ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * აი, ქარხანაც... 

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

აი, ქარხანაც.
მკვიდრდება სახლი,
აგური აგურს
კვლავ ემატება.
თვალი სიახლეს
ჰხვდება სიახლით,
უცებ სხვა რწმენა
დაიბადება.
ეს რწმენა ყველას
სახეს სწერია, -
ეს ახალგაზრდა
ინჟენერია.

ქსოვის სპეციალობა
იცის
დიდი ხანია!
კენისბერგის წყალობა
ჩვენში მოუტანია.

მაგრამ რაგინდ
ატესტატი გქონდეს კარგი,
იგი მხოლოდ
ნაფლეთია ქაღალდის,
ვისაც არ სურს
იყოს შრომის მეტი ბარგი,
გაიწიოს,
გამოიწრთოს,
დაღალდეს!
ამიტომაც ჩვენ გვახარებს
ნამეტანი
შფოთიანი დასაწყისი
ახალ ხანის.
როგორც იქნა
ჩვენ თავს ვაღწევთ შიმშილს,
კლევრეტივით
რომ დაგდევდა კვალში,
მოსაზღვრეთა
ბლოკადების სიმში,
უმუშევარ
კოშმარების ალში.
დევნილი ქარით
საზღვარგარეთიდან
იმ იმედებს
კი ვიცნობდით კარგად,
დილდილობით
ბურუსში რომ ჩნდებიან,
სადილობის დროს
არაფრად ვარგან,
საღამოთი -
მხოლოდ ქიმერებია.
ქარი გვდევდა
ეზო-ეზო.
თავს გვაწყენდა
უმიზეზოდ.
თავს აკლავდა
ტყვიის წვიმას,
ჰკითხულობდა
ამას, იმას;
ითხოვდა მას,
რაიც არვის
არ აქვს, არ გააჩნია.
სახე ჩვენი
გახდა ქარვის -
დაღი
ეხლაც გვაჩნია.
მძიმე შრომა,
მძიმე ჯაფა
ჩვენს სახეზე სწერია,
და მაინც გზა
გავიკაფეთ:
შრომამ, ინჟენერიამ!

1930


??????