მოხუცი ქალი
ციკლიდან „პაციფიზმი“
ყოველ საღამოს
მოხუცი ქალი
ალბათ სდგას სენის ნაპირებს იქით,
დღემ ლილისფერი დახუჭა თვალი
და აელვარდა
ალების ჭიქით.
არის პატარა, სულმთლად პატარა,
და მთლად შავებით არის მოსილი,
ვინ იცის ბედმა სად არ ატარა
სიდან მოსული?
ახლა არავის არ უცქერს იგი,
თითქო ვერ ხედავს
ვერავის გზაზე,
თითქო არც ხმა აქვს, არც გული უძგერს
ან ეშინია
და ან ვერ ბედავს.
პირჯვარს არ იწერს მონმარტრის კართან,
არც თავდახრილი
სდგას გარინდებით,
ვერაფერს ხედავს იმ ფიქრის გარდა,
რაც დაიბურა
წლების ბინდებით.
სჩანს, არ ასვენებს რაღაცა აზრი,
რაღაცა მწარე
და საშინელი,
წარმოდგენისა მახვილი ბასრი,
ცივი და ძნელი.
სჩანს, რაღაც ღრმა და განუკურნელი.
გულს მწუხარება
ღრღნის დაფარული,
მისთვის არავინ არის მკურნალი.
სახე ნაოჭით
გადაბარული,
სჩანს არავისგან ნუგეშს არ ეძებს
და ვერავისაც რამე ნუგეში
მწუხარებაში განცდებს ასკეცებს
ვერ გადაიყვანს
სიმსუბუქეში.
სჩანს არც სიცოცხლე მიაჩნის არად,
თუმცა ვინ იცის
სიცოცხლე მისი?
ომში მოკლული შვილების ხსოვნამ
გაანადგურა
მთელი ხალისი.
1930