მარტოობა ექსკლიუზივი
ეს იყო ნასადილევს, მამაკაცებმა მშვენივრად მოვილხინეთ.
- გინდა, ელისეს მინდვრებზე ფეხით გავისეირნოთ? - მეუბნება მათგან ერთ-ერთი, ჩემი ძველი მეგობარი.
ჰოდა, ჩვენც გავეშურეთ, ნელა მივუყვებით გრძელ ხეივანს, ჯერ კიდევ ფოთლებშერჩენილ ხეებქვეშ მივაბიჯებთ, მყუდროებას ოდნავი ხმაურიც კი არ არღვევს, მხოლოდ პარიზის შორეული გუგუნი აღწევს ჩვენამდე, გრილი სიო გველამუნება სახეზე და ჩაშავებულ ცაზე ოქროს ქვიშად მიმობნეულა ვარსკვლავთა მირიადები.
- არ ვიცი რატომ, - მეუბნება ჩემი თანამგზავრი, - მაგრამ აქ უფრო ლაღად ვსუნთქავ ღამით, ვიდრე სადმე სხვაგან, თითქოს აქ უფრო ვუღრმავდები ყველაფერს, სინათლის სხივები მინათებს გონებას და წამიერად მეჩვენება, რომ საგანთა იდუმალ, ღვთაებრივ არსს ჩავწვდი. მერე სარკმელი იხურება და ყველაფერი მთავრდება.
დროდადრო ჩრდილები დასრიალებენ ხეთა რიგებში; ძელსკამს ჩავუარეთ, ორნი, გვერდიგვერდ მსხდომნი, ერთ შავ ლაქად ქცეულიყვნენ.
- საცოდავი ადამიანები! - ჩაიბუტბუტა ჩემმა თანამგზავრმა, - ზიზღსაც კი არ იწვევენ, უსასრულო სიბრალულით თუ განიმსჭვალები მათ მიმართ. კაცთა მოდგმის ყოფიერების საიდუმლოებათა შორის არის ერთი რამ, რასაც ჩემთვის ფარდა აეხადა: მთელი ცხოვრებისეული შფოთვა ჩვენი უსასრულო მარტოობით არის გამოწვეული, ყველა ჩვენი ძალისხმევა, ყველა ჩვენი ცდა ამ მარტოობისგან გაქცევისკენაა მიმართული. აი, ეს შეყვარებულებიც, ძელსკამზე, ღია ცის ქვეშ, ჩვენსავით, ყველა სულდგმულივით ცდილობენ, თუნდაც წუთით დაივიწყონ თავიანთი მარტოსულობა, მაგრამ მარტო იყვნენ და ყოველთვის მარტო იქნებიან, ისევე, როგორც ჩვენ.
ზოგი მწვავედ გრძნობს ამას, ზოგიც ნაკლებად, სულ ეს არის. კარგა ხანია, მტანჯავს ამ საზარელი წამების შეგნება, ამაზრზენი მარტოობის გაცნობიერება, რომელშიც ვცხოვრობ, თან ვგრძნობ, რომ არაფერს შეუძლია მისი შეჩერება, არაფერს, გესმის შენ?! როგორი ნდომითაც არ უნდა ვიყოთ ანთებულები, როგორც არ უნდა მიიზიდებოდნენ ჩვენი ტუჩები, და როგორი ვნებითაც არ უნდა ვეხვეოდეთ ერთმანეთს, მაინც მარტო ვართ.
ამ საღამოს შინ რომ არ დავბრუნებულიყავი, სასეირნოდ წამოგიყვანე, რადგან ახლა საშინლად მთრგუნავს ჩემი უკაცური სახლი, თუმცა რა გამოდის? გელაპარაკები, შენ მისმენ, მაგრამ ორივენი მაინც მარტო ვართ, გვერდიგვერდ, მაგრამ მაინც მარტო, გესმის ჩემი?
"ნეტარ არიან ღატაკნი სულითა," - ამბობს წმინდა წერილი, მათ ბედნიერების ილუზია აქვთ, ვერ გრძნობენ სულით ღატაკები ჩვენს ყრუ ტკივილს, ჩემსავით არ დაეხეტებიან ცხოვრების გზაზე, შემთხვევითი ურთიერთობების გარდა სხვაგვარი სიახლოვისა არაფერი გაეგებათ, მხოლოდ ეგოისტური კმაყოფილებით გამოწვეულ სიხარულს გრძნობენ, ჩვენი დაუსრულებელი მარტოსულობის აღმოჩენის, წვდომის სიამოვნებას კი - ვერა.
ალბათ, გიჟი გგონივარ, არა?
ყური მიგდე. რაც საკუთარი მარტოობა შევიცანი, მეჩვენება, რომ ყოველდღე უფრო და უფრო ვიძირები ბნელ მიწისქვეშეთში, სადაც ვერ ვპოულობ ნაპირს, ვერ ვპოულობ დასასრულს და იქნებ ამ ჯურღმულს მართლაც არა აქვს ბოლო! ჩემ გვერდით, ჩემთან ერთად არავინაა, არც ერთი სულიერი არ გადის ბურუსით მოცულ იმავე გზას, რომელსაც მე. მიწისქვეშეთი - ეს ცხოვრებაა. ხანდახან ხმაური, ყვირილი და ადამიანთა ხმები მესმის... ხელის ცეცებით მივიკვლევ გზას ამ ქაოსური ხმებისკენ, რომლებიც ზუსტად არასოდეს ვიცი, საიდან მოდის; მე ხომ არასოდეს არავინ შემხვედრია, არასოდეს დამინახავს სხვისი ხელი ამ წკვარამში, ირგვლივ რომ მახვევია. გესმის ჩემი?
თუმც ზოგი გრძნობს ამ სასტიკ ტანჯვას ხანდახან. მიუსე წერდა:
"მეძახის ვინმე? მიხმობს ვინმე?
არავინ. მხოლოდ საათი რეკავს.
არავის ხმა არ ახარებს სმენას,
მე, სიღარიბე და სიმარტოვე
მარტო ვართ ისევ."
მაგრამ მას მხოლოდ დროებითი ეჭვი ჰქონდა და გადაულახავ მარტოობაში ჩემსავით საბოლოოდ არ დარწმუნებულა; მიუსე პოეტი იყო, სამყარო ფანტომებითა და ოცნებებით ჰქონდა დასახლებული. ის სრულიად მარტო არასოდეს ყოფილა - აი, მე კი ნამდვილი მარტოსული ვარ.
ცისქვეშეთში ყველაზე უბედური ადამიანი, გუსტავ ფლობერი, რომელიც უდიდესი ნათელმხილველი იყო, მეგობარ ქალს ამ სასოწარმკვეთ სიტყვებს სწერდა: "ჩვენ, ყველანი, უდაბნოში ვართ, სადაც ერთმანეთის არაფერი ესმით."
ჰო, არავის არავისი ესმის, რამდენიც უნდა იფიქრონ, რაც უნდა თქვან, რაც უნდა მოიწადინონ. განა დედამიწამ იცის, რა ხდება უსასრულო სივრცეში ცეცხლოვანი მარცვლებივით გაბნეულ ვარსკვლავებზე? შორს, საიდანღაც ჩვენამდე მხოლოდ ზოგიერთი მათგანის ციმციმი თუ აღწევს, იქნებ უსასრულობაში გაბნეული ეს ნაწილაკები სულაც ადამიანის სხეულის მოლეკულებივით ერთი მთლიანობის ნაწილია?
ასე რომ, ადამიანმა კიდევ უფრო მეტად არ იცის, რა ხდება მეორე ადამიანის სულში. ჩვენ ამ ვარსკვლავებზე უფრო შორსა ვართ ერთმანეთისგან, მეტად გათიშულები, რადგან სხვისი ფიქრი ყოვლად შეუღწევადი რამ არის.
მუდმივად მათკენ მივისწრაფვით, ვინც ვერასოდეს ჩასწვდება ჩვენს არსს, არსებობს რაიმე ამაზე უარესი გრძნობა ქვეყნად? გვიყვარს ერთმანეთი, თითქოს სულ ახლოს ვიყოთ მიჯაჭვულები, ხელებს ვიწვდით და მაინც ვერასოდეს შევიყრებით ერთად. ერთმანეთში გათქვეფის მწველი სურვილი გვტანჯავს, თუმცა ყველა ჩვენი ძალისხმევა ამაოა, ჩვენი თავდავიწყება - უსარგებლო, ჩვენი გულწრფელობა - უნაყოფო, ჩვენი გადახვევა - უძლური, ჩვენი ალერსი - ფუჭი. ერთ არსებად ქცევა გვსურს და ერთმანეთისკენ ვილტვით, საბოლოოდ კი მხოლოდ უხეშად ვეხლებით ერთმანეთს.
არასოდეს ისე მარტო არ ვგრძნობ თავს, როგორც მეგობართან გულის გადაშლისას, რადგან ამ დროს ბევრად უკეთ ვხედავ გადაულახავ ბარიერს. აქვეა ადამიანი, ვხედავ ჩემკენ მომართულ მის ნათელ მზერას, რომლის მიღმაც ჩემთვის უცნობი სულია. მისმენს. ნეტა რას ფიქრობს? ჰო, რას ფიქრობს? გეცნობა ეს ტანჯვა? იქნებ ვეზიზღები? ვეჯავრები, ან იქნებ აბუჩად მიგდებს? ფიქრობს ჩემს ნათქვამზე, მკიცხავს, დამცინის, მადანაშაულებს, ნორმალურად ან გიჟად მთვლის. როგორ გავიგო, რას ფიქრობს? როგორ გავიგო, მასაც ისევე ვუყვარვარ თუ არა, როგორც მე მიყვარს? რა აზრებითაა მოცული ეს ციცქნა, მრგვალი თავი? რამხელა იდუმალებაა სხვათა დაფარულ და უსაზღვრო ფიქრებში, რომლებსაც ვერ ამოვიცნობთ, ვერ ვმართავთ, ვერ დავიმორჩილებთ, რომელზეც ვერ გავიმარჯვებთ!
მე ძალიანაც მინდა სრულიად გავხსნა საკუთარი თავი, გავაღო სულის ყველა კარი, მაგრამ ბოლომდე ამას ვერასოდეს ვახერხებ. შორს, სულის სიღრმეში ,,მეს" საიდუმლო სამყოფელია, სადაც ვერავინ ჩაღრმავდება, ვერავინ შეაღწევს და ვერავინ ვერაფერს აღმოაჩენს, რადგან არავინ მგავს, რადგან არავის არავისი არ ესმის.
ახლა მაინც გესმის ჩემი? არა, შენ მე შეშლილი გგონივარ! თვალით მზომავ და ჩემგან თავი შორს გიჭირავს! ფიქრობ: "რა დაემართა ამ საღამოს?" მაგრამ თუ ერთხელაც ჩასწვდები, მიხვდები ჩემს საშინელ და დამდაგველ ტანჯვას, მოდი მხოლოდ და მითხარი: "მე მესმის შენი!" ასე წამით მაინც გამახარებ.
ყველაზე უფრო კი ქალები მიმძაფრებენ მარტოობის შეგრძნებას. რა უბადრუკობაა! რა უბადრუკობა! როგორ მტანჯეს! ისინი კაცებზე მეტად მიქმნიდნენ მარტოსულობის გადალახვის ილუზიას!
როცა გვიყვარს, გვეჩვენება, რომ ვმაღლდებით, არამიწიერი ნეტარება გვიპყრობს, და იცი, რატომ? იცი, საიდან მოდის ეს უსასრულო ბედნიერების შეგრძნება? მხოლოდ იმიტომ ხდება ასე, რომ წარმოვიდგენთ, თითქოს მარტო აღარ ვართ, გვეჩვენება, რომ ადამიანთა ჩაკეტილობასა და სასოწარკვეთას ბოლო მოეღო. რა მწარე შეცდომაა! ქალებს ჩვენზე უფრო მეტად აწუხებთ სიყვარულის უსაზღვრო მოთხოვნილება, ჩვენს მარტოობით განაწამებ გულზე უფრო იზიდავთ ოცნების ყველაზე დიდი სიცრუე.
შენც ხომ გახსოვს ამ გრძელთმიან არსებებთან პირისპირ გატარებული საამური წუთები, სახის მომაჯადოებელი ნაკვთები და მზერა, რომელიც თავგზას გვაკარგვინებს, რა აღფრთოვანება გვირევს გონებას! რა ფანტაზიები გვიტაცებს!
მგონია, რომ მე და ის სულ ცოტა ხანში ერთნი ვიქნებით, მაგრამ არა და არ დგება ეს წუთები და შემდეგ კი კვირაობით ლოდინის, იმედისა და ცრუ ხალისის შემდეგ აღმოვაჩენ, რომ იმაზე უფრო მარტო ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, გაუცხოება ყოველი ალერსის, ყოველი მოხვევის შემდეგ იზრდება. რა მტკივნეულია! რა საშინელებაა! აკი პოეტმა სალი პრუდომმა დაწერა კიდეც:
,,...ალერსი მხოლოდ ფუჭი გარჯაა,
ასე საბრალო სიყვარული ამაოდ
ცდილობს,
სხეულთა ცეცხლით აღადგინოს
გაუცხოებულ სულთა შორის მტკიცე
კავშირი..."
მერე კი კარგად ბრძანდებოდეთ, მორჩა! ძლივსღა თუ ვიცნობთ ქალს, ჩვენთვის რომ ყველაფერი იყო ცხოვრების ერთ მომენტში. ქალს, რომლის შინაგან სამყაროს მაინც ვერ ჩავწვდით, უხამსსა და ფარულს, რაღა თქმა უნდა.
იდუმალ, ჰარმონიულ წუთებში, როცა სურვილები, გრძნობები სრულიად ირევა ერთმანეთში და გვგონია, რომ მისი სულის ფსკერს მივადექით, ერთი სიტყვა, ხანდახან მხოლოდ ერთი სიტყვაც კი გამოგვარკვევს ცრუ ბურუსიდან, ელვასავით გაანათებს და შავ უფსკრულს დაგვანახვებს ჩვენ შორის.
და მაინც, არ არსებობს ქვეყნად იმაზე დიდი სიამოვნება, უსიტყვოდ ატარებდე საღამოს ქალთან, რომელიც გიყვარს, თითქმის სრულიად ბედნიერი მხოლოდ მისი არსებობის შეგრძნებით. მეტს არც არაფერს უნდა ვითხოვდეთ, რადგან ორი არსების სრული შერწყმა ყოვლად შეუძლებელია.
ჩემი სულის კარი ახლა დაგმანულია. აღარავის ვუმხელ, რისი მწამს, რას ვფიქრობ, რა მახარებს, რადგან ვიცი, მტანჯველი მარტოობისთვის ვარ განწირული. აზრს აღარაფერზე გამოვთქვამ, რასაც ვხედავ. რის მაქნისია აზრები, კამათი, სიამოვნებები, რწმენა! ვერავის ვეღარაფერს ვუზიარებ, აღარაფერი მაინტერესებს. ჩემი ფიქრები უხილავი და ამოუცნობია. ყოველდღიურ კითხვებს ბანალურად ვპასუხობ და თანხმობის ნიშნად ვიღიმი, მაშინ, როცა საუბრის გაბმის თავიც კი არ მაქვს.
გესმის ჩემი?
გრძელი პროსპექტი ტრიუმფალურ თაღამდე ავიარეთ, შემდეგ თანხმობის მოედანზე დავბრუნდით, რადგან ამ ყველაფერს ნელ-ნელა წარმოთქვამდა, ვეღარ ვიხსენებ, რას, მაგრამ ბევრ სხვა რამესაც ამბობდა კიდევ.
შეჩერდა და უცებ ხელი გაიშვირა პარიზის ქვაფენილზე აღმართული გრანიტის მაღალი ობელისკისკენ, რომლის გრძელი, ეგვიპტური სილუეტი ვარსკვლავებში იკარგებოდა, გამოგზავნილი მონუმენტი, რომლის ერთ გვერდზეც უცნაური ნიშნებით წაეწერათ მისი ქვეყნის ისტორია.
- აი, ყველანი ამ ქვასავით ვართ! - დაიყვირა ჩემმა მეგობარმა და აღარაფერი უთქვამს, ისე დამტოვა.
იქნებ ნასვამი იყო? ან გიჟი? ან სულაც ბრძენი? ახლაც ვერ გამირკვევია. ხანდახან მეჩვენება, რომ მართალი იყო, ხანდახან კი მგონია, რომ შეიშალა.
თარგმნა თამარ ნერგაძემ