ანფიმიადი დიანა
გაზიარება

არიადნე 

ლაბირინთია გასავლელი, 
მე კართან ვდგავარ, 
ქიტონის კალთა და ქამარი
ზღურბლთან ეთრევა,
თმა – შავი კვამლი ვულკანიდან
და ცხელი ლავა, 
აორთქლდა სუნთქვა
თუ ვარდისგან ეთერზეთები.

ლაბირინთია გასავლელი
არ გატან გორგალს, 
არგაჩენილი ჩვენი ბავშვის
ნერწყვი გაწელე,
არც მახვილს გატან, 
საკმარისად გტკივა და ბორგავ
დაბოლოება ყველა აზრის – 
ნერვი, სამწვერა.

ლაბირინთია გასავლელი
საკუთარ ეჭვებს
უნდა წვდე რქებში, 
ცალი ხელით, მერე დახრჩობა. 
( მე გველებივით მეხვევიან 
ჩემივე თმები
და ამ ნაწნავთა დასაფრთხობად,
გოგირდს ვახრჩოლებ).

უნდა გაბედო, 
შავი აფრა თეთრით
შეცვალო, 
რადგან დავღვინდი – 
ანუ დროა
რომ ღმერთს ვეცოლო.....
ლაბირინთია გასავლელი.

??????