ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

გოტიეს რომანიდან 

ჩვენ ვიგონებდით გოტიეს გმირ ქალს,
ქალიშვილს ლამაზს, მადლენ დე მოპენს,
რომლის წკრიალა და უდარდელ ხმას
რომანტიული ჟღერა მიმოფენს.

იცით ეს ქალი? მან ერთხელ მხოლოდ
და ერთი კოცნა გასწირა ღამით,
ამით წააგო მან საბოლოოდ,
საბედისწეროდ წააგო ამით!

არვისთვის ამ ქალს, რაც მისმა ხვითომ
სამარადისო დასტოვა ხსოვნა,
არ უკოცნია, არა იმიტომ,
რომ ალერსი არ ესიამოვნა -

არამედ მისთვის, რომ შეუშინდა
განმეორებულ კოცნათ მოწყენას;
იმ ერთ სიყვარულს დაარქვა წმინდა,
შეუდგა მართალს და გმირულ თმენას.

მან თავის გულში კოშკი ააგო
და თავგანწირვას იტანს ქალურად.
რა მოიპოვა ან რა წააგო,
ასე დიდად და ასე მალულად?

მადლენას უყვარს ჭიქა ციმციმა,
ცეცხლთან იმის ბროლს უცქერის ლამაზს -
სანამ გულწრფელად არ გაუღიმა
ოქროს ღვინოში ნაპერწკლის თამაშს.

ეჰ, ნუ ვიგონებთ გოტიეს გმირ ქალს,
ქალიშვილს ლამაზს, მადლენ დე მოპენს,
რომლის წკრიალა და უდარდელ ხმას
რომანტიული ჟღერა მიმოფენს.

1940

??????