ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

ისიც ხომ სადმე 

ისიც ხომ სადმე ჩაიკარგება,
შეეწირება უაზრო ჭიდილს,
კი, ერთადერთი არის განგება,
მსგავსია ხვედრი კაცის და ჩიტის.
რადგან სახლის და ბუდის მშენებელს
ზოგჯერ არ უნდა ახედვა ცაში,
იმ ლაჟვარდებში, რომლის მშვენებაც
უსაზღვროებით ყველაფერს წაშლის.
სახლში კი ვიღაც თავს უბრუნდება,
რომ მიაშუროს საკუთარ ბუდეს
და თეთრი თავი თვლემის ბუნდოვან
და სიზმრის ფერად ბალიშზე უდევს.
თავის სითბო აქვს ამ პურს ობიანს,
ათასწლეულთა ინახავს სითბოს,
უცნობი ღმერთი რა ნაცნობია,
საკუთარ დროს რომ დროებით მითმობს.

??????