ტაბიძე ტიციან
გაზიარება

გაზაფხულის დღესასწაულზე 

... მე შენ გეძებდი, შენ გიხმობდა ჩემი სული... 
მე ვაფიცებდი აღმოსავლეთის ვარსკვლავთა კრებულს 
გზა გაენათებინა უხილავი სატრფოსაკენ... 
მე ვაფიცებდი უკვდავ ღამეს, გრძნეულს საშინელებისას და სიყვარულის ქურუმს, რომ თავის ნისლიან წამოსასხამში გაეხვია ჩემი ლოცვა, ჩემი ვედრება შენთან მოსატანად. მე შენ გეძებდი დღე და ღამე ჩვენი გაზაფხულისა. შენს შორეულს, შენს უხილავს ეძიებდა გზნება სულისა. 
შენ ჩემთან იყავი განუშორებლად, როცა ცრემლებით ვრწყავდი მიდამოს, როცა უდაბნოს მრისხანე სამუმი ანიავებდა ჩემს იმედებს, ჩემს მისწრაფებათ, შენ ჩემთან იყავი ჟამსა მწუხარებისას, ჟამსა გლოვისას. 
ჩემი გლოვა შენზე იყო... 
და შენ იყავი ის გლოვა. 
ყოველი ნაკვეთი და გადასავალი ჩემი სულისა ინახავს შენს ღვთაებრივ სუნთქვას სამყაროთა ურიცხვ ლეგიონში ჩაქსოვილს. შენთან მოდიოდა ყოველი გზა და ბილიკი მშვენიერების, ტაძრის სამსხვერპლოზე ეცემოდა ყველა ჩემი ცრემლი. ქროლვით სერავდა ცას ჩემი ოცნება და კოლხიდის ცათაყუდებულ მთებს შენზე ეკითხებოდა. 
მარადისობის ყრუ, დახშული კარები გაარღვია ჩემმა ლოცვამ, უკვდავების ბჭენი შეირყენ. დღეს მე მინდა ვიმღერო გაზაფხულის დღესასწაულზე, დღეს მე მსურს ვიმღერო ისე, როგორც ჩემამდის არავის უმღერია, რადგან ეს სიმღერა შენზე იქნება. 
შენ - ვინც ხარ დასაწყისი, ვისზედაც ლოცულობენ ვარსკვლავები. ღამის მდუმარებაში ყურს უგდებენ ჩემს სიმღერას მაღალი ნაძვები, ტოტები ცისკენ აუშვერიათ, თითქოს ისინიც ლოცულობენ ჩემთან... 
ცა და ქვეყანა შეითქვენ, ”მე ყველაფერში ვარ - ჩემში ყველაფერია”. 
მე ვიმღერი გაზაფხულის დღესასწაულზე, 
ადონაის, ადონაის! 
შეუნდე მომაკვდავს კადნიერება, რომ შენ გეტოლება, მაგრამ ვით ადიდოს ღმერთი ადამიანმა, თუ თვითონ ღმერთი არ არის? 
შენზე სიმღერაში... შენზე ლოცვაში მიდიოდნენ ყველა ჩემი დღეები, ყველა მათგანი მე სიმღერით გავისტუმრე საუკუნეთა ოკეანეს, ყველა მათგანი გეტყვის ჩემს ლტოლვას, ჩემს ნატვრას. 
სული ასცილდა საზღვარს, დავმარხე გლოვა, რომ ზედ ამეგო კოშკი ბედნიერების. 
მე შენ გეძებდი, გიხმობდი. 
დამადე თავი მკერდზე. 
მე გეტყვი ზღაპარს, უკვდავ ზღაპარს სიყვარულისას, რომელსაც არ აქვს დასაწყისი და არც არასოდეს გათავდება. 
მე ვნებით მოვქსოვ ეთერის ზვირთებს, რომლის ყოველი შეხება მოგაგონებს ჩემ სიყვარულს და ჩემ სიმღერას გაზაფხულის დღესასწაულზე დაწყებულს. 
მე შენ გელოდი ისე, როგორც საქმრო სულიმატის წმინდა სარეცელს... 
ისმინე შვების სიმღერა! 
მე ჩანგი მისთვის მომცა ცამ, რომ შენზე მემღერა... 
მე ბუნებამ მისთვის მომცა მგზნებარე გული, რომ შენ წინ დამეწვა, ფერფლად მექცია. 
ჩვენ შვილები ვართ ბედისწერისა და გაზაფხულის დღესასწაულზე უკვდავებისკენ მიგვაფრენს ბედი. 

1911 წ.

??????