ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

მოგზაურობა ვერცხლისფერი ბილიკით 

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

ჩვენ მოვიარეთ
მიწა და წყალი,
ჩვენ სიხალისით
ვსუნთქავდით დროთი,
სად ათასობით
კაცი და ქალი
გვხვდებოდა, როგორც
შავი ზღვის შფოთი.
ყველგან ისმენდენ
მძლავრი ლექსების
რევოლუციონურ
აღფრთოვანებას,
მედროშეები
ახალი გზების
ჩვენ ვასრულებდით
მასსის ბრძანებას.
თუმცა მგზავრობა
ჩვენ გვქონდა ჩქარი,
გემი, ჰაერო,
ავტომობილი,
და თან მოგვდევდა
წვიმა და ქარი,
უუძველესი
გზით მონდობილი.
ვიყავით ცისქვეშ
თუ ახალ სახლში,
ჩვენ ბედნიერი
ვიყავით მითი,
რომ მივცურავდით
განცდათ წიაღში,
თუ საქართველო
საითკენ მიდის.
თოვლიან და თეთრ
ქედების იქით,
თოვლიან ფერთა
ზმანება თეთრი,
ვერცხლისფერი და
ლურჯი ბილიკით
ჰაეროპლანიც
მისცურავს ერთი.

1930

??????