ინჯია ჯემალ
გაზიარება

ბალახთა ქება 

დიდი პატივი ერგო - ყინწვისის
ანგელოზს გვერდით უდგას მოკვდავი
და მათ სხეულზე ტალღა მიწისძვრის
გადადის, როგორც მკაცრი ოქტავა,
მაგრამ ცხოვრობდა ზაზა მიწაზე,
მიწის შვილებთან და ბალახებთან
და საქართველოს დასაფიცარ მზეს
სხივებსა სთხოვდა ყაბალახებად.
დარაჯად ედგა მუდამ გლეხის ჯავრს,
უფრთხილდებოდა მკურნალის ხალათს,
მძოვრეთს, ორთუბანს, თრეხვს თუ კეხიჯვარს
ბალახი ედო, ბატონის ღალად.
ეგება (ვფიქრობ ტაძრის კედელთან)
ტაოში დასკდა ბანას კედელი,
ასე მგონია, გააკეთებდა
მის მალამოსაც ფანასკერტელი.
მწამს, შემერგება - ზაზას გემოზე
თუ ვსვა შარბათი, ვჭამო ზაფრანა,
წეღან რომ გითხარ, ის ანგელოზიც
ფრთებს გაშლის ჩემთან ჩამოსაფრენად.
ოღონდაც უნდა მწამდეს აქიმის
სიტყვისა, როგორც მისი წამლისა
და ვერაფერი სნება აქ, იმის
სამბრძანებლოში, მე ვერ წამნისლავს.
დიდი წინაპრის - ზაზას - სახება,
ღმერთო, ყინწვისში მანამ მანახე,
სანამ მინდორზე ხელშესახებად
ვგრძნობ, საქართველოს უჭკნობ ბალახებს.

??????