დაგიბრუნდები ექსკლიუზივი
ვგრძნობ, მთვარის სევდით-იდუმალით,
მევსება მზერა,
ვგრძნობ, რომ გამეხსნა მტკივნეული
ძველი იარა,
ცას შერჩენია
ცისარტყელას ფერები ჯერაც,
თუმცა გრიგალმა და წვიმებმა
გადაიარა.
ტახტებს და სკიპტრებს
ძველებური წაუხდათ ხიბლი,
დანგრეულია (სამუდამოდ!)
სემირამიდაც...
სიცოცხლე, მართლაც,
მითიური რაშივით მიქრის
და აღარ ვიცი, ამის შემდეგ,
შენგან რა მინდა.
იცვლება დრო და
მისტიურად იცვლება ჟამი,
გახუნდა ფერი
ატლასების, აბრეშუმების...
აუჩქარებლად,
დედოფლური კაბების ჩქამით,
ვიცი, ხილვებში
უსათუოდ დაგიბრუნდები...
მახსოვს ის ბაღი... მე ვიყავი
შენს გვერდით მაშინ...
თითქოს ჩამესმის ღვთაებრივი
ხმა ფლეიტათა,
ვიცოდი, სიო
მარაოთა მხიარულ მარშის,
შინაბერათა ქირქილსა და
ჭორს მოიტანდა.
ვიოლინოთ ხმა ჟრუანტელით,
ცახცახით მავსებს,
მიახლოვდები...
გამიტაცებ წრეში ძალუმად,
მთელი სამყაროს სიდიადე,
სინათლით სავსე,
შენს თბილ მზერაში
ანდამატად შემოპარულა.
გამოვერკვიე...
მაღალ სვეტებს ავხედე ფიქრით,
ცივ საფეხურებს...
აქ ვიყავით,
ოდესღაც ალბათ...
მე თვალწინ მიდგას ყოველივე,
მახსოვს ის ფიციც...
და თბილ ხელებში მოცახცახე
ატლასის ბაფთა.
მერე რა მოხდა?!
დაიბინდა ღრუბლით ყოველი,
მახსოვს კარეტა...
დამბაჩები და დუელები...
როგორც სიზმარი ან ტკივილი
ანაზდეული...
უბეში ბაფთა სისხლიანი...
ცივი ხელები...
ო, თუმცა კმარა!
ვგრძნობ, ჩემს გვერდით
ისევე შენ ხარ,
კი არა ვფიქრობ,
უთქმელადაც ვხვდები და ვიცი!
რა მხურვალე გაქვს
ბაგე, სუნთქვა, გული და მზერა
და მეც გაგებებ
ღიმილიან ცრემლების ციმციმს.
ო, ისევ ისე ძველებურად
გიყვარდე მინდა,
იმ მოუთოკავ გახელებით
და მგზნებარებით,
როგორც ოდესღაც...
მაგრამ ვხვდები,
უფლის თბილ ხელებს,
რომ ამჯერადაც
მე უშენოდ მივებარები.