ბარიკო ალესანდრო
გაზიარება

აბრეშუმი ექსკლიუზივი

თარგმნა  დალი  იაშვილმა

  მამამისს მისთვის ბრწყინვალე სამხედრო მომავალი სურდა, მაგრამ ერვე ჟონკურმა თავის გატანა უჩვეულო პროფესიით შეძლო, რომელსაც ხალხი განსაკუთრებული ირონიით უყურებდა იმ მსგავსების გამო, რითაც ეს პროფესია ქალების უძველეს პროფესიას წააგავდა. რომ ეცხოვრა, ერვე ჟონკური ყიდულობდა და ყიდდა აბრეშუმის ჭიას.
  1861 წელი იდგა. ფლობერი წერდა "სალამბოს", ელექტროგანათება ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზა იყო და ოკეანის გადაღმა აბრაამ ლინკოლნმა ომი წამოიწყო, რომლის დამთავრებასაც ვეღარ მოესწრო.
  ერვე ჟონკური ოცდათორმეტი წლისა იყო. ის ყიდულობდა და ყიდდა.   აბრეშუმის ჭიას. რეალურად ის ყიდულობდა და ყიდდა აბრეშუმის ჭიას მაშინ, როცა იგი ჯერ კიდევ ერთ ციდა მოყვითალო-მონაცრისფრო, უძრავ და გარეგნულად მკვდარ მურს წარმოადგენდა. ხელისგულზე შეეძლო ათასობით დაეტია.
  "ამას ჰქვია ბედის ხელში დაჭერა."
  მაისის პირველ დღეებში ჭია იჩეკებოდა. განთავისუფლებული ჭუპრები ოცდაათი დღე თუთის ფოთლებს გაცხარებით ახრამუნებდნენ და პარკში ჩასაკეტად იღვწოდნენ, რათა ორი კვირის შემდეგ იქიდან საბოლოოდ დაეღწიათ თავი და თან მამაპაპეული ქონების შესაფერისი ათასმეტრიანი აბრეშუმის ყაჭი გამოეყოლებინათ, რომელიც ფრანგული ფრანკების მნიშვნელოვან რაოდენობას შეესაბამებოდა, თუ ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით წავიდოდა და თუ ერვე ჟონკურს საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა.
  ლავილდიე იყო იმ პატარა დაბის სახელი, სადაც ერვე ჟონკური ცხოვრობდა.   მის მეუღლეს ელენი ერქვა. შვილი არ ჰყავდათ. თავიდან რომ აეცილებინა გამანადგურებელი ეპიდემიის საფრთხე, რომელიც სულ უფრო და უფრო ედებოდა ევროპულ აბრეშუმის ჭიას, ერვე ჟონკური ხმელთაშუა ზღვის მეორე ნაპირზე, სირიასა და ეგვიპტეში, მიდიოდა აბრეშუმის ჭიის მურის საყიდლად. მის სამუშაოს ეს აძლევდა განსაკუთრებულ, ავანტურულ ელფერს. ყოველ წელს იანვრის პირველ დღეებში მიემგზავრებოდა. გადაივლიდა ათას ექვსას მილ ზღვას და რვაას კილომეტრ ხმელეთს, ამოარჩევდა მურს, ივაჭრებდა და იყიდდა. შემდეგ მობრუნდებოდა, გადმოივლიდა რვაას კილომეტრ ხმელეთს და ათასექვსას მილ ზღვას და, როგორც წესი, აპრილის პირველ კვირა დღეს, დიდი მესის ჟამს, ლავილდიეში ბრუნდებოდა.
  კიდევ ორ კვირას წაიმუშავებდა: მურს ყუთებში ჩააწყობდა და გაყიდდა. წელიწადის დანარჩენ დროს კი ისვენებდა.
  – როგორია აფრიკა ? – ეკითხებოდა ხალხი.
  – დაღლილი.
  დაბის შესასვლელთან დიდი სახლი ჰქონდა და პატარა სახელოსნო – ცენტრში, ზუსტად ჟან ბერბეკის მიტოვებული სახლის პირდაპირ.
  ჟან ბერბეკმა ერთ დღეს გადაწყვიტა აღარ ელაპარაკა და ნათქვამი აასრულა. ცოლმა და ორმა ქალიშვილმა მიატოვეს, ის კი გარდაიცვალა. მისი სახლი არავის მოუნდა და ახლა მიტოვებული იყო.
  აბრეშუმის მურის ყიდვა–გაყიდვით ერვე ჟონკური ყოველწლიურად იმდენს იგებდა, რამდენიც საკმარისი იყო მისი და მისი მეუღლის კომფორტის უზრუნველსაყოფად. იმ კომფორტისა, პროვინციაში ფუფუნებას რომ ეძახიან. ის იდუმალ ხარობდა თავისი ქონებით და შესაძლებელი პერსპექტივა – ნამდვილად მდიდარი გამხდარიყო – სულაც არ აღელვებდა. იგი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვინც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და შორიდან შეჰყურებს ცხოვრებისეულ ამბიციებს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ადამიანები თავიანთი ბედის ცქერით ისევე ტკბებიან, როგორც სხვები – წვიმიანი დღის ცქერით.
ერვე ჟონკურისათვის რომ გეკითხათ, მისი ცხოვრება ყოველთვის ასე მიდიოდა. სამოციანი წლების დასაწყისში პებრინის ეპიდემიამ უვარგისი გახადა მთელი ევროპული აბრეშუმის მური და ზღვებს იქითაც გავრცელდა, აფრიკასა და, ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ინდოეთამდეც კი მიაღწია. 1861 წელს ერვე ჟონკური თავისი ჩვეულებრივი მოგზაურობიდან მურით დატვირთული დაბრუნდა და ორი თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ საქონელი თითქმის მთლიანად გაფუჭებული იყო. ლავილდიესათვის, როგორც ბევრი სხვა ქალაქისთვის, რომლებიც თავიანთ სიმდიდრეს აბრეშუმის წარმოებაზე ამყარებდნენ, ეს წელიწადი აღსასრულის დასაწყისი იყო. მეცნიერება უძლური აღმოჩნდა ეპიდემიის მიზეზთა დადგენაში და მთელი დედამიწა, ყველაზე მივარდნილი რეგიონებიც კი, ამ აუხსნელი ჯადოქრობის ტყვეობაში მოექცა.
  – მთელი დედამიწა არა, – წყნარად თქვა ბალდაბიუმ, – მთელი არა, – და ანისულის ჭიქაში ორი თითის დადება წყალი ჩაამატა.
ბალდაბიუ იყო კაცი, რომელიც ამ ოცი წლის წინ დაბაში ჩამოვიდა, პირდაპირ მერის კაბინეტისაკენ გაემართა, გაუფრთხილებლად შევიდა, მაგიდაზე ბინდისფერი თავსაფარი დაუდო და ჰკითხა:
  – იცით, ეს რა არის ?
  – ქალების საქმეა.
  – ცდებით. კაცების საქმეა – ფულია.
  მერმა გარეთ გამოაგდებინა. მან კი ქვემოთ, მდინარესთან, ტყესთან ახლოს, ძაფსართავი ფაბრიკა და ვივიერის გზაჯვარედინზე წმინდა აგნესის ეკლესია ააშენა. ამ საქმეში ათიოდე მუშა ჩართო. იტალიიდან ხის უცნაური კბილანა–თვლებიანი მანქანა ჩამოიტანა და შვიდი თვის განმავლობაში აღარაფერი უთქვამს. შემდეგ მივიდა მერთან და საწერ მაგიდაზე კარგად დაწყობილი ოცდაათი ათასი ფრანკი დაუდო. მსხვილი კუპიურები იყო.
  – იცით, რა არის ეს ?
  – ფული.
  – ცდებით. ეს იმის დასტურია, რომ თქვენ გამოყეყეჩებული უკანალი ბრძანდებით.
  შემდეგ, თითქოს წასვლას აპირებსო, ფული პორტფელში ჩადო.
  მერმა შეაჩერა:
  – რა ოხრობა ვქნა ?
  – არაფერი, და თქვენ პატარა, მდიდარი ქალაქის მერი იქნებით.
 ხუთი წლის შემდეგ ლავილდიეში შვიდი ძაფსართავი ფაბრიკა მუშაობდა და იგი ევროპული აბრეშუმის წარმოებისა და დართვის ერთ–ერთი მთავარი ცენტრი შეიქნა. ყველაფერი ბალდაბიუს არ ეკუთვნოდა; სხვა საპატიო მოქალაქეებიც და ადგილობრივი მიწათმფლობელებიც მიჰყვნენ მას ამ უცნაურ ინდუსტრიულ ავანტურაში. ყოველ მათგანს ბალდაბიუ დაუზარებლად უხსნიდა დარგის საიდუმლოებას. სწავლება და საიდუმლოებების ქონა მისთვის უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე დიდძალი ფულის მოხვეტა. ასეთი იყო ეს კაცი.
 ბალდაბიუ ის კაციც იყო, ვინც ამ რვა წლის წინათ ერვე ჟონკურის ცხოვრება შეცვალა. ეს იმ დროს მოხდა, როცა ეპიდემიის პირველმა ტალღამ ევროპულ აბრეშუმს შეუტია. ბალდაბიუმ აუღელვებლად შეისწავლა მდგომარეობა და დაასკვნა, რომ პრობლემა ადვილად არ გადაწყდებოდა და მისთვის სხვაგვარად უნდა შემოევლოთ. მას იდეა ჰქონდა და კაცი სჭირდებოდა. იგი იმწამსვე მიხვდა, საჭირო კაცი რომ იპოვა, როცა ვერდენის კაფეს წინ ინფანტერიის უმცროსი ლეიტენანტის ფორმაში ელეგანტურად გამოწყობილი, შვებულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის ამაყი იერით მიმავალი ერვე ჟონკური დაინახა. ერვე ჟონკური ოცდაოთხი წლისა იყო. ბალდაბიუმ იგი თავისთან მიიწვია, თვალწინ ეგზოტიკური სახელებით აჭრელებული ატლასი გადაუშალა და უთხრა:
  – გილოცავ. ბოლოს და ბოლოს შენ იპოვე სერიოზული საქმე, ჩემო ბიჭუნა!
  ერვე ჟონკურმა მოისმინა ყველა ამბავი, რომელსაც იგი აბრეშუმის ჭიაზე, მურზე, პირამიდებსა და გემით მოგზაურობაზე მოუყვა და შემდეგ უთხრა:
  – არ შემიძლია.
  – რატომ ?
  – ორ დღეში შვებულება მიმთავრდება, პარიზს უნდა დავბრუნდე.
  – სამხედრო კარიერა ?
  – დიახ, ეს მამაჩემის გადაწყვეტილებაა.
  –ეგ არაფერია.
  მოჰკიდა ერვე ჟონკურს ხელი და მამამისთან წაიყვანა.
  – იცით, ვინ არის ეს ?
  – ჩემი ვაჟია.
  – უკეთ დააკვირდით!
  მერი ტყავის სავარძლის საზურგეზე გადაწვა და ქშენა დაიწყო:
  – ჩემი ვაჟი ერვე, რომელიც ორ დღეში პარიზს დაბრუნდება, სადაც ჩვენს არმიაში ბრწყინვალე კარიერა ელოდება, თუ ღმერთმა და წმინდა აგნესმა ინებეს.
  – ყველაფერი სწორია. იმის გარდა, რომ ღმერთი სხვა საქმეებითაა დაკავებული, წმინდა აგნესს კი სძულს სამხედროები.
  ერთი თვის შემდეგ ერვე ჟონკური ეგვიპტეში გაემგზავრა. იმოგზაურა გემით, რომელსაც “ადელი” ერქვა. კაიუტაში სამზარეულოს სუნი შემოდიოდა. მასთან ერთად ინგლისელი იყო, რომელიც ამბობდა, რომ ვატერლოოზე დაიჭრა. მესამე დღეს, საღამოს, ჰორიზონტზე დელფინები გამოჩნდნენ. მთვრალიტალღებივით სულ მოდიოდნენ და მოდიოდნენ. იგი ორი თვის შემდეგ დაბრუნდა – აპრილის პირველ კვირას, დიდი მესის ჟამს – ხის დიდ ყუთებში, ბამბაში სათუთად გახვეული დიდძალი მურით დატვირთული. უამრავი რამ ჰქონდა მოსაყოლი, მაგრამ ბალდაბიუმ შეხვედრისას მხოლოდ ეს უთხრა:
  – დელფინებზე მელაპარაკე!
  – დელფინებზე ?
  – ჰო, იმ მომენტზე, როცა ისინი პირველად დაინახე.
  ასეთი იყო ბალდაბიუ.
  კაციშვილი ვერ გეტყოდათ, რამდენი წლისა შეიძლებოდა ყოფილიყო.
– მთელი დედამიწა არა, – წყნარად თქვა ბალდაბიუმ, – მთელი არა, – და ორი თითის დადება წყალი ჩაიმატა ანისულის ჭიქაში.
  აგვისტოს ღამე იდგა, შუაღამე გადასული იყო. ამ დროს ვერდენი, როგორც წესი, კეტავდა ხოლმე კაფეს. ამოტრიალებული სკამები მაგიდებზე იყო ჩამწკრივებული, დახლი გაეწმინდათ და სხვა დანარჩენიც. სინათლის ჩაქრობა და ჩაკეტვაღა აკლდა. მაგრამ ვერდენი უცდიდა: ბალდაბიუ შუა ლაპარაკში იყო.
  მის წინ მჯდარი, ტუჩზე სიგარეტჩამოკიდებული, უძრავი ერვე ჟონკური უსმენდა. როგორც რვა წლის წინათ, ახლაც ნებას აძლევდა ამ კაცს, დარბაისლურად კიდევ ერთხელ შეეცვალა მისი ბედი. მისი სუსტი და მკაფიო ხმა, რიტმულად შეწყვეტილი ანისულის ყლუპებით, სწვდებოდა მის სმენას. დიდი დროის განმავლობაში შეუწყვეტლად ლაპარაკობდა. ბოლოს კი ეს თქვა:
  – არჩევანი არაა, გადარჩენა თუ გვინდა, იქ უნდა წავიდეთ.
  სიჩუმე.
  დახლზე დაყრდნობილმა ვერდენმა თვალი მოსაუბრეებს მიანათა.
  ბალდაბიუ შეეცადა კიდევ ერთი ყლუპი ანისული ამოეწრუპა თავისი ჭიქის ძირიდან.
  ერვე ჟონკურმა, სანამ რამეს იტყოდა, სიგარეტი მაგიდის კიდეზე ჩამოდო.
  – და სადაა ზუსტად ეგ იაპონია ?
  ბალდაბიუმ თავისი ლერწმის ჯოხი ჰაერში აწია, წმინდა ოგუსტის სახურავს გადაღმა მიუთითა და თქვა:
  – იქ, სულ პირდაპირ, ქვეყნიერების დასალიერში.
იმ დროს იაპონია მართლაც ქვეყნიერების დასალიერად ითვლებოდა. ეს იყო კუნძულებისაგან შემდგარი კუნძული, რომელიც ორასი წლის განმავლობაში დანარჩენი კაცობრიობისაგან მთლად მოწყვეტილი ცხოვრობდა, უარს აცხადებდა კონტინენტთან ყოველგვარ ურთიერთობაზე და ყველა უცხოელს თავის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავდა. ჩინეთის სანაპირო ორას მილზე იყო, მაგრამ იგი იმპერატორის დეკრეტმა უფრო შორი გახადა – მთელ კუნძულზე აიკრძალა ერთზე მეტ იალქნიანი გემების მშენებლობა. ლოგიკურად, და ეს ცხადზე უცხადესი იყო, კანონი, სხვათა შორის, არ კრძალავდა სამშობლოს დატოვებას: მაგრამ იგი სიკვდილით სჯიდა მათ, ვინც უკან დაბრუნებას შეეცდებოდა. ჩინელი, ჰოლანდიელი და ინგლისელი ვაჭრები მრავალჯერ შეეცადნენ ამ აბსურდული კარჩაკეტილობის დარღვევას, მაგრამ მხოლოდ სახიფათო და ნამსხვრევებად ქცეული კონტრაბანდის გროვების ადგილზე დატოვებას მიაღწიეს. ისინი იქ ცოტაოდენ ფულს მოიხვეჭდნენ, ბევრი უსიამოვნება შეხვდებოდათ, რამდენიმე ზღაპრული თავგადასავალი გადახდებოდათ ხოლმე, რომლებიც საღამოს პორტების სასადილოებში გასასაღებლად ვარგოდა. იქ, სადაც ვაჭრები ჩაფლავდნენ, ამერიკელებმა სამხედრო ძალის გამოყენებით მიაღწიეს წარმატებას. 1853 წელს კომანდორი მეტიუ სი პერი იოკოჰამასთან თანამედროვე ორთქლის გემების ფლოტით რეიდზე დადგა და იაპონელებს ულტიმატუმი წაუყენა, რომლითაც "სურდა" კუნძულის უცხოელთათვის გახსნა.
  იაპონელებს აქამდე თვალით არ ენახათ პირქარში ზღვის გადამლახავი გემი.
  როცა შვიდი თვის შემდეგ პერი მობრუნდა ულტიმატუმის პასუხის მისაღებად, კუნძულის სამხედრო მთავრობა უცხოელთათვის ქვეყნის ორი ჩრდილო პორტის გახსნასა და პირველი ფრთხილი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას დასთანხმდა. ამიერიდან ამ კუნძულის გარშემო ზღვა ნაკლებად ღრმააო, საზეიმოდ განაცხადა კომანდორმა.
ბალდაბიუმ ეს ყველაფერი იცოდა. განსაკუთრებით ის ზღაპრული თავგადასავლები, რომელთაც იქიდან დაბრუნებულები ჰყვებოდნენ. ამბობდნენ, ამ კუნზულზე უკვე ათასი წელია საიდუმლო წესების გამოყენებით მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ აბრეშუმს აწარმოებენ და არნახულ შედეგსაც აღწევენო. ბალდაბიუ ფიქრობდა, რომ ეს მოგონილი ამბავი კი არა, წმინდა წყლის ჭეშმარიტება იყო. ერთ დღეს მან ხელში იაპონური აბრეშუმისაგან მოქსოვილი თავსაფარი დაიჭირა. და მაშინ, როცა ყველაფერი დაღუპული ჩანდა პებრინის ჭირისა და დაავადებული მურის გამო, გაიფიქრა:
  – ეს კუნძული აბრეშუმის მურითაა სავსე. კუნძული, სადაც ორასი წლის განმავლობაში არც ერთ ჩინელ ვაჭარსა და არც ერთ ინგლისელ სადაზღვევო აგენტს არ გაუჭაჭანებია, ის კუნძულია, სადაც ვერასოდეს ვერავითარი დაავადება ვერ შეაღწევს. 
  იგი მარტო ფიქრს როდი დასჯერდა: ლავილდიეს ყველა მეაბრეშუმე ვერდენის კაფეში მოიწვია და ეს აზრი გაუზიარა. არც ერთ მათგანს მანამდე გაგებულიც კი არ ჰქონდა იაპონიის სახელი.
  – ისეთი აბრეშუმის მურის შესაძენად, ღმერთს რომ სურს, უნდა გადავიაროთ მთელი მსოფლიო დაისეთ ადგილას ჩავიდეთ, სადაც უცხოელს დანახვისთანავე ახრჩობენ ?
  – ახრჩობდნენ, – დააზუსტა ბალდაბიუმ.
  არ იცოდნენ, რა ეთქვათ. ერთმა მათგანმა მიზეზს დაუწყო ძებნა.
  – ალბათ, იმის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს, რომ მსოფლიოში კაციშვილს თავში აზრად არ მოსდის იქ აბრეშუმის მურის საყიდლად ჩასვლა.
  ბალდაბიუს შეეძლო მათთვის თვალში ნაცარი შეეყარა და ეთქვა, რომ მსოფლიოში არ არის სხვა ბალდაბიუ, მაგრამ სიმართლის თქმა არჩია:
  – იაპონელები თავისი აბრეშუმის და არა მურის გაყიდვაზე დასთანხმდნენ. ისინი მათ თავისთვის ინახავენ და ის, ვინც მურის კუნძულიდან გამოტანას ცდილობს, დანაშაულს ჩადის.
  ლავილდიეს მეაბრეშუმეები სხვადასხვა რანგის ჯენლტმენები იყვნენ. ისინი ფიქრადაც კი არ გაივლებდნენ კანონისათვის გვერდის ავლას საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ მსოფლიოს მეორე კიდეში ამის ჩადენა სავსებით გონივრულად ეჩვენებოდათ.

1861 წელი იდგა. ფლობერმა "სალამბო" დაასრულა. ელექტროგანათება ჯერ კიდევ მხოლოდ ჰიპოთეზად რჩებოდა და ოკეანის გადაღმა აბრაამ ლინკოლნმა ომი წამოიწყო, რომლის დამთავრებასაც ვერ მოესწრო. ლავილდიეს მეაბრეშუმეებმა საზოგადოება შექმნეს და ექსპედიციისათვის საჭირო, მნიშვნელოვანი თანხაც შეაგროვეს. ყოველნაირი ლოგიკით ეს საქმე ერვე ჟონკურისათვის უნდა მიენდოთ. როცა ბალდაბიუმ ჰკითხა, თანახმა იყო თუ არა, მან კითხვითვე უპასუხა:
  – კი, მაგრამ ზუსტად სადაა ეს იაპონია ?
  – იქ, სულ პირდაპირ, ქვეყნიერების დასალიერში.
  იგი 6 ოქტომბერს გაემგზავრა. მარტო.
  ლავილდიეს კარიბჭესთან გულში ჩაიკრა თავისი მეუღლე – ელენი – და უბრალოდ უთხრა:
  – არაფრის არ უნდა გეშინოდეს!  
  ტანად მაღალი, მშვიდი ქალი იყო. შესანიშნავი ხმა და გრძელი თმა ჰქონდა, რომელსაც არასდროს იხვევდა კეფაზე.
    
  ერვე ჟონკური ოცდაოთხი ათასი ფრანკითა და რამდენიმე ადამიანის – ერთი ჩინელის, ერთი ჰოლანდიელისა და ერთი იაპონელის – სახელით აღჭურვილი გაემგზავრა. საზღვარი მეცთან გადაკვეთა, გადაჭრა ვურტამბერგი და ბავარია, შევიდა ავსტრიაში, მატარებლით მიაღწია ვენას, შემდეგ ბუდაპეშტს და კიევამდე ჩავიდა. ცხენით გადაიჭენა რუსული სტეპების ორი ათასი კილომეტრი, გადაიარა ურალის მთები, ჩავიდა ციმბირში, ორმოცი დღე იმოგზაურა, სანამ ბაიკალის ტბას მიაღწევდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ზღვას ეძახის. დაუყვა ამურის დინებას, გაჰყვა ჩინეთის საზღვარს ოკეანემდე და, როცა ოკეანეს მიაღწია, თერთმეტი დღე საბირკის პორტში იჯდა და ჰოლანდიელი კონტრაბანდისტების გემს ელოდა, რომელიც კაპო ტერაიაში – იაპონიის დასავლეთ სანაპიროზე – ჩაიყვანდა. ბილიკებით სიარული ამჯობინა და ფეხით გადაკვეთა იშიკავას, ტოიამასა და ნიიგატას პროვინციები, შევიდა ფუკუშიმას პროვინციაში და ქალაქ შირაკავას მიაღწია, საიდანაც აღმოსავლეთისაკენ აიღო გეზი; შემდეგ ორი დღე შავით მოსილ კაცს ელოდა, რომელმაც თვალები აუხვია და მთის სოფელში წაიყვანა, სადაც ღამე გაათია. მეორე დღეს ევაჭრა მურის მქონე კაცს, რომელიც არ ლაპარაკობდა და სახე შავი აბრეშუმის პირბადით ჰქონდა დაბურული. მზის ჩასვლისას მან ჭიის მური თავის ბარგში ჩამალა, ზურგი აქცია იაპონიას და მზად იყო, შინისაკენ გასდგომოდა გზას.
  ის ის იყო, სოფლის ბოლო სახლები უკან მოიტოვა, რომ ერთი კაცი სირბილით წამოეწია და შეაჩერა. რაღაც უთხრა, აღელვებული და კატეგორიული ტონით მტკიცედ და თან თავაზიანად უკან მიაბრუნა.
  ერვე ჟონკური იაპონურად არც ლაპარაკობდა და არც ესმოდა, მაგრამ მიხვდა, რომ ჰარა კეის სურდა მისი ნახვა.
   ბრინჯის ქაღალდის კედელი გადაიწია და ერვე ჟონკური ოთახში შევიდა. ჰარა კეი ოთახის შორეულ კუთხეში იატაკზე ფეხმორთხმული იჯდა. თალხი ტუნიკა ეცვა და არავითარი სამკაული არ ეკეთა. მისი ძალაუფლების ერთადერთი დამადასტურებელი მის ფერხთით გაწოლილი, მის მუხლებზე თავდადებული, თვალდახუჭული ქალი იყო. ხელები ძალიან განიერ წითელ ტანსაცმელში ჰქონდა შემალული, რომელიც მის გარშემო გაშლილიყო და ნაცრისფერ ჭილოფზე ცეცხლივით მოჩანდა. ჰარა კეი თმაზე ნელა უსვამდა ხელს: თითქოს ძვირფასი, ჩაძინებული ცხოველის ბეწვს ეფერებაო.
  ერვე ჟონკურმა ოთახი გაიარა, მასპინძლის ნიშანს დაელოდა და მის წინ დაჯდა. უხმოდ ისხდნენ და ერთმანეთს თვალებში შეჰყურებდნენ.
  უეცრად, შეუმჩნევლად მსახური შემოვიდა, ორი ფინჯანი ჩაი დადგა და გაუჩინარდა. ჰარა კეი მონოტონური, წყალწყალა, უსიამოვნო, ხელოვნური ფალცეტით თავის მშობლიურ ენაზე ალაპარაკდა. ერვე ჟონკური უსმენდა. თვალს არ აშორებდა ჰარა კეის, მაგრამ მისდაუნებურად ერთი წამით ქალის სახეს შეხედა.
  ყმაწვილი ქალის სახე იყო.
  თვალი მოაშორა.
  ჰარა კეიმ შეწყვიტა საუბარი. აიღო ერთ–ერთი ფინჯანი, ტუჩებთან მიიტანა, რამდენიმე წამს გააჩერა და თქვა:
  – შეეცადეთ თქვენს შესახებ მომიყვეთ, ვინა ხართ თქვენ ?
  მან ეს ფრანგულად თქვა, ხრინწიანი ბუნებრივი ხმით. ხმოვნებს ოდნავ გაწელილად გამოთქვამდა.
ერვე ჟონკური შეეცადა მოეთხრო, თუ ვინ იყო იგი იაპონიის ყველაზე შეუვალი კაცისთვის, ყველაფერ იმის პატრონისათვის, რის გატანასაც ამ კუნძულიდან ახერხებდნენ. სტუმარი მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდა, ოდნავ ნელა და დარწმუნებული არ იყო, იგებდა ჰარა კეი რამეს თუ არა. ინსტინქტურად უკუაგდო ყოველგვარი სიფრთხილე და უბრალოდ, გაუზვიადებლად ჰყვებოდა სიმართლეს. იგი ჰყვებოდა საკვანძო მოვლენების წვრილმანებს, თითქმის დახვეწილი ჟესტებით, მშვიდი ხმით ისე, როგორც ნახანძრალ ნივთებზე მოჰყვებოდა. ჰარა კეი უსმენდა, ნაკვთი არ იძვროდა მის სახეზე. მისი თვალები მიჯაჭვოდნენ ერვე ჟონკურის ტუჩებს, თითქოს ისინი გამოსამშვიდობებელი ბარათის ბოლო ბწკარი ყოფილიყოს. ოთახში ყველაფერი იმდენად ჩუმი და უძრავი იყო, რომ, რაც უეცრად მოხდა, დიდ მოვლენას წარმოადგენდა, და მაინც დიდი არაფერი მომხდარა.
  უეცრად, ისე, რომ მსოფლიოს უმცირესი ნაწილიც კი არ შერხევია,  ახალგაზრდა ქალმა  თვალი გაახილა. ერვე ჟონკურს ლაპარაკი არ შეუწყვეტია, მაგრამ ინსტინქტურად თვალი ქალისაკენ გააპარა და დაინახა, რომ მის თვალებს აღმოსავლური ფორმა არ ჰქონდა და ისინი სულისშემძვრელი დაჟინებით ხვრეტდნენ მას: თითქოს ყოველთვის, თავიდანვე, ქუთუთოების ქვეშიდანვე უთვალთვალებდნენ. ერვე ჟონკურმა მზერა აარიდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ცდილობდა, ბუნებრიობა შეენარჩუნებინა და მის ხმაში უჩვეულო არაფერი გამჟღავნებულიყო. მას ლაპარაკი არ შეუწყვეტია, სანამ მის წინ იატაკზე დადგმულ ჩაის ფინჯანს არ გადააწყდა მზერა. აიღო ფინჯანი, ტუჩებთან მიიტანა და ნელა მოსვა. შემდეგ კვლავ განაგრძო თხრობა და ფინჯანი წინ დაიდგა.
  საფრანგეთი, ზღვებზე მოგზაურობა, ლავილდიეს თუთის ხეების სურნელი, ორთქმავლები, ელენის ხმა. ერვე ჟონკური თავისი ცხოვრების თხრობას განაგრძობდა ისე, როგორც არასოდეს მოუყოლია. ქალიშვილი თვალმოუშორებლად მისჩერებოდა, ისეთი დაჟინებით, რომ თითქოს მის ყოველ სიტყვას გლეჯდა და გულში ინახავდა.
  ოთახი მარადიულ უძრაობაში ჩაყვინთული ჩანდა, როცა უეცრად, აბსოლუტურად მშვიდად, ქალიშვილმა ხელი გამოაცურა ტანსაცმლიდან და ჭილოფზე მიმოატარა. ერვე ჟონკურის მხედველობის არეში მოქცეულიყო ეს ნათელი ლაქა. მან დაინახა, როგორ შეეხო ქალის ხელი ჰარა კეის ფინჯანს და შემდეგ აბსურდულად, უყოყმანოდ როგორ განაგრძო წინსვლა მეორე ფინჯნისაკენ, იმ ფინჯნისაკენ, რომლიდანაც ერვემ დალია. მსუბუქად აიღო და წაიღო. ჰარა კეის წამითაც არ მოუშორებია თვალი ერვე ჟონკურის ბაგეებისთვის. არავითარ ემოციას არ ამჟღავნებდა.
  ქალიშვილმა მსუბუქად ასწია თავი. ახლა პირველად მოაცილა მზერა ერვე ჟონკურს და ფინჯანს შეხედა. ნელა მოატრიალა ფინჯანი ისე, რომ მისი ბაგეები ზუსტად იმ ადგილს შეხებოდნენ, საიდანაც ერვემ დალია. და თვალმინაბულმა მოსვა ერთი ყლუპი ჩაი. მოიშორა ბაგიდან ფინჯანი  და მშვიდად დადგა იქ, საიდანაც აიღო.   შემალა ხელი ტანსაცმელში.  ხელახლა დადო თავი ჰარა კეის მუხლებზე.   თვალგახელილი შეჰყურებდა ერვე ჟონკურს თვალებში.
  ერვე ჟონკური კიდევ დიდხანს ჰყვებოდა თავის ამბავს. მხოლოდ მაშინ შეწყვიტა ლაპარაკი, როცა ჰარა კეიმ თვალი მოაშორა და გამომშვიდობების ნიშნად წელში მოიხარა.
  სიჩუმე.
  ფრანგულად, ოდნავ გაწელილი ხმოვნებით, ბუნებრივი ჩახლეჩილი ხმით ჰარა კეიმ თქვა:
  – თუ თქვენი სურვილიც იქნება, მე დიდ პატივად მივიჩნევ თქვენს ხელახლა ნახვას.
  და პირველად გაიღიმა.
  – მური, რომელიც თქვენ გაქვთ, თევზის ქვირითია, მას არავითარი ფასი არა აქვს.
  ერვე ჟონკურმა თვალები დახარა. წინ ჩაის ფინჯანი ედგა. აიღო და ტრიალი დაუწყო, თან აკვირდებოდა, თითქოს რაღაცას ეძებდა ფინჯნის გაფერადებულ კიდეზე. როცა იპოვა, რასაც ეძებდა, ბაგე მიადო და ბოლომდე გამოცალა. შემდეგ წინ დაიდგა და თქვა:
  – ვიცი.
  გამხიარულებულ ჰარა კეის სიცილი წასკდა.
  – იმიტომ გადაიხადეთ ყალბი ოქროს ფული ?
  – რაც ვიყიდე, იმისა გადავიხადე.
  ჰარა კეიმ ისევ სერიოზული სახე მიიღო.
  – აქედან გასვლისას გექნებათ ის, რაც გსურთ.
  – როცა ამ კუძულიდან ცოცხალი გავალ, თქვენც მიიღებთ კუთვნილ ოქროს. პატიოსან სიტყვას გაძლევთ.
  ერვე ჟონკური პასუხს არ დაელოდა, ადგა, რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და შემდეგ, გამომშვიდობების ნიშნად, წელში მოიხარა.
  
  ექვსი დღის შემდეგ ერვე ჟონკური ტაკაოკაში ჰოლანდიელი კონტრაბანდისტების გემში ჩაჯდა, რომელმაც იგი საბირკში ჩაიყვანა. 
იქიდან ჩინეთის საზღვარს აჰყვა ბაიკალის ტბამდე, გადაკვეთა ციმბირის მიწის ოთხი ათასი კილომეტრი, გადაიარა ურალის მთები. მიაღწია კიევს, მთელი ევროპა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მატარებლით გადასერა და აპრილის პირველ კვირა დღეს – დიდი მესის ჟამს – ლავილდიეს კარიბჭესთან იყო. შეჩერდა. მადლი უძღვნა უფალს და დაბაში ფეხით შევიდა. ნაბიჯებს ითვლიდა, თითოეულს სახელს არქმევდა, რომ არასოდეს დავიწყებოდა.
  – როგორია ქვეყნიერების დასალიერი ? – ჰკითხა ბალდაბიუმ.
  – უხილავი.
  თავის მეუღლეს – ელენს – აბრეშუმის ტუნიკა ჩამოუტანა საჩუქრად, რომელსაც თავშენახულობის თუ მორიდებულობის გამო არასოდეს იცვამდა. ისეთი აბრეშუმი იყო, მუჭში გეტეოდა და თან ისეთი გრძნობა გრჩებოდა, თითქოსდა ხელში არაფერი გჭეროდეს.
ერვე ჟონკურის მიერ იაპონიიდან ჩამოტანილი მური, ახლა თუთის პატარა ფოთლებზე ასობით რომ იყო მიწეპებული, სავსებით ჯანსაღი აღმოჩნდა. ამ წელს ლავილდიეს აბრეშუმის ნაწარმი ხარისხითა და რაოდენობით არაჩვეულებრივი იყო. ორი ახალი ძაფსართავი გაიხსნა და ბალდაბიუმ წმინდა აგნესის პატარა ეკლესიის პირდაპირ მონასტერი ააშენებინა. კაცმა არ იცოდა რატომ, მან იგი მრგვალი წარმოიდგინა და მისი პროექტი ესპანელ არქიტექტორს ანდო, რომელსაც ხუან ბენტესი ერქვა და რომელსაც სახელი პლასა დე ტოროს ერთ–ერთი სექტორის მშენებლობით გაეთქვა.
  – ბუნებრივია, შუაში ქვიშა კი არა, ბაღი უნდა იყოს და, თუ შესაძლებელია, შესასვლელში დელფინების თავები, ხარის თავების ნაცვლად.
  – დელფინები, სენიორ ?
  – ჰო, ბენიტეს, დელფინები, ბოლო–ბოლო – თევზი!
  ერვე ჟონკურმა იანგარიშა და აღმოაჩინა, რომ მდიდარი იყო. იყიდა ოცდაათი აკრი მიწა თავისი მამულის სამხრეთით და ზაფხულის თვეები  პარკის გეგმის მონახაზის შედგენას მოანდომა, სადაც წყნარად და მშვიდად დაისვენებდა. მას პარკი ისეთივეუხილავი წარმოედგინა, როგორც ქვეყნიერების დასალიერი. ყოველ დილით იგი ვერდენთან მიდიოდა, უსმენდა პატარა ქალაქის ჭორებს და პარიზიდან მოსულ გაზეთებს ათვალიერებდა. საღამოობით დიდხანს იჯდა თავისი სახლის წინ მეუღლესთან ერთად. ელენი ხმამაღლა კითხულობდა წიგნს. ერვე ბედნიერი იყო, რადგან მიაჩნდა, რომ ასეთი მშვენიერი ხმა დედამიწის ზურგზე არავის ჰქონდა.
  1862 წლის 4 სექტემბერს ერვე ჟონკური ოცდაცამეტი წლისა გახდა. მის თვალწინ მისი ცხოვრება მშვიდი სპექტაკლივით მიმდინარეობდა.
– არაფრის არ უნდა გეშინოდეს!
  ერვე ჟონკური ხელახლა წავიდა იაპონიაში ოქტომბრის პირველ დღეებში, რადგან ბალდაბიუმ ასე გადაწყვიტა. მან საფრანგეთის საზღვარი მეცთან გადაკვეთა, გადაჭრა ვურტამბერგი და ბავარია, შევიდა ავსტრიაში, მატარებლით მიაღწია ვენას, შემდეგ ბუდაპეშტს და კიევამდე ჩავიდა. ცხენით გადაიჭენა რუსული სტეპების ორი ათასი კილომეტრი, გადაიარა ურალის მთები, შევიდა ციმბირში, ორმოცი დღე იმოგზაურა, სანამ ბაიკალის ტბას მიაღწევდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დემონს ეძახის. დაუყვა ამურის დინებას, გაჰყვა ჩინეთის საზღვარს ოკეანემდე და, როცა ოკეანეს მიაღწია, თერთმეტი დღე საბირკის პორტში იჯდა და ჰოლანდიელი კონტრაბანდისტების გემს ელოდა, რომელიც კაპო ტერაიაში – იაპონიის დასავლეთ სანაპიროზე – ჩაიყვანდა. ბილიკებით სიარული ამჯობინა, ფეხით გადაკვეთა იშიკავას, ტოიამას და ნიიგატას პროვინციები, შევიდა ფუშუკიმას პროვინციაში და ქალაქ შირაკავას მიაღწია, საიდანაც აღმოსავლეთისაკენ აიღო გეზი; შემდეგ ორი დღე ელოდა შავით მოსილ კაცს, რომელმაც თვალები აუხვია და ჰარა კეის სოფელში მიიყვანა. როცა თვალის გახელა შეძლო, თავის წინ მსახურები აღმოაჩინა, რომლებმაც მისი ბარგი აიღეს და ტყის პირამდე მიაცილეს; შემდეგ კი ბილიკზე მიუთითეს და მარტო დატოვეს.ერვე ჟონკურმა ხეების ღმა ჩრდილში განაგრძო სვლა. დღის შუქიც კი აღარ ჩანდა. მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა უეცრად მცენარეული საფარი შეთხელდა და ბილიკის ბოლოს ფანჯარასავით გაიღო. ქვევით, ოციოდე მეტრის დაშორებით, ტბა მოჩანდა. ტბის ნაპირას ჰარა კეი და ფორთოხლისფერ კაბაში გამოწყობილი, მხრებზე თმაჩამოშლილი ქალი ჩაცუცქულიყვნენ. როგორც კი ერვე ჟონკურმა მათი ზურგები შენიშნა, ქალი მოტრიალდა და მათი მზერა ერთი წამით შეხვდა ერთმანეთს.
  მის თვალებს არ ჰქონდა აღმოსავლური ფორმა და სახეც ყმაწვილი ქალის სახეს მიუგავდა.
  ერვე ჟონკურმა სიარული განაგრძო ხშირ ტევრში და, იქიდან რომ გამოვიდა, ტბის ნაპირას აღმოჩნდა. მისგან რამდენიმე ნაბიჯზე შავით მოსილი ზურგშექცეული ჰარა კეი იჯდა. მის გვერდით ქვიშაზე მიტოვებული ფორთოხლისფერი კაბა ეგდო. ერვე ჟონკური მიუახლოვდა. პაწაწა, ზომიერი ტალღები, თითქოს ძალზე შორიდან გამოგზავნილნი, ეხლებოდნენ ნაპირს.
  – ჩემი ფრანგი მეგობარი, – შემოუბრუნებლად ჩაიჩურჩულა ჰარა კეიმ.
  დიდხანს ისხდნენ გვერდიგვერდ, მუსაიფობდნენ, ჩუმდებოდნენ. შემდეგ ჰარა კეი ადგა და ერვე ჟონკურიც გაჰყვა. სანამ ბილიკს მიაღწევდნენ, მან ნაპირზე მიტოვებული ფორთოხლისფერი კაბის გვერდით ჩუმად ცალი ხელთათმანი დააგდო. საღამოვდებოდა, სოფელში რომ შევიდნენ.
    ოთხი დღის განმავლობაში ერვე ჟონკური ჰარა კეის სტუმარი იყო. ეს ისეთი პატივი იყო, როგორც მეფის კარზე ცხოვრება. მთელი სოფელი ამ კაცისთვის ცხოვრობდა, არ იყო არანაირი ძრაობა ამ მთებში, ამ კაცის დასაცავად ან გასართობად რომ არ ყოფილიყო გამიზნული. ცხოვრება ხმადაბლა ჩურჩულებდა, ნელა მოძრაობდა და ამ სინელეში გაიძვერობა იმალებოდა, როგორც ბუნაგში – ცხოველი. საუკუნე აქ შეჩერებულს ჰგავდა.
  ერვე ჟონკურს აქ თავისი სახლი ჰქონდა და ხუთი მსახური ჰყავდა, რომლებიც ყველგან თან დაჰყვებოდნენ. მარტო სადილობდა აყვავებული ხის ჩრდილში, რომლის მსგავსი მანამდე არ ენახა. დღეში ორჯერ, საზეიმო სახით ჩაის მიართმევდნენ ხოლმე. საღამოს სახლის ყველაზე დიდ, ქვის იატაკიან, დარბაზში შეიყვანდნენ ხოლმე, სადაც განბანვის რიტუალში იღებდა მონაწილეობას. სამი ასაკოვანი, თეთრი პირბადით სახედაფარული ქალი წყალს ასხამდა მის სხეულს და თბილი აბრეშუმის ნაჭრით ამშრალებდა. მათ გახეშეშებული, მაგრამ ძალიან მსუბუქი ხელები ჰქონდათ.
  მეორე დილას ერვე ჟონკურმა დაინახა, რომ სოფელში თეთრი კაცი შემოვიდა ხის დიდი ყუთებით დატვირთული ორი ურმით. ინგლისელი იყო. ის აქ რაიმეს საყიდლად კი არა, გასაყიდად იყო ჩამოსული.
  – რას ყიდით, ბატონო ?
  – იარაღს, მონსიე, და თქვენ ? 
  – მე აბრეშუმის ჭიის მურს ვყიდულობ.
  ერთად ისადილეს. ინგლისელს ბევრი რამ ჰქონდა მოსაყოლი: უკვე რვა წელი იყო, რაც ევროპასა და იაპონიას შორის მიდი–მოდიოდა. ერვე ჟონკურმა მოუსმინა და ბოლოს ჰკითხა:
  – იცნობთ ახალგაზრდა ევროპელ ქალს, აქ რომ ცხოვრობს ?
  ინგლისელი ჭამას განაგრძობდა.
  – თეთრი ქალები არ არიან იაპონიაში... მარტო ერთი თეთრი ქალი კი არაა იაპონიაში...
  მეორე დღეს ოქროთი დატვირთული ინგლისელი წავიდა.
  ერვე ჟონკურმა ჰარა კეი მხოლოდ მესამე დღეს ნახა. მან უეცრად აღმოაჩინა, რომ მისი ხუთი მსახური მოჯადოებულივით გაქრა და რამდენიმე წამის შემდეგ მომავალი ჰარა კეი დაინახა. ეს კაცი, რომლისთვისაც ამ სოფელში ყველა და ყველაფერი არსებობდა, ყოველთვის მარტო იყო. თითქოს წინასწარ იყო გაცემული ბრძანება, რომ მარტო დაეტოვებინათ.
  ისინი ერთად მთის თხემზე ძლივძლივობით ავიდნენ, მდელოს მიაღწიეს, სადაც ცა ათობით დიდი, ცისფერფრთიანი ფრინველით იყო სავსე.
  – აქაურები უყურებენ მათ და მათი ფრენის მიხედვით მომავალს წინასწარმეტყველებენ, – თქვა ჰარა კეიმ.
  – პატარა რომ ვიყავი, მამამ ასეთ ადგილას წამიყვანა, ისარი მომცა და მიბრძანა მესროლა. ვესროლე და დიდი ცისფერფრთიანი ფრინველი ქვასავით მკვდარი დაეცა მიწაზე. შენი მომავალი თუ გინდა გაიგო, შენი ისრის სისწრაფით იწინასწარმეტყველე, – მითხრა მამამ.
  ფრინველები ნელა აკეთებდნენ ირაოს, მაღლა ადიოდნენ და მერე ისევ დაბლა ეშვებოდნენ, თითქოს სურდათ, ფრთებით ცა წამიერად წაეშალათ.
  ისინი სოფელში ნაშუადღევის უცნაურ შუქზე დაბრუნდნენ. ნაშუადღევი საღამოს ჰგავდა. ერვე ჟონკურის სახლთან ერთმანეთს გამოემშვიდობნენ. ჰარა კეი მიბრუნდა და ნელა წავიდა; მდინარისკენ ჩამავალ ბილიკს ჩაუყვა. ერვე ჟონკური სახლის შესასვლელთან იდგა და გაჰყურებდა: ოციოდე ნაბიჯი რომ გადადგა, მიაძახა:
  – როდის მეტყვით, ვინაა ეს ქალიშვილი ?
  ჰარა კეი ნელი ნაბიჯით განაგრძობდა სვლას, დაღლა არ ეტყობოდა. მის გარშემო კიდევ უფრო სრული სიჩუმე და სიცარიელე იყო. თითქოს საგანგებო ბრძანებით, სადაც არ უნდა წასულიყო ეს კაცი, სრულ და აბსოლუტურ მარტოობაში უნდა ევლო.
  ბოლო დღეს, გამთენიისას, ერვე ჟონკური სახლიდან გამოვიდა და სოფელში გაისეირნა. ის შეხვდა კაცებს, რომლებიც მის დანახვაზე წელში იხრებოდნენ და ქალებს, რომლებიც თვალებს ხრიდნენ და უღიმოდნენ. მიხვდა, ჰარა კეის სახლს რომ უახლოვდებოდა, როცა წარმოუდგენელი რაოდენობის ყველა ჯიშის ფრინველით სავსე უზარმაზარი ვოლიერი დაინახა: ნამდვილი სანახაობა იყო. ჰარა კეი მოუყვა, რომ ისინი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოაყვანინა. ზოგიერთი მათგანი მეტი ღირდა, ვიდრე ლავილდიეში ერთი წლის მანძილზე წარმოებული აბრეშუმი. ერვე ჟონკური შეჩერდა ამ შესანიშნავი სიგიჟის დასათვალიერებლად. გაახსენდა, ერთ წიგნში ამოკითხული ჰქონდა, რომ აღმოსავლელები სატრფოებს ერთგულების დასაფასებლად სამკაულებს კი არა, ფრინველებს უძღვნიდნენ. ერვე ჟონკური სახლს მიუახლოვდა და შესასვლელიდან რამდენიმე მეტრში დადგა. კარები არ იყო და ქაღალდის კედლებზე ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ მდუმარე ჩრდილები. ეს არ ჰგავდა ცხოვრებას; ყველაზე შესაფერი სახელი ამ სანახაობისათვის თეატრი იყო. ერვე ჟონკური იდგა და ელოდა, არ იცოდა, რას: იდგა უძრავად სახლიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც თავი ბედს მიანდო, ამ უცნაური სცენიდან მხოლოდ ჩრდილები და სიჩუმე გამოსწურა. შემდეგ მოტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით თავისი სახლისაკენ წავიდა. თავდახრილი თავის ფეხებს დაჰყურებდა და ცდილობდა, არაფერზე ეფიქრა.
    საღამოს ბარგი შეკრა. შემდეგ მსახურებს ქვით მოკირწყლულ დიდ ოთახში წაჰყვა განბანვის რიტუალის შესასრულებლად.
  დაწვა, თვალები დახუჭა. დიდ ვოლიერზე, სიყვარულის ექსტრავაგანტულ საფასურზე, ფიქრობდა. უეცრად თვალებზე სველი ტილო დაადეს. ადრე ეს არ ხდებოდა ხოლმე. ინსტინქტურად მისი მოშორება მოინდომა, მაგრამ მისი ხელი სხვა ხელმა შეაჩერა და ეს არ იყო მოხუცი ქალის ბებრული ხელი.
  ერვე ჟონკურმა იგრძნო, როგორ დაიღვარა წყალი მის სხეულზე: ჯერ ფეხებზე, შემდეგ მკლავებზე, შემდეგ გულმკერდზე. წყალი ზეთივით იღვრებოდა და უცნაური სიჩუმე იდგა გარშემო. იგრძნო აბრეშუმის ნაჭრის სიმსუბუქე, რომელიც გადააფარეს. და ქალის ხელები – ქალისა – რომელიც ამშრალებდა და თან ეფერებოდა. ყველგან იყო ეს ხელები და არაფრისაგან მოქსოვილი ნაჭერი. ერთი წამითაც არ განძრეულა, არც მაშინ, როცა ხელები მისი მხრებიდან კისერზე გადაცოცდა და თითებმა – თითებმა აბრეშუმმა – ტუჩებს მიაღწია, ოდნავ შეეხო და მერე ნელა გაქრა.
  ერვე ჟონკურმა კიდევ იგრძნო, როგორ ააცალეს და წაიღეს აბრეშუმის ნაჭერი; ბოლო შეგძნება იყო, რომ ვიღაცის ხელმა ხელი გაუშალა და ხელისგულზე რაღაც დაუდო.
  დიდხანს ელოდა, სიჩუმეში არ იძვროდა. შემდეგ თვალებიდან ნელა მოიცილა სველი ნაჭერი. ოთახში თითქმის ბნელოდა. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. წამოდგა, აიღო იატაკზე დადებული დაკეცილი ტუნიკა, ოთახიდან გავიდა, მთელი სახლი გაიარა, მივიდა თავის ჭილოფთან, დაწვა და სახლის შემოსასვლელთან ჩამოკიდებული ფარნის მოცახცახე შუქს დაუწყო ყურება. უკიდურესი დაძაბვით შეაჩერა დრო, იმდენი ხნით, რამდენითაც სურდა.
  ბოლოს და ბოლოს არაფერი მოხდებოდა, ხელი რომ გაეშალა და ენახა ბარათი. პატარა, რამდენიმე ერთმანეთის ქვეშ მიხატული იდეოგრამა. შავი მელანი.
  ერვე ჟონკური მეორე დღეს დილაადრიან გაემგზავრა. მას თან მიჰქონდა ბარგში ჩამალული ათასობით აბრეშუმის ჭიის მური, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლავილდიეს მომავალი – ათობით ადამიანის სიმდიდრე და ასობით ადამიანის საარსებო წყარო. იმ ადგილას, სადაც გზა მარცხნივ უხვევდა და თვალსაწიერიდან მთებს გადაღმა, საბოლოოდ დაიმალებოდა სოფელი, იგი გაჩერდა, ყურადღება არ მიუქცევია ორი თანმხლები კაცისათვის, ცხენიდან ჩამოხტა და რამდენიმე წუთი გასცქეროდა მთის კალთებს ჩაბღაუჭებულ სახლებს.
  ექვსი დღის შემდეგ ერვე ჟონკური ტაკაოკაში ჰოლანდიელი კონტრაბანდისტების გემში ჩაჯდა, რომელმაც იგი საბირკში ჩაიყვანა. იქიდან ჩინეთის საზღვარს აჰყვა ბაიკალის ტბამდე, გადაკვეთა ციმბირის მიწის ოთხი ათასი კილომეტრი, გადაიარა ურალის მთები, მიაღწია კიევს, მთელი ევროპა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მატარებლით გადასერა, სანამ სამი თვის მოგზაურობის შემდეგ საფრანგეთამდე ჩააღწევდა. აპრილის პირველ კვირას – დიდი მესის ჟამს – ლავილდიეს კარიბჭესთან იდგა. დაინახა მის შესახვედრად სირბილით მომავალი ცოლი, შეიგრძნო მისი კანის სურნელი, როცა გულში ჩაიკრა, და მისი ხმის ხავერდოვნება, როცა ელენმა წარმოთქვა:
  – შენ დაბრუნდი!
  ტკბილად თქვა:
  – შენ დაბრუნდი!
ლავილდიეში ცხოვრება უბრალოდ მიედინებოდა, ნორმალურობის ჩარჩოებში ჩატეული. ერვე ჟონკური ორმოცდაერთი დღე უდრტვინველად მიჰყვებოდა ამ დინებას. ორმოცდამეორე დღეს კაპიტულაცია გამოაცხადა – გააღო სამგზავრო ჩემოდნის უჯრა, გახსნა იაპონური მუყაოს კონვერტი და პატარა ქაღალდი ამოიღო, რომელიც იქ ერთი თვის წინ ჩამალა. ერთმანეთის ქვეშ მიხატული რამდენიმე იდეოგრამა. შავი მელანი. დაჯდა საწერ მაგიდასთან და დიდხანს დაჰყურებდა.
  ბალდაბიუ საბილიარდოში იპოვა. ბალდაბიუ ყოველთვის მარტო თამაშობდა, თავის თავს ეთამაშებოდა. უცნაური თამაშის პარტიები. იგი ამას მაგარას თამაშს უწოდებდა ცალხელას წინააღმდეგ: ერთ დარტყმას ნორმალურად აკეთებდა, მეორეს – ცალი ხელით. იმ დღეს, როცა ცალხელა მოიგებს, – ამბობდა ის, – ამ ქალაქიდან წავალო. ცალხელა წლების მანძილზე აგებდა.
  – ბალდაბიუ, უნდა ვიპოვო ვინმე, ვინც იაპონურად კითხვა იცის.
  ცალხელამ ერთ–ერთი ბურთი რეტროს სტილით გატყორცნა.
  – ერვე ჟონკურს ჰკითხე, მან ყველაფერი იცის.
  – მე ? მე ამის არაფერი გამეგება.
  – აქ შენა ხარ იაპონელი, შენ.
  – შეიძლება, მაგრამ მაინც არაფერი გამეგება.
  მაგარა ბილიარდის მაგიდისკენ დაიხარა და თქვა:
  – მაშინ მადამ ბლანშის მეტი არავინ ყოფილა. მას ნიმში აქვს ქსოვილების მაღაზია. მაღაზიის თავზე საროსკიპოა. ისიც მისია. მდიდარი ქალია. იაპონელია.
  – იაპონელი ? და აქ როგორ მოხვდა ?
  – არაფერი ჰკითხო, თუ გინდა მისგან რამე გაიგო. ქაქი.
  ცალხელამ ის ის იყო, ააცილა სამ კარგად განლაგებულ ბურთს თოთხმეტი გოჯის მანძილიდან.
   ელენს თავის მეუღლეს ერვე ჟონკურმა უთხრა, ნიმში საქმეებზე მივდივარ და დღესვე დავბრუნდებიო.
  იგი მაღაზიის ზემოთ, მეორე სართულზე, ავიდა, მოსკატის ქუჩის 12 ნომერში, და მადამ ბლანში იკითხა. დიდხანს აცდევინეს. სალონი ისე იყო მოწყობილი, თითქოს წლების წინ აქ ზეიმი დაიწყო და არასოდეს დამთავრდებოდა. ქალიშვილები ყველანი ახალგაზრდები და ფრანგები იყვნენ. პიანისტი წყნარად უკრავდა, სიმღერებს რუსეთის სუნი ასდიოდა; ყოველი სიმღერის შემდეგ იგი მარჯვენა ხელს თმაზე ისვამდა და ჩუმად ამბობდა: 
  – ვუალა!
  ერვე ჟონკური თითქმის ორი საათი ელოდა. შემდეგ გრძელი დერეფნის გავლით ბოლო კარამდე მიაცილეს. გააღო კარი და შევიდა.
  მადამ ბლანში ფანჯრის შორიახლო იჯდა დიდ სავარძელში. მსუბუქი ნაჭრის მთლად თეთრი კიმონო ეცვა. თითებზე იმდენივე პატარა მუქი ლურჯი ყვავილი ეკეთა, რამდენიც ბეჭედი.
  – რამ გაფიქრებინათ, რომ ისეთი მდიდარი ხართ, რომ ჩემთან დაწოლას შეძლებთ ?
  ერვე ჟონკური მის წინაშე იდგა, ხელში ქუდი ეჭირა.
  – მე თქვენი დახმარება მჭირდება, ქალბატონო. ფასს არა აქვს მნიშვნელობა.
  შემდეგ პიჯაკის გულის ჯიბიდან პატარა ოთხადდაკეცილი ფურცელი ამოიღო და გაუწოდა.
  – უნდა გავიგო, მანდ რა წერია.
  მადამ ბლანში ერთი მილიმეტრითაც არ შერხეულა. ბაგეები პრეისტორიული ღიმილით ოდნავ გახსნოდა.
  –გთხოვთ, ქალბატონო!
  ქალს არაფერში სჭირდებოდა ამის გაკეთება, მაგრამ მაინც გაშალა, დახედა, შემდეგ ახედა ერვე ჟონკურს, ბოლოს თვალები დახარა და ფურცელინელა დაკეცა. როცა წინ გადმოიხარა ქაღალდის დასაბრუნებლად, კიმონო მსუბუქად გაეხსნა და გულმკერდი გამოუჩნდა. ერვე ჟონკურმა დაინახა: შიგნით არაფერი ეცვა და ახალგაზრდა, უმწიკვლო თეთრი კანი ჰქონდა.
  – დაბრუნდით, თორემ მოვკვდები!
  ეს ცივი ხმით წარმოთქვა, ერვე ჟონკურს თვალებში შეჰყურებდა და არავითარ გრძნობას არ ამჟღავნებდა.
 დაბრუნდით, თორემ მოვკვდები!
ერვე ჟონკურმა ხელახლა ჩაიდო ფურცელი პიჯაკის გულის ჯიბეში.
 – გმადლობთ.
 თავი დაუკრა, შემოტრიალდა, კარისკენ წავიდა და მაგიდაზე ფულის დადება დააპირა.
 – მოეშვით.  
 ერვე ჟონკური ერთი წამით შეყოვნდა.
 – ფულზე არ გეუბნებით. ქალზე გელაპარაკებით. მოეშვით. არ მოკვდება და ეს თქვენ ძალზე კარგად იცით.
  ერვე ჟონკურმა ფული მაგიდაზე შემოუბრუნებლად დადო, კარი გამოაღო და გავიდა.
ბალდაბიუ ამბობდა: მადამ ბლანშთან ზოგჯერ ღამის გასატარებლად პარიზიდანაც კი ჩამოდიან კაცები, და დედაქალაქში დაბრუნებისას საღამოს ტანსაცმლის შიგა მხარე სავსე აქვთ პატარა, ლურჯი ყვავილებით, რომელსაც ეს ქალი თითებზე იმდენივეს ატარებს, რამდენსაც ბეჭედსო.
  იმ ზაფხულს, პირველად თავის სიცოცხლეში, ერვე ჟონკურმა ცოლი რივიერაზე წაიყვანა. ისინი ორი კვირით ნიცის იმ სასტუმროში მოეწყვნენ, სადაც უფრო ხშირად ინგლისელები ჩერდებოდნენ ხოლმე და რომელიც ცნობილი იყო თავისი მუსიკალური საღამოებით. ელენი დარწმუნებული იყო: ამ მშვენიერ ადგილას ბოლოს და ბოლოს ჩაესახებოდა ბავშვი – რომელსაც წლების განმავლობაში ამაოდ ელოდა – და, რომ მას ფილიპეს დაარქმევდნენ. ისინი მორიდებულად ჩაერთნენ მაღალი საზოგადოების საკურორტო ცხოვრებაში. გართობის შემდეგ თავის ოთახში იკეტებოდნენ და გულიანად იცინოდნენ იმ უცნაურ ადამიანებზე, რომლებსაც ხვდებოდნენ.
  ერთ საღამოს კონცერტზე პოლონელი ბეწვის ვაჭარი გაიცნეს, რომელმაც თქვა: იაპონიაში ვაპირებ წასვლასო. 
  წამოსვლის წინა ღამეს ერვე ჟონკურს შუაღამისას გაეღვიძა, ადგა და ელენის საწოლს მიუახლოვდა. ქალმა თვალები რომ გაახილა, ერვემ თავისი ხმა გაიგონა, მშვიდად ამბობდა:
  – ყოველთვის მეყვარები.
სექტემბრის დასაწყისში ლავილდიეს მეაბრეშუმეები შეიკრიბნენ და მოქმედების გეგმა დასახეს. მთავრობამ ნიმში ახალგაზრდა ბიოლოგი გააგზავნა იმ დაავადების შესასწავლად, რომელიც უვარგისს ხდიდა საფრანგეთში წარმოებული აბრეშუმის ჭიის მურს. მას ლუი პასტერი ერქვა: ისეთი მიკროსკოპით მუშაობდა, რომ უხილავსაც კი ხედავდა. ამბობდნენ, უკვე არნახულ წარმატებებსაც მიაღწიაო. იაპონიიდან იმ ძალებისაგან წაქეზებული გარდაუვალი სამოქალაქო ომის ამბები მოდიოდა, რომლებიც ქვეყანაში უცხოელთა შესვლის წინააღმდეგი იყო. არცთუ დიდი ხნის წინ იოკოჰამაში გახსნილი საფრანგეთის საკონსულო დეპეშას დეპეშაზე აგზავნიდა და არავის ურჩევდა იმ მომენტისათვის კუნძულთან რაიმე კომერციულ ურთიერთობას და უკეთესი დროის დალოდებას სთავაზობდა. ლავილდიეს პატივსაცემმა მოქალაქეებმა სიფრთხილისა და იმ უზარმაზარი ხარჯის გამო, რომელიც იაპონიის ფარულ ექსპედიციას სჭირდებოდა, ერვე ჟონკურის მოგზაურობის შეკვეცა და შუა აზიიდან დიდი იმპორტიორების მიერ ჩამოტანილი საიმედო ჭიის მურით დაკმაყოფილება გადაწყვიტეს. ბალდაბიუმ ყველას სიტყვის უთქმელად მოუსმინა. ბოლოს, როცა მისი ჯერიდადგა, იმას დასჯერდა, რომ თავისი ლერწმის ჯოხი მაგიდაზე დადო, მის წინ მჯდარ კაცს შეხედა და დაელოდა თუ რას იტყოდა.
 ერვე ჟონკური პასტერის გამოკვლევების საქმის კურსში იყო და იაპონიიდან მოსულ ამბებსაც ეცნობოდა, მაგრამ კომენტარებისგან ყოველთვის თავს იკავებდა. მას ერჩია დრო პარკის პროექტის განხილვისთვის დაეთმო, რომელიც სახლის გარშემო უნდა გაეშენებინა. საწერი მაგიდის უჯრაში, მიმალულ ადგილას, ოთხადდაკეცილ, პატარა ფურცელს ინახავდა, რომელზეც ერთმანეთის ქვეშ მიხატული რამდენიმე იდეოგრამა იყო. შავი მელანი. მას ბანკში ანგარიში ჰქონდა. მშვიდად ცხოვრობდა და იმ საფუძვლიან აზრს ელოლიავებოდა, რომ მალე მამა გახდებოდა. ბალდაბიუმ თვალები მიანათა, მან კი თქვა:
– შენი გადასაწყვეტია, ბალდაბიუ.
ერვე ჟონკური იაპონიაში ოქტომბრის პირველ დღეებში წავიდა. მან საფრანგეთის საზღვარი მეცთან გადაკვეთა, გადაჭრა ვურტამბერგი და ბავარია, შევიდა ავსტრიაში, მატარებლით მიაღწია ვენას, შემდეგ ბუდაპეშტს და კიევამდე ჩავიდა. ცხენით გადაიჭენა რუსული სტეპების ორი ათასი კილომეტრი, გადაიარა ურალის მთები, შევიდა ციმბირში, ორმოცი დღე იმოგზაურა, სანამ ბაიკალის ტბას მიაღწევდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა უკანასკნელს ეძახის. დაჰყვა ამურის დინებას, გაჰყვა ჩინეთის საზღვარს ოკეანემდე და, როცა ოკეანეს მიაღწია, თერთმეტი დღე საბირკის პორტში იჯდა და ჰოლანდიელი კონტრაბანდისტების გემს ელოდა, რომელიც კაპო ტერაიაში – იაპონიის დასავლეთ სანაპიროზე – ჩაიყვანდა. იქ უთავბოლო ომის მოლოდინში ჩაძირული ქვეყანა დახვდა; ომისა, რომელიც არა და არ იწყებოდა. მან მრავალი დღე ისე იმოგზაურა, რომ ჩვეული სიფრთხილისათვის არ მიუმართავს. ხელისუფალთა კონტროლის სისტემა მის გარშემო ბუყბუყებდა და გარდაუვალი ტოტალური აფეთქების მოლოდინში იყო.
 შირაკავაში კაცს შეხვდა, რომელსაც ჰარა კეისთან უნდა წაეყვანა. ორი დღე ცხენით იმგზავრეს და სოფელიც გამოჩნდა. ერვე ჟონკური ჩამოქვეითდა და სოფელში ფეხით შევიდა, რათა მისი მოსვლის ამბავს მისთვის გაესწრო. იგი სოფლის ერთ–ერთ ბოლო სახლამდე მიაცილეს. ზემოთ, ტყის პირას, სოფლის მეორე ბოლოში, ჰარა კეის სახლი მოჩანდა. სხვა სახლებზე ოდნავ მაღალი იყო. გარშემო მაღალი კედრები ერტყა. ისინი მის მარტოობას იცავდნენ. ერვე ჟონკური რამდენიმე ხანს მას აკვირდებოდა, თითქოს სხვა არაფერი იყო დასანახი ჰორიზონტზე. უეცრად სასახლის თავზე ცა გაშავდა. უამრავი ფრინველი თითქოს მიწიდან ამოიფრქვა. ყველა ჯიშის ფრინველი გაბრუებული, გაგიჟებული სხვადასხვა მხარეს მიფრინავდა, ჭყიოდა, გალობდა, ფრთებს აფათქუნებდა, ხმაურსა და ფერებს ისროდა დამაბრმავებელ შუქში და გაქცეული მუსიკით შეშინებულ ცაში დაფრინავდა.
ერვე ჟონკურმა გაიღიმა.
სოფელი გაგიჟებული ჭიანჭველების ბუდესავით აფორიაქდა: ყველა გარბი–გამორბოდა, ყვიროდა და ცას ასცქეროდა, თვალს აყოლებდა ტყვეობას თავდაღწეულ ფრინველებს, რომლებიც წლების განმავლობაში მათი ბატონის სიამაყე, ახლა კი თავის მოჭრა იყო. ერვე ჟონკური თავისი სახლიდან გამოვიდა და სოფლისაკენ დაეშვა; ნელა მიდიოდა, უსასრულო სიმშვიდით იმზირებოდა. თითქოს ვერაფერს ხედავდა და მასაც ვერ ხედავდნენ. იგი ოქროს ძაფი იყო, რომელიც პირდაპირ ერთვოდა ვიღაც გიჟის მოქსოვილ ხალიჩას. მდინარეზე გადებული ხიდი გადაიარა და დიდ კედრებამდე ჩავიდა, შევიდა მათ ჩრდილში, გამოვიდა. მის წინ უზარმაზარი ვოლიერი აბსოლუტურად ცარიელი აღმოჩნდა, ყველა კარი ფართოდ იყო მოღიავებული. ვოლიერის წინ ქალი იდგა. კაცი გარშემო არ იყურებოდა, დინჯად მიაბიჯებდა, მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა ქალის პირისპირ აღმოჩნდა.
მის თვალებს არ ჰქონდა აღმოსავლური ფორმა და სახეც ყმაწვილ ქალს მიუგავდა. 
 ერვე ჟონკურმა მისკენ ნაბიჯი გადადგა. ხელი გაიწოდა და გაშალა. ხელისგულზე პატარა ოთხადდაკეცილი ბარათი ედო. ქალმა დაინახა. მთელისახით გაიცინა, ხელზე ხელი დაადო, ერთი წამით შეაყოვნა და ბარათი აიღო; ბარათი, რომელმაც მთელი მსოფლიო შემოიარა, თითებით ეჭირა. ძლივს მოასწრო ტანსაცმელში მისი შემალვა და ჰარა კეის ხმაც გაისმა:
 – კეთილი იყოს შენი მობრძანება, ჩემო ფრანგო მეგობარო.
 რამდენიმე ნაბიჯზე იდგა. შავი კიმონო ეცვა, კეფაზე სამაგალითოდ შეკრული შავი თმა ჰქონდა. ერვეს მიუახლოვდა. ვოლიერის თვალიერებას შეუდგა: სათითაოდ შეჰყურებდა ფართოდ გაღებულ კარებს.
 – დაბრუნდებიან. ყოველთვის ძნელია დაბრუნების ცდუნებაზე უარის თქმა, არა?
 ერვე ჟონკურმა არ უპასუხა. ჰარა კეიმ თვალი თვალში გაუყარა და ძალიან მშვიდად უთხრა:
 – წამობრძანდით!
 ერვე ჟონკური გაჰყვა. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ მოტრიალდა და ქალს გამომშვიდობების ნიშნად თავი დაუკრა.
 – იმედია, მალე გნახავთ.
 ჰარა კეი სიარულს განაგრძობდა.
  – მან თქვენი ენა არ იცის, წამოდით!
იმ საღამოს ჰარა კეიმ ერვე ჟონკური თავის სახლში მიიწვია. რამდენიმე კაცი იყო სოფლიდან და ძალზე ელეგანტურად გამოწყობილი, თეთრი და მყვირალა ფერებით სახეშეღებილი ქალი. საკეს სვამდნენ და გრძელი ჩიბუხით მწარე და გამაბრუებელ თამბაქოს ეწეოდნენ. აკრობატები მოვიდნენ და ერთი კაცი, რომელიც ადამიანებსა და ცხოველებს სცინებდა. სამი ხნიერი ქალი სიმებიან საკრავებზე უკრავდა, პირზე ღიმილი არ სცილდებოდათ. ჰარა კეი პატივსაცემ ადგილას იჯდა, თალხით მოსილი, ფეხშიშველი. მის გვერდით აბრეშუმის თვალწარმტაც კაბაში გამოწყობილი ახალგაზდა ქალი იჯდა. ერვე ჟონკური ოთახის მეორე კუთხეში, მათ პირისპირ იჯდა, ქალების მოტკბო სურნელითა და კაცების ყურადღებით ალყაშემორტყმული. შეჭირვებული უღიმოდა კაცებს, რომლებიც მას ამბებს უყვებოდნენ და ამით ერთობოდნენ, თუმცა ერვეს ამ ამბების არაფერი გაეგებოდა. ათასჯერ მოძებნა ქალის თვალები და ათასჯერვე იპოვა ისინი. ეს საიდუმლო, მოწყენილ და უსუსურ ცეკვას წააგავდა. ერვე ჟონკურმა ძალიან ადრე იცეკვა ღამეში, მერე წამოდგა, რაღაც საბოდიშო წაიბურდღუნა ფრანგულად, რაც შეეძლო ზრდილობიანად თავიდან მოიშორა ქალი, რომელიც ადევნებას უპირებდა და კვამლის ღრუბლებში გზა გაიკვლია; კაცები გზას უღობავდნენ და გაუგებარ ენაზე მკვახედ მიმართავდნენ. როგორც იქნა, გავიდა. ოთახიდან გასვლისას უკანასკნელად გაიხედა ქალისაკენ. ისიც უყურებდა სავსებით უტყვი, საუკუნეთა სიღრმიდან წამოსული მზერით.
  ერვე ჟონკური სოფელში დაეხეტებოდა. ღამის გრილ ჰაერს ისუნთქავდა. გზა აებნა და მთის მწვერვალისაკენ ამავალ ორღობეში აღმოჩნდა. როცა თავის სახლს მიაღწია, ანთებული ფარანი დაინახა, რომელიც ქაღალდის კედლის მიღმა ციმციმებდა. შევიდა, ორი ქალი დახვდა: ერთი აღმოსავლელი, ახალგაზრდა, თეთრ უბრალო კიმონოში გამოწყობილი, და მეორე ის. თვალებში აღგზნებული სიხარული ჩაღვროდა. ქალმა განძრევაც არ აცალა, მიუახლოვდა, აიღო მისი ხელი, სახესთან მიიტანა, ბაგეებით ოდნავ შეეხო, შემდეგ მაგრად მოუჭირა და მის გვერდით მდგარ ახალგაზრდა გოგონას ხელზე დაადო, ცოტა დაახანა, რომ კაცის ხელი არ გაქცეულიყო. მერე ხელი შეუშვა, ორი ნაბიჯით უკუდგა, აიღო ფარანი, წამით თვალი თვალში გაუყარა ერვე ჟონკურს და გაიქცა. ნარინჯისფერი ფარანი იყო. ღამემ ჩაყლაპა პაწაწინა, გაქცეული შუქი.
ერვე ჟონკურს არასოდეს ენახა ეს გოგონა და ამ ღამეშიც ვერ ხედავდა. უშუქო ოთახში მან მისი სხეულის მშვენიერება შეიგრძნო და იგემა მისი ბაგეები და ხელები. საათები გაგრძელდა მათი სიყვარული, ისეთი ჟესტებითა და მანერით, რომლის მსგავსი არასოდეს შეუგრძნია ერვე ჟონკურს. მან ნება მისცა ქალს, მისთვის ეგრძნობებინა მანამდე მისთვის უცნობი ფიზიკური ნეტარება. სიბნელეში ძნელი იყო მისთვის სიყვარული და თან ეს არ იყო მისი სიყვარული, სიყვარული იმ ქალისა.
  განთიადამდე ცოტა ხნით ადრე ქალიშვილი ადგა, აიღო თავისი თეთრი კიმონო და წავიდა.
  დილით ერვე ჟონკურს სახლის წინ ჰარა კეის გამოგზავნილი კაცი ელოდებოდა. მას თან თუთის თხუთმეტი ფოთოლი ჰქონდა, მთლიანად აბრეშუმის ჭიის მურით დაფარული: ერთი ციდა, სპილოსძვლისფერი კვერცხები იყო. ერვე ჟონკურმა დიდი ყურადღებით შეამოწმა თითოეული ფოთოლი, შემდეგ ევაჭრა და ოქროთი გადაუხადა საფასური. სანამ კაცი წავიდოდა, ერვემ ანიშნა: ჰარა კეის ნახვა მსურსო. კაცმა თავი უარყოფის ნიშნად გაიქნია. ერვე ჟონკური მისი მიმიკით მიხვდა, რომ ჰარა კეი იმ დილით ადრიანად წასულიყო ამალასთან ერთად და არავინ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა.
  ერვე ჟონკურმა სოფელი გადაირბინა და ჰარა კეის ადგილსამყოფელს მიაღწია. იქ მხოლოდ მსახურები დახვდნენ, რომლებიც ყველა მის შეკითხვაზე თავის გაქნევით იძლეოდნენ პასუხს. სახლი უდაბურს ჰგავდა. ერვე თვალებს აცეცებდა. ყველაზე უმნიშვნელო ნივთებსაც კი აკვირდებოდა, მაგრამ ვერსად და ვერაფერში აღმოაჩინა მისთვის განკუთვნილი რაიმე შეტყობინება. მან დატოვა ჰარა კეის სახლი და სოფელში დაბრუნებისას უზარმაზარ ვოლიერს ჩაუარა, კარები ხელახლა დაეკეტათ. შიგნით ასობით ფრინველი გამოემწყვდიათ.
 ერვე ჟონკური კიდევ ორი დღე ელოდა რაიმე ნიშანს. შემდეგ გაემგზავრა. 
  სოფლიდან ნახევარი საათის სავალზე, ტყის პირას გავლისას უცნაური, წკრიალა ღრიანცელი მოესმა. ტყის ფოთლებში მიმალული ათასობით ფრინველი ისვენებდა. თანმხლებთ არაფერი უთხრა, ცხენი შეაჩერა, იძრო რევოლვერი და ექვსჯერ ჰაერში დააქუხა, შეშინებულ ფრინველთა ჯგუფი წამოიშალა და ჰაერში ხანძრის კვამლივით აიჭრა; ისე მაღლა, რომ ორი დღის სავალიდანაც დაინახავდა კაცი. ცა შავი იყო. არავითარი აზრი არ ჰქონდა ამ ქმედებას. იგი მხოლოდ ერვე ჟონკურის თავგზააბნეულობას ადასტურებდა.
  ექვსი დღის შემდეგ ერვე ჟონკური ტაკაოკაში ჰოლანდიელი კონტრაბანდისტების გემში ჩაჯდა, რომელმაც იგი საბირკში ჩაიყვანა. იქიდან ჩინეთის საზღვარს აჰყვა ბაიკალის ტბამდე, ჩადაკვეთა ციმბირის მიწის ოთხი ათასი კილომეტრი, გადაიარა ურალის მთები, მიაღწია კიევს, მთელი ევროპა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მატარებლით გადასერა და აპრილის პირველ კვირა დღეს – დიდი მესის ჟამს – ლავილდიეს კარიბჭეს მიაღწია. გააჩერებინა ეტლი და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იჯდა, ჩამოშვებული ფარდებით. შემდეგ ჩამოვიდა და ფეხით განაგრძო გზა. ნელი ნაბიჯით, საოცრად დაღლილი მიდიოდა.
  ბალდაბიუმ ჰკითხა, თუ ნახა ომი.
  – ის არა, რომელსაც ველოდი, – უპასუხა მან.
  ღამით მივიდა ელენის საწოლთან და ისეთი მოუთმენლობით დაეუფლა, რომ ქალი შიშმა აიტანა და ცრემლი ვეღარ შეიკავა. როცა მიხვდა, რომ ერვემ შეამჩნია ყოველივე ეს, თავს ძალა დაატანა, გაუღიმა და წყნარად უთხრა:
  – ნუ გეშინია, ძალიან ბედნიერი ვარ და იმიტომ ვტირი. . .
ერვე ჟონკურმა მური ლავილდიელ მეაბრეშუმეებს გადასცა და შემდეგ მრავალი დღის განმავლობაში სახლიდან არ გამოუხედავს. თავისი ჩვეული, ყოველდღიური შევლაც კი დაივიწყა ვერდენის კაფეში. მაისის პირველ დღეებში, ყველას გასაოცრად, ჟან ბერბეკის მიტოვებული სახლი იყიდა; იმ ჟან ბერბეკისა, რომელმაც ერთ დღეს ლაპარაკი შეწყვიტა და სიკვდილამდე აღარაფერი უთქვამს. ყველას ეგონა იქ ახალი სახელოსნოს გამართვას აპირებსო. მას კი სახლის გაწმენდაც არ უფიქრია. დროდადრო მიდიოდა მარტო და, კაცმა არ იცის, რას აკეთებდა. ერთ დღეს იქ ბალდაბიუ წაიყვანა:
  – იცი, ჟან ბერბეკმა რატომ შეწყვიტა ლაპარაკი ?
  – ეგ იმ მრავალ რამეთაგანია, რაც მას არასოდეს უთქვამს.
  წლები გასულიყო, მაგრამ კედლებზე ისევ იყო ჩამოკიდებული ძველი ჩარჩოები და საშრობზე ქვაბები. ეს ყველაფერი არ გამოიყურებოდა ძალიან მხიარულად და ბალდაბიუ, თავის მხრივ, სიამოვნებით წავიდოდა აქედან, მაგრამ ერვე ჟონკური მოჯადოებულივით განაგრძობდა ამ ობიანი, მკვდარი კედლების თვალიერებას. ცხადი იყო, იქ რაღაცას ეძებდა.
  – ზოგჯერ შეიძლება შენი ცხოვრება ისე უცნაურად შემოტრიალდეს, რომ აღარაფერი გქონდეს სათქმელი და დასამატებელი, – თქვა მან.
  – აღარაფერი, აღარასოდეს...
  სერიოზული საუბრები მართლაც არ იყო ბალდაბიუსთვის ზედგამოჭრილი. ის ჟან ბერბეკის საწოლს უყურებდა.
  – ასეთ საშინელ სახლში, ვინც გინდა, ის დამუნჯდებოდა.
  ერვე ჟონკური დღეების განმავლობაში განაგრძობდა კარჩაკეტილ ცხოვრებას, იშვიათად ჩნდებოდა ხალხში და მთელ თავის დროს პარკის პროექტის შემუშავებას ანდომებდა, რომელსაც ერთ დღესაც იქნებოდა და გააშენებდა. იჯდა და აჭრელებდა და აჭრელებდა ფურცლებს უცნაური ნახატებით. მანქანები გეგონებოდათ. ერთ საღამოს ელენმა ჰკითხა.
  – რა არის ეს ?
  – ვოლიერია.
  – ვოლიერი ?
  – ჰო.
  – რისთვისაა საჭირო ?
  ერვე ჟონკური გაშტერებული დაჰყურებდა ამ ნახატებს:
  – შენ მას ფრინველებით აავსებ, რაც შეიძლება ბევრი ფრინველით, და ერთ დღეს, როცა რაიმე ძალიან სასიამოვნო შეგემთხვევა, კარებს ფართოდ გააღებ და დაინახავ, როგორ გაფრინდებიან. . .
ივლისის ბოლოს ერვე ჟონკური მეუღლესთან ერთად ნიცაში წავიდა. ისინი ზღვის პირას პატარა ვილაში დასახლდნენ. ელენმა მოისურვა ასე. დარწმუნებული იყო, რომ განცალკევებული თავშესაფრის სიმშვიდე გამოაკეთებდა მისი მეუღლის მელანქოლიურ ხასიათს. წინასწარ ჰქონდა შერჩეული ეს მისამართი, მაგრამ ეს არჩევანი პირად კაპრიზად მოაჩვენა საყვარელ მამაკაცს და საშუალება მისცა, მისი ჭირვეულობისთვის ანგარიში გაეწია.
  პატარა და გამოუთქმელი ბედნიერებებით აღსავსე სამი კვირა ერთად გაატარეს. იმ დღეებში, როცა სიცხე უფრო ასატანი ხდებოდა, ეტლს ქირაობდნენ და გორაკებს მოფარებული სოფლების აღმოჩენით ირთობდნენ თავს, საიდანაც ზღვა დახატულ დეკორაციას ჰგავდა. ზოგჯერ ქალაქში მიდიოდნენ კონცერტის ან მაღალი წრის შეკრების გამო. ერთ დღეს იტალიელი ბარონის მოწვევა მიიღეს, რომელიც შვეიცარიულ სასტუმროში თავისი სამოცდაათი წლის აღსანიშნავ საზეიმო ვახშამს მართავდა. დესერტს მიირთმევდნენ, როცა ერვე ჟონკურმა ელენს შეხედა. იგი მაგიდის მეორე მხარეს მომხიბვლელი ინგლისელი ჯენტლმენის გვერდით იჯდა, რომელიც უცნაურად აჩენდა სამოსის შიგა პირზე მიმაგრებულ პატარალურჯი ყვავილებისგან შეკრულ ბეჭედს. ერვე ჟონკური ხედავდა, როგორ გადაიხარა იგი ელენისაკენ და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ელენს სიცილი აუტყდა, თავი ოდნავ გადახარა ჯენტლმენისკენ და თმებით მის მხარს თითქმის შეეხო თავისუფლად, საგონებელში ჩამგდები წესიერებით. ერვე ჟონკურმა თვალები თეფშისაკენ დახარა. შეამჩნია, რომ პატარა კოვზს ჩავლებული ხელი ნამდვილად უკანკალებდა.
 მოგვიანებით მოსაწევ ოთახში ბევრი სმისგან ფეხარეული ერვე ჟონკური მიუახლოვდა კაცს, რომელიც მაგიდასთან მარტო იჯდა და უაზრო, გაშტერებული სახით იყურებოდა, დაიხარა მისკენ და ნელა დამარცვლით უთხრა:
 – ბატონო, რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი უნდა გაგანდოთ. ჩვენ ყველანი საძაგლები ვართ. ყველანი ძალიან კარგები და ძალიან საძაგლები ვართ.
 კაცი დრეზდენელი ხორცის ვაჭარი იყო და ფრანგული კარგად არ იცოდა. ხარხარი აუტყდა, ხარხარებდა და თავს თანხმობის ნიშნად აკანტურებდა, გეგონებოდათ, ვეღარასოდეს გაჩერდებაო.
 ერვე ჟონკური და მისი ცოლი რივიერაზე სექტემბრის დამდეგამდე დარჩნენ. სინანულით დატოვეს პატარა ვილა, სადაც თავს თავისუფლად გრძნობდნენ და სადაც ერთმანეთის სიყვარული ხვდათ წილად.
ბალდაბიუ დილაადრიან მივიდა ერვე ჟონკურთან.
 – არაჩვეულებრივი პარკია.
 – მე ჯერ არც დამიწყია მისი გაშენება, ბალდაბიუ!
 – აჰ, ამიტომაცაა არაჩვეულებრივი.
 ბალდაბიუ დილით არასოდეს ეწვეოდა ხოლმე. ახლა კი მან ჩიბუხი ამოიღო, დატენა და აანთო.
– მე ვნახე ეს პასტერი. კარგი კაცია. მან მაჩვენა, რაც შეუძლია. შეუძლია ამოიცნოს დაავადებული და საღი მური. მაგრამ მათი გაჯანსაღება, რა თმა უნდა, არ ძალუძს. შეუძლია საღი მურის იზოლაცია და თქვა, რომ ჩვენი წარმოების ოცდაათი პროცენტი სავარაუდოდ საღია.
პაუზა.
– ამბობენ იაპონიაში ომმა იფეთქაო, ამჯერად ნამდვილად. ინგლისელები მთავრობას აძლევენ იარაღს, ჰოლანდიელები – აჯანყებულებს. ისე ჩანს, ერთმანეთში მოლაპარაკებული არიან. მიუშვეს ერთმანეთის გამოსაშიგნად და მერე თვითონ აიღებენ და გაინაწილებენ ყველაფერს. საფრანგეთის კონსული ამას შორიდან შეჰყურებს, ესენი მხოლოდ საყურებლად არიან იქ. მარტო იმის თავი აქვთ, რომ დეპეშები აგზავნონ და ხოცვა–ჟლეტისა და ყელგამოღადრული უცხოელების ამბები გვაცნობონ ხოლმე.
პაუზა.
 – კიდევ არის ყავა ?
ერვე ჟონკურმა ყავა დაუსხა.
პაუზა.
– ეს ორი იტალიელი, ფერერი და მეორე, შარშან ჩინეთში რომ იყვნენ. . . დაბრუნდნენ თხუთმეტი ათასი უნცია მურით, კარგად ივაჭრეს, ბოლესგანაც შეისყიდეს. ამბობენ, პირველი ხარისხის საქონელიაო. ერთ თვეში უკან გაბრუნდებიან. . . საინტერესო საქმე შემოგვთავაზეს, რიგიან ფასში, უნცია თერთმეტ ფრანკად, გარანტიასაც იძლევიან. სერიოზული ხალხია, ზურგს ორგანიზაცია უმაგრებთ, ნახევარი ევროპა მათგან ყიდულობს მურს. გეუბნები: სერიოზული ხალხია – მეთქი.
 პაუზა.
 – არ ვიცი, მაგრამ იქნებ ჩვენი მურით, იმ სამუშაოთი, პასტერმა რომ ჩაატარა, და კიდევ იმით, რის ყიდვასაც ამ ორი იტალიელისგან შევძლებთ, იოლად გავსულიყავით. . . ასეც შეიძლება იოლად გასვლა. სხვები, ხალხი ამბობს, რომ სიგიჟეა შენი იქ გაგზავნა. . . ხარჯსაც ითვალისწინებენ და. . . ამბობენ, რომ ძალიან სახიფათოა შენი იქ გაშვება და მართალიც არიან, სხვა დროს სხვანაირად იყო საქმე და ახლა. . . ახლა გაგიძნელდება იქიდან ცოცხალს დაბრუნება.
 პაუზა.
 – რაც მთავარია, არ უნდათ მურის ჩამოტანის საქმე სათუო გახადონ. და მე, მე არ მინდა, რომ შენი დაბრუნება გახდეს სათუო.
  ერვე ჟონკური თვალგაშტერებული გაჰყურებდა ჯერ არარსებულ პარკს. ცოტა ხანს დაიცადა და შემდეგ ისეთი რამ გააკეთა, რაც ადრე არასოდეს ჩაუდენია.
 – მაინც წავალ იაპონიაში, ბალდაბიუ. ვიყიდი მურს, თუ გაჭირდა, ჩემი საკუთარი ფულითაც ვიყიდი. შენ მხოლოდ ის გადაწყვიტე, თქვენ მოგყიდოთ თუ ვინმე სხვას.
 ბალდაბიუ მისგან ამას არ მოელოდა. ეს იმას ჰგავდა, ცალხელას რომ მოეგო ბოლიარდში პარტია – მოჭრილი დარტყმით ოთხი არასახარბიელოდ განლაგებული ბურთი ერთბაშად ჩაეყარა ლუზაში.
 ბალდაბიუმ ლავილდიელ მეაბრეშუმეებს აცნობა: პასტერი არცთუ მაინცდამაინც საიმედოა, იმ ორმა იტალიელმა უკვე გაღლიტა ნახევარი ევროპა და, წმინდა აგნესმა სიზმარში მითხრა იაპონიაში ომი დაზამთრებამდე დამთავრდება, თუ მთელი იაპონური არმია ქვეშაფსია არააო. მხოლოდ ელენს ვერ მოატყუებდა.
–  მართლა აუცილებელია მისი წასვლა, ბალდაბიუ ?
– არა.
– მაშ, რატომ მიდის ?
 – მე ვერ დავუშლი და, თუ უნდა წასვლა, მე მხოლოდ ისღა შემიძლია ვურჩიო, რომ უკან დაბრუნდეს.
ლავილდიეს ყველა მეაბრეშუმემ ძალაუნებურად თავისი წილი შეიტანა ექსპედიციის დაფინანსებაში. ერვე ჟონკური თადარიგს შეუდგა და ოქტომბრის პირველ დღეებში უკვე მზად იყო გასამგზავრებლად. ელენი, როგორც წინა წლებში, ეხმარებოდა, არაფერს ეკითხებოდა და ყველაფერს უმალავდა, რასაც მისი შეწუხება შეეძლო. მხოლოდ საღამოს, შუქი რომ ჩააქრეს, ძალა მოიკრიფა და მტკიცედ, ალერსის თვინიერ უთხრა:
 – დამპირდი, რომ დაბრუნდები.
 სიბნელეში ერვე ჟონკურმა უპასუხა:
– გპირდები.
1864 წლის 10 ოქტომბერს ერვე ჟონკური მეოთხედ გაემგზავრა იაპონიაში. საზღვარი მეცთან გადაკვეთა, გადაჭრა ვურტამბერგი და ბავარია, შევიდა ავსტრიაში, მატარებლით მიაღწია ვენას, შემდეგ ბუდაპეშტს და კიევამდე ჩავიდა. ცხენით გადაიჭენა რუსული სტეპების ორი ათასი კილომეტრი, გადაიარა ურალის მთები, ჩავიდა ციმბირში, ორმოცი დღე იმოგზაურა, სანამ ბაიკალის ტბას მიაღწევდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა წმინდანს ეძახის. დაუყვა ამურის დინებას, გაჰყვა ჩინეთის საზღვარს ოკეანემდე და, როცა ოკეანეს მიაღწია, თერთმეტი დღე საბირკის პორტში იჯდა და ჰოლანდიელი კონტრაბანდისტების გემს ელოდა, რომელიც კაპო ტერაიაში – იაპონიის დასავლეთ სანაპიროზე – ჩაიყვანდა. ბილიკებით სიარული ამჯობინა და ცხენით გადაკვეთა იშიკავას, ტოიამასა და ნიიგატას პროვინციები, შევიდა ფუკუშიმას პროვინციაში. როცა შირაკავას მიაღწია, სოფელი ნახევრად დანგრეული დახვდა. ნანგრევებში მთავრობის გარნიზონის ჯარისკაცებს ბანაკი გაემართათ. მან სოფელს აღმოსავლეთიდან მოუარა და ხუთი დღე ამაოდ ელოდა ჰარა კეის ემისარს. მეექვსე დღეს, განთიადზე, მთებისაკენ წავიდა, ჩრდილოეთის მიმართულებით. მას მხოლოდ რამდენიმე მიახლოებითირუქა ჰქონდა და ის, რაც ახსოვდა. რამდენიმე დღე იხეტიალა, სანამ მდინარე იცნო, შემდეგ – ტყე, შემდეგ – გზა. გზის ბოლოს ჰარა კეის სოფელს წააწყდა: ყველაფერი დამწვარიყო, სახლები, ხეები, ყველაფერი.
 აღარაფერი დარჩენილიყო.
 სულიერის ჭაჭანება არ იყო.
 ერვე ჟონკური გაშეშებული შესქეროდა ამ უზარმაზარ ნახანძრალს. მან ზურგს უკან რვა ათასი კილომეტრი მოიტოვა, წინ კი აღარაფერი ელოდა. უეცრად მან დაინახა ის, რაც უხილავი ეგონა. . .
 ქვეყნიერების დასასრული.
ერვე ჟონკური კარგა ხანს იდგა ნანგრევებში. უნდა წასულიყო და ვერ მიდიოდა. თუმცა კარგად იცოდა, რომ იქ დაკარგული ყოველი წამი მისთვის და მთელი ლავილდიესათვის უბედურების მომასწავებელი იყო. მური არ ჰქონდა და, კიდეც რომ ჰქონოდა, მხოლოდ ორი თვეღა რჩებოდა ქვეყნიერების გადასავლელად მანამდე, სანამ ისინი გამოიჩეკებოდნენ და გამოუსადეგარი მატლების ხროვად იქცეოდნენ. ერთი დღით დაგვიანებაც კი დაღუპვას ნიშნავდა. მან ეს იცოდა, მაგრამ მაინც ვერ მიდიოდა. იქ დაჰყო იმ მომენტამდე, სანამ აბსურდული და უცნაური რამ არ მოხდა: უეცრად არარაობიდან პატარა ბიჭმა ამოყვინთა. ის მოდიოდა, ჩამოძონძილი, აკვირდებოდა უცხოელს, თვალებში შიში ჩასდგომოდა. ერვე ჟონკური არ განძრეულა. ბიჭმა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და შეჩერდა. უძრავად იდგნენ ერთმანეთისაგან რამდენიმე მეტრის დაშორებით და ერთმანეთს შეჰყურებდნენ. შემდეგ ბიჭმა რაღაც მოძებნა თავის ძონძებში, შიშით აცახცახებული მიუახლოვდა ერვე ჟონკურს და გაუწოდა. . . ხელთათმანი. ერვე ჟონკურს თვალწინ წარმოუდგა ტბის ნაპირი, ქვიშაზე დაგდებული ფორთოხლისფერი კაბა და პატარა ტალღები, რომლებსაც წყალი ნაპირისაკენ მოჰქონდათ, თითქოს ძალიან შორიდან იყვნენ გამოგზავნილნი. . . მან ხელთათმანი აიღო, ბიჭს გაუღიმა და უთხრა:
 – მე ვარ ფრანგი. . . აბრეშუმის კაცი, ფრანგი, გაიგე ? მე ვარ. . .
 ბიჭმა ცახცახი შეწყვიტა.
 – ფრანგი. . .
თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, უბრწყინავდა, იღიმებოდა. ლაპარაკი დაიწყო, თითქმის ყვიროდა, გაიქცა და ერვე ჟონკურს ანიშნებდა, გამომყევიო. იგი მთაზე შეფენილი ტყისკენ მიმავალ ბილიკზე გაუჩინარდა.
 ერვე ჟონკური არ ინძრეოდა. ხელთათმანს ატრიალებდა ხელში, თითქოს ამის მეტი აღარაფერი ჰქონდა საკეთებელი ამ გადასაკარგავში. იცოდა, რომ უკვე ძალზე გვიან იყო და, რომ სხვა გზა აღარ დარჩენოდა.
 ადგა. ნელა მიუახლოვდა თავის ცხენს. შეჯდა. შემდეგ კი უცნაური რამ გააკეთა – ქუსლი ჰკრა და მთის მიმართულებით გააჭენა, ბიჭს გაედევნა ქვეყნიერების დასალიერის მეორე მხარისაკენ.
 მრავალი დღე იმოგზაურა, მთები გადალახა, ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდა. ერვე ჟონკური არ დაეძებდა, სად მიდიოდა: ბიჭს მიჰყვებოდა, არაფერს ეკითხებოდა. ორი სოფელი შემოხვდათ. ხალხი სახლებში იმალებოდა. ქალები გაქცევით შველოდნენ თავს. ბიჭი გიჟურად ერთობოდა, რაღაცას, გაუგებარს უყვიროდა გაქცეულებს. ის თოთხმეტიოდე წლისა იქნებოდა. გაუთავებლად უსტვენდა ლერწმის სალამურზე და სხვადასხვა ფრინველებს ბაძავდა. ჩანდა, რომ ცხოვრების უბედნიერესი წუთები ედგა.
 მეხუთე დღეს მთის მწვერვალზე ავიდნენ. ბიჭმა გაახედა და ქვევით, ვაკისკენ ჩამავალ გზაზე, რაღაც წერტილი დაანახა. . . ერვე ჟონკურმა ჭოგრიტი აიღო და კორტეჟი დაინახა: შეიარაღებული კაცები, ქალები, ბავშვები, ურმები და პირუტყვი. მოკლედ, მთელი სოფელი გზას გასდგომოდა. მან ცხენზე მჯდარი თალხით მოსილი ჰარა კეი დაინახა. მის უკან მყვირალა ფერის ნაჭრებით დაფარული ტახტრევანი მიქანაობდა.
 ბიჭი ცხენიდან ჩამოხტა, რაღაც წარმოთქვა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. სანამ ხეებში გაუჩინარდებოდა ერთი წამით შეჩერდა, მოტრიალდა და მინიშნებით ცდილობდა ეთქვა: ძალიან კარგი მოგზაურობა იყოო. 
 – კარგი მოგზაურობა იყო, არა ? – დაუყვირა ერვე ჟონკურმა.
 ერვე ჟონკური მთელი დღე შორიახლო მიჰყვებოდა ქარავანს. თუმცა დაინახა, ღამის გასათევად ჩერდებიანო, მაინც განაგრძო გზა მანამ, სანამ ორი შეიარაღებული კაცი არ შემოხვდა, რომელთაც მისი ცხენი და ბარგი წაიღეს, მას კი კარავში მიუჩინეს ადგილი. დიდხანს ელოდა, შემდეგ ჰარა კეი მოვიდა. არც მისალმებია და არც დამჯდარა.
 – აქამდე როგორ მოხვედით, ფრანგო ?
 ერვე ჟონკურმა არ უპასუხა.
 – გეკითხებით, ვინ მოგიყვანათ აქამდე ?
 სიჩუმე.
 – აქ არაფერია თქვენთვის. აქ ომია და ეს ომი თქვენი ომი არაა. წაეთრიეთ აქედან!
ერვე ჟონკურმა პატარა ტყავის ქისა ამოიღო, გახსნა და მიწაზე ოქროს მონეტები დააბნია.
 – ომი ძვირი თამაშია. თქვენ მე გჭირდებით, მე კი – თქვენ.
ჰარა კეიმ არც კი შეხედა მიწაზე მიმობნეულ ოქროს, ზურგი აქცია ერვე ჟონკურს და გავიდა.
ერვე ჟონკურმა ღამე ბანაკის განაპირას გაათია. კაციშვილი არ ელაპარაკებოდა, თითქოს ვერ ხედავდნენ. ხალხს მიწაზე ცეცხლის გარშემო ეძინა. მხოლოდ ორი კარავი დაედგათ. ერთის წინ ერვე ჟონკურმა ტახტრევანი დალანდა. ცარიელი: ოთხივე მხარეს პატარა გალიები ჰქონდა მიმაგრებული – ჩიტები. გალიების მარყუჟებზე პატარა ოქროს ზანზალაკები ეკიდა. ისინი მსუბუქად რეკავდნენ ღამის გრილ ნიავში.
როცა გაიღვიძა, დაინახა: სოფელი წასასვლელად ემზადებოდა. კარვები აეშალათ. ტახტრევანი ჯერ კიდევ ადგილზე იყო. ღია. ხალხი უხმოდ ჯდებოდა ურმებში. იგი ადგა, დიდხანს იყურებოდა გარშემო, მაგრამ თვალები, რომლებიც მის თვალებს აწყდებოდნენ, მხოლოდ აღმოსავლური ფორმისა იყვნენ და იმწამსვე იხრებოდნენ. იგი ხედავდა შეიარაღებულ კაცებს და ბავშვებს, რომლებიც არ ტიროდნენ; ხედავდა უტყვ სახეებს. ასეთი სახეები აქვთ ლტოლვილ ადამიანებს. და დაინახა გზის ნაპირას მდგარი ხე და ხის ტოტზე ჩამოკიდებული ბიჭი, რომელმაც აქამდე მოიყვანა.
ერვე ჟონკური მიუახლოვდა და ერთი წუთი მონუსხულივით შეჰყურებდა. შემდეგ შეხსნა თოკი, ჩამოიღო ბიჭის სხეული, მიწაზე დაასვენა და დაიჩოქა. ვერა და ვერ მოაცილა თვალი მის სახეს. არ დაუნახავს, როგორ გაუდგა სოფელი გზას, მხოლოდ ხმა ესმოდა, თითქოს ძალიან შორიდან მოდიოდა და ოდნავ ეხებოდა მის სმენას ამ პროცესიის ხმაური. მას თავი მაშინაც არ აუწევია, როცა ორ ნაბიჯზე ჰარა კეის ხმა გაიგონა:
 – იაპონია ძალზე ძველი ქვეყანაა, იცოდით ეს, ფრანგო ? მისი კანონი ძველთაძველია და ის ამბობს: არსებობს თორმეტი დანაშაული, რომლისთვისაც ადამიანი სიკვდილით უნდა დაისაჯოს. ერთ–ერთი ამ დანაშაულთაგანი საკუთარი ქალბატონის სამიჯნურო ბარათის წაღებაა.
 ერვე ჟონკური თვალს არ აცილებდა პატარა, მკვდარი ბიჭის სახეს.
 – მას არავითარი სამიჯნურო ბარათი არ მოუტანია.
 – ის თვითონ იყო ბარათი!
 ერვე ჟონკურმა იგრძნო, რაღაც რომ დააწვა კეფაზე და თავი მიწამდე დაახრევინა.
 – ფრანგო, ეს თოფია. არ ამოიხედო, გთხოვ!
ერვე ჟონკური უცბად ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. შემდეგ ამ ლტოლვილთა პროცესიის ხმაურში ათასობით პაწაწუნა ზანზალაკის მოოქროვილი ხმა გაიგონა, რომელიც თანდათან უახლოვდებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ თვალწინ მხოლოდ ეს შავი მიწა ჰქონდა, წარმოიდგინა საათის ქანქარასავით მოქანავე ტახტრევანი. თითქმის თვალნათლივ ხედავდა, როგორ უახლოვდებოდა იგი, შემპარავად, ნაბიჯ–ნაბიჯ, ნელი და ულმობელი, დიახ, სწორედ ამ ბგერებით მოდიოდა; ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა, აუტანლად ძლიერდებოდა, სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა, თითქმის ფიზიკურად ეხებოდა ეს მოოქროვილი ღრიანცელი. ახლა იგი მისწინ იყო, ნამდვილად მის წინ იყო, სწორედ ახლა, ამ წუთში, მის წინ.
ერვე ჟონკურმა თავი ასწია.
მომაჯადოებელი ნაჭრები, აბრეშუმის ქსოვილები ტახტრევნის გარშემო. ათასი ფერი: ფორთოხლისფერი, თეთრი, ოხრა, ვერცხლი. უმცირესი ჭუჭრუტანაც კი არ იყო ამ შესანიშნავ ბუდეში, ამ ფერთა შრიალში, რომელიც ჰაერში ბიბინებდა, მიუწვდომელი, უფრო მსუბუქი, ვიდრე არაფერი. . .
ერვე ჟონკურს არ გაუგონია მისი სიცოცხლის მომცელავი გასროლის ხმა. ესმოდა მიმავალი ხმები, თოფის სროლის ხმა და ჰარა კეის უმშვიდესი ხმით ნათქვამი:
– წაეთრიეთ, ფრანგო, და აღარასოდეს დაბრუნდეთ!
მდუმარება იყო გზაზე, პატარა ბიჭის სხეული – მიწაზე და მის წინ დაჩოქილი კაცი – დღის შუქის უკანასკნელ გამოკრთომამდე.
 ერვე ჟონკურს თერთმეტი დღე დასჭირდა, იოკოჰამამდე რომ მიეღწია. მოისყიდა იაპონელი მოხელე და თექვსმეტი კარდონი ჭიის მური მოიხელთა, რომელიც კუნძულის სამხრეთიდან იყო ჩამოტანილი. მან ისინი აბრეშუმის ნაჭერში შეახვია, ხის ოთხ მრგვალ ყუთში ჩააწყო და დალუქა.
შემდეგ ძლივს შეძლო კონტინენტისაკენ მიმავალ გემზე მოხვედრა და მარტის პირველ დღეებში რუსეთის სანაპიროს მიადგა. რაც შეიძლებოდა ჩრდილოეთის გზა აირჩია, რომ სიცივით როგორმე შეენარჩუნებინა მურის სიცოცხლე და გაეხანგრძლივებინა ჭიის გამოჩეკვამდე დარჩენილი დრო. სწრაფი სვლით გადაიარა ციმბირის ოთხი ათასი კილომეტრი, გადაკვეთა ურალი და სანკტ–პეტერბურგში ჩავიდა. ოქროს ფასად ნაყიდი ერთი ცენტნერი ყინული მურთან ერთად ჩატვირთა ჰამბურგში მიმავალი სამგზავრო გემის ტრიუმში. ექვსი დღე მოუნდა იქ ჩასვლას. გადმოტვირთა ოთხი მრგვალი ხის ყუთი და სამხრეთისკენ მიმავალ მატარებელში ჩაჯდა. თერთმეტი საათის მგზავრობის შემდეგ სწორედ სოფელ ებერფელდის გასასვლელთან მატარებელი შედგა წყლის მარაგის შესავსებად. გაზაფხულის მზე ბრწყინავდა ხორბლის მწვანე მინდორსა და მთელ დედამიწაზე. მის წინ რუსი ვაჭარი იჯდა: ფეხსაცმელები გაეხადა და გერმანული ჟურნალის გარე კანით ინიავებდა. ერვე ჟონკური შეჰყურებდა. ამჩნევდა ოფლის ლაქებს მის პერანგზე და მარგალიტივით ასხმულ წვეთებს მის შუბლსა და კისერზე. რუსმა ღიმილით რაღაც თქვა. ერვე ჟონკურმაც გაუღიმა. ადგა, აიღო თავისი ბარგი და მატარებლიდან ჩავიდა. მივიდა ბოლო ვაგონამდე – ფურგონამდე, რომლითაც ყინულში ჩადებული თევზი და ხორცი გადაჰქონდათ. წყალი ისე დიოდა, როგორც ათასი ლურსმნით დახვრეტილი კასრიდან. გააღო ფურგონის კარი, ავიდა, ერთიმეორის მიყოლებით გარეთ გამოიტანა ხის ყუთები და რელსების გვერდით მიწაზე დააწყო. შემდეგ კარი დახურა და დაიცადა. როცა მატარებელი წასასვლელად გაემზადა, დაუყვირეს, დაეჩქარებინა თავისი საქმე და ამოსულიყო. მან თავი გააქნია და გამოსამშვიდობებლად ხელი დაუქნია. დაელოდა, როდის მიწყდებოდა მატარებლის ხმაური. შემდეგ ყუთებისკენ დაიხარა და ლუქები ააძრო. ნელა, მზრუნველად ხსნიდა.
ათასობით ჭია. მკვდარი.
1865 წლის 6 მაისი იდგა.
ცხრა დღის შემდეგ ერვე ჟონკური ლავილდიეში დაბრუნდა. მისმა ცოლმა შორიდანვე დაინახა მათი სახლის ჩრდილიან ხეივანში ამომავალი მანქანა. თავი დაირწმუნა, რომ არც უნდა ეტირა და არც გაქცეულიყო მისაგებებლად.
 სადარბაზო კარამდე ჩავიდა, გააღო და ზღურბლზე დაელოდა.
როცა ერვე ჟონკური მიუახლოვდა, გაუღიმა. კაცმა გულში ჩაიკრა და წყნარად უთხრა:
– დარჩი ჩემთან, გეხვეწები!
 ღამით დიდხანს არ დაუძინიათ. სახლის წინ ისხდნენ, ერთმანეთის გვერდიგვერდ. ელენი ლავილდიეს, მოლოდინის თვეებისა და ბოლო, საშინელი დღეების ამბებს მოუთხრობდა.
 – შენ მკვდარი იყავი, – თქვა მან.
 – შენ მკვდარი იყავი და აღარაფერი იყო კარგი და მშვენიერი ამქვეყნად.
 ლავილდიეს ფერმებში ხალხი შეჰყურებდა თუთის გაფოთლილ ხეებს და თავის დაქცევას ხედავდა. ბალდაბიუმ იშოვა მური, მაგრამ ჭიები სინათლის დანახვისთანავე იხოცებოდნენ. ძლივს გადარჩენილი ყაჭი შვიდიდან ორი ძაფსართავი ფაბრიკის ასამუშავებლად გაჭირვებით თუ იკმარებდა.
 – რაიმეს ხომ არ აპირებ ? – ჰკითხა ბალდაბიუმ.
 – კი. – უპასუხა ერვე ჟონკურმა.
მეორე დღეს აცნობა, რომ ამ ზაფხულს სახლის გარშემო პარკის გაშენება ჰქონდა განზრახული. მან ათობით ქალი და კაცი ჩართო ამ საქმეში. გააჩეხინა ტყე, დაადაბლებინა დაღმართი, რომელიც დაბლობისაკენ ჩადიოდა. მათ ხეებისა და მესრისგან მიწაზე მოხაზეს მსუბუქი და გამჭვირვალე ლაბირინთი. ყველა ჯიშის ყვავილებისაგან შექმნეს ბაღი, რომელიც გასაოცრად ლამაზი გამოჩნდა არყის ხის ჭალაკის კორდზე. მდინარიდან წყალი ამოიყვანეს და ჩანჩქერებად დაუშვეს პარკის დასავლეთ საზღვრამდე, სადაც იგი პატარა ტბად იქცეოდა. სამხრეთით, ლიმონისა და ზეთისხილის ხეებს შორის, ხისა და რკინისაგან დიდი ვოლიერი ააგეს, ცაში ატყორცნილი ნაქარგი გეგონებოდათ. ოთხი თვე იმუშავეს. სექტემბრის ბოლოს პარკი მზად იყო. ლავილდიეში ჯერ მსგავსი არავის არაფერი ენახა. ხალხი ამბობდა, ერვე ჟონკურმა მას მთელი თავისი ქონება დაახარჯაო. ასევე ამბობდნენ, რომ იგი იაპონიიდან სხვანაირი დაბრუნდა. იქნებ, ავადმყოფიც. ამბობდნენ, ჭიის მური იტალიელებს მიჰყიდა და ახლა პარიზის რომელიღაც ბანკში უზამაზარი თანხა აქვსო. ამბობდნენ, პარკი რომ არა, წელს ყველანი შიმშილით ამოვიხოცებოდითო. ამბობდნენ, იგი გაიძვერა და თაღლითიაო. ამბობდნენ, წმინდანიაო. ზოგიერთი დასძენდა, რაღაც უბედურება სჭირსო.
ერვე ჟონკური თავისი მოგზაურობის შესახებ მხოლოდ ამას ამბობდა: ჭიები კოლონის ახლოს მდებარე სოფელთან გამოიჩეკა და ამ სოფელს ებერფელდი ერქვაო.
  დაბრუნებიდან ოთხი თვისა და ცამეტი დღის მერე ბალდაბიუ ესტუმრა. პარკის დასავლეთ საზღვართან, ტბის ნაპირთან, პირისპირ დაუჯდა და უთხრა:
 – ასეა თუ ისე, ერთ დღეს ვიღაცას უნდა მოუყვე სიმართლეს, ეს აუცილებელია.
 ერვე ჟონკურმა პარკს გახედა.
 შემოდგომა იდგა. ყალბი შუქი მოჰფენოდა გარემოს.
 – ჰარა კეი პირველად რომ ვნახე, თალხი ტუნიკა ეცვა, ფეხმორთხმული იჯდა, უძრავი, ოთახის შორეულ კუთხეში. მის წინ ქალი იყო გაწოლილი, თავი მის მუხლებზე ედო. მის თვალებს არ ჰქონდა აღმოსავლური ფორმა და სახეც ახალგაზრდა ქალიშვილისას მიუგავდა.
 ბალდაბიუ უხმოდ უსმენდა, ბოლომდე – ებერფელდის მატარებლამდე.
 არაფერზე ფიქრობდა.
 უსმენდა.
 უჭირდა მოსმენა. ბოლოს ერვე ჟონკურმა თქვა:
 – მე მისი ხმაც კი არ გამიგონია. 
და ერთი წამის შემდეგ დაუმატა.
– ეს უცნაური ტანჯვაა.
 წყნარად ლაპარაკობდა:
 – მოკლედ, რაღაცის ნოსტალგიაა, რაც არასოდეს განმიცდია.
 გვერდიგვერდ მოდიოდნენ. პარკი ამოიარეს და ერთადერთი, რაც ბალდაბიუმ თქვა ეს იყო:
 – ეშმაკმა დალახვროს, რატომაა ასეთი ძაღლური სიცივე ?
  1866 წელს იაპონიამ ოფიციალურად ნება დართო აბრეშუმის ჭიის მურის ექსპორტზე. შემდგომი ათწლეულის საფრანგეთში ათი მილიონი ფრანკის იაპონური მური შემოდიოდა.
1869 წელს სუეცის არხი გაიხსნა. იაპონიაში ჩასვლას ოც დღეზე მეტი აღარ სჭირდებოდა, დაბრუნებას – კიდევ უფრო ნაკლები.
1884 წელს ფრანგმა შარდონემ ხელოვნური აბრეშუმის პატენტი აიღო.
ლავილდიეში დაბრუნების ექვსი თვის თავზე ერვე ჟონკურმა ფოსტით მდოგვისფერი კონვერტი მიიღო. როცა გახსნა, შიგ შვიდი ფუცელი აღმოჩნდა. შავი მელნით ნაწერი მჭიდრო იაპონური იდეოგრამებით სავსე. კონვერტზე მხოლოდ სახელი და მისამართი ეწერა დასავლურ ყაიდაზე. მარკების მიხედვით, წერილი ოსტენდიდან უნდა ყოფილიყო გამოგზავნილი.
 ერვე ჟონკური დიდხანს ფურცლავდა და აკვირდებოდა. პატარა ჩიტების ფეხების ანაბეჭდის კატალოგი გეგონებოდათ, ზედმიწევნით გიჟურად შედგენილი. ამაღელვებელი იყო იმის გაფიქრება, რომ ეს ნიშნები გადაბუგული ხმის ნაცრის ნაშთი იყო.
 კვირების განმავლობაში ერვე ჟონკური გულის ჯიბით ატარებდა ოთხადმოკეცილ წერილს. როცა კოსტიუმს იცვლიდა, ფურცლებიც ახალ ჯიბეში გადაჰქონდა. არც ხსნიდა და არც უყურებდა. ხანდახან, როცა მოიჯარეს ესაუბრებოდა ან სადილს ელოდა ვერანდაზე მჯდარი წერილს თითებში ატრიალებდა. ერთ საღამოს თავის კაბინეტში ლამფის შუქზე დააკვირდა და გამჭვირვალე ფურცელზე პაწაწა ჩიტების ფეხების ანაბეჭდები მოგუდული ხმით ამეტყველდნენ. ისინი ან რაღაც აბსოლუტურად უმნიშვნელოს ამბობდნენ, ან მთელი ცხოვრების არევ–დარევაც შეეძლოთ. ეს დანამდვილებით არ იცოდა ერვე ჟონკურმა და ეს აზრი ძალიან მოსწონდა. გაიგონა, ელენი რომ უახლოვდებოდა. წერილი მაგიდაზე დადო. ქალი მიუახლოვდა, და როგორც ყოველ საღამოს, ძილის წინ კოცნა დაუპირა. როცა მისკენ დაიხარა, ღამის პერანგის გულისპირი ოდნავ გადაეხსნა. ერვე ჟონკურმა დაინახა, შიგნით რომ არაფერი ეცვა და მისი პატარა ქალწულებრივი მკერდი არნახულად თეთრი იყო.
 ოთხი დღის განმავლობაში იგი ჩვეულებრივად ცხოვრობდა, არაფერი შეუცვლია თავის ცხოვრების წინასწარგანსაზღვრულ წესში. მეხუთე დილას ჩაიცვა ნაცრისფერი, ელეგანტური კოსტიუმი და ნიმში გაემგზავრა. დაიბარა, რომ საღამომდე დავბრუნდებიო.
მოსკატის ქუჩის თორმეტ ნომერში ყველაფერი სამი წლის წინანდელივით დახვდა: დღესასწაული ისევ გრძელდებოდა. ქალიშვილები ყველანი ახალგაზრდები და ფრანგები იყვნენ. პიანისტი დაბალ ხმაზე უკრავდა. სიმღერებს რუსეთის სუნი ასდიოდა. ოღონდ სიბერის ბრალი იყო თუ გულისტკივილისა ყველა სიმღერის შემდეგ მარჯვენა ხელს აღარ ისვამდა თმაზე და აღარ ჩურჩულებდა:
 – ვუალა!
ჩუმად იჯდა შემკრთალი და ხელებს დასცქეროდა.
    
 მადამ ბლანშმა უსიტყვოდ მიიღო. შავი თმები უბზინავდა ლამაზ აღმოსავლურ სახეზე. თითებზე იმდენივე ლურჯი პატარა ყვავილი ეკეთა, რამდენიც ბეჭედი. თეთრი, გრძელი, თითქმის გამჭვირვალე კაბა ეცვა. ფეხშიშველა იყო.
 ერვე ჟონკური პირისპირ ჩამოუჯდა. წერილი ამოიღო ჯიბიდან.
 – გახსოვართ ?
მადამ ბლანშმა თავის ოდნავი დაკვრით მისცა დასტური.
– ისევ მჭირდებით.
და წერილი გაუწოდა. ქალს ეს არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ გამოართვა და გახსნა. ერთიმეორის მიყოლებით გადახედა შვიდივე ფურცელს, შემდეგ სტუმარს შეხედა.
 – მე არ მიყვარს, ბატონო, ეს ენა. მისი დავიწყება მინდა, იმ ქვეყნის, ჩემი იქ გატარებული ცხოვრებისა და ყველაფერი იქაურის დავიწყება.
 ერვე ჟონკური გაუნძრევლად იჯდა, ხელები სავარძლის სახელურისთვის ჰქონდა ჩავლებული.
 – წაგიკითხავთ ამ წერილს. და ფულიც არ მაინტერესებს. ოღონდ შემპირდით, რომ მსგავსი თხოვნით აღარასოდეს შემაწუხებთ.
 – სიტყვას გაძლევთ, ქალბატონო.
ქალი თვალებში შეჰყურებდა. შემდეგ მზერა წერილის პირველ ფუცელზე გადაიტანა: ბრინჯის ქაღალდი, შავი მელანი.
 – ჩემო ძალიან საყვარელო ბატონო, – თქვა მან.
– ნუ გეშინია, არ გაინძრე, მშვიდად იყავი, ჩვენ ვერავინ გვხედავს.
შენ კი ჩემთან დარჩი ასე, გაუნძრევლად. მინდა გიცქირო; იმდენ ხანს გიმზერდი, შენ კი ჩემთვის არ გეცალა. ახლა ჩემი ხარ, არ მომიახლოვდე! გთხოვ, დარჩი ისე, როგორც ხარ და გვექნება ჩვენი ღამე. მინდა გიყურო, ამგვარი არასოდეს მინახიხარ, შენი სხეული ჩემთვისაა, შენი კანი. . . დახუჭე თვალები, და შენს თავს მოეფერე, გთხოვ, – ამბობდა მადამ ბლანში, ერვე ჟონკური კი უსმენდა:
  არ გაახილო თვალები, თუ შეიძლება, და მოეფერე შენს სხეულს, შენი ხელები ისე ლამაზია, რამდენჯერ მიოცნებია მათზე და ახლა მინდა დავინახო, მომწონს ასე რომ ვხედავ, შენს კანსა და შენს სხეულზე, განაგრძე, გთხოვ, ნუ გაახელ თვალებს, მე აქ ვარ, ვერავინ დაგვინახავს, შენს გვერდით ვარ, მოეფერე შენს თავს, ჩემო ძალიან საყვარელო ბატონო, მოეფერე შენს ასოს, ძალიან გთხოვ, ძალიან ნაზად.
 ქალი გაჩერდა, – განაგრძეთ, გთხოვთ! – სთხოვა კაცმა.
 რა მშვენიერია შენი ხელი შენს ასოზე. ნუ გაჩერდები! მომწონს, რომ ვუყურებ, რომ გიყურებ, ჩემო საყვარელო ბატონო, არ გაახილო თვალი, ჯერ არა, არ უნდა გეშინოდეს, მე შენთან ვარ, გესმის ჩემი? ეს ჩემი კაბის აბრეშუმია, არ გაახილო თვალი და ჩემი კანიც გექნება, – თქვა მადამ ბლანშმა, წყნარად კითხულობდა, ყმაწვილი ქალის ხმით.
 ჩემი ტუჩებიც გექნება, პირველად სწორედ ტუჩებით შეგეხები, არ გეცოდინება, სად, მაგრამ რაღაც მომენტში იგრძნობ ჩემს ბაგეთა მხურვალებას შენს სხეულზე, არ გეცოდინება, სად; თუ თვალებს არ გაახელ, იგრძნობ ჩემს პირს, არ გეცოდინება, სად, უეცრად იგრძნობ.
 იგი გაუნძრევლად უსმენდა. მისი ნაცრისფერი კოსტიუმის ჯიბიდან საოცრად თეთრი ცხვირსახოცი ამოცურდა.
 შეიძლება თვალებზე იგრძნო, მე პირით დავაწვები შენს ქუთუთოებს, წამწამებს, იგრძნობ, თუ როგორ შეაღწევს სითბო შენს თავში და ჩემი ტუჩები შენს თვალებში, შიგნით, ან შეიძლება შენს ასოზე იგრძნო, – თქვა ქალმა, თავი ფურცლელზე ჰქონდა დახრილი და თითით კისერს ეხებოდა. ჩემი კოცნა და შენი ხელი ერთმანეთში ათქვეფილი შენს ასოზე.
 იგი უსმენდა, მიშტერებოდა კედელზე ჩამოკიდებულ ცარიელ ვერცხლის ჩარჩოს. და შემდეგ შენს გულს ვაკოცებ, რადგან მინდიხარ, მე დავკბენ კანს, რომელიც შენს გულზე ფეთქავს, რადგან მინდიხარ, და როცა შენი გული ჩემს ბაგეებში მოექცევა, შენ ჩემი იქნები. მართლა. ჩემიაგეები შენს გულში. შენ ჩემი გახდები სამუდამოდ, თუ ჩემი არ გჯერა, გაახილე თვალები, ჩემო ძალიან საყვარელო ბატონო. მე აქა ვარ. ვიღაცას შეუძლია, სამუდამოდ წაშალოს ეს წამი. ჩემს სხეულს, რომელსაც აბრეშუმი აღარ ფარავს, შენი ხელები ეხება, შენი თვალები მას უყურებენ, –  თქვა ქალმა და ლამფისაკენ გადაიხარა, შუქი ქაღალდს ანათებდა და მისი კაბის გამჭვირვალებაში იკარგებოდა.
შენი თითები ჩემს საშოში, შენი ენა ჩემს ბაგეებზე, შენ ცურავ ჩემს სხეულზე და იღებ ჩემს თეძოებს, მაღლა სწევ და წყნარად მაძლევ ნებას, რომ შენს ასოზე შევცურდე. ვიღაცას შეუძლია ეს წამი წაშალოს. შენ ჩემში ხარ და ნელა მოძრაობ, შენი ხელები ჩემს სახეზე, შენი თითები ჩემს პირში, სიამოვნება შენს თვალებში, შენს ხმაში, ნელა მოძრაობ და თითქმის ტკივილს იწვევ ჩემში, ჩემი სიამოვნება, ჩემი ხმა, –
ის უსმენდა, ერთი წამით მოტრიალდა და ქალს შეხედა, დაინახა, უნდოდა თვალი მოეშორებინა, მაგრამ ვერ შეძლო.
ჩემი სხეული შენს სხეულზე, შენი ზურგი მაღლა მწევს, შენი ხელები არ მიშვებენ, უნდათ იცოდნენ, სადამდე მტკივა. სადამდეც შენ გინდა, ჩემო ძალიან საყვარელო ბატონო, არაა დასასრული, ეს არ შეიძლება დამთავრდეს, ვერ ხედავ ? ვერავინ ვერასოდეს ვერ წაშლის ამ წამს. სამარადისოდ გადამაგდებინე თავი უკან, ყვირილით სამარადისოდ ვხუჭავ თვალებს, ცრემლები ჩამომდის წამწამებიდან. ჩემი ხმა შენსას ერთვის. შენი თავაწყვეტილი სურვილი, რომ ხელშემოხვეული გეჭირო. აღარც დასასრულის დროა და აღარც წინააღმდეგობის გაწევის ძალა, ეს წამი უნდა იყოს, ეს წამი არის, დამიჯერე, ჩემო ძალიან საყვარელო ბატონო, და ეს წამი ამიერიდან სამარადჟამოდ იქნება, ის იქნება ბოლომდე, –  თქვა ქალმა სუსტი ხმით და გაჩერდა.
  მეტი აღარაფერი ეწერა ფურცელზე, რომელიც ხელში ეჭირა: ბოლო იდეოგრამა იყო. მაგრამ, რომ გადმოაბრუნა და დადება დააპირა, უკანა გვერდზე კიდევ დაინახა თეთრი ფურცლის შუაგულში შავი მელნით საგულდაგულოდ გამოყვანილი ნიშნები. ერვე ჟონკურს შეხედა. კაცი თვალს არ აშორებდა და ქალი მიხვდა, რომ ულამაზეს თვალებს ხედავდა. ისევ დახედა ფურცელს:
– ჩვენ ვეღარასოდეს შევხვდებით, ჩემო ბატონო.
თქვა მან:
– რაც ჩვენს შორის იყო, რაც გავაკეთეთ, ეს თქვენც კარგად იცით. მერწმუნეთ, ჩვენ ეს სამარადისოდ გავაკეთეთ. შეინახეთ თქვენი ცხოვრება ჩემს საფარქვეშ. და, თუ თქვენი ბედნიერებისათვის საჭირო იქნება, ნუ შეყოყმანდებით, დაივიწყოთ ის ქაი, რომელიც ამ წუთში დაუნანებლად გემშვიდობებათ.
ცოტა ხანს ისევ დასცქეროდა ფურცელს, შემდეგ დანარჩენებს დაადო, რომლებიც მის გვერდით მდგარ ხის პატარა მაგიდაზე ეწყო. ერვე ჟონკური არ განძრეულა. თავი მოაბრუნა და თვალები დახარა. დაჟინებით დაჰყურებდა თავისი შარვლის ნაოჭს, მარჯვენა ფეხზე ძლივს რომ ჩანდა, საზარდულიდან მუხლამდე, დახვეწილი და უზადო.
მადამ ბლანში ადგა, ლამფისაკენ დაიხარა და ჩააქრო. ოთახში მხოლოდ სალონის ფანჯრიდან შემომავალი მკრთალი შუქიღა ჭიატებდა. იგი ერვე ჟონკურს მიუახლოვდა, თითიდან პაწაწინა ლურჯი ყვავილი წაიძრო და მის გვერდით დადო. შემდეგ ოთახი გაიარა და კედელში ჩამალული მოხატული კარი გააღო, შევიდა და შეღებული დატოვა.
ერვე ჟონკური დიდხანს დარჩა ამ უცნაური შუქით განათებულ ოთახში, ხელში პაწაწუნა ლურჯი ყვავილების ბეჭედს ატრიალებდა. სალონიდან დაღლილი პიანინოს ხმა მოისმიდა. ეს ხმა დროს არად აქცევდა, ამის შეცნობისას გული გეტკინებოდა კაცს.
ბოლოს ის ადგა, მიუახლოვდა თეთრი ხის პატარა მაგიდას და გაბნეული ბრინჯის ქაღალდის ფურცლები აიღო. გაიარა ოთახი, პატარა შეღებულ კარს ისე ჩაუარა, რომ იქით არც კი გაუხედავს და წავიდა. 
მომდევნო წლებში ერვე ჟონკურმა გაუჭირვებელი კაცის წყნარი ცხოვრება აირჩია. მისი დღეები წინასწარ განსაზღვრული ზომიერი ემოციებით მიედინებოდა. ლავილდიეში ხალხი ისევ აღფრთოვანდა მისი პიროვნებით, რადგან იგი დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრებას, ხალხშიც ხშირად ჩნდებოდა. ამბობდნენ, რომ ისეთივე იყო, როგორიც ადრე, ახალგაზრდობაში, იაპონიაში გამგზავრებამდე.
  ჩვეულებად ექცა თავის მეუღლე ელენთან ერთად ყოველწლიური ხანმოკლე მოგზაურობა. მათ ნახეს ნეაპოლი, რომი, მადრიდი, მიუნხენი, ლონდონი. ერთ წელიწადს პრაღამდეც კი ჩავიდნენ, სადაც ყველაფერი თეატრად მოეჩვენათ. მოგზაურობდნენ წინასწარ განუსაზღვრელი პროგრამითა და თარიღით. ყველაფერი აოცებდათ: მართალი რომ ითქვას, თავიანთი ბედნიერებაც კი. როცა სიწყნარე მოენატრებოდათ, ლავილდიეში ბრუნდებოდნენ.
ერვე ჟონკურისთვის რომ გეკითხათ, ყოველთვის ასე ცხოვრობდა. მას იმ ადამიანის სულიერი სიმშვიდე დაეუფლა, ვინც თავისი ადგილი იპოვა ცხოვრებაში. ხანდახან, ქარიან დღეებში პარკს გადაივლიდა და ტბასთან ჩადიოდა. საათობით იჯდა ნაპირზე და გაჰყურებდა წყლის მბრწყინავ ზედაპირს, რომელზეც ქარი მოულოდნელ ფიგურებს ხატავდა. ქარი მხოლოდ ერთი იყო, მაგრამ წყლის ამ სარკეში იფიქრებდი, ათასიაო. თითქოს ათასი მხრიდან მოჰქროდა, ყველა მხრიდან. ნამდვილი სანახაობა იყო. აუხსნელი და მსუბუქი.
 ხანდახან, ქარიან ამინდში, ერვე ჟონკური ტბასთან მიდიოდა და საათობით უყურებდა. ეჩვენებოდა, რომ წყლის ზედაპირზე მისი გარდასული ცხოვრება ისახებოდა, მსუბუქი და აუხსნელი.
 1871 წლის 16 ივნისს ვერდენის კაფეს უკანა დარბაზში, შუადღე ჯერ კიდევ არ დამდგარიყო, როცა ცალხელამ რეტროს ეფექტით ოთხი წარმოუდგენელი ბურთი ჩააგდო და მოიგო. ბალდაბიუ ბილიარდის მაგიდაზე გადახრილი დარჩა. ცალი ხელი ზურგს უკან ჰქონდა, მეორეში კიი ეჭირა, დაუნდობელი.
 – აი, აღსრულდა!
 გასწორდა, დადო ბილიარდის კიი და გამოუმშვიდობებლად გავიდა. სამი დღის შემდეგ ქალაქიდან გაემგზავრა. თავისი ორი ძაფსართველი ფაბრიკა ერვე ჟონკურს აჩუქა.
 – ბალდაბიუ, აბრეშუმის გაგონებაც კი აღარ მინდა.
 – გაყიდე, შე შტერო!
კაციშვილმა ვერ წამოაცდენინა, საით წასვლას და, მით უფრო, რის გაკეთებას აპირებდა. რაღაცა ჩაიბურტყუნა წმინდა აგნესის შესახებ, რაც, სიმართლე რომ ითქვას, ვერავინ გაიგო.
 წასვლის დილას ერვე ჟონკურმა და ელენმა ავინიონის რკინიგზის სადგურამდე მიაცილეს. მარტო ერთი ჩემოდანი ჰქონდა და ესეც გასაკვირი იყო. როცა ბაქანზე ჩამომდგარი მატარებელი დაინახა, ჩემოდანი დადო.
 – ოდესღაც ერთ კაცს ვიცნობდი, რომელმაც რკინიგზა მარტო თავისთვის გააყვანინა.
 თქვა მან.
 – და ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ლიანდაგი სულ ლარივით გააყვანინა. ასიოდე კილომეტრზე ერთი მოსახვევიც კი არ იყო. ამას, სხვათა შორის, ჰქონდა რაღაც ახსნა, მაგრამ აღარ მახსოვს, რა. ყოველთვის ავიწყდებათ რაღაც. მოკლედ, ასეა თუ ისე, მშვიდობით!
სერიოზული საუბარი მართლაც არ იყო მისთვის ზედგამოჭრილი. გამომშვიდობება კი სერიოზული საქმეა. ხედავდნენ, როგორ შორდებოდათ თავისი ჩემოდნიანად, სამუდამოდ.
 უეცრად ელენმა უცნაური რამ ჩაიდინა. მოსწყდა ერვე ჟონკურს, ბალდაბიუს გაეკიდა, დაეწია, გულში მაგრად ჩაიკრა და აქვითინდა. მანამდე ელენს არასოდეს უტირია.
ერვე ჟონკურმა ორი ძაფსართველი ფაბრიკა სასაცილო ფასად მიჰყიდა მიშელ ლარიოს, კეთილ კაცს, რომელიც ოცი წლის განმავლობაში ყოველ შაბათ საღამოს დომინოს ეთამაშებოდა ბალდაბიუს და მუდმივად, ერთგულად აგებდა. მას სამი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსებს ფლორანსი და სილვი ერქვათ, ნაბოლარას – აგნესი.
სამი წლის შემდეგ, 1874 წლის ზამთარში, ელენი ავად გახდა ტვინის ანთებით და ვერც ერთმა ექიმმა ვერ უშველა. იგი მარტის დასაწყისში, ერთ წვიმიან დღეს, გარდაიცვალა.
მის გასაცილებლად მთელი ლავილდიე გამოვიდა, რადგან იგი თავაზიანი და სათნო ქალი იყო, რომელიც თავისი ტანჯვით სხვას არ აბეზრებდა თავს.
ერვე ჟონკურმა საფლავზე ერთადერთი სიტყვა ამოატვიფრინა – ვაგლახ.
მადლობა გადაუხადა ყველას, ათასჯერ გაიმეორა, რომ არაფერი სჭირდებოდა და შინ დაბრუნდა. არასდროს მოსჩვენებია სახლი ასეთი დიდი და თავისი ბედი – ასე ალოგიკური.
და, რაკიღა უიმედობა მისთვის უცხო ხილი იყო, იმას მიუბრუნდა, რაც ცხოვრებაში დარჩენოდა: ურყევი სიჯიუტით მებაღის მოვალეობა იკისრა, უთენია დგებოდა ქარშიც, თავსხმაშიც.
ელენის გარდაცვალებიდან ორი თვისა და თერთმეტი დღის შემდეგ ერვე ჟონკური სასაფლაოზე რომ გავიდა, ვარდების გვერდით, რომლებიც ყოველ კვირას მიჰქონდა მეუღლის საფლავზე, პაწაწა ლურჯი ყვავილების ბეჭედი აღმოაჩინა. იგი დასაკვირვებლად დაიხარა და ამ პოზაში კარგა ხანს დარჩა. ვინმე შემთხვევით გამვლელს რომ დაენახა ეს წაკუზული კაცი, სასაცილოდ თუ არა, უცნაურად მაინც მოეჩვენებოდა. შინ დაბრუნებული, ჩვეულებისამებრ, ბაღში სამუშაოდ აღარ გასულა და დიდხანს დარჩა კაბინეტში. ფიქრობდა. რამდენიმე დღის განმავლობაში სხვას არაფერს აკეთებდა, ფიქრობდა.
 მოსკატის ქუჩის თორმეტ ნომერში მკერავის ატელიე დახვდა. უთხრეს: მადამ ბლანში უკვე ერთი წელია, აქ აღარ არისო. ძლივს შეიტყო, რომ იგი პარიზში გადასულიყო, სადაც ძალზე მნიშვნელოვანი კაცის საყვარელი გამხდარიყო, მგონი, პოლიტიკოსისაც.
ერვე ჟონკური პარიზს გაემგზავრა.
ხუთი დღე მოუნდა ქალის მისამართის გაგებას. სიტყვა შეუთვალა და მიღება სთხოვა. მან უპასუხა, რომ მომდევნო დღეს ოთხ საათზე დაელოდებოდა. ზუსტად დროზე მივიდა. ავიდა კაპუჩინების ბულ– ვარზე მდებარე ელეგანტური სახლის მესამე სართულზე. კარი მოახლე ქალმა გაუღო, სალონში შეუძღვა და დაბრძანება სთხოვა. მადამ ბლანში ძალიან ფრანგული და ძალიან ელეგანტური კაბით შემოვიდა. მას თმა მხრებზე ჰქონდა ჩამოშლილი, როგორც ამას პარიზული მოდა მოითხოვდა. თითებზე ლურჯი ყვავილების ბეჭდები აღარ ეკეთა. ერვე ჟონკურის წინ ჩამოჯდა. სიტყვა არ დაუძრავს, დაელოდა.
კაცი თვალებში შეჰყურებდა. ბავშვურად.
– თქვენ დაწერეთ არა, ეს წერილი, ელენმა გთხოვათ და თქვენც დაწერეთ?
მადამ ბლანში უძრავი რჩებოდა, თვალმოუშორებლად უყურებდა კაცს და უმცირეს გაკვირვებასაც კი არ ამჟღავნებდა.
 შემდეგ თქვა:
– არა, მე არ დამიწერია.
სიჩუმე.
– წერილი ელენმა დაწერა.
სიჩუმე.
– ელენს უკვე დაწერილი ჰქონდა, ჩემთან რომ მოვიდა. მან მისი იაპონურად გადაწერა მთხოვა. და მეც გავაკეთე. ესაა სიმართლე.
ერვე ჟონკური მიხვდა, რომ ამ სიტყვებს მთელი ცხოვრების მანძილზე დაიხსომებდა. . . ადგა, შეჩერდა, თითქოს დაავიწყდა, სად მიდიოდა. სადღაც შორიდან მადამ ბლანშის ხმა მოესმა:
– მან ეს წერილი წამიკითხა. არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა. და ისეთი ემოციით კითხულობდა ფრაზებს, ვერასოდეს დავივიწყებ. თითქოს ისინი მართლაც მას ეკუთვნოდნენ.
ერვე ჟონკური ნელი ნაბიჯით ტოვებდა ოთახს.
– იცით, ბატონო, ვფიქრობ, მას ძალიან უნდოდა, ყველაფერზე მეტად უნდოდა, ის ქალი ყოფილიყო. თქვენ ვერ გაიგებთ. მაგრამ მე, მე მოვუსმინე, როგორ კითხულობდა ამ წერილს და ვიცი, ეს ასეა.
ერვე ჟონკური კართან მივიდა, სახელურს ხელი მოჰკიდა და უკანმოუხედავად, წყნარად თქვა:
– მშვიდობით, ქალბატონო!
შემდეგ ერთმანეთი აღარ უნახავთ.
ერვე ჟონკურმა კიდევ ოცდასამი წელი იცოცხლა. უმეტესი ხანი ჯანმრთელად და მშვიდად გაატარა. ის აღარც ლავილდიეს მოსცილებია და აღარც თავის სახლს. გონივრულად განაგებდა თავის ქონებას. უზრუნველყოფილი იყო და თავის პარკს უვლიდა. ხანი გამოხდა და იმაში იპოვა სიამოვნება, რასაც ადრე უარყოფდა: მის სანახავად მოსულ ხალხს თავისი მოგზაურობის ამბებს მოუთხრობდა. მისი მოსმენით ლავილდიელები ქვეყანას ეცნობოდნენ, ბავშვები მოხიბლულნი იყვნენ ამ კაცით. ის მშვიდად ჰყვებოდა. ჰაერში ხედავდა იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ.
კვირაობით დაბაში მიდიოდა დიდ მესაზე დასასწრებად. წელიწადში ერთხელ ძაფსართავებს ჩამოივლიდა, რათა ახალი აბრეშუმისთვის შეევლო ხელი. როცა მარტოობა შემოაწვებოდა, სასაფლაოზე გადიოდა და ელენს ესაუბრებოდა. მისი დანარჩენი დრო ჩვეულების მსახურებაში გადიოდა. ჩვეულება მას უბედურებისაგან იცავდა: ხანდახან, ქარიან დღეებში, ტბაზე ჩადიოდა და საათობით უყურებდა, რადგან ეჩვენებოდა, რომ წყალზე მისი გარდასული ცხოვრების მსუბუქი და აუხსნელი სპექტაკლი იხატებოდა.

??????