ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

მოდის მშენებელი, მოაქვს აგურები 

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

მოდის მშენებელი,
მოაქვს აგურები,
შეუნელებელი
მოაქვს მშენებლობა.
მოდის და ციფრების
ალით ნახურები,
ტემპებს ეჯიბრება
შეუსვენებლობა.
მაგრამ აგურია
ზოგი მშენებელის,
ავაზაკურია,
მჩატე, ბორძიკული;
აგებს საპყრობილეს
ვინმე მავნებელი
თვალებაპყრობილი,
როგორც მოციქული.
მისით აგებული
ციხე-ეკლესია,
დროა წაგებული...
კმარა ბრჭყვიალება!
მასაც გაისტუმრებს,
როგორც ეს წესია,
სოციალისტური
შემოტრიალება.
მოდის მშენებელი,
ამბობს: სიდან-სადით
გაჩნდა მავნებელი?
ვიწვი ნაყურები.
ჰა გზა, ჰა ქურები
ხუთი წელიწადით
აი, აგურები,
მართლა აგურები!
სოფლებს და ქალაქებს
აგებს მშენებლობა,
ტემპებს ეჯიბრება
შეუსვენებლობა!

1930

??????