ბირნამიის ტყე
ბირნამიის ტყე... ქალდეას ჩრდილი,
ლორდი პიერო მოღუნულ კუზით,
ლედი მაკბეტი პერანგგახდილი
გადამთვრალ სტუმრებს მუხლებზე უზით.
მოჰყავთ არტური ავადმყოფ ჭინკებს,
მოწყვეტილ ფეხით ჭიანურს უკრავს,
თავისმკვლელები ავსებენ ჭიქებს
და ულოცავენ ამაყ მოურავს.
ყვითელ მალაელს მოსდევს პაოლო,
ფარშავანგების შემოჰკრა ალყა
და ოფელიამ თვალი მოავლო,
ვალერიანმა ჰამლეტს გაარტყა.
დგება ტაძარი სახრჩობელაზე
ფეერიული და ეფემერი.
არვის ვენდობი, მაგრამ ყველაზე
უფრო მაწვალებს სინაზით მერი.
და კოლომბინას ჭლექის ხველაზე
შეატრიალებს კარს ნოემბერი.
ტფილის, 1919 წ.