ჩამშვები (მთარგმნელი თამაზ ჩიქვანი) ექსკლიუზივი
ქალზე ჩვენი წარმოდგენა , ყოველთვის რამდენად ანაქრონიულია: კაფე შეიძლება ბარად იქცეს, სადარბაზო, რომლის თაღებქვეშ შიდა ეზო მოჩანდა, შეიძლება ჭუჭყიანი დერეფანი გახდეს ბოლოში ლიფტით. ერთი ხანობა ტალკაუანოს ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე წიგნის მაღაზია ,,ბუენოს-აირესი" მეგულებოდა, მაგრამ ერთ დილას მის ადგილას ანტიკვარული ფარდული აღმოვაჩინე, მაღაზიის მეპატრონე სანტიაგო ფიშბეინი კი მომკვდარიყო. გვარიანად ჩასუქებული კაცი იყო... მისი სახის ნაკვთებზე მეტად ჩვენი საუბრები დამამახსოვრდა. გაწონასწორებული და თავდაჯერებული, როგორც წესი, აძაგებდა სიონიზმს, რომელიც უბრალო ერთ ტრადიციასა და ერთ ქვეყანას მიჯაჭვულ დამოკიდებულ ადამიანად აქცევდა და ართმევდა იმ სირთულეებსა და დაპირისპირებებს, რომლებიც ცხოვრების სიმდიდრედ მიაჩნდა. მანვე მითხრა, რომ ბარუხ სპინოზას ნაშრომების სრული გამოცემა მზადდებოდა, ყოველგვარი ევკლიდური ტერმინოლოგიის გარეშე, რომელიც ამ დიდებულ თეორიას ართულებდა და ბუნდოვან ელფერს აძლევდა. სწორედ მან მაჩვენა, მაგრამ, მაგრამ არ მომყიდა, როზენტორის ,,გახსნილი კაბალა"-ს საინტერესო ეგზემპლარი, თუმცა ჩემს ბიბლიოთეკაში გინზბურგისა და უეიტის რამდენიმე წიგნზე მისი მაღაზიის შტაბი არტყია.
ერთ საღამოს, საუბრისას, თავისი ცხოვრებიდან ეპიზოდი მომიყვა, რომელიც ახლა შემიძლია გამოვამზეურო. თავადვე მიხვდებით, რომ ზოგიერთი წვრილმანი შეცვლილი იქნება.
მოგიყვებით ამბავს, რომელიც არავინ იცის, არც ჩემმა მეუღლემ ანამ და არც ერთმა ახლობელმა მეგობარმა. იმდენად დიდი ხნის ამბავია, ხანდახან მგონია, რომ მე არ გადამხდენია. იქნებ მოთხრობისთვის გამოგადგეთ. არ მახსოვს, გითხარით თუ არა, რომ ენტრე-რიოს პროვინციიდან ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ებრაელი გაუჩოები ვიყავით. ურდინარაინში დავიბადე, თუმცა ეგ პერიოდი ჩემს მეხსიერებაში საერთოდ წაშლილია. პატარა ბიჭობისას ბუენოს-აირესსში ფარდულის გასახსნელად გადმოვედით. ჩვენთან ახლოს მალდონადოს უბანი, იმის იქით კი ნაგავსაყრელი იყო.
კარლეილი წერდა, ადამიანებს გმირების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათო. გროსოს ისტორიის კურსი სან-მარტინის კულტს მთავაზობდა, მაგრამ მე მასში ვხედავდი სამხედროს, რომელიც ოდესღაც ჩილეში იბრძოდა, ახლა კი ბრინჯაოს ქანდაკებად და მოედნის სახელად ქცეულიყო. ორივესთვის სამწუხაროდ, შემთხვევამ სულ სხვაგვარ გმირს შემახვედრა - ფრანსისკო ფერარის.
მართალია, კორალესისა და ბახოს მსგავსად, ჩვენი ეზო ცუდი რეპუტაციით არ სარგებლობდა, მაგრამ აქაც ყოველ დუქანში ერთი და იგივე ადგილობრივი უბნელები იკრიბებოდნენ. ტრიუმვირატისა და ტემზის კუთხეში არსებული დაწესებულება ფერარის საყვარელი ადგილი იყო. სწორედ იქ მოხდა შემთხვევა, რომელმაც მის მიმდევრად მაქცია. ჩარექი ჩაის ყიდვას ვაპირებდი, როდესაც გრუზათმიანი, ულვაშა მამაკაცი შემოვიდა და ღვიის არაყი შეუკვეთა. ფერარი მშვიდად შეეკითხა:
-ერთი მითხარი, გუშინწინ ხულიანასთან ცეკვებზე შენ ხომ არ შეგხვდი? საიდან ხარ?
-სან კრისტობალიდან - უპასუხა უცნობმა.
-ერთ რჩევას მოგცემ, აუღელვებლად აგრძელებდა ფერარი. აქ აღარ შემოხვიდე. უწესო ხალხს რა გამოლევს, ვაი თუ უსიამოვნებაში გაეხვიო.
სან კრისტობალელი ულვაშა მაშინვე აიბარგა. იქნებ ფერარიზე არანაკლებ მამაცი იყო, მაგრამ მიხვდა, რომ იქ უცხო იყო.
იმ საღამოდან ფერარი გახდა ის კერპი, რომელსაც ჩემი ყმაწვილკაცობა მოითხოვდა. შავგრემანი, მაღალი, კარგი აღნაგობის, იმ დროის კვალობაზე ლამაზიც ეთქმოდა. მუდამ შავი ტანსაცმელი ეცვა. მეორედ ქუჩაში შევხვდი. დედასთან და დეიდასთან ერთად მივდიოდი. ახალგაზრდების ჯგუფს რომ გავუსწორდით ერთმა მათგანმა ხმამაღლა იყვირა:
-გზა მიეცით ბებრუხანებს!
-არ ვიცოდი რა მექნა. ამ დროს სახლიდან ფერარი გამოვიდა, ყოყლოჩინას წინ დაუდგა და უთხრა:
-თუ მაინცდამაინც ვინმეს გინდა აუხირდე, მოდი მე ამირჩიე. ერთი მეორის მიყოლებით, ნელ-ნელა, ხმის ამოუღებლად გაიძურწნენ. ეტყობა იცნობდნენ.
მხრები აიჩეჩა, თავი დაგვიქნია და გზა განაგრძო. წასვლამდე მომიბრუნდა და მითხრა:
-თუ დრო გექნა, საღამოს დუქანში გამოიარე.
გავშრი. დეიდაჩემმა სარამ თავისი აზრის გამოთქმა არ დაახანა:
-აი, კაბალერო, რომელიც ქალებს პატივისცემით ექცევა. დედა შეეცადა მდგომარეობიდან გამოვეყვანე:
-ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდი, რომ ყვმაწვილს არ უნდა სხვებს ჰგავდეს.
არ ვიცი მომხდარი რითი ავხსნა. ახლა რაღაც ქონებას მოვუყარე თავი, მაქვს მაღაზია და წიგნები, რომლებიც მომწონს, მსიამოვნებს მეგობრული კავშირები, ისეთი, როგორიც თქვენთან მაქვს, მყავს მეუღლე და შვილები, სოციალისტური პარტიის წევრი ვარ, კანონმორჩილი არგენტინელი და წესიერი ებრაელი ვარ. მე პატივს მცემენ. ხომ ხედავთ თითქმის გავმელოტდი; მაშინ კი ერთი გარეუბნელი, ღარიბი, წითურა ებრაელი ბიჭი ვიყავი. ადამიანები ზედაც არ მიყურებდნენ. ყმაწვილკაცების უმეტესობასავით ვცდილობდი სხვებს დავმგვანებოდი. იაკობი, რომ აღარ ვყოფილიყავი, სანტიაგო დავირქვი, თუმცა ფიშბეინი დავრჩი. თავი ისეთი გვგონია, როგორადაც სხვები აღგიქვამენ. გარემომცველთა ზიზღს ვგრძნობდი და საკუთარი თავი მეც მეზიზღებოდა. იმ დროში და განსაკუთრებით იმ წრეში სიმამაცე ბევრს ნიშნავდა, მე კი ლაჩარი ვიყავი. ქალების მოშიშარს, საკუთარი უბიწოების მრცხვენოდა, არც თანატოლი მეგობრები მყავდა.
იმ საღამოს დუქანში არ წავედი. ჯობდა კი , საერთოდ არ მივსულიყავი, მაგრამ თანათან მეჩვენებოდა, რომ ეს მიწვევა კი არა, ბრძანება იყო. შაბათს სადილის შემდეგ დარბაზში შევედი.
ფერარი ერთ-ერთი მაგიდის თავში იჯდა. დანარჩენ შვიდს ადრეც შევხვდედროდი. ფერარი ყველაზე უფროსი იყო, თუ არ ჩავთვლით ერთ უთქმელ მოხუცს - დონ ელისეო ამაროს. მეხსიერებაში მხოლოდ მისი სახელი შემომრჩა, ფართო სახეზე ნაიარევი ემჩნოდა, მერე გავიგე, რომ ციხეში ყოფილა ნაჯდომი.
ფერარიმ მხარმარცხნივ მომისვა, დონ ელისეოს ჩაჩოჩება მოუწია. უხერხულად ვიყავი, ვშიშობდი ფერარის ის შემთხვევა არ გაეხსენებინა, მაგრამ გადავრჩი: ქალებზე საუბრობდნენ, ბანქოს თამაშზე, არჩევნებზე, მომღერალზე, რომელიც არ ჩამოვიდა, უბნის ამბავზე. თავდაპირველად ჩემი მიღება გაუჭირდათ, მაგრამ მიეჩვივნენ, რადგან ფერარის ასე უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური გვარები ჰქონდათ, თავი კრეოლებად და გაუჩოებად მოჰქონდათ. ზოგი მათგანი მედროვე იყო, ზოგიც საყასბოში მუშაობდა. ცხოველებთან ურთიერთობა რაღაცით გლეხებთან აახლოებდა. მგონი თითოეული მათგანის ოცნება იყო იყო, ხუან მორეირს დამსგავსებოდა. ბოლოს და ბოლოს მეტსახელიც მომაწებეს-წითური. თუმცა არანაირი ზიზღი არ იგრძნობოდა.
მათთან დავიწყე მოწევა და ბევრი სხვა რამეც ვისწავლე.
ჰუნინის ქუჩაზე, ერთ სახლში, მკითხეს კიდეც, ფრანსისკო ფერარის მეგობარი ხომ არ ხარო. უარი ვუთხარი, რადგან ვიფიქრე, თანხმობა ბაქიაობაში არ ჩამოერთმიათ.
ერთხელ პოლიციელები მოვიდნენ და გაგვჩხრიკეს, ზოგიერთს კომისარიატში მისვლა მოუხდა; ფერარის არც გაკარებიან. ორიოდე კვირის მერე ისევ შემოიხედეს და ამჯერად ფერარიც წაიყვანეს, რადგან ქამარში დანა ჰქონდა გარჭობილი, თუმცა შეიძლება იმიტომაც, რომ ადგილობრივი უფროსობის კეთილგანწყობა დაკარგა.
ახლა ფერარი ერთი უბედური ყმაწვილი მგონია, რომელიც მოატყუეს და უღალატეს, მაშინ კი ღმერთად მიმაჩნდა.
მეგობრობა ისევე მოცულია იდუმალებით, როგორც სიყვარული ან ცხოვრების ნებისმიერი აბსურდული ასპექტი. ერთხელ თავში გამიელვა, რომ იდუმალება მხოლოდ ბედნიერებას არ ახლავს, რადგან ბედნიერება უკვე გამართლებაა. საქმე ისაა რომ მამაცი და ძლიერი ფრანსისკო ფერარი, ჩემისთანა არარაობასთან მეგობრობდა. მეჩვენებოდა, რომ ეს შეცდომა იყო და ამ მეგობრობის ღირსი არ ვიყავი. ვცდილობდი, თავი ამერიდებინა, მაგრამ ამის უფლება არ მომცა. ჩემს ორჭოფულ მდგომარეობას დედაჩემის უნდობლობაც აძლიერებდა, ჩემი ქცევები მის მორალურ კრიტერიუმში ვერაფრით ჯდებოდა. მთავარი ამ ამბავში ჩემი ფერარისთან ურთიერთობაა და არა ღალატი, რომელსაც ახლა არც კივნანობ. დანაშული მანამდე გრძელდება, სანამ სინდისი გქენჯნის.
მოხუცი, რომელიც ისევ ფერარის გვერდით იჯდა, ხმადაბლა ესაუბრებოდა. ეტყობოდა, რაღაც ჩაიფიქრეს. ჩემი ადგილიდან მგონი მომესმა სახელი ვაიდემანი, რომლის საქსოვი ფაბრიკა ჩვენი უბნის შორიახლო მდებარეობდა. მალე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ფაბრიკის შემოვლა და ყველა შესასვლელის შესწავლა დამავალეს.
საღამოსპირი იქნებოდა, რკინიგზის ლიანდაგები რომ გადავიარე. აქა-იქ სახლები, ტირიფის კორომები და გავერანებული ადგილები დამამახსოვრდა. განაპირას მდგარი ფაბრიკა ახალი კი იყო, მაგრამ მიტოვებულს ჰგავდა. მეხსიერებაში მისი კედლების მოწითალო ფერი დაისის სიწითლეს უერთდებოდა. ფაბრიკას გარშემო ღობე ჰქონდა შემოვლებული. მთავარი შესასვლელის გარდა სამხრეთიდან კიდევ ორი კარი იყო, რომლებიც პირდაპირ შენობას უკავშირდებოდა.
სიმართლე გითხრათ, გვიან მივხვდი იმას, რაც თქვენთვის ალბათ უკვე ცხადია. ფაბრიკაზე მოპოვებული ჩემი მონაცემები ერთმა წმაწვილმა დაადასტურა, რომლის დაც იქ მუშაობდა. დუქანში შაბათ საღამოს ჩვენი არგამოჩენა ეჭვს გამოიწვევდა. ამიტომ ფერარიმ გადაწყვიტა თავდასხმა მომდევნო პარასკევს მოეხდინა.
მე ყარაულის მოვალეობა მერგო, მანამდე კი ერთად არ უნდა ვენახეთ.
ქუჩაში რომ გამოვედით, ფერარის ვკითხე:
-მენდობი?
-კი, ვიცი, რომ ნამდვილი მამაკაცივით მოიქცევი.
ის ღამე და მომდევნოც მშვიდად მეძინა. ოთხშაბათს დედას ვუთხარი, რომ ცენტრში ახალი კოვბოური ფილმის სანახავად მივდიოდი. საუკეთესო ტანსაცმელი ჩავიცვი და მორენას ქუჩისკენ გავემართე.
ტრამვაი დიდხანს მიჯაყჯაყებდა. პოლიციის განყოფილებაშიც გვარიანად მაყურყუტეს, სანამ ვიღაც ვალდმა თუ ალტმა არ მიმიღო. ვუთხარი, რომ საიდუმლოს გამჟღავნებას ვაპირებდი. თამამად შეგიძლია ილაპარაკო, - მიპასუხა. ფერარის ჩანაფიქრი მოვუყევი. გამიკვირდა რომ ეს სახელი სულაც არ გაუგონია; აი, დონ ელისეოს ხსენებაზე სხვა რეაქცია ჰქონდა.
-აა!- ორიენტალის ბუდის ბანდიდან, არა?
სხვა ოფიცერს დაუძახა, ჩვენს უბანს რომ კურირებდა და რაღაც მოითათბირეს. ერთ-ერთმა ირონიანარევი ხმით მკითხა:
-დასასმენად იმიტომ მოხვედი, რომ თავს კეთილსინდისიერ მოქალაქედ თვლი?
-გავიფიქრე, ალბათ ვერ გამიგებს მეთქი და ვუპასუხე:
-დიახ, სინიორ, მე კეთილსინდისიერი არგენტინელი ვარ.
მიბრძანეს დავალება ზედმიწევნით შემესრულებინა, ოღონდ პოლიციელების გამოჩენისას არ დამესტვინა. დამშვიდობებისას ერთმა ოფიცერმა გამაფრთხილა:
-ყურადღებით იყავი, ხომ იცი დამსმენებს რა ბედი ელის?
პოლიციელები აშკარად ერთობოდნენ. ვუპასუხე:
-დაე, მომკლან. ასე უკეთესი იქნება.
პარასკევს გამთენიისას გახარებული ვიყავი, რომ გადამწყვეტი დღე დადგა, ამასთან, სინდისი მქენჯნიდა იმის გამო, რომ სინდისი საერთოდ არ მქენჯნიდა. დრო უსაშველოდ გაიწელა თითქმის არაფერი მიჭამია, საღამოს ათ საათზე ყველა ერთად ფაბრიკისაკენ გავემართეთ. მხოლოდ ერთი გვაკლდა. დონ ელისეომ აღნიშნა, ვინმემ რომ არ დაგვაღალატოს, არ შეიძლებაო. ვიფიქრე, რომ მერე ყველაფერს იმას გადააბრალებდნენ. მეშინოდა, ვაითუ ჩემთან ერთად კიდევ ვინმე დაეყენებინათ, მაგრამ სამხრეთის კართან ეულად მომიწია მორიგეობა. მალე პოლიციელები გამოჩნდნენ, ოფიცერთან ერთად. ყურადღება რომ არ მიექციათ უცხენებოდ, ფეხით მოდიოდნენ. კარები ჩამტვრეული იყო და შენობაშიც უხმაუროდ შევიდნენ. ოთხი გასროლა გავიგონე. ის იყო, გავიფიქრე, სიბნელეში ერთმანეთი ხომ არ ამოხოცეს-მეთქი და დავინახე, როგორ გამოვიდნენ ფაბრიკიდან პოლიციელები და ხელბორკილდადებული ბიჭები. მერე ორმა პოლიციელმა ტყვიებით დაცხრილული ფრანსისკო ფერარი და დონ ელისეო ამარო გამოათრიეს. წინასწარი ჩვენებისას ითქვა, დაკავებისას წინააღმდეგობა გაგვიწიეს და ცეცხლი პირველებმა გახსნესო. ვიცოდი, რომ ეს ტყუილი იყო, რადგან მათ ხელში რევოლვერი არასოდეს მინახავს. პოლიციამ იხელთა და ძველი ანგარიშები გაასწორა. მოგვიანებით ვიღაცამ მითხრა, ფერარიმ გაქცევა დააპირა, მაგრამ მის გასაჩერებლად ერთი ტყვიაც საკმარისი გამოდგაო. გაზეთებმა, რა თქმა უნდა, გმირად გამოიყვანეს, როგორიც არასოდეს არ ყოფილა და როგორიც მე წარმომედგინა.
სხვებთან ერთად მეც ამიყვანეს მაგრამ მალე გამომიშვეს.