ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ატომი 

- რას სწევ უბიდან? სთქვი, ქალო,
მიწამ ცას რა დაუშავა?
ვფიქრობ, შუშაა უბრალო...
- დიაღ, უბრალო შუშაა.

- შუშაში, ვამჩნევ, თრთის კვეთი.
რა ღელვა, რა გიზგიზია...
საკმარისია თუნდ წვეთი?
- ო, წვეთიც საკმარისია!

- შხამავს ატომით ფიალას -
სულ ერთი წვეთით თრთის მტერი
და ჰკარგავს თანდათან ძალას!
- ვერ იხსნის ვეღარაფერი!

- იცნობს დალესა მძვინვარეს?
- მის მიერაა ნალესი.
- და ბოლოს მსხვერპლი ვინ არის?
- თვით იგი, თვითონ დალესი!

1936

??????