ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * უნდა შეავსოს... 

უნდა შეავსოს
ხვალემ და ზეგმა
ოთხ წელიწადში
ხუთი წლის გეგმა.
ინდუსტრიალური
იგრძნოს ეს წელი
რუსმა, ქართველმა,
ყირგიზმა, ლეკმა.
თუ რომელიმე
წინააღმდეგმა
სთქვას: აგვიკლოო
ჭუჭყმა და ლექმა, -
ჩვენ მივუთითოთ:
აი, საპონი!
ამისთვის უნდა
შესრულდეს გეგმა.
გავშალოთ ბრძოლის
მთლიანი ფრონტი,
ჩამოვიცილოთ
თვალიდან ბლონდი,
კოლმეურნეებს,
სოფელს და მასებს
მიყვეთ შრომაში!
მივყვეთ ბოლომდი!
ყველას, ვინც მასსის
გულისთქმას ისმენს,
ვინაც მებრძოლად
მიაჩნის ვისმეს
მუშათა კლასთან,
მეომარ კლასთან,
ასწიოს დროშა
სოციალიზმის!..

1930

??????