ჰემინგუეი ერნესტ
გაზიარება

იქ სადაც სინათლეა ექსკლიუზივი

უკვე გვიან იყო და კაფეში არავინ დარჩენილა ერთი მოხუცი კაცის გარდა, იგი იჯდა ხის ჩრდილში, რომელსაც ელექტრონით განათებული ფოთლოვანი ისროდა. დღისით ქუჩაში მტვერი იდგა, მაგრამ ღამით ცვარმა დალექა მტვერი და ბერიკაცს მოსწონდა გვიანობამდე ჯდომა იმიტომ, რომ ყრუ იყო, ხოლო ღამით სიწყნარე მკვიდრდებოდა და იგი ნათლად გრძნობდა ამას. კაფეში ორივე ოფიციანტი ხედავდა, რომ მოხუცი შეთვრა და, თუმცა კარგ სტუმრად მიაჩნდათ, იცოდენ - თუ გადაამეტებდა, - ფულის გადაუხდელად წავიდოდა. ამიტომ ორივე უთვალთვალებდა.
-წინა კვირას თავის მოკვლა არ მოუნდომებია,-თქვა ერთმა.
-რატომ?
-სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილა.
-რის გამო?
-არაფრის გამო.
-შენ რა იცი, რომ არაფრის გამო?
-უამრავი ფული აქვს.
ისინი მაგიდას უსხდნენ იქვე, კართან, კედლის გასწვრივ და ტერასას გადაჰყურებდნენ, სადაც ერთი მაგიდის გარდა ყველა დაცარიელებული იყო. ამ მაგიდასთან, ხის ჩრდილში მოხუცი იჯდა. ფოთლებს ოდნავ არხევდა ნიავი. ჯარისკაცმა და ქალმა ჩაიარეს ქუჩაზე. ჯარისკაცის საყელოზე სპილენძის ციფრები ქუჩის ფარნის სინათლემ გააბრწყინა. ქალი უქუდოთ მისდევდა და ჩქარობდა, რომ არ ჩამორჩენილიყო.
-პატრული ჩაავლებს,- თქვა ოფიციანტმა.
-რა აზრი აქვს, თავისი ხომ გააკეთა.
-ახლა ურჩევნია ამ ქუჩიდან წავიდეს. პირდაპირ პატრულს გადააწყდება. ხუთი წუთი არაა, რაც ჩაიარეს.
ჩრდილში მჯდარმა მოხუცმა ჭიქა მიაწკარუნა თეფშზე. შედარებით ახალგაზრდა ოფიციანტმა მიაკითხა.
-რა გნებავთ?
ბერიკაცმა შეხედა.
-ერთი კიდევ.-თქვა მან.
-დათვრებით,- უთხრა ოფიციანტმა.
ბერიკაცი უხმოდ შესცქეროდა. ოფიციანტი წავიდა.
-აღარ მოგეშვება ახლა მთელ ღამეს,-მიმართა მან მეორე ოფიციანტს.
-მე ლამის ზეზეულად ჩამომეძინოს, სამზე არ იქნა, ვერ დავწექი. ბარემ წინა კვირას მოეკლა თავი და გათავებულიყო.
ოფიციანტმა დახლიდან აიღო კონიაკის ბოთლი, სუფთა თეფში და მაგიდისკენ გაემართა, სადაც მოხუცი იჯდა. თეფში დადგა და ჭიქა პირამდე შეუვსო.
-ჰა და გათავებულიყავ ბარემ წინა კვირას,-უთხრა ოფიციანტმა  ყრუს.
მოხუცმა თითი შეატოკა.
-დაამატე კიდევ. -თქვა მან.
ოფიციანტმა დაამატა კიდევ იმდენი, რომ კონიაკი გადმოიღვარა და ჩაიჟონა ზედა თეფშამდე რომელიც მოხუცის წინ ერთმანეთზე დალაგებულ სხვა თეფშებზე იდგა.
-გმადლობთ,- თქვა მოხუცმა.
ოფიციანტმა უკანვე წაიღო ბოთლი და კარებთან მდგარ მაგიდას მიუჯდა ისევ.
-მთვრალია უკვე,-თქვა მან.
-ყოველ ღამე თვრება.
-რატომ იკლავდა ნეტავ თავს?
-რა ვიცი, აბა.
-რითი იკლავვდაო?
-თავის ჩამოხრჩობა უნდოდა თურმე.
-ვინ ჩამოხსნა მერე?
-დისშვილი ჰყავს ერთი,-ქალი.
-რატომ ჩამოვხსენიო?
-მაგის სულის წაწყმედისა შეშინებია.
-ფული რამდენი აქვს?
-უამრავი.
-იქნება ალბათ ორმოცი წლის.
-არც მე მგონია ნაკლების.
-წასულიყო სახლში. სამზე ადრე ვერ დაწვები. საქმეა ასე?
-მოსწონს ასე ჯდომა და ზის.
-გაბრაზებულია მარტოობით. მაგრამ მე ხომ არა ვარ მარტო-ცოლი მელოდება ლოგინში.
-მაგასაც ხომ ჰყავდა ცოლი.
-ახლა რაღად უნდა ცოლი.
-ნუ ამბობ ეგრე. ცოლი რომ ჰყავდეს, ალბათ ასე არ გაუჭირდებოდა.
-ის ქალი უვლის,-დისშვილი.
-ვიცი. აკი თქვი იმან ჩამოხსნაო.
-არ მინდა მაგის ხნოვანობას მივატანო. საზიზღრები არიან ეს ბებრები.
-ყოველთვის არა. ეგ წესიერი მოხუცია. სვამს თავისთვის, ერთ წვეთსაც არ დაღვრის, რაც უნდა დათვრეს.-შეხედე.
-არ მინდა შევხედო. სულ არ ენაღვლება მაგას მომუშავე ხალხი.
ბერიკაცმა მზერა ჭიქიდან ჯერ ტერასის მოპირდაპირე მხარეს გადაიტანა. მერე ოფიციანტებზე შეაჩერა თვალი.
-ერთი კიდევ,-თქვა მან და ჭიქაზე ანიშნა.
ის ოფიციანტი, რომელსაც შინ არ ეჩქარებოდა, ტერასაზე გამოვიდა.
-მორჩა,-თქვა მან ისე, როგორც მთვრალებსა და უცხოელებს მიმართავენ ხოლმე უგუნური ადამიანები.-დღეს მეტი აღარ იქნება. ვკეტავთ.
-კიდევ ერთი,-თქვა ბერიკაცმა.
-არა, მორჩა.
ოფიციანტმა მაგიდის კუთხე ტილოთი გადაწმინდა და თავი გააქნია უარის ნიშნად. მოხუცი ადგა. აუჩქარებლად გადათვალა თეფშები, ჯიბიდან ტყავის ქისა ამოიღო. გადაიხადა ფული და ნახევარი პესეტი ოფიციანტს დაუტოვა.
ოფიციანტი უყურებდა მიმავალ ბერიკაცს. ის თითქმის მთლად დაჩაჩანაკებული იყო. მერყევი, მაგრამ ღირსებით სავსე ნაბიჯით მიდიოდა.
-მჯდარიყო და ესვა, რას ერჩოდი?- თქვა ოფიციანტმა, იმან, რომელსაც არ ეჩქარებოდა შინ. ისინი დარაბებს ხურავდნენ უკვე.- ჯერ ხომ სამის ნახევარიც არ არის.
-სახლში მინდა წავიდე, მეძინება.
-ერთ საათს რა მნიშვნელობა აქვს?
-ჩემთვის აქვს, მაგისთვის არა.
-ერთი საათი ყველასთვის ერთი საათია.
-შენც იმ ბებერივით ლაპარაკობ, რა! იყიდე ღვინო და სახლში დალიე.
-ეგ სულ სხვა რამეა.
-სწორია, ეგ სხვაა,- დაეთანხმა ცოლიანი. მას არ უნდოდა უსამართლო ყოფილიყო. ოღონდ ეჩქარებოდა ძალიან.
-დროზე ადრე სახლში მისვლის არ გეშინია?
-შენ რა, შეურაწყოფა გინდა მომაყენო?
-არა, ისე გეუბნები,-გაგეხუმრე.
-არ მეშინია,-თქვა იმან, რომელსაც ეჩქარებოდა. ქვევით ჩაკეტა დარაბა და წელში გაიმართა ისევ.-ნდობა მაქვს, სრული ნდობა.
-შენ ნდობაც გაქვს და ახალგაზრდობაც, და სამუშაოც გაქვს,- უთხრა შედარებით ხანდაზმულმა ოფიციანტმა,- მეტი რაღა უნდა კაცს.
-შენ რა გაკლია ვითომ?
-მე მხოლოდ სამუშაო მაქვს, ეგ არი.
-ყველაფერი, რაც მე არასოდეს მქონია, ახალგაზრდობა კი წავიდა.
-ჰა, რასა დგახარ! სისულელეს თავი დაანებე, ჩავიკეტოთ ბარემ.
-მაგრამ მე მიყვარს გვიანობამდე კაფეში ყოფნა,-თქვა ხანდაზმულმა.- მე იმათგანი ვარ, ვისაც არ ეჩქარება დაწოლა, იმათგანი, ვისაც ღამე სინათლე უნთია.
-მე შინ მინდა წავიდე, მეძინება.
-სხვადასხვა ხალხი ვართ მე და შენ,-თქვა ხანდაზმულმა. მას უკვე ჩაეცვა და წასასვლელად მზად იყო.- საქმე მარტო ნდობასა და ახალგაზრდობაშიც არაა, თუმცა ორივე ძალიან კარგი რამეა. მე ღამღამობით იმიტომ არ მინდა დავკეტო კაფე რომ ვიღაცას აქ მოსვლა ძალიან სჭირდება.
-კარგი, თუ ღმერთი გწამს, დუქნები მთელი ღამე ღიაა არა?
-არ გესმის არაფერი. კაფე სუფთა და მყუდროა. აქ კარგი სინათლეა. ხოლო სინათლე დიდი რამეა, ჩემო ძმაო, აქ კიდევ ხის ჩრდილიცაა.
-ღამე მშვიდობისა,-უთხრა ახალგაზრდა ოფიციანტმა.
-ძილი ნებისა,-მიუგო მეორემ.
მან გამოთიშა ელექტრონი და ლაპარაკი მარტომ განაგრძო. მთავარი, რა თქმა უნდა, სინათლეა, მაგრამ სიმყუდროვე და სისუფთავეც საჭიროა. მუსიკა ზედმეტია. რა თქმა უნდა, მუსიკა ზედმეტია. დუქანში კაცურად ვერ დაჯდები, არადა ამ დროს სხვაგანაც ვერ წახვალ. ან რისა უნდა ეშინოდეს? მაგრამ არც ამაშია საქმე. არარაობა სუფევს და მისთვის ეს ნაცნობი რამეა, ყველაფერი არარაობაა და თვითონ ადამიანიც არარაობაა. აი, რაშია საქმე, სინათლის გარდა არაფერი სჭირდება კაცს, და კიდევვ სიმყუდროვე და წესრიგი. ზოგი ცხოვრობს და ვერასოდეს ხვდება ამას. მაგრამ იმან ხომ იცის, რომ არარაობაა ყველაფერი- არარაობა და მხოლოდ არარაობა! მამაო, არარაობავ, იკურთხოს არარაობა შენი და მოვედინ არარაობა და იყავნს არარაობა შენი, აწ და მარადის და არაობით არარაობამდე.
მას ჩაეცინა და ბართან შეჩერდა, სადაც მოელვარე საყავე ,,ტიტანი“ იდგა.
-რას ინებებთ?-ჰკითხა ბარმენმა.
-Nada.
-კიდევ ერთი შეშლილი,-თქვა ბარმენმა და მიტრიალდა.
-პატარა ფანჯარაში,-უთხრა ოფიციანტმა.
ბარმენმა დაუსხა ყავა.
-სინათლე კარგია, სასიამოვნო, მაგრამ დახლი ვერაა გასუფთავებული,-თქვა ოფიციანტმა.
ბარმენმა გადახედა უცნობს და არაფერი უპასუხა. გვიან იყო უკვე და ლაპარაკის თავი არ ჰქონდა.
-კიდევ?- ჰკითხა ბარმენმა.
-არა, გმადლობთ,-მიუგო ოფიციანტმა და გავიდა.
მას არ უყვარდა ბარები და სარდაფები. კრიალა, გაკაშკაშებული კაფე სულ სხვა საქმეა. ახლა ის დაბრუნდება შინ- თავის ოთახში და მეტზე არაფერზე იფიქრებს. დაწვება და გათენებისას ბოლოს და ბოლოს ჩაეძინება. ბოლოს და ბოლოს, თქვა მან თავისთვის, შეიძლება უბრალოდ უძილობა მჭირდება. ბევრსა სჭირს.

??????