სადაც ალპებია, ველად
სადაც ალპებია - ველად,
ცხვარი სვლას არ დაყოვნდება,
მე კი ისევ, განუყრელად,
ჩემი მხარე მაგონდება:
მსგავსად ზვავთა და გლეტჩერთა
რომ დაიძრა მთიდან ფარა,
მწყემსი ველად ვერ შეჩერდა,
ვერც სად თავი შეაფარა.
ერთს სოფელში ითვლის ორმოცს,
მეორეში ორმოც ათასს
ცხვარს, რომელიც უთხრის ორმოს
ყოველნაირ მგლების მადას.
ფერიც მზესა და ქარს მოჰყავს,
დროც სარკეა, როგორც სახე -
გამარჯვებულ მწყემსის ლოყას
გადაეკრა სიამაყე.
არ ეცემა, ხედავს, დოლი...
ემატება ცხვარი ჯაგებს -
აქებს სწორი, აქებს ტოლი,
ყველას თავის საქმე აქებს!
ველად - სადაც ალპებია,
სალამურით მოდის მწყემსი.
დროს არ გაუყალბებია
ძველებური ხმა და წესი.
1940