და ბელადობას,ტელმან, გავალებს!
ვარდებს ვარდებით სავსე კალათი
მოაქვთ, ყვირიან: - ”მუდამ მზად ვართო!“
ნუ გაიხარებს შენი ჯალათი,
ტყვეს თავის კლასის გული აქვს ფართო.
ქვეყნიდან ქვეყნით, კიდით კიდემდე,
თუ ფეთქავს სადმე პატარა გული,
იმის მხნეობას მკერდში იდებდე,
შენი სული აქვთ ბავშვებს ჩადგმული.
პიონერების ჯეჯილი ღელავს,
მოგესალმება პატიმარ ტელმანს!..
ცეცხლი ვერ დასწვავს ჰაინეს ლექსებს,
როდის დაუწვავს ცეცხლის ალს ალი?
მხოლოდ სიმწარით ამოიკვნესებს,
პოეტს საფლავში თუ დარჩა თვალი...
ბერლინის ქუჩებს ნაცარი ფარავს,
უცდის ევროპა თავის შავ დილას;
მორეკავს ომი სახორცე ფარას,
გზა გაუკაფავს ახალ ატილლას.
დამწვარ წიგნების ბოლი მოღელავს,
მოგესალმება პატიმარ ტელმანს!
შენა ხარ დროშა და სატევარი,
ბარბაროსებთან შენ ხარ მძევალი.
უფრო იტაცებს, როცა ტყვედ არი,
არწივს მაღალი მთათა მწვერვალი.
ყოველი დღე და ყოველი წამი
შენთვის მუშების ნაჩუქარია,
რომ გათენდება დილა სისხამი,
ეს მხოლოდ შენთვის ხალხს უხარია.
დღეს აპრილია ჩვენს მთა და ბარში,
ასკდებათ ხეებს ნედლი კვირტები.
ერთად ჰყვავიან: ატამი, ვაშლი,
თეთრ ყვავილების დგანან ზვირთები.
ფეხი აუდგამს ბედნიერებას
და ყოველ კაცის შედის ეზოში,
და გაზაფხულიც სიუხვით სუნთქავს,
როგორც ლენინის დიდი მედროშე.
შენთან წამოსვლას თითქოს აპირებს,
უნდა რეინის გასცდეს ნაპირებს...
დასწვან ჰაინეს ლექსის წიგნები!
ორჯერ დამწვარი ლექსი აღსდგება,
გმირი ციხეშიც გმირი იქნები,
რომ დასჭრან გული თუნდა ას წყებად.
დადგან რეინზე მათ მორტირები,
რომ ლორელეას ხმა გაიგუდოს,
არ ეყოლება გამომტირები
ტევტონების და ბანდიტთა ურდოს.
რაც ქვეყანაზე პატიოსანი
მუშის მარჯვენის ოფლი იღვრება,
საბჭოთა ყველა ფრიადოსანი
შენს ფანჯრისაკენ დღეს იყურება.
მიესალმება გერმანიის ხალხს,
შენსავით ტყვესა და პატივაყრილს,
მის წითელ დროშის ჭერქვეშა ფართხალს,
ფაშისტებისგან დროებით დახრილს.
სირცხვილი, წყევლა მოყიდულ მგოსნებს,
ვინაც აიღო ჰაინეს ჩანგი,
ცილისწამების გუდები მოხსნეს,
იუდას გახდნენ ძმა-ამხანაგი,
რომ უნამუსოდ უმღერონ ქება
კაცობრიობის ახალ მტარვალებს!
სხვა გერმანია მაინც აღსდგება
და ბელადობას, ტელმან, გავალებს!