ჩვენი ჯარი ძლიერია, მაგრამ სხვა სიძლიერით
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ქვეყნად ბევრი არმიაა -
სულ სხვადასხვა ფერია:
ზოგან ლურჯი, ზოგან თეთრი,
ზოგან ყორნისფერია.
ნისლში მიდის, გზას ვერ იკვლევს,
ხეობებს ვერ ეგნება,
რისთვის იბრძვის, რისთვის ომობს,
არ აქვს ამის შეგნება.
შეუგნებელ კაცის ბრძოლას
მადლი როდი ექნება,
თუმც სამარის ბევრი სველი
მიწა გადიბეკნება.
ნამდვილად კი მათ დროშაზე
მასის ჩაგვრა წერია,
თავიდანვე ამ არმიას
ბედი არ უწერია.
ჩვენი ჯარი ძლიერია,
მაგრამ სხვა სიძლიერით -
შეგნებული დისციპლინით,
შეგნებული იერით.
იცის, რომელ მხარეს იცავს,
იცავს სისხლით, იარით,
მტკიცედ ესმის დავალება
მხარის შრომისმიერის!
ჩვენი ჯარი ძლიერია
და ბრძოლებში მაგარი,
რომ დაიცვას პროლეტარულ
შრომის ნაამაგარი!
1930