რასაც სარაცინი წინად...
რასაც ბარბაროსი წინად,
რასაც სარაცინი - წინად,
სიმამაცის საქმედ სთვლიდა,
თუ თავს სთვლიდა სარაცინად, -
რაბლემ მას უწოდა რბევა
და მკვლელობის მხეცი ჟინი,
სხვას, რაბლესაც, ისტორიას
ასე ესმის სარაცინი.
მხეცი თავს თვლის შეუმცდარად,
ის „გმირია“, ის „სწორია“
და „უძველეს“ სარაცინის
მეორდება ისტორია.
ბარბაროსი სისხლის მსმელი,
გონებასთან ჯიბრში მყოფი,
ასეთია მოსულ მტერის
მოზმანება ავადმყოფი.
არ განიბნეს, არ იქნება,
როგორც ქარის მწარე ძილი
და ხსოვნაში ზიზღს გარეშე
არ დარჩება სარაცინი.
რასაც ბარბაროსი წინად,
რასაც სარაცინი - წინად,
სიმამაცის საქმედ სთვლიდა,
ჩვენ ვთვლით რბევად და დაცინვად.
უნდა დაუპირისპირდეს
მკვლელებს რისხვა სამყაროსი,
დეე, ბარბაროსობაში
თვით შთაინთქას ბარბაროსი.
1941