იეთიმ-გურჯი
ვახტანგ კოტეტიშვილმა მხატვარი ფიროსმანი იეთიმ_გურჯს შეადარა. შედარება სწორია და მართებული. ორივეს შემოქმედება ერთი წიაღიდანაა წარმოშობილი.
ორივე პრიმიტივია.
თუ ,,საწყალი ნიკალა” ერთი ,,თლაშოის” საფასურში მიკიტნებს კედლებს ულამაზდება. იეთიმ_გურჯის ცოცხალი ციტატებით მოფენილია თბილისის ღვინის სარდაფები:
1. ,,თუ ამხანაგს გაეყარე,
სულ ნისიის ბრალი არის;”
2. ,,ვინ დამწყევლა, ვისი წყევლა ამიხდა,
ეთიმ, ცრემლი მეგობარი გაგიხდა;”
3. ,,ჰე კაცო! ფასი იცოდე,
ქუდი რომ დაგიხურია;
ყველა თანაბრად გიყვარდეს,
ქართველ-სომეხი-ურია.
ყველას სიკვდილი მოგველის,
რად გინდა იყო მშურია?”
იეთიმ_გურჯი ნამდვილი ბოჰემაა.
,,საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა_სამშობლო” _ ბარათაშვილის სიტყვები ზედგამოჭრილია მის ცხოვრებაზე. ნაბადს წამოიხურავს და ჰაიდა, მიდის! თითონაც არ იცის სად? რისთვის?
თუ გრ. ორბელიანის ონიკოვი სატრფოს შესახვედრად ,,ნაბადგახვეული” ეგდო ქუჩაში ,,ორ პატარა ფანჯრის წინ”, იეთიმ_გურჯის სატრფო_რომელიმე ,,ორხიდას” დუქანია, სადაც წაილექსებს, გადაჰკრავს და წაიძინებს. პაოლო იაშვილის ექსპრომტისა არ იყოს იეთიმ_გურჯზე:
,,მე არა მაქვს საკუთარი ბინაო,
მე წუხელი ქვაზე დამეძინაო!”
რატომ? იეთიმ_გურჯსაც აქვს ბინა, _ ავლაბარში, _ სადაც მთელი თვეობით არ დაიარება. მისი ოთახის ფანჯარაზე, რომელიც ქვაფენილს ამოჰყურებს, გამოკრულია წარწერა ოთხ ენაზე: ქართულად, რუსულად, ფრანგულად, სომხურად: ი ე თ ი მ¬ _ გ უ რ ჯ ი.
იეთიმ_გურჯი ნიშნავს ო ბ ო ლ ქ ა რ თ ვ ე ლ ს. იგი, მართლაც, ადრე დაობლდა. სულ პატარა იყო, როცა მამა გარდაეცვალა.
დედაც გაუთხოვდა და იეთიმმა მარტოდმარტო შესდგა ფეხი ცხოვრების კვარცხლბეკზე.
იეთიმ_გურჯი ძველი ხარფუხელია, დაიბადა დაბღის ღარიბ ოჯახში, 1875 წელს. სკოლა თვალით არ უნახავს.
წერა_კითხვა ქაღალდის პარკებზე შეისწავლა. იეთიმს კარგი ხმა ჰქონდა, დაჰყავდათ ქორწილებაში და მაშინდელი პოეტების ლექსებს ამღერებდნენ.
თითონაც დაიწყო ლექსების წერა, ან, როგორც ხ ე ლ ო ქ ა ტ ა ი ნ ო ვ ი იტყოდა, ,,საკუთარი ტვინიდან სიმღერის ამოღება” და ნელინელ პოპულარული გახდა. ხალხი აღტაცებით ამბობდა:
_ იეთიმ_გურჯი მოდის!
_ იეთიმ_გურჯი მღერის!
_ იეთიმ_გურჯის ხმაა!
_ იეთიმ_გურჯი ვნახე!
_ იეთიმ_გურჯი ქეიფობდა:
იგი, მართლაც, ,,ქეიფისთვის” არის გაჩენილი. ეს მოხეტიალე ბოჰემა ნორმანულ მდგომარეობით ვერ კმაყოფილდება. იგი კარგ გუნებაზე მაშინ არის, როცა მისი ნერვები სიყვარულით და ღვინით იწამლება:
,,შენ გადიდებ, შენ გიგალობ,
შენი რწმენის ბერი ვარ;
რა დღიდანაც გაგიცანი,
ჩემი თავის მტერი ვარ,
დავალ ღ ვ ი ნ ი თ მ ო წ ა მ ლ ი ლ ი,
მარტო შენთვის ვმღერივარ,
იეთიმ_გურჯი შენ მოჰკალი,
ცოცხლივ მკვდრებში ვწერივარ!”
საზოგადოდ შემჩნეულია, რომ ყოველი მწერალი პატარა ლექსებით იწყებს თავის ლიტერატურულ კარიერას. იეთიმ_გურჯი ამ შემთხვევაში გამონაკლისს შეადგენს.
მან თავის პირველ თემად ,,ანაბაჯის” ვრცელი თავგადასავალი აირჩია. ამ პოემის გმირი _ ქალია, რაღაც ლეგენდარული ძალ_ღონის პატრონი. სპარსელებმა გულადობისთვის ძმობა აღუთქვეს და ,,ანაბაჯი” დაარქვეს (ბაჯი_დაი).
ეს ქალი ამარცხებს ყველა განთქმუილ ფალავანს; მკლავში როსტომის ღონე აქვს და ხმლის ტრიალიც ემარჯვება:
,,ტანმაღალი, შავთვალ_წარბა, შუბლი მირონცხებულია, სახე _ მთვარე გაბადრული, ნიკაპს _ ხალი რგებულია; სიგრძე თმისა კოჭებამდის მეტად დამშვენებულია, გული, მკერდი და მკლავები როსტომს მიგვანებულია.
ჩვეულებრივ მარცხნივ გვერდზე ხანჯალ_დაკიდებულია, ცხენზედ მჯდომი ვის უნახავს მისგან გაჭენებულია; მოთამაშე, მოჯირითე, ხმალი მოღერებულია;
ჭიდაობა, მუშტის გარტყმა, მისგან მოგონებულია,
ერთის გარტყმით კამეჩს აქცევს, რაგინდ გაგიჟებულია,
მთელად ვერვინ ადგებოდა მისგან დახეთქებულია”.
ასეთი ყოფილა ეს ,,ტფილისელი ქალი და მუხათელი რძალი ანა’’.
ხალხში ამ ანაბაჯის შესახებ ერთი ხალხური მუხამბაზი არსებობს.მოვიყვანთ ამ ლექსსაც მთლიანად, რომ დავიწყების ნავლმა არ დაჰფაროს ეს უავტორო და უპრეტენზიო შემოქმედება:
,,თუმცა მოქუჩდნენ ქვეყნის აშუღებია
და მომართონ ყველამ თავის ჩანგები, _
ანას ქებას მაინც სრულ ვერ იტყვიან,
თუ არ იყოს ისევ შოთას ჰანგები!
ბატონისგან ამიღია ნებანი,
მომიმართავს ჩემი ჩანგი, ებახი,
რო დავიწყო ანა_ბაჯის ქებანი, _
ქვეყნის ქალნი მასთან არის დანგები!
დავინახე საჯირითო ჯარშია,
ცხენზედ მჯდომი, მოქარგული ზარშია:
ყველა იცნობს ანას გურჯისტანშია,
ნატრულობენ სპარსნი, ინდნი, ფრანგები.
სახე შვენის ნათელ სახესავითა,
ბრძოლის ველზე გადის ტყვიასავითა,
მტერსა სრესამს ფეხქვეშ ჭიასავითა,
თავს უხრიან მონად თურქნი, ზანგები.
რადგან ანამ საქართველოს ულოცა,
ბრძოლის ველზე ბევრი მტერი უხოცია,
დიდ ბატონმა ვერცხლის ხმალი უბოძა,
დააწერა მამულისა რანგები.
მეც გმირი ვარ, ნუ მიყურებ შურითა,
შენ ხმლითა ხარ და მე _ ჭიანურითა,
დაგიხვდები ახალ საიათნურითა,
ამაღლებას თუ რომ ჩამობრძნდები’’.
რაც შეეხება იეთიმ_გურჯის ,, ა ნ ა ბ ა ჯ ს ’’ უნდა ითქვას, რომ იგი ცოცხალი ხალხური ფორმებით არის დაწერილი, თუმცა ავტორს ანაბაჯის გმირული მოქმედება ცალხმრივად აქვს გაშუქებული და ,,დიდი ბატონის’’ თანამებრძოლი ქალი მხოლოდ მოჭიდავის უძლეველი ძალ_ღონით წარმოგვიდგინა.
იეთიმის ანაბაჯი არაჩვეულებრივი ღონით დაჯილდოვებული ქალია; ამარცხებს არა ერთს და ორ მამაკაცს, არამედ მთელ რიგ სხვადასხვა კუთხის ,,ცნობილ’’ ფალავნებს.
აი, იეთიმ_გურჯის კალამი რა ფერადებით გვიხატავს ერთი ასეთი ჭიდაობის სანახაობას და ანას გულადობას:
,,წელთ შემოირტყა სარტყელი, ხალხი სულ გაჰკვირდიანო,
გადახტა მოედანზედა, ყველა მას შესცქერიანო.
ვისია რძალი ლამაზი, ნეტავი, რა სწადიანო?
ალბათ, კოცნისთვის მოსულა, თორემ რა შეუძლიაო!
...გაუთამაშა გიორგიმ _ ნაქები თელეთელია:
ანამ დასტაცა, ძირს დასცა, ტანი არ აჰყვა მთელია.
მეორემ ჩამოუარა _ სოსია ბარბარელია,
მაგრამ ძირს ისე დაეცა, ვერც კი მოჰკიდა ხელია;
გადმოხტა ბიჭი მესამე _ ივანე ვაშლოვნელია,
ისე ჩაემტვრა გვერდები, ექიმის მაშოვნელია.
ცალ-თვალა ბიჭი თამაშობს, სახელად ,,გმირი ელია”,
მასაც ცხვირიდან ადინა, რაც ესვა, რაც დაელია;
სოფრომუკაც გამოვარდა: ქვე გამიშვით, გავალ, აპა,
ანამ ერთი გამოკვრითა ზედ მიწაზედ დაატყაპა.
ანას გინებით მიუხტა მუშტის ქნევით სირაჯ-გოლა,
ანა-ბაჯიმ ყარფუზივით შიგ ხალხისკენ გადისროლა.
...იმ დღეს ოცდა ორი დასცა, არვის არ ჰქონდა ფერია,
ვენაცვალეთ შენს ქალობას, გაგინათლდეს მშობელი...
სიხარულით შინ დაბრუნდა მთელი მუხათ-სოფელია’’.
ეს პოემა დაბღიშვილის ფსევდონიმითაა ცნობილი და რამდენიმე გამოცემად დაიბეჭდა.
მთელი წიგნი დაწერილია შაირ_წყობილად, ,,არსენას ლექსის’’ ყაიდზე.
ანალოგიურად: ხალხში არსებობს ლეგენდა ანაბაჯის მსგავს ღონიერ ქალებზე__წყნეთელ მაიაზე, წავკისელ თინაზე და ვაშლოვნელ თამროზე. თუ იეთიმ_გურჯის ანა მოკრივედაა გამოყვანილი, ხალხის ფანტაზია უფრო ხელწაკრით ანვითარებს ამ ქალების რაინდობას და წარმოდგენილი ჰყავს, როგორც პროტესტანტი გმირი ქალები, ყაჩაღად გავარდნილნი, ბატონყმობის უარმყოფელნი, სწორუფლებიანობის დამცველნი და მამაკაცებთან ერთად საქართველოს კეთილდღეობისათვის მებრძოლნი.
იეთიმას პოემაში კი ბევრი ზედმეტი ჰიპერბოლაა და კინოსებური ეფექტი.
არის გულადი გამოთქმებიც, თუმცა მთელი პოემა არ არის იმ სახელის ღირსი, რომელიც ავტორს პატარა ლექსებმა მოუპოვა:
,,ლალ-ზურმუხტი, ფირუზი ხარ,
ქვეყანას თვალში უზიხარ,
ედემის თაფლის ბუზი ხარ,
ლამაზებში ჯვრის ტუზი ხარ!
ჩემო ხატო, ჩემო ღმერთო!
შენს სურათზე ნათლად ვენთო;
გთხოვ, წყალობა გაიმეტო,
ლამაზების პრეზიდენტო!’’
იეთიმ_გურჯის პოეტური მანძილი თუმცა 1895 წლიდან იწყება, მაგრამ მან თავისი სახელის აპოგეიას მხოლოდ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია. ერთხელ იეთიმმა მითხრა, ჩემს ლექსებს აკვანშიაც მღერიანო. იეთიმი მართალი იყო. ამჟამად, თბილისის დაბალ მოსახლეობაში, არც ერთი პოეტის ლექსები არ არის ისე გავრცელებული, როგორც ამ თანამედროვე ბოჰემის სიმღერები:
,,არ გამეცნე, კარგი იყო, თავიდან;
შუა ზღვაში გადამაგდე ნავიდან.
ჩემი გული შენ დაკოდე, დახიე,
ხელებს ითბობ _ ცეცხლის ალში გამხვიე!
სულ არ გესმის ჩემი წერა_კითხვები!
რად მიყვარხარ, რატომ არ მეკითხები?
რომელ მგოსანს ვთხოვო სამართალია,
ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია!’’
იეთიმ_გურჯი თავის სიმღერებში ძველ პოეტებთან მხოლოდ ორ პოეტს იხსენიებს __ რუსთაველსა და საითნოვას:
1. ,,დროში გლოვისა ს ა ა თ ნ ო ვ ი ს ა ვიგდო ხელშია,
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ვ ი თ შევდგე ბერად მონასტერშია’’.
2. ,,სტუმრათა ვართ წუთისოფლის ხანაში,
მოვისპობით ერთხელ ამ ქვეყანაში;
იეთიმ_გურჯი გლოცავს: იყავ მზეშია!
შენ ჩამაგდე ს ა ი ა თ ნ ო ვ ა ს დღეშია’’.
იეთიმ_გურჯი გულდაჯერებით და მუყაითად ელოლიავება რუსთაველის მაღალს სახელს და ქალაქურ ხარლხური ლექსის სინოყივრეს საიათნოვას ყალიბში ათავსებს. წარსული პოეზიის ვირტუოზული ფანდიანობა მან სიტყვების ჟონგლიორობაში გამოხატა; იგი დარწმუნებულია თავის პოეტურ გამძლეობაში და ქედმაღლურად აცხადებს:
,,მე ლექსი არ დამელევა,
სულ მზათა ვარ, ვინც რა მთხოვა,
ცოცხალს ფასი ჯერ არა მაქვს,
მოვკვდე _ არვინ მიწყობთ გლოვა;
იეთიმ_გურჯი შემოგწყრებათ,
თუ წავიდა, აღარ მოვა, _
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს შვილობილი
და მეორე ს ა ი ა თ ნ ო ვ ა ’’.
ჩვენ რომ ავტორის თავმდაბლობას არ ვიცნობდეთ, მაშინ ამ უკანასკნელ სიტყვებს, თანამედროვე პოეტების საერთო ნაკლს მივაწერდით: დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და უნაპირო პრეტენზიები! მაგრამ იეთიმ_გურჯის ასეთი იოლი მოპყრობა რუსთაველისადმი გამოწვეულია იმ უსაზღვრო გავლენით, რომელსაც გენიოსი პოეტი ახდენდა ქართველ ხალხურ პოეტებზედაც.
ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ჩვენ იმავე იეთიმ_გურჯის სიტყვები დაგვჭირდებოდა სათქმელად:
,,სად არის შოთას საფლავი,
წავიდე საჩივლელადა!’’
მაგრამ სადაც პოეტი უშუალოდ და ძალ_დაუტანებლივ ლაპარაკობს, იქ პირდაპირ მომხიბლავია:
,,მე ახალი დარდი მიყიდია
წ ყ ა ლ შ ი ვ დ გ ე ვ ა რ, ც ე ც ხ ლ ი მ ი კ ი დ ი ა’’.
იეთიმი სპარსული პოეზიის ღვიძლი შვილია. მონტესკიო ამბობს: ,,აღმოსავლეთში უფრო ბევრი მგოსანია, _ ცხუნარი მზე მათ ვნებას უფრო ამძაფრებს’’. სპარსული მგრძნობელობა იეთიმის სათუთ ფანტაზიაში უხვადაა ჩაქსოვილი. ლეგენდაა: სპარსეთში ერთი მომღერალი იყო, ისე ტკბილად მღეროდა, რომ, თუმცა ყელთამდე წყალში იდგა, მაინც დაიწვაო.
,,ერთი მითხარ, ვისი ენით წახდი,
ჩემი იყავ, სხვისი რატომ გახდი?’’
მეტად საგულისხმოა, რომ მიუხედავად სპარსული პოეზიის გავლენისა, იეთიმ_გურჯი იშვიათად მიმართავს მუხამბაზურ ფორმას. მისი ლექსები უფრო შაირულ ყაიდაზეა დაწყობილი, თუმცა ეს არ უშლის, ლექსის ბოლოში, ძველი აშუღების მსგავსად, თავის სახელგვარიც გარითმოს. მაგალითად:
1.
,,მეც ვდარაჯობ ჩემის კალმით,
მაგრამ ვდგევარ, როგორც ბურჯი,
გაუმარჯოს საქართველოს,
ენაცვალოს ი ე თ ი მ _ გ უ რ ჯ ი ’’.
2.
,,თვალები გაქვს ცაზე ლურჯი,
შენი თმები _ ოქროს ფუნჯი,
დაილოცოს ი ე თ ი მ _ გ უ რ ჯ ი ’’.
3.
,,იმას შვილად ვერ მივიღებ,
წინაპრების აკვანს სწვამდეს,
სირცხვილი იმ გუთნის დედას,
თავის მამის საფლავს ხნამდეს.
გატიალდეს ის წალკოტი,
ბულბული რომ გადაყვავდეს,
მაშინ მოკვდეს ი ე თ ი მ _ გ უ რ ჯ ი .
როცა ლექსი გაუთავდეს’’.
იეთიმ_გურჯის ზოგიერთი ლექსი, ქაღალდზე გადატანილი, კარგავს თავის სიცინცხლეს და ორიგინალობას. ამგვარი ლექსების არომატი _ გამოთქმის კილო და სიმღერის ჰანგია.
იეთიმ_გურჯის ნაკლი ის არის, რომ მის ლექსებში, სტრიქონების მოქმედებათა შორის, არ არის მთლიანობა, ალაგ_ალაგ ცენზურაც ერღვევა, რითმა ხშირად ელემენტარულია და ნამეორები. სამაგიეროდ, სტრიქონის მოქნევა მარჯვედ იცის და ვაი მისი ბრალი, ვისაც ეს მოქნეული შოლტი მოხვდება:
,,ხის გული გაქვს, ქვის _ ჯიგარი,
და ტვინი კი _ აგურისა’’.
იეთიმის პოეტური მეტაფორა თამამია და ხასხასა. იეთიმ_გურჯი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყარაჩოღელი იმაჟინისტია.
,,იეთიმ_გურჯი, დააკვირდა, გირჩევნია მოდი ჭკვაზე,
აგიტანია ბუმბული გასაშრობად ქარიან მთაზე’’.
ან_
,,წყალში ვდგევარ და წყალსა ვსცრი
ხელთ საცერი მიკავია.”
ან კიდევ_
,,თვითონ ჩემი ბრალი არის,
რისთვის მყევხარ გულში მდგმურად?
ქრისტეს მცენებით რად მოვსულვარ,
მაჰმადის კარს სამსახურად?
მარილის ქვით ბანს ვაშენებ,
ჩემი სახლის დასახურად,
რად მინდოდა, რომ დავდექი,
მშრალ ქვიშაზე მებადურად?’’
ეს ლექსები, _ ასე ნაწყვეტებად ნაკრეფი ქალაქის მედოლეებისაგან, _ რომლებშიაც ფორმის სადაობა და სიმახვილე აზიზი ინსტიქტის ოსტატობით გამოკრთის, თავისთავად კარგია, მალხაზი, ხალისიანი, მაგრამ ლექსის აღნაგობა არ არის თავიდან ბოლომდე ერთი განცდით გაჟღენთილი, ლექსს მთლიანობა აკლია, არ არის ხლართი, ინტრიგა, ურომლისოდაც ლექსი, როგორც ლიტერატურული განძი, ვერ ითავადებს პოეზიის საგანძურში.
იეთიმ_გურჯს ერთი ლექსი აქვს, რომლის შინაარსიც მოგვაგონებს ცნობილ ხალხურ სიმღერას (,,ვერცხლისამც თასად მაქცია’’). იქაც და აქაც ეს ორივე ნაწარმოები სიყვარულის ფონზეა გაშლილი და პოეტურ შედარებებით შენაძარღვი.
მაგრამ რამდენადაც ხალხური ლექსი უშუალოდ გვაძლევს მდიდარ და ამაღელვებელ სახეებს. იმდენად იეთიმ_გურჯის იმ ლექსს ულაზათო მიმბაძველობის ელფერი დაჰკრავს:
იეთიმ_გურჯი:
,,ნეტავ ვიქცე კრიალოსნად,
ბროლის თათებითა მთვლიდე,
ანუ ცოცხი გავმხდარიყავ,
შენი ფეხის მტვერსა ვგვიდე!
ნეტა მოხდეს, ჩემი თავი
შენი თითის ბეჭდათ იყოს,
თითზე იმგვარად მოგეკრა,
ვეღარავინ გამომიღოს!
ან საწოლი ტახტი_ვიყო,
ჩემზე იწვე და ხვრინავდე,
ანუ ბუზი გავმხდარიყავ,
შენს სახეზე დავფრინავდე!
ბედნიერი ვიქნებოდი
მე რომ კოვზად ვწერებიყავ
და შენსა ლამაზ თითებსა
სადილის დროს ვჭერებიყავ!
ანუ ვიყვე რამე ნივთი,
შენა გყავდე წასაღებად,
შენს ჯიბეში მდგმურად ვიყო,
შენი სახლის გასაღებად!’’
ხალხური:
,,ვერცხლისამც თასად მაქცია,
რომ ღვინით აგევსებოდე,
დაფერილი მქნა წითლადა,
შევსვამდე, შაგერგებოდე!
ანა მქნა ვერცხლის სათითე,
რომ ხელზე ჩაგეგებოდე,
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რომ ფეხზე მაგეჭრებოდე!
ან შენი ქოჩრის ბეწვი მქნა,
რომ ნემსზედ აგეგებოდე;
ან შენი წარბის ფერფლი მქნა,
წამწამზე დაგეგებოდე!
ანამც მქნა ვარდი_ყვავილი,
ცხვირპირზე დაგეყრებოდე,
ან ვიყო მოვის პერანგი,
ზედ გულზე დაგედნებოდე!
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდე,
ანამც ძმა ვიყო მოწილე _
ცოცხალს არ გაგეყრებოდე!~
იეთიმ_გურჯის ეს ლექსი, ამ ორიგინალურ და გენიოსურ ხალხურ ნაწარმოებთან შედარებით, იაფფასიანი იმიტაციის ხასიათს ატარებს. რა საჭიროა, ხალხური პოეტი ხალხური ლექსის ყვავილებს თავის ბაღში მყნიდეს? რა საჭირო იყო ამ ხალხური ლექსის ,,გადმოიეთიმება’’, როცა თითონ იეთიმ_გურჯს არანაკლებ მდიდარ ლექსიკა აქვს სიყვარულის სახმილის გამოსახატავად?
იეთიმის სიმღერები დაუახლოვდა ქალაქის ხალხის სალაპარაკო ენას.
ხშირად იეთიმი სასიმღერო მელოდიებს თვითონ ჰქმნის: ავტორი იღებს რომელიმე ხალხურ ჰანგს და ლექსის შინაარსს უფარდებს. მაგრამ ეს ჰანგი ხშირად პოეტების მიერ ისე გადასხვაფერებულია და თბილისის იერი ისე ლამაზად დაჰკრავს, რომ მისი პირველი წყარო საძებნელი ხდება და სიმღერა ქალაქურ ინდივიდუალურ სახეს ატარებს.
ხშირად იეთიმის ლექსები შესდგება ორი, ოთხი ან ექვსი სტრიქონისაგან, რომელსაც მუნასიბად ამბობს ხოლმე სამიკიტნოებში ,,ენის ტყავის აცრის დროს’’. იეთიმი ლექსებს არ ამთავრებს, ან, უკეთ, ვერ ამთავრებს. ცოტა მოზრდილი ლექსი კი, რომელსაც პოეტი კალმის შემწეობით ჰფანტავს თავის შეგორდებში, წყალ_წყალაა და მასში ზედმეტი გაშლილობა ჩანს. ასეთ ლექსებში არ არის გრძნობის პარალერული ხაზები, ბოლოს რომ ესთეტიურ ქუჩა_ბანდში ინაკვთება.
,,წერით, მღერით დავიღალე,
მარტო შენთვის მომიცლია,
შენთვის კალამი გავცვითე
და მელანი დამიცლია’’.
მელანდაღვრილი ლექსი სუსტია და მქრქალი; ზეპირად დაწერილი ლექსი კი _ მყარი და ზარიფია.
მე მაინც განსაკუთრებულ ყურადღებით ვეპყრობით იეთიმ_გურჯის ნიჭს. მხიბლავს მისი ბოჰემური ხასიათი და სიტყვა-პასუხის დოვლათიანობა. იგი უკანასკნელი წარმომადგენელია იმ ქალაქურ მწერლობისა, რომლის მიზრაფიც ჯერ კიდევ არ გადამტყდარა.
,,ყველას თითო რამე უყვარს,
მე კი ჩემი შემაბეროს,
სხვისი ჩემზედ ლამაზია,
ეს ვერავინ დამაჯეროს,
მე სახალხო მგოსანი ვარ
ტფილის_ქალაქ_საქართველოს’’.
რა ვუყოთ, რომ ეს მოკლე ლექსები არა ჰგავს ომარ ხაიამის რუბაიებს! რა ვუყოთ, რომ არ ვიხლართებით მისი პოეზიის ნიუანსების აბლაბუდაში!
სამაგიეროდ ვიცით, რომ ეს გაუკეთებელი პოეტი გულწრფელია და ბალღური უმანკოებით ხაზავს თავის ემოციების გულუბრყვილო სამყაროს:
,,დარდიანად დამიწყია მღერა,
ცოცხალი ვარ, მე კი არა მჯერა,
იეთიმ_გურჯი, ესეც ბედის წერა!’’
იეთიმს სატრფიალო ლექსებიცა აქვს:
,,ბევრი მეტყვის, სიყვარულზე,
არ იციო ლექსის წერა,
თქვენ რომ ამბობთ, მართალი ხართ,
მე რომ მკითხოთ, არა მჯერა’’.
მაგრამ მისი სიყვარული სხვანაირია:
,,სიყვარულის მგოსანი ვარ,
ვალამაზებ დედა_ენას,
სიმღერების გამჩენი ვარ,
მეჯლისებში ვფანტავ ლხენას;
ერთა შუამავალი ვარ,
ყველგან ვცდილობ ვარდის ფენას,
მე მტერი ვარ მარტო მისი,
ვინც სიყვარულს უწყობს კბენას’’.
იეთიმ_გურჯის ლექსებში უცილობლად არის მძლავრი გულისთქმა, ქალაქური ტემპერამენტი და პოეტური ექსტაზი.
იეთიმ_გურჯის ხალხური ლექსები ის ღვინით სავსე თასია, რომელიც ხელიდან ხელში გადადის და მაინც არ იღვრება.
იეთიმი თბილისელია და, როგორც ყველა თბილისელს, არ უყვარს გულდედალი არიფი, ბილანებს სულს ანაცვალებს:
,,კალმით დავალ ამ სოფელში
გამგონ ხალხის ასაწერად;
ანდამატის ბადეს ვისვრი,
ვაჟკაცების დასაჭერად,
ბილანები არ ამცდება,
ჩემს დავთარში ჩასაწერად,
მიყვარს ჩემი საქართველო,
ვყვირი ყველას დასაჯერად’’.
იეთიმ_გურჯისთვის არც პოლიტიკური ასპარეზია უცხო. იგი 1905 წ. ასე მოუწოდებდა თავის აუდიტორიას:
,,გამოიბერტყე ყურები,
დროა მოხვიდე ჭკვასაო,
დაინგრა ხიდი დამპალი,
ვაშენებთ ახალ გზასაო!
მე შენ გიყვირებ, ძმობილო,
შენც გადაეცი სხვასაო,
რამდენიც ბევრნი ვიქნებით,
მალე გავიყვანთ გზასაო.
ისმინე, ყური დაუგდე
იეთიმ-გურჯის თქმასაო,
თუ რომ შენც გინდა, ეღირსო
ახალ ცხოვრების გზასაო’’.
აი, ეს ,,ახალი ცხოვრების’’ პოეტი რას ამბობს მუშის შესახებ:
,,მიყვარს ყველა ლამაზებზედ
მუშის ოფლი ჩამოსული,
ხელის ტყავი, ვით საძირე,
და ზედ _ სოკო ამოსული.
იეთიმ_გურჯის სიყვარულსა
მუშა ჰქვიან, მართლათ ვთვალე,
ცოცხალი ვარ _ მას ვუმღერი,
მოვკვდე _ მუშას ვენაცვალე!’’
ეს ლექსი იეთიმმა წაიკითხა მუშების კრებაზე ქ. ბაქოში, ბაილოვის თეატრში 1905 წ. სადაც იმჟამად ნავთის მრეწველობაში მუშაობდა. ამავე ხანებში, 1905 წ.
17 ოქტომბერს, მუშათა ერთ_ერთ მიტინგზე, იეთიმი გამოვიდა საკუთარი დროშით, რომელზედაც ეწერა:
,,მიხარიან, არ კი მჯერა!’’ რეაქციის გამარჯვების შემდეგ, იეთიმ_გურჯი სხვა მუშებთან ერთად დაიჭირეს და ადმინისტრაციული წესით გააგზავნეს ვოლინის გუბერნიაში და მოათავსეს დუბნოს ციხეში. აქ 4 წელი დაჰყო. შემდეგ გადაყვანილი იქმნა ქ. კრემენსკში, ტუსაღთა გამასწორებელ რაზმში. 1912 წ. თითქოს გაანთავისუფლეს, მაგრამ სამშობლოში ცხოვრების უფლება მაინც არ მისცეს... მის წამებას მხოლოდ რევოლუციამ დასდო სალბუნი.
იგი, თავისუფლების ცეცხლით გულანთებული, სამუდამოდ თავისუფალი და აღტაცებული, სამშობლოში დაბრუნდა და, თბილისის ნახვით გახარებულს, აღმოხდა ეს მგრძნობიერი ლექსი:
,,გამარჯობა, ჩემო ტფილის_ქალაქო,
დაკარგული შენი შვილი მოვედი.
საქართველოს მიწა_წყალო, ალაგო,
თორმეტი წლის უნახავი მოვედი.
მთაო წმინდავ, მამა-დავითისაო,
შენ, დარაჯო ქალაქ ტფილისისაო,
წმინდა მიწავ, უკვდავ მწერლობისაო,
მათ საფლავზედ სალოცავად მოვედი.
დიდო ზარო, ჩვენო სიონისაო,
ნატრული ვარ შენ დიდებულ ხმისაო,
ჩვენო მტკვარო, ძმაო რიონისაო,
ნაწამები საბანაოდ მოვედი.
ჩემო ძმებო ჰაოს_ქართლოსისაო,
გატანჯულსა მიცნობთ დიდი ხნისაო!
გაყიდული ორპირ მეგობრისაო, _
გამარჯობათ! იეთიმ-გურჯი მოვედი!’’