ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

პარიზის სეზონი 

ხედავთ? სეზონი ავიდა
მწვერვალზე, როგორც ზმანება,
ათასგვარ სანახავითა
სჩქეფს ბაღთა ახმოვანება!
სიმღერებს დაეტანება
რყევანი უმიზეზონი,
ფრანკიც ძირს მიექანება,
და ასე მიდის სეზონი...

სეზონში, ვიტყვი თავიდან,
ტენორნი იქცნენ ბანებად.
პრესა კარგს ვერ ცნობს ავიდან,
ავი კარგს დაემგვანება.
სვიპსტეიკს მიეტანება
პარიზელების რეზონი,
ფრანგი ფრანკს ეთაყვანება
და ასე მიდის სეზონი...

„სიცხეს როგორმე ავიტან -
ამბობს სხვა - დამენანება
აფეთქებათა ზვავიდან
ჩვენი ხმის  დაგვიანება.
ვით გულის დაზიანება,
თრთიან ღარიბთა  ეზონი.
პარიზი ბედს მიანება
და ასე მიდის სეზონი“.
აქ თამამი ხმა თავიდან
ზოგ-ზოგს არ ეპრიანება.
ზოგს, მოსულს სანახავიდან,
სიტყვის თქმა დაენანება.
უეცრად, როგორც ბრძანება,
ხმა სწვდა ქოხს, არა - მეზონინს.
გაისმა აღფრთოვანება
და დაყირავდა სეზონი!

1935

??????