ზღვა არის ჩემი ლექსების თემა
ზღვა არის ჩემი ლექსების თემა,
მოგაჯადოვოს ცამ, მთვარემ, გემმა.
მოქმედებდეს - აქ მძლე და მზიანი,
პირველ ყოვლისა - ადამიანი.
სცადე ყოველი საგანი - მრთელით
ახსენო ლექსში მისივ სახელით.
მისივ სახელით, მისივ მარაგით,
და არა რამე იგავ-არაკით.
მაგალითად - ზღვა. რას დაარქმევ მას?
მის სახელს მხოლოდ, და უბრალოდ: ზღვას.
როგორ? - თქვენ იტყვით - ნიმფა, ნეპტუნი
ღირსია მისი, რომ დასდოთ წუნი?
ან და სახელი ნაზი: ტეფისი...
რომ არ ახსენოთ, ღირსია მისი?
ანუ ნერეი, ან აფროდიტა
დასაწუნარი გახდა როდიდან?
თქვენთვის ეს ყველა დაკარგულია?
დიაღ. ამოვშლი მე მათ სრულიად.
1931