სონეტი - მიძღვნა
მეფისტოს ჩრდილებს მიმოაბნევს შუქი ზარასტროს,
ზესწრაფვას შენსას ვერ აღუდგეს ვერცა კალიფსო.
ჯერ არ შობილა შენგან სიტყვა არსად, არასდროს,
ბგერათა მღერად რომ არ გაააპოკალიფსო.
სერობა ჩვენი მოლოდინი არის მაცხოვრის,
სმენას გაფანტავს გარდასულთა სულთა გოდება.
შვიდი ბუკის ხმა დაგიმშვიდებს ფიქრის საცხოვრისს,
აღდგომა შესცვლის კუთვნილ გზათა აგოლგოთებას.
მწუხრისას მდევრად აგვედევნა ხილვა ფარული -
ბაღში იესოს ჩუმი ლოცვა გვიანობამდე.
გფარავდეს ზღვებზე მოარული იეროფანტი
და გარიჟრაჟი პეტრეს ცრემლად ჩამოღვარული.
გულის მზედ ქცევას მოკრძალებით მიუძღვნი სალამს,
ისევ ოსანა რომ მოესმას იერუსალიმს.