ანფიმიადი დიანა
გაზიარება

ამ გაზაფხულზე ეს ქალაქი მართლა მომიხდა... 

ამ გაზაფხულზე ეს ქალაქი მართლა მომიხდა,
თითქოს ჩემს ტანზე შეკერილივით,
ტუჩებზე ტკბილი წებო წავისვი
თვალის უპესთან მივიხატე სახლის ჩრდილები,
ვკეკლუცობ.
ტანზე მორგებული
ქვიშის ქუჩებით,
შადრევნებით,ფიჭის სახლებით,
ჩემი თავიდან მასთან გავრბივარ,
ორ-ორ საფეხურს ერთად ვახტები.
როგორც კოღოებს, სახეზე რომმაფრინდებობდნენ
(ტბა ფარავანთან)
ჩემს სხეულში ახლაც ბზუიან,
ჩემს მყუდრო სახლში ისევ ვკეტავ ადამიანებს
ვინც ჩემს ქუჩაზე გამოივლის, ან გაუვლია.
დილის საუზმე – მეგობრები პლასტმასის თეფშზე,
დანა-ჩანგალით ვანაწილებ გრძნობებს, შეგრძნებებს,
ფერმკრთალ ღიმილებს, ხელისგულებს, გამდნარ პროფილებს,
სიტყვებს მივირთმევ – მაძღარი ვარ და კმაყოფილი.
და აღარავინ რჩება ჩემთან, ყველა ჩემშია
და მეც თვალები მაგრად ჩავრაზე,
არაფერს ველი, მხოლოდ ვარწევ ცარიელ აკვანს
და დედამიწას-მამაჩემის ჩალის სავარძელს,
გულიდან გამხმარ ხელისგულზე გადმოვიწერე
ყველა სიზმარი, ყველა დილა, ყველა შეხება,
ყველა ნაჭერი ლურჯი პური და ჭიქა თოვლი
ქვიშად დავაგე ყრმა იესოს დაღლილ ფეხებთან.
ქვიშად დავეგე ყრმა იესოს დაღლილ ფეხებთან..

??????