ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

მფრინავი 

ისეთმა ქარმა დაჰბერა,
ქვეყანას რომ არ სმენია,
ისეთ სიმაგრეს მიაწყდა,
ზღვიდან ზღვას რომ გასწვდენია.
მოჰქრის ისეთი ალალი,
ცას რომ არ გაუჩენია.
გაწითლდა ცა და ხმელეთი,
ცის კიდეს სისხლი ჰფენია,
ოკეანემდე მისულა,
კიდეებს გადადენია,
გადაულეკავს ნაპირი,
ყველგან ალმურის მჩენია -
არასდროს ასეთი ფრენით,
გასტელო, არ გიფრენია.
სხვისი შენ არა გინდა რა,
შენი რაც არის, შენია.
დაჰქრიხარ კიდით კიდემდე,
ცას ვარსკვლავები ჰფენია.
ხედავ: მშობლიურ მწვერვალებს
შუბლი ცას მიუბჯენია,
ძირს გაფენილა სამოთხე,
დახედავ, იგრძნობ: ჩვენია!
არასდროს ასეთი ფრენით,
გასტელო, არ გიფრენია.
მტერი სწყვეტს ბავშვს და მოხუცებს,
გულს მოედება გენია,
თავი რათ გვინდა ცოცხალი...
განა ეს მოსათმენია?
გასწი, გასტელო, შენთვის მზე
ვერ დასთვლი, რაოდენია  -
შენს სიკვდილს მოაქვს სიცოცხლე
და გამარჯვებაც ჩვენია!

1941

??????