ტუია
მწვერვალთან, სადაც ჰყვავის ტუია,
დგეხარ - ცისფერი.
საღამოვდება და სიყრუეა
მოპირისპირე.
ასე - ტუია და ცა უსივრცო
სულს ეხამება -
ასე არასდროს არ დაივიწყო
ეს შეღამება.
ასე - სავსეა ღამის ფიალა
სიცოცხლე, მიწა.
ასე - ტუიამ გაიშრიალა,
და გაიღვიძა.
ასე - ცისკარმან მიმოაფინა
ვარდი თუ ია.
და კვლავ ახალი სიცოცხლის წინა
დგეხარ, ტუია.
1940