ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

გამიქრა მარტი 

გამიქრა მარტი, ანუ უმარტოდ
დავრჩი და მაინც ქარია ცივი,
აღარც კი ვიცი, ვის განვუმარტო
მიზეზი გაბმულ ვარიაციის.
აღმოცენდება ფიქრი ღივივით, -
მძებნელი სიტყვის არარსებულის,
რადგან ბგერების ჟივილ-ხივილით
არის ეს გული გადავსებული.
შენ რომ აქ იყო, ხომ მიშველიდი,
როცა პატარა ხელს ჩამკიდებდი,
გამექცეოდი მერე შველივით,
გამოგყვებოდი ქვეყნის კიდემდი.
ნაბიჯს გაბედულს თუ გაუბედავს
ცა გადაავლებს მზიან აკვარელს,
ნაფეხურებში ბრწყინვა გუბეთა,
აღარც კი ახსოვს კაცი ნაკვალევს.
იბრუნებს სიტყვა სივრცეს პირვანდელს,
გაიბზარება შიშით ბაგენი,
ჩემი სიცოცხლე ვისაც მივანდე,
ჩემივე გულში ძლივს მივაგენი.

??????