალით) მე მჯერა. არ მოკვდებით.
უცნობი: კეთილი, აქ დარჩით. რწმენა რწმენამვე უნდა ასაზრდოოს და არა დამამტკიცებელმა საბუთებმა.
ფროიდი: (ხელები უკანკალებს) რატომ დამცინით? ნამდვილად ეშმაკი ხართ, სხვაგვარად შეუძლებელია.
უცნობი: ღმერთი, რომელიც ღმერთის სახით გამოგეცხადება ღმერთი კი არა, უბრალოდ სამყაროს მბრძანებელია. მე იდუმალება მჭირდება და ბურუსში გავეხვიე, ასე რომ არა, თქვენ რაღა დაგრჩებოდათ საფიქრალად. (გულზე იარაღის ლულას მიიბჯენს) ექიმო ფროიდ, მე იდუმალება ვარ და არა გამოცანა.
ფროიდი: ვერ მომაქცევთ.
უცნობი: მხოლოდ შენ შეგიძლია მოაქციო შენი თავი, თავისფალი ხარ! ხმას ადამიანი ამეტყველებს…
ფროიდი: ნუთუ, ვერაფერი გავიგე.
უცნობი: რატომ ვერაფერი, ამ საღამომდე ფიქრობდი, რომ ცხოვრება აბსურდი იყო. ამიერდან კი იფიქრებ რომ ის იდუმალია.
ფროიდი: დამეხმარე
უცნობი: (ფანჯარას გადააბიჯებს) ნახვამდის, ფროიდ.
უცნობი უჩინარდება.
სცენა XVII
ფროიდი ცდილობს უცნობი დაიჭიროს, მაგრამ გაექცევა.
ფროიდი: გაუჩინარდი? (ფანჯრიდან იხრება) დამცინი! არ გინდა გაქრე… ქურდივით წყლის მილზე მისრიალებ! (გაცხარებით) ამას ასე არ დავტოვებ! მაგიდასთან მიირბენს, იარაღს იღებს, ფანჯარას უახლოვდება. თვალებს ხუჭავს და უცნობის მიმართულებით ისვრის. კვამლის გამო ახველებს. უცნობის დასანახად იხრება.
ფროიდი: ავაცილე!
დასასრული

??????