ქებურია ბელა
გაზიარება

მინდა ექსკლიუზივი

მინდა, რომ ახლა,
სუბსარქისის
დაუღლელ ქარებს,
თებერვლის
თბილზე თბილი დარით
აღგზნებულ ქარებს
და ზღვის მოლურჯო-მოიისფრო,
მღელვარე თვალებს,
მოუნდეთ უცებ დაწყნარება,
მარტო დარჩენა,
(ჩაღრმავება საკუთარ თავში,
რათა ხმაურს არ დაუკრან ტაში).
ისევე, როგორც მე მომინდა,
მე მომენატრა
ფიქრი იმგვარად,
რომ ეს ქარი
ხელს არ მიშლიდეს,
არ მიმღვრევდეს სულის სიმშვიდეს.
არ მაშფოთებდეს
ცრემლიანი თვალები შენი,
შავი ტალღების ყრუ გუგუნი
და თოლიების აურ-ზაური,
დაწყნარდეს, ჩაცხრეს
აჩქროლებულ სისხლის ზღვაური.
მაგრამ ეს მთვარე...
ეს პირსავსე,
ოდნავ მომწვანო,
არამქვეყნიურ სინათლეთი
გაჯერებული,
უცხო განცდებით მოციმციმე
ვარსკვლავთ კრებულიც...
მეოცნებეთა, შეყვარებულთა
იდუმალ მფარველს,
ასე შორეულს,
ასე იდუმალს...
ვიცოდე მაინც,
რა უნდა მთვარეს?!
მძინავს თუ მღვიძავს,
ვფიქრობ, ვწუხვარ,
თუ მიხარია...
ისე დამყურებს, ისე მიმზერს,
ისე მაოცებს,
რომ მეჩვენება,
ყველაფერი ჩემი ბრალია,
გაჩენის დღიდან
დაგიშავდა თუკი რაიმე.
თუმც თავს ვიმშვიდებ,
მაგრამ მართლა ასე თუა _ მაშინ?
_ ვაიმე!

??????