აბისინელო!
იტალიიდან
თავს დაგტრიალებს
ჰაეროპლანთა
მსუსხავი ჩრდილი:
იგი ჩრდილია
მხოლოდ სიკვდილის,
ჩრდილი და არა
თვითონ სიკვდილი!
შენ არ ჩააგო
ქარქაშში ხმალი,
რევანშის გრძნობა
არ შეინელო,
სადაც შობილხარ,
იმ მთა-გორების
იყავ ერთგული,
აბისინელო!
დარბევა, ქვეყნის
განადგურება,
რა სამარცხვინო
ასპარეზია.
ო, ეშინოდეთ
იმგვარ სიცოცხლის...
ის ხომ სიკვდილზე
უარესია!
1935