*** ისევ აღზევდა ჩემი ქალაქი
ისევ აღზევდა ჩემი ქალაქი,
მიძინებული ჩემი სავანე,
მხრებზე მაყრიან მთვარის ნამსხვრევებს -
ამ წუთისოფლის ავან-ჩავანნი.
მე სხეულიდან მინდა გაქცევა,
სადმე შეშლილთა შემკრთალ საფარში,
ხელს ვერ შემიშლის ზღვის მიმოქცევა
ჩავეჭიდები ტალღებს ფაფარში.
ერთხელ ხომ მაინც უნდა დავეცე,
რომ გავუბრწყინო მიწას ცისკარი,
ჩემი სიმორცხვე ნუ გაგაოცებს,
ნუ გაიკვირვებ - რად მივიჩქარი...
მკვდარი იმედი მე არ მეკუთვნის,
თვით სისხლის წვეთებს მწოვენ ქარები.
და როგორც დაღლილ ბებერ მეგუთნეს,
ხნულზე დამცვივა ალბათ თვალები.
რა ვქნა, სამოთხის სახე მაოცებს,
შენი იერი მარად მეფური.
ნეტავი მიწის მარტივ ნაოჭებს
თუ აქვს სიმშვიდე კვლავინდებური -
შენ გეკითხები, ჩემო სიცოცხლევ,
ვეღარ ვტეულვარ ფერთა გამაში,
შენ ერთმა მაინც მინდა იცოდე,
რომ არ არსებობს კაცი - თამაში.
რომ ყოველივე არის ნუგეში,
უცხო ლარნაკში დაჭკნენ ვარდები,
რადგანაც ცრემლი სახლობს გუგებში,
სადაც ვიწყებით - იქვე ვთავდებით...